ბერეზოვსკი საქართველოს ყიდვას, დსთ-ს - სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას უპირებს

ბერეზოვსკი საქართველოს ყიდვას, დსთ-ს - სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას უპირებს

 

    რუსეთმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თავის გარშემო შემოკრება პოლიტიკური შანტაჟითა და ეთნოკონფლიქტებით ვერ შეძლო, ახლა იმედებს ფულსა და ბიზნესზე ამყარებს.
    რუსულმა ჟურნალისტიკამ ბორის ბერეზოვსკის თანამეგობრობის სამდივნოს ხელმძღვანელად დანიშვნა კიდევ უფრო დიდ სენსაციად აღიქვა, ვიდრე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ჩერნომირდინის ამასწინანდელი გათავისუფლება თანამდებობიდან.
    ბევრი ყურებსაც კი არ უჯერებდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ, სულ მცირე ხნის წინათ, ბორის ელცინმა ბერეზოვსკი ლამის პირადად გააპანღურა კრემლიდან მეტისმეტი ამბიციურობისათვის. მაგრამ ბორის აბრამოვიჩი ერთობ რთულად «ჩასაძირი» აღმოჩნდა. ჯერ იყო და ტელეკომპანია «ნტვ»-სთვის მიცემულ ინტერვიუში, პირდაპირ დაემუქრა ელცინს სერიოზული პრობლემების შექმნით, გარდა ამისა, მრავალი დამკვირვებლის აზრით, სწორედ ბერეზოვსკის ინტრიგათა შედეგი იყო ვიქტორ ჩერნომირდინის გადადგომა. რუსეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ (რომელსაც აბრამოვიჩი აკონტროლებს) რამდენიმე ისეთი გადაცემა მოამზადა ელცინის საწინააღმდეგოდ, რომ ამ უკანასკნელს, არათუ 2000 წლისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, არამედ არჩევნებამდე კრახი არ ასცდებოდა, თუ დროზე არ «მოეგებოდა გონს» და საწადელს არ აუსრულებდა რუსეთის ახალ უგვირგვინო მეფეს.
    ბერეზოვსკის კაპიტალი ამჟამად 3 მილიარდი დოლარია. იგი აკონტროლებს არა მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, არამედ ნავთობისა და გაზის საავტომობილო წარმოების, საბანკო საქმიანობის სფეროებს. როგორც ჩანს, სწორედ აქ უნდა ვეძიოთ «უცნაური დანიშვნის» გასაღები. მით უმეტეს, რომ ინიციატორი უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა იყო, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის წინასწარი თანხმობის გარეშე, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვიდოდა. ამიტომ, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ბორის ელცინი და ლეონიდ კუჩმა წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი ამ კანდიდატურის თაობაზე.. თავის მხრივ ედუარდ შევარდნაძემაც დაუჭირა მხარი ბერეზოვსკის და თავისი პოზიცია (რაც სიმპტომატურია) ახსნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეფორმირების აუცილებლობით. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბერეზოვსკი «დიდი მეცნიერი, მოქნილი ჭკუის პატრონი, წარმატებული ბიზნესმენია და არ არის დამძიმებული პარტიულ-ნომენკლატურული წარსულით».
    ბორის ბერეზოვსკის სოციალური წარმომავლობის ხაზგასმა მხოლოდ აძლიერებს ამ შთაბეჭდილებას. ისიც სიმპტომატურია, რომ ედუარდ შევარდნაძე ბერეზოვსკის დანიშვნას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეფორმირების აუცილებლობას უკავშირებს. დღემდე განსაკუთრებულ «რეფორმირებაზე» საუბარი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პრესკონფერენციებზე არ ყოფილა. ედუარდ შევარდნაძე მხოლოდ იმ გარემოებას უსვამდა ხაზს, რომ «თანამეგობრობა წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უმთავრეს გარანტად უნდა იქცეს», მაგრამ ბერეზოვსკის დანიშვნისთანავე შევარდნაძის ინტონაციაში ახალმა ნოტამ გაიჟღერა - როგორც ჩანს, ბერეზოვსკის მართლაც აქვს პროგრამა, რომელიც მიმზიდველია დსთ-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის, ყველა მათგანთან ბერეზოვსკი ნამყოფია, ხანგრძლივადაც უსაუბრია (როდესაც რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო) და ალექსანდრე ლუკაშენკოს გარდა ყველასთან შესანიშნავ ურთიერთობასაც ინარჩუნებდა.
