კოსოვოს მოვლენები რუსეთის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მორალური კრახია

 კოსოვოს მოვლენები რუსეთის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მორალური კრახია

 

        ნატოს წევრი ქვეყნები (არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც რუსეთს სურს წარმოადგინოს, არამედ კიდევ 12 ქვეყანა) აგრძელებს იუგოსლავიის ტერიტორიის დაბომბვას, რათა აიძულონ მისი ხელმძღვანელობა, ხელი მოაწეროს «რამბუეს ხელშეკრულებას».
        დოკუმენტი ითვალისწინებს ნატოს ჯარების შეყვანას კოსოვოს ყოფილ ავტონომიურ ოლქში (ავტონომია კოსოვოელ ალბანელებს იუგოსლავიის პარლამენტმა გააუქმა) და სისხლისღვრის შეწყვეტას.
        რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საგულისხმოა, ოპერაცია უნდა ჩატარდეს «ძალით მშვიდობის დამყარების» ფორმით, ანუ ნატოს ჯარებს ექნებათ არა მხოლოდ მეომარ ძალთა დაშორიშორების, არამედ საპოლიციო (მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის) ფუნქციაც.
        მიუხედავად დაბომბვის და მსოფლიო თანამეგობრობის თითქმის ერთსულოვნებისა, იუგოსლავია ჯიუტობს და დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს, თუმცა რეალურ წინააღმდეგობას ვერ უწევს ნატოს ავიაციას.
        არ გამართლდა იმ ანალიტიკოსთა პროგნოზები, ვინც ამტკიცებდა, თითქოს იუგოსლავია შეძლებს უფრო ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკის ავიაციას, ვიდრე ერაყი, რაკი ყველაზე თანამედროვე რუსული იარაღი აქვს და «შესანიშნავი» სპეციალისტებიც ჰყავს.
        ამ იარაღის უძლეველობის მითი სწორედ იუგოსლავიაში დაირღვა. «მოძველებულმა» ამერიკულმა თვითმფრინავებმა (ფ-16) ორი უახლესი მიგ-29 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს ბოსნიის თავზე. როგორც ჩანს, ეს თვითმფრინავები გერმანიისკენ მიემართებოდნენ, რათა «საპასუხოდ» გერმანული ქალაქები დაებომბათ.
        სერბებს ყველაზე მეტად სწორედ ის აცოფებთ, რომ ნატოს ოპერაციაში (პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) აქტიურად მონაწილეობს გერმანია, რომელიც სერბებმა «სამუდამოდ დაამარცხეს» (ასე ეგონათ) 1944-45 წლებში, როდესაც გერმანელი ფაშისტები კათოლიკე ხორვატების დაცვას ცდილობდნენ მართლმადიდებელი სერბებისგან.
        მაშინ სერბებს «გაუვიდათ» (სტალინის მეშვეობით), მაგრამ ამჟამად სულ სხვა ვითარებაა.
        დასავლეთი სერბეთს მხოლოდ კოსოვოელი ალბანელების ხოცვა-ჟლეტისთვის როდი სჯის. სერბებს ეგონათ, რომ 1992-1996 წლების ომშიც გამარჯვება მოიპოვეს: დაიპყრეს ნახევარი ბოსნია, «წარმატებით» ჟლიტეს ხორვატები და მუსლიმანები, მაგრამ დასავლეთი (უპირველესად, ევროპა) სერბი ფაშისტების ამგვარ გამარჯვებას არ შეურიგდებოდა. არც შეურიგდა, - ამიტომ დაატეხა თავს რისხვა იუგოსლავიას.
        ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესოა რუსეთის პოზიცია. თანაც, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების და თვით მასმედიისა. ხელისუფლებას რაც შეეხება, - მის ისტერიკებს (მათ შორის, მარაზმში საბოლოოდ ჩავარდნილი ბორის ელცინის განცხადებებს) შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ: კრემლის მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, ის არის, რომ დასავლეთს რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარება თუ კრედიტები წასცინცლოს.
        რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი სწორედ ამ «გაგანია» ომის დროს მიშელ კამდესიუს მიწვევა რუსეთში. რუსი ისტორიკოსები თვალთმაქცურად აცხადებენ: დასავლურ კრედიტებსა და იუგოსლავიასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას შორის კავშირი არ არსებობსო. არადა, აშკარა სიცრუეა! მიშელ კამდესიუს მიწვევა უეჭველად ნიშნავს: რუსეთი მიიღებს რამდენიმე მილიარდ დოლარს, სამაგიეროდ, მის ისტერიკებს დასავლეთი ყურადღებას არ მიაქცევს. იყვირონ რამდენიც უნდათ, - «ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის».
        ასე რომ, რუსეთის ხელისუფალთა პოზიციასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია; კიდევ უფრო საინტერესოა რუსული საზოგადოებისა და მასმედიის რეაქცია: ყველას კარგად გვახსოვს, რა ისტერიკა მოჰყვა რუსეთში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების აბსოლუტურად სამართლიან, მაგრამ პოლიტიკურად მიზანშეუწონელ (არარაციონალურ) გადაწყვეტილებას «სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის» გაუქმების თაობაზე. გვახსოვს ის «აღშფოთების ნიაღვარი», რაც მაშინ წამოვიდა რუსეთის პრესითა და ტელევიზიით; მაგრამ რაღაც იმავე ხალხს კრინტი არ დაუძრავს, როდესაც იუგოსლავიამ და სერბეთმა გააუქმეს «კოსოვოს ავტონომიური ოლქი».
        აქ არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: კოსოვოელი ალბანელები მოითხოვდნენ (თავდაპირველად) არა იუგოსლავიიდან გასვლას, არამედ «თანასწორუფლებიანობას» იუგოსლავიის შემადგენელ სერბეთთან და ჩერნოგორიასთან. ზუსტად ისევე, როგორც ოსი სეპარატისტები თვალთმაქცურად ითხოვდნენ არა «საბჭოთა კავშირიდან გასვლას», არამედ მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრებას, ანუ უბრალოდ საქართველოს შემადგენლობაში შესვლას.
        რუსულ საზოგადოებას აფხაზ სეპარატისტთა ეს მოთხოვნა «სავსებით სამართლიანად» მიაჩნდა, - ანდრეი სახაროვმა საქართველოს «პატარა იმპერია» უწოდა და კონსტიტუციის პროექტიც კი შეიმუშავა, რომლის თანახმად საქართველო და აფხაზეთი «თანასწორუფლებიანნი უნდა ყოფილიყვნენ საბჭოთა კავშირის «შემადგენლობაში».
        მაგრამ რატომღაც იმავე რუსულმა საზოგადოებამ კოსოვოელ ალბანელთა ანალოგიური მოთხოვნა «უსამართლოდ» მიიჩნია – აქაოდა, კოსოვო სერბეთის ნაწილია და «თანასწორუფლებიანობაზე» საუბარი სეპარატისტთა ეშმაკური ხრიკიაო;
        მაშასადამე, აქ უკვე იჩენს თავს «ორმაგი სტანდარტი»; თანაც არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, მით უარესი, - თვით რუსული საზოგადოების ქმედებაში.
        ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა ცხინვალის მოვლენებისას. «ქართველი ფაშისტების» ქმედებით აღშფოთებული რუსი «ინტელიგენტები» (მათ შორის ისინი, ვისაც ათწლეულის განმავლობაში თან ვყვებოდით) აღშფოთებას ვერ მალავდნენ: «როგორ არა რცხვენიათ ქართველებს, რატომ ჩაგრავთ მცირერიცხოვან ხალხებს?; ნუთუ სულ დაკარგეთ სინდისი?» და ასე შემდეგ.
        იმავე ინტელიგენციას კრინტი არ დაუძრავს მაშინ, როცა წლების განმავლობაში უმოწყალოდ იბომბებოდა სარაევო. თურმე ნუ იტყვით, ბელგრადში «ნატოს დაბომბვათა შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება». კი, მაგრამ, განა სარაევოში არ იღუპებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა? სერბმა ფაშისტებმა ბოსნიასა და ხორვატეთში, აგრეთვე, თვით კოსოვოში, სასტიკისა და უმოწყალობის ისეთი მაგალითები «შექმნეს», რომელიც, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა თვით მე-20 საუკუნეშიც კი.
