კვირის მიმოხილვა: აფხაზეთში ვითარება დღითი-დღე იძაბება

კვირის მიმოხილვა: აფხაზეთში ვითარება დღითი-დღე იძაბება

ჟენია პრიმაკოვის მადლიერება

    როგორც ჩანს, რუს პოლიტიკოსებს კვლავინდებურად ყელში აქვთ გაჩხერილი საქართველო. ამაზე მეტყველებს, თუნდაც, ამჟამად ბალკანეთზე მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის, «თბილისელი» ევგენი პრიმაკოვის განცხადება რუს მედესანტეებთან შეხვედრისას. ეს სცენა მთელმა რუსეთმა და მთელმა საქართველომ იხილა. არ მეგულება ქართველი, ვისაც აღშფოთებისგან ჟრუანტელმა არ აუარა. პრიმაკოვი მისთვის ჩვეული, ცინიკური ღიმილით ეკითხება რუს ოფიცერს: «ეს ყუმბარმტყორცნი (РПГ) გახვრეტს თუ არა ჯავშანმანქანას? «რა თქმა უნდა, ოღონდ თუ სწორი კუთხით მოხვდა», - პასუხობს ოფიცერი. «მე მხედველობაში მაქვს ჯავშნიანი მერსედესი», - აზუსტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და რუს სალდაფონებთან ერთად ხარხარებს.
    ამ სცენის ნახვის შემდეგ მხოლოდ იდიოტს შეიძლება კიდევ ეჭვი შეეპაროს, რომ 9 თებერვლის ტერორისტული აქტი მოსკოვშია დაგეგმილი. სხვათა შორის, პრიმაკოვი გამოცდილი «ჩეკისტია» - იგი, რა თქმა უნდა, КГБ-ს ნომენკლატურაა, მრავალი წელიწადი რუსეთის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. ასეთი დონის ცინიზმი უკვე აშკარა მტრობას გულისხმობს; ბოლოს და ბოლოს, თებერვლის ტერორისტული აქტის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა - რომ აღარაფერი ვთქვათ თვით პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიის დანაშაულობაზე.
    პრიმაკოვი კი ახალგაზრდების დაღუპვიდან მეორმოცე დღეს ასეთ ურცხვ და ცინიკურ განცხადებას აკეთებს; ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა უფსკრულისაკენ მიექანება. ასეთი ცინიზმი რუსეთს ერთხელ უკვე დაუბრუნდა ბუმერანგივით - როცა ყველაფერს აკეთებდა აფსუა სეპარატისტთა დასახმარებლად, შემდეგ კი თავად ზღო სისხლით ჩეჩნეთში. იგივე შეიძლება მოხდეს ამჯერადაც - ტერორიზმისადმი ასეთი ცინიკური და უზნეო დამოკიდებულება, როგორც პრიმაკოვმა გამოამჟღავნა, ადრე თუ გვიან უეჭველად, უეჭველად გამჟღავნდება თავად რუსეთში.
    აშკარაა, რომ იღვიძებს რუსული შოვინიზმი, იგივე რუსული ფაშიზმი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ადეპტი პრიმაკოვი ხდება. არ არის შემთხვევითი, რომ მისი თავხედური განცხადება ლატვიაში რუსი ფაშისტების გააქტიურებას დაემთხვა. რიგაში პოლიციის სავსებით მართლზომიერი ქმედების პასუხად, მოსკოვში ნამდვილი ისტერიკა ატყდა. თურმე, ნუ იტყვით, ლატვიის პოლიცია უსამართლოდ მოექცა «სამხედრო პენსიონერებს», რომლებიც ამ ქვეყანას იპყრობდნენ სტალინურ ეპოქაში.თვით რუსეთის ხელისუფლებას კი არ დაურბევია საპროტესტო დემონსტრაციები, არ დაუბომბავს ასეთივე «რუსი პენსიონერები» ჩეჩნეთში, არ დაუხვრეტია «თეთრი სახლი». . . . ერთი სიტყვით, თურმე რუსეთს აქვს მორალური უფლება, სხვას ასწავლოს ჭკუა და ევროპასაც კი მიმართოს მხარდაჭერისათვის.