    საქართველოში საავტომობილო იმპორტისა და მსუბუქი მრეწველობის ზოგიერთი საწარმოს პრივატიზების გარდა, ბერეზოვსკის მრავალი ასეთივე ოპერაცია ჩაუტარებია დსთ-ს სხვა ქვეყნებში. შეიძლება იგი პიროვნულად გაიძვერაა, მაგრამ ასეთი ტიპის გაიძვერებს სამართლიანობის გარკვეული კოდექსი მაინც გააჩნიათ, რათა საქმეში ხელი არ შეეშალოთ, ამიტომ «რუსი» მილიარდერი ერთგვარი ნდობითაც კი სარგებლობს დსთ-ს ლიდერებს შორის - ისევ და ისევ ლუკაშენკოს გამოკლებით, ოღონდ ბელორუსეთის პრეზიდენტზე სერიოზული მსჯელობა (სხვა პრეზიდენტების მიერ მიღწეული მდუმარე შეთანხმებით) ცუდ ტონადაა მიჩნეული, ამიტომ მის პოზიციას ყურადღებას არავინ აქცევს. ედუარდ შევარდნაძისა და ბორის ბერეზოვსკის პირველივე შეხვედრა (როცა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ გროზნოდან აფრენილი თვითმფრინავის ეკიპაჟს უბრძანა, მოეტრიალებინათ ლაინერი თბილისისაკენ) სენსაციური აღმოჩნდა - ბერეზოვსკი სოხუმში გაემგზავრა, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს შეხვდა და სარწმუნო წყაროს ცნობით, 20 მილიონი დოლარის ინვესტირებაც შესთავაზა აფხაზეთის ეკონომიკაში, თუ არძინბა გარკვეულ კომპრომისზე წავიდოდა აფხაზეთის სტატუსის საკითხში.
    იმავდროულად, ბეროზოვსკი ჩეჩნეთში ვითარების მოწესრიგებასაც ცდილობდა, ხოლო რუსულ ისტებლიშმენტში სერიოზულად დაიწყეს მსჯელობა პოლიტიკაზე «ბერეზოვსკის სტილში», გნებავთ ბერეზოვსკის დოქტრინაზე, რომელიც ითვალისწინებს თანამეგობრობის ინტეგრირებას, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით - ელიტის დაინტერესებისა და მასის «ნებაყოფლობითობის» საფუძველზე.
    ასე რომ, ბერეზოვსკი თანამეგობრობაში ახალი პოლიტიკის წარმოებას ჯერ კიდევ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეობისას ცდილობდა. გარკვეულწილად, ახერხებდა კიდეც. ახალი პოსტი მისთვის მხოლოდ ძველ უფლებამოსილებათა დადასტურებაა. ედუარდ შევარდნაძე, ლეონიდ კუჩმა, ისლამ კარიმოვი და სხვები მას მხარს უჭერენ, რადგან «ბერეზოვსკის დოქტრინა» სავსებით შეესაბამება კომპრომისულ ფორმულას: თანახმა ვართ ეკონომიკურ ინტეგრირებაზე, ოღონდ პოლიტიკურის გარეშე.
    რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი ახალი სამდივნოს უფროსის დანიშვნა სწორედ მაშინ, როცა ედუარდ შევარდნაძისა და ნურსულთან ნაზარბაევის წინადადებით სულ უფრო აქტიურად იწყება მსჯელობა ე.წ. «თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე». ყაზახეთის პრეზიდენტს კი განსახილველად გამოაქვს «ათი უბრალო ნაბიჯი - უბრალო ადამიანთა დასახმარებლად». წინადადებანი იმდენად რადიკალურია, მათ თვით შევარდნაძეც კი არ უჭერს მხარს, მაგრამ დსთ-ს ახალი სამდივნო ბერეზოვსკის ფინანსური ოლიგარქიის შტაბად თუ იქცევა, უახლოეს მომავალში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში სერიოზული ცვლილებების მოწმენი გავხდებით.
    აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: ბორის ბერეზოვსკის «მარჯვენა ხელია» ქართველი მულტიმილიონერი ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც შევარდნაძე კარგად იცნობს და მისი შესაძლებლობებიც იცის.
    ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტი არ ეთანხმება აზრს, თითქოს თანამეგობრობამ «ამოწურა თავი». იქნებ ეს უთანხმოება პოლიტიკურ მანევრად ჩაგვეთვალა, რომ არა ახალი აღმასრულებელი მდივნის რეალური გავლენის გათვალისწინება. ბორის ბერეზოვსკი მართლაც უნიჭიერესი კომერსანტია. გორბაჩოვისეული «პერესტროიკის» ძირითადი იდეა კი ერთიანი სახელმწიფოს კერძო ინტერესით შედუღაბებაში მდგომარეობდა. დღეს, როცა ერთიანი სახელმწიფო აღარ არსებობს, ყოფილ «მოკავშირეთაგან» ყველა - დანარჩენთათვის საკუთარი ნების თავს მოხვევას ცდილობს. საქართველოს ლიდერი იმათ რიცხვებს, ვისაც აშკარად სურს გამოიყენონ რუსულ კაპიტალთან თანამშრომლობის უფართოესი პერსპექტივა, ოღონდ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი დათმობების გარდა ამ გუნდს (უპირველესად, ლეონიდ კუჩმას) ამ კაპიტალის ეგოიზმის იმედი აქვს, ბორის ელცინს - რუსული სახელმწიფოს ფაქტობრივად მონარქიული წყობისა.
    ელცინი იმედოვნებს, რომ ყველა «სადავის» ხელში შენარჩუნებას შეძლებს, დსთ-ს ლიდერებს კი ხშირად საპირისპირო აზრი «წასცდებათ» ხოლმე ქარაგმულად. რა პოზიციას დაიკავებს თავად ბერეზოვსკი - არც თუ ისე ნათელია, ვინაიდან მასში აშკარად ორი საწყისი ებრძვის ერთმანეთს: სიხარბე და პოლიტიკური ამბიცია.
    ბუნებრივია, ეს ორი საწყისი ერთმანეთს ყოველთვის არ უპირისპირდება, მაგრამ ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში ბერეზოვსკისეულ ვნებათა სისტემაში სწორედ ბერეზოვსკი-პოლიტიკოსის ამბიცია სჭარბობს, ვინაიდან რუსული ისტებლიშმენტი (განსხვავებით ანგლო-საქსურისაგან) «დერჟავას» უფრო სცემს პატივს, ვიდრე კაპიტალს.
    რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, მისთვის აფხაზეთის პრობლემა მართლაც ყველაზე მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხია, ამიტომ პოლიტიკა «ა ლა ბერეზოვსკი» კვლავაც გულისხმობს ეკონომიკური «სასუსნავით» აფხაზ სეპარატისტთა ცდუნებას. ამ თვალსაზრისით ეს უკანასკნელნიც არ არიან «მტკიცენი» - ფული აფხაზეთსაც ანათებს.
    მიაქციეთ ყურადღება: სოხუმი მაშინვე წავიდა ზოგიერთ დათმობაზე მოლაპარაკებებისას (მაგალითად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ჩართვა დიალოგში) როგორც კი დასავლეთმა მნიშვნელოვანი თანხა გამოჰყო ლტოლვილთა დაბრუნების პირობით.

7 დღე, 1 მაისი, 1998 წ.