    რაკი გაუვიდათ ლატვიაში, და ევროპის საბჭომ აშკარად უზნეო განცხადებაც გააკეთა მოსკოვის პოზიციის მხარდასაჭერად - ამიტომაც მოიქცა პრიმაკოვი ესოდენ უცერემონიოდ და ცინიკურად ბალკანეთზე - ამიტომაც მიაყენა აშკარა შეურაცხყოფა საქართველოს, მის პრეზიდენტს და იმ ვაჟკაცების ხსოვნას, რომლებმაც თავი გასწირეს თავისი მოვალეობის შესასრულებლად.
    პრიმაკოვის ცინიკური ფრაზა, ფაქტობრივად, საქართველოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს. პრიმაკოვმა ამით არა მხოლოდ გაამართლა 9 თებერვლის ტერორისტული აქტი, არა მხოლოდ აღიარა რუსეთის მონაწილეობა მის მომზადება-განხორციელებაში, არამედ დაემუქრა კიდეც საქართველოს პრეზიდენტს ახალი ასეთივე თავდასხმით. მეორედ (მესამედ) ხომ შეიძლება ყუმბარმტყორცნის ჭურვი «სწორი კუთხით მოხვდეს ავტომანქანას»? პრიმაკოვის თავხედური განცხადება აშკარა სინანულმა გამოიწვია - რომ რუსულმა იარაღმა გერმანული ფოლადი ვერ გახვრიტა. გერმანელებისადმი სიძულვილი გენებში აქვთ გამჯდარი. აქვე გავიხსენებ, რა ისტერიკა მოჰყვა რუსულ მასმედიაში, საქართველოს კეთილშობილურ, ზნეობრივ გადაწყვეტილებას გერმანიისთვის საბჭოთა არმიის მიტაცებული კულტურული ფასეულობების დაბრუნების თაობაზე. რუსებს აღშფოთებისაგან «სული ეკვრებოდათ» - თავად, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.
    ევგენი პრიმაკოვის განცხადება ნამდვილად «ჭეშმარიტების მომენტია», რომელიც ძალზე ბევრ ისტორიული მნიშვნელობის საკითხს წამოჭრის - ბოლოს და ბოლოს, რატომ სძულთ ასე ედუარდ შევარდნაძე?
    70 წლისთავისადმი მიძღვნილ ინტერვიუში პრეზიდენტმა ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა: «მე წინააღმდეგი ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრად ჩემი დანიშვნისა, რადგან მიმაჩნდა, რომ ამ პოსტზე პროფესიონალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გორბაჩოვი დაჟინებით მოითხოვდა, - სწორედ ეს პოსტი დამეკავებინა».
    როგორ გგონიათ, რატომ მოითხოვდა ამას გორბაჩოვი ასეთი დაჟინებით? ამ საკითხს სერიოზული შესწავლა და დაფიქრება სჭირდება. გარდა ამისა, გაუგებარია, იმავე პრიმაკოვსა და სხვებს, რა პრეტენზია აქვთ შევარდნაძისადმი - განა თავად არ გმობდნენ «ქართველი სტალინის ექსპანსიონისტურ, ტოტალიტარულ პოლიტიკას?!» ჰოდა, თუ «ტირანი» იყო ის კაცი, რატომღა არ მოსწონთ მეორე ქართველის ქმედება, რომელმაც სწორედ იმ ჰუმანისტური იდეალების შესაბამისად ააგო თავისი პოლიტიკა, რომლის ნაკლებობასაც «ქართველ» სტალინს უწუნებდნენ?
    თუ ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ვერ აპატიეს «ეროვნული მოძრაობა» და საბჭოთა კავშირიდან გასვლის მოთხოვნა - მოვიდა დრო, ითქვას, რომ ეს მოთხოვნა იყო ერთადერთი შესაძლო პასუხი «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების» გათანაბრების გეგმაზე, რომლის განხორციელება ეგრეთ წოდებული «პერესტროიკის» პირველივე წლებიდან დაიწყო და რომელიც მომაკვდინებელი იქნებოდა საქართველოსათვის, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის (სულ ცოტა) ოთხ ნაწილად გახლეჩას ნიშნავდა.
    დავუმატოთ ამას 1956 წლის 9 მარტის საზარელი დახვრეტა (აღარაფერს ვამბობ 9 აპრილზე) და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში რუსულ-ქართული ურთიერთობის მეტ-ნაკლებად ზუსტ სურათს მივიღებთ. მაშ გაუგებარია, იმავე პრიმაკოვს რა პრეტენზია აქვს საქართველოსთან ან თვით შევარდნაძესთან? როგორც ჩანს, საქართველოსადმი ცინიზმისა და სიძულვილის გამოვლენა კარგ ტონად მიაჩნიათ დღევანდელ რუსეთში. ქართველი ერი «დამნაშავე ერად» ცხადდება და ამ ტენდენციათა კიდევ უფრო გაღვივებას, სამწუხაროდ ხელს უწყობს ქართული ინტელიგენციის ერთი ნაწილის მონური ფსიქოლოგია, რომელსაც ვერაფრით გაუცნობიერებია, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში 9 მარტიდან მოყოლებული (9 მარტიდან და არა 9 აპრილიდან) ისეთი ცვლილებები მოხდა, რომელთა ნიველირება უკვე შეუძლებელია.
    რაც შეეხება ჟენია პრიმაკოვს - ეს ნამუსგარეცხილი კაცუნა, ახლა რომ ღვარძლსა და სიძულვილს ანთხევს საქართველოს მიმართ - თბილისში გაიზარდა, თუ რამეს მიაღწია, იმავე შევარდნაძის წყალობით (ჯერ კიდევ კომკავშირული ხანიდან). ახლა კი აშკარა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი ყოფილი მფარველი და ხელისგამმართველი ცოცხალი გადაურჩა თავდასხმას.
   

რუსეთისთვის გიორგაძე გულივერად იქცა, რომელსაც საგულდაგულოდ ჩასჭიდებიან
   

    რუსეთის ხელისუფალთა გადაწყვეტილებამ, «აღმოაჩინოს» მოსკოვსა და სხვა ქალაქებში გადამალული «ზვიადისტები» - არ უნდა შეგვაცდინოს. ეს გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს, თითქოს მოსკოვმა «გული მოაბრუნა» და ანტიქართული პროვოკაციების შეწყვეტას აპირებს - «მართვადი ქაოსის დოქტრინის» შესაბამისად. უბრალოდ, აბსანძე და ბურჭულაძე, აგრეთვე ის ქალბატონი, ახლა რომ «ეროვნული მოძრაობის ლიდერობაზე» დებს თავს და თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კურსირებს, - უკვე «გათამაშებული პაიკები» არიან, რომლებმაც სერიოზული ზეგავლენა პოზიციაზე ვერ მოახდინეს.
    ამდენად, უსარგებლოდ იქცნენ. 9 თებერვლის ტერორისტული აქტის შემდეგ აბსანძეთა და სხვათა შენახვა უკვე წამგებიანიც კი ხდებოდა რუსეთისთვის. მით უმეტეს, რომ ეს კატეგორია ეგრეთ წოდებულ «გარეშე აგენტთა» წრეს განეკუთვნებოდა. დაზვერვაში არსებობს ასეთი ცნება: «საკუთარი აგენტი» და «გარეშე აგენტი», ანუ «გავლენის აგენტი».
    რუსულ სპეცსამსახურებს, რასაკვირველია, არ დავიწყნიათ, რომ ზვიად გამსახურდიაც და მისი მომხრეებიც სწორედ რუსეთის ლანძღვა-გინებით, ანტირუსული ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია, სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ (თავად ამტკიცებდნენ - რუსეთთან დავმარცხდითო) იმავე რუსეთში გაქცეულიყვნენ და იქ ეთხოვათ თავშესაფარი. მოსკოვმაც, რასაკვირველია, დიდსულოვნება გამოამჟღავნა - არაფერს კარგავდა. უფრო პირიქით!
    9 თებერვალს, «ზვიადისტების» მეშვეობით, ჩეჩნებთან მიღწეული «კომპრომისის» შედეგად, რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში ახალი სამოქალაქო ომის პროვოცირება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, ვინაიდან, «ყუმბარა არასწორი კუთხით მოხვდა ჯავშნიან მერსედესს», ხოლო ჯიხაშკარის ეპიზოდიდან სერიოზული დესტაბილიზაცია ვერ «გამოდნა».
    ამის შემდეგ რა თავში იხლიდნენ «ზვიადისტებს», რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევისთვის ჰყავდათ დაკონსერვებული, როგორმე ფართომაშსტაბიანი დაპირისპირება «გაეხერხებინათ» სამეგრელოში? თავისთავად, ამ სუბიექტთა («ზვიადისტთა») უზნეობა ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს - რუსეთში გარბიან და თან შევარდნაძეს «რუსეთის მოციქულად» აცხადებენ. როცა ეკითხები - აბა, რუსეთში რატომღა გარბოდიო, «მაშ, რა გვექნა, დაგვიჭერდნენო», - გპასუხობენ. კი, მაგრამ, თქვე დალოცვილებო, 1992 წელს თუ მიგაჩნდათ, რომ «ზნეობრივ ომს» ეწეოდით «პრორუსული ხუნტის» წინააღმდეგ, თქვენ «ზნეობრივი გმირები» იყავით, თქვენი მოწინააღმდეგეები კი, «ზნეობრივი ურჩხულები» - მაშინ კეთილი გენებათ და ასევე ბოლომდე მიგეყვანათ თქვენი «ზნეობრივი» მარტვილობა», ანუ თავი გაგეწირათ - მოსკოვში რას გარბოდით? ან თუ იქ გაიქეცით, გაჩუმდით მაინც!
    ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ «აღმოაჩინა» რუსეთმა ესოდენ მოულოდნელად «ზვიადისტები». რა თქმა უნდა, აბსანძისა და ბურჭულაძის გადმოცემით, მას სურს შეაფერხოს და გაართულოს «შერიგების პროცესი», სათანადო არგუმენტები მისცეს «შერიგების» მოწინააღმდეგე ორივე მხარეს.
    «ზვიადისტები» უკვე ალაპარაკდნენ - წარმოგიდგენიათ, კაცი მოსკოვიდან ჩამოვიდა (თურმე ნუ იტყვით!), დაეხმარა, მძევლებიც უსისხლოდ გაათავისუფლა და მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრებინესო. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს არგუმენტი (ყველაფრის მიუხედავად) წარმატებით იმუშავებდა საქართველოში, ამიტომ ბურჭულაძის მიმართ ხელისუფლებამ სიტყვა შეასრულა და «გაუსვლელობის ხელწერილი» აკმარა.
    გურამ აბსანძე კი თბილისში ჩამოაბრძანეს და მეხუთე იზოლატორში მოათავსეს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, იგივე «სტერეოტიპი» ვერ შეიქმნებოდა, ვინაიდან აბსანძისათვის ხელისუფლებას არავითარი პირობა და გარანტია არ მიუცია.
    აბსანძე-ბურჭულაძესთან დაკავშირებით იგივე რუსული ტელემედია სამი დღის განმავლობაში ცხარე (ნიანგის) ცრემლს ღვრიდა - აქაოდა, როგორ შეიძლება ეჭვმიტანილთა იმ ქვეყნისთვის გადაცემა, სადაც წამების მეთოდებს იყენებენო. ეს, რასაკვირველია, მხოლოდ საბაბია. რუსი დემოკრატები (ისინი საქართველოსადმი სიყვარულითა და პატივისცემით არასდროს გამოირჩეოდნენ) მხოლოდ იმიტომ «აყვირეს», რომ შესაძლო გართულებისას კრემლის ბინადართ არგუმენტი ჰქონოდათ: რა ვქნათ, საზოგადოებრიობის აღშფოთებას ვერ გავუმკლავდითო. თუმცა, თბილისშიც არანაკლებ მახვილგონივრული გადაწყვეტილება მიიღეს და ბურჭულაძის გათავისუფლება მოითხოვეს, ოღონდ იმ პირობით, თუ იგი ნებაყოფლობით ჩამოვიდოდა ჩვენების მისაცემად.
    გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, რომ ბურჭულაძე არ არის მთავარი პროვოკატორი, რომელიც რუსეთში ემალება საქართველოს ხელისუფლებას. განსხვავებით «ზვიადისტებისგან», რუსეთი არაფრით გადმოგვცემს იგორ გიორგაძეს, ვინაიდან იგი «საკუთარი აგენტია» და არა «გარეშე აგენტი». იგორის გადმოცემას რუსული ფედერალური სადაზვერვო სამსახური არ დათანხმდება, ვინაიდან, ექსპრეზიდენტის მომხრეთაგან განსხვავებით, მას მხოლოდ მაშინ არ ასძგერებია გული რუსეთის სიყვარულით, როდესაც გაუჭირდა და ჩიხში მოამწყვდიეს. იგორი ზვიად გამსახურდიას მოსისხლე მტერი იყო და თავიდანვე რუსულ ორიენტაციას იცავდა, ამიტომ იგორ გიორგაძეს რუსეთი არ გადმოგვცემს და მის ადგილსამყოფელს არ აღმოაჩენს. ქართველმა «ძალისმიერმა მინისტრებმაც» უნდა მოუკლონ მადლიერებას რუსეთის მიმართ, რაკი სამადლობელი ბევრი არაფერი გვაქვს.
   

აფსუეთში ვითარება დღითი დღე იძაბება
   

    რუხთან, ლტოლვილების აფხაზეთში დაბრუნების მოთხოვნით გამართულმა აქციამ პირდაპირი ფუნქცია (ბუნებრივია) ვერ შეასრულა, მაგრამ შედეგი მაინც გამოიღო. სეპარატისტებმა მოლაპარაკებაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ აფხაზეთში პარტიზანული რაზმები მოქმედებენ. აქციამ დააფიქსირა მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეალობა: პრობლემა კვლავინდებურად გადაუწყვეტელია, ლტოლვილები ვერ ბრუნდებიან მშობლიურ სახლებში, ხოლო რუსეთის სამშვიდობო ძალებს კარგა ხანია მანდატის ვადა ამოეწურათ.
    სხვათა შორის, სამშვიდობო აქცია და მოლაპარაკებათა პარალელურად გამართვა საუკეთესო ვარიანტი იქნება პრობლემის გადასაჭრელად. სეპარატისტებს ეს არ ეპიტნავებათ - მოლაპარაკება მათ მხოლოდ თავიანთი სამართალსუბიექტურობის დასაფიქსირებლად სურთ, ანუ მოლაპარაკება უნდათ მოლაპარაკებისათვის და არა შედეგის მისაღწევად. არაერთგზის გვითქვამს, რომ ერთადერთი, რამაც შეიძლება არძინბას ხროვა რეალური კომპრომისის ხასიათზე მოიყვანოს, არის «მცირე ინტენსივობის სამხედრო ზემოქმედება» სეპარატისტებზე და პარალელურად - რეალური კომპრომისის შეთავაზება. მხოლოდ ერთი მათგანით არაფერი გამოვა. ორივე ერთად კი უეჭველად აიძულებს არძინბას, დაფიქრდეს და საღად აწონ-დაწონოს შექმნილი ვითარება, რომელიც სეპარატისტებს კარგს არაფერს უქადის.
    მიუხედავად იმისა, რომ პრიმაკოვი ჯერ კიდევ სექტემბერში დაგვემუქრა «აფხაზეთის ბლოკადის მოხსნით», მოსკოვი ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ ვერ ბედავს, ვინაიდან საქართველოს რეაქცია შესაბამისი იქნება - ჩეჩნები დიდი ხანია გვეხვეწებიან საავტომობილო გზის ამოქმედებას გროზნო-თბილისის დასაკავშირებლად. რუსეთს კი ვლადისლავ არძინბა ბრალს სდებს, რომ არ ახორციელებს ანალოგიურ ეკონომიკურ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, თორემ ქართველები დიდი ხანია დათმობაზე წავიდოდნენ აფხაზეთის სტატუსის საკითხში.
    რა თქმა უნდა, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისს შეუნარჩუნოს აფხაზეთის პრობლემის რუსეთის მეშვეობით გადაჭრის იმედი. თუ საქართველოს ხელისუფლებას ეს იმედი ამოეწურა, მაშინ აფხაზეთის პრობლემის გადასაჭრელად იგი იძულებული იქნება ან მართლა წავიდეს რადიკალურ დათმობებზე სოხუმის მიმართ, ან სხვა სტრატეგიული პარტნიორები ეძიოს; ორივე ვარიანტი მიუღებელია რუსეთისთვის, ვინაიდან ასუსტებს მის გავლენას კავკასიაში.
    აქ არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ვლადისლავ არძინბა ზოგჯერ მკვეთრ განცხადებას აკეთებს რუსეთის მიერ შემოღებული «სანქციების» საწინააღმდეგოდ, მაგრამ არასდროს აკონკრეტებს ამ სანქციათა შედეგს. საქმე უცნაურობამდეც მიდის: რუსმა მესაზღვრეებმა ფსოუზე აფსუა ბოევიკი მოკლეს, მაგრამ ოფიციალურმა სოხუმმა პროტესტისგან თავი შეიკავა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ისევ და ისევ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული წინააღმდეგობებია. თუ აფხაზები მეტისმეტად ხშირად განაცხადებენ პროტესტს რუსეთის მოქმედების გამო, მაშინ ქართული საზოგადოება დარწმუნდება, რომ ხელისუფლების ამჟამინდელ პოზიციას რუსეთის მიმართ შედეგი მოაქვს ყველაზე მტკივნეული პრობლემის - აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ეს კი სეპარატისტთათვის უაღრესად საშიშია, ვინაიდან ამცირებს წინააღმდეგობებს საქართველოში. არადა, შიდაქართულ წინააღმდეგობებზე თამაში სეპარატისტთა ურყევი სტრატეგია იყო ყოველთვის და ახლაც იმავე ხაზს ატარებენ.
    იმავდროულად, ისიც უნდა ითქვას, რომ არძინბას რეჟიმი თვითონ უკან უკვე ვერ დაიხევს. იგი სულ მცირედსაც ვერ დათმობს საქართველოსთან იმავე მიზეზით - ასეთ შემთხვევაში ხომ საქართველო დარწმუნდება, რომ რუსეთთან სტრატეგიული კომპრომისის, შეთანხმების ხარჯზე მაინც შესაძლებელია პრობლემის მოწესრიგება - ეს აფსუეთისათვის მომაკვდინებლად საშიშია.
    ვლადისლავ არძინბამ პარასკევს ლაზათიანად გამოლანძღა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი, რომელმაც მას ახალი წინადადებები გააცნო კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე. ისინი გულისხმობს ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნას გალის რაიონში, ლტოლვილთა მასობრივ დაბრუნებას, სამაგიეროდ, აფსუეთის ბლოკადის მოხსნას და რკინიგზის ამოქმედებას. თითქოსდა, ძალზე ხელსაყრელი წინადადებებია აფსუათათვის, მაგრამ მაინც არ თანხმდებიან, ვინაიდან შეიქმნება სწორედ ისეთი პრეცედენტი, როგორიც ზემოთ მოგახსენეთ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული დაძაბულობაც განიმუხტება.
    არძინბა უკვე იმასაც ამბობს, რომ მან შეიძლება უარი განაცხადოს რუსეთის შუამავლობაზე - რაკი რუსეთმა ცალმხრივად «პროქართული» პოზიცია დაიკავა მოლაპარაკებებში. ძალიან რომ არ გასჭირვებოდა, არძინბა ამას არ იტყოდა. მაგრამ, ეტყობა, მართლაც დგება უაღრესად კრიზისული მომენტი და სეპარატისტებიც უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
   

დსთ-ს სამიტი ელცინის ავადმყოფობის გამო არ გადადებულა
   

    პარასკევს ბორის ელცინი მოულოდნელად მივიდა კრემლში და რამდენიმე შეხვედრაც გამართა. ამ შეხვედრათა ძირითადი თემა ისევ და ისევ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შექმნილი მდგომარეობა იყო. დაუჯერებელია, რუსეთის პრეზიდენტი ერთ დღეში ასე გამომჯობინებულიყო, ვინაიდან ჯერ კიდევ ხუთშაბათს იგი იმდენად იყო ავად, რომ ვერ შეძლებდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის თავმჯდომარეობას.
    მაშასადამე, ელცინის ავადმყოფობა არ ყოფილა მთავარი და არც მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების დაძაბვა. ედუარდ შევარდნაძესა და ჰეიდარ ალიევის გარდა, თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვიც აპირებდა მოსკოვში რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ უმკაცრესი განცხადებების გაკეთებას. როგორც ცნობილია, მოსკოვი არ თანხმდება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან - ევროპაში, ვინაიდან საკუთარი გაზის გაიაფება არ სურს.
    ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს კი რუსეთის «სიტყვაზე გამოჭერა» სურდა. იგი სთავაზობდა რუსეთს «ათ უბრალო ნაბიჯს უბრალო მოქალაქეთა დასახმარებლად». წინადადებები გულისხმობდა ვალუტის გატანის უფლებას, უბაჟო გადაადგილებას და ასე შემდეგ. ყველა მათგანი რუსეთისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ, თუ ბორის ელცინი ამ წინადადებებზე უარს იტყოდა, მაშინ როგორღა გააგრძელებდა საუბარს დსთ-ს ინტეგრაციაზე? გარდა ამისა, ელცინმა ვერ გამოიმუშავა პოლიტიკა ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მიმართ. ვერაფერს დაუპირისპირებდა მათ წინადადებებს ყარაბაღისა და აფხაზეთის პრობლემათა თაობაზე. ამიტომ, ელცინმა «ავადმყოფობა» ამჯობინა, რათა ხუთშაბათის სამიტი ჩაშლილიყო, სამაგიეროდ, პარასკევს საღ-სალამათი გამოცხადდა კრემლში, რითაც დაადასტურა, რომ სინამდვილეში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პრეზიდენტებთან შეხვედრისა შეეშინდა და გრიპი აქ არაფერ შუაშია.
    თანამეგობრობის შენარჩუნება ბორის ელცინისთვის პრინციპული საკითხი ხდება. რუსული ოპოზიცია სწორედ მას აბრალებს საბჭოთა კავშირის დაშლას - ბელოვეჟის ხელშეკრულებით; ელცინს აშკარად სურს, მესამედ იყაროს კენჭი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და კიდევ ოთხი წლით შეინარჩუნოს პოსტი, მაგრამ, თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დაიშალა, ელცინის ისედაც შერყეული ავტორიტეტი საბოლოოდ დაემხობა - ამას რუსები უკვე აღარ აპატიებენ.
    ამიტომ, დსთ-ს შენარჩუნება პრინციპული მნიშვნელობის საკითხია და ეს მომენტი საქართველომ აქტიურად უნდა გამოიყენოს.
    აქვე: თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრებამ ნამდვილად გაამართლა პოლიტიკური თვალსაზრისით - საქართველომ მიიღო საშუალება, ითამაშოს რუსეთის შიდა პრობლემებსა და მეზობლებთან მის წინააღმდეგობებზე, რაც არცთუ სუსტი კოზირია და, აქტიური გამოყენებისას, შეიძლება სეპარატისტთა კოზირებიც «გაჭრას».

დილის გაზეთი, 23 მარტი, 1998 წ.