        მიუხედავად ამისა, ის რუსი ინტელიგენტები, ვინც 1990-1993 წლებში საქართველოს ლანძღავდნენ და, ფაქტობრივად, მორალურ-საინფორმაციო ტერორს აწარმოებდნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - სერბ ფაშისტთა ქმედებას არათუ კიცხავდნენ, - ამართლებდნენ კიდეც. «რუსი ერის სინდისად» წოდებულმა დიმიტრი ლიხაჩოვმა რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას სიტყვა-სიტყვით შემდეგი თქვა: «თუნდაც ერთი მუსლიმანის ფეხი რომ შეეხოს კოსოვოს ველს (სადაც 1389 წელს ცნობილი ბრძოლა მოხდა) - ეს ყოველი სერბიის, მთელი მართლმადიდებელი სამყაროს შეურაცხყოფა იქნებაო».
        კი, მაგრამ, განა ეს ფაშიზმი არ არის? გამოდის, რაკი ალბანელები კოსოვოში ცხოვრობენ, უკვე ამით ისინი შეურაცხყოფენ სერბთა ეროვნულ და რელიგიურ გრძნობას, მიუხედავად იმისა, რომ ალბანელთა ცხოვრების ისტორია (კოსოვოში) 300-400 წელს ითვლის, ანუ დაალოებით იმდენივეს რამდენსაც ოსთა ცხოვრება შიდა ქართლში.
        მერედა, ვინ ამბობს ამ სისაძაგლეს? - «რუსი ერის სინდისად» წოდებული «დიდი რუსი ინტელიგენტი» დიმიტრი ლიხაჩოვი!!! მსგავსი რამ თვით «ფაშისტად» მიჩნეულ ზვიად გამსახურდიასაც კი არ უთქვამს ცხინვალის კონფლიქტის დროს.
        აფხაზეთის ომის მსვლელობისას, რუსული ინტელიგენციის «კორიფეებმა» მწერალ სოლოუხინის «მოთავეობით» «ღია წერილით» მიმართეს ქართველ ინტელიგენციას: «ნუთუ სულ დაკარგეთ სინდისი ქართველებმა, როგორ არ გრცხვენიათ, - რატომ ხოცავთ მცირერიცხოვან ხალხს?» და ასე შემდეგ.
        სოლოუხინი კარგა ხანია მიიბარა რუსეთის მიწამ, ამდენად აღარ გაწითლდება და ვეღარაფრის შერცხვება, მაგრამ სად იყვნენ იმ «ღია წერილის» სხვა ავტორები, როდესაც სერბი ფაშისტები გაუგონარი, უპრეცედენტო სისასტიკით ჟლეტდნენ კოსოვოში ალბანელებს? თურმე, ნუ იტყვით (მათი არგუმენტი ასეთია): «ალბანელებს საკუთარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი აქვთ ალბანეთის სახით და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ავტონომიაც არ ეკუთვნითო».
        ეს არგუმენტი უბრალოდ აღმაშფოთებელია: ამ ლოგიკით, მაშინ რატომ ამტყუნებდნენ ზვიად გამსახურდიას (და არა მხოლოდ მას), როდესაც იგი ამბობდა, რომ ოსებს აქვთ «სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი» ჩრდილოეთ ოსეთის სახით, ამიტომაც საქართველოში ავტონომია არ ეკუთვნით?
        რაც მთავარია, არ დაიჯეროთ, თითქოს კოსოვოს მოვლენების გამო რუსეთის ხელისუფლება, ან თვით რუსული საზოგადოება პოზიციას შეიცვლის საქართველოს მიმართ და უარს იტყვის «ორმაგ სტანდარტზე»; სულაც არ შერცხვებათ, კვლავ შეინარჩუნონ ეს ორმაგი სტანდარტი საქართველოს მიმართ.
        როგორც კი გამწვავდება ვითარება ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში, ისინი კვლავ «ძველ სტანდარტებს» დაუბრუნდებიან და დაგმობენ «საქართველოს აგრესიას მცირერიცხოვანი ხალხის მიმართ».

კირიენკო აფხაზეთთან «სახელშეკრულებო სახელმწიფოს» შექმნას გვთავაზობს

    გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერგეი კირიენკო. იგი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, სოხუმში სკოლა აქვს დამთავრებული; ამჟამად «წინაპართა საფლავების» მოსანახულებლად მიემგზავრებოდა, მაგრამ ელემენტარული ეთნიკური ნორმა დაიცვა და ჯერ თბილისში ჩამოვიდა, რათა პირდაპირ აფხაზეთში ჩასვლას მითქმა-მოთქმა არ მოჰყოლოდა;
        რა თქმა უნდა, არძინბისტებს კირიენკოს ასეთი «მანევრი» დიდად, ალბათ, არ ეპიტნავებოდათ, მიუხედავად ამისა, ექს-პრემიერ-მინისტრის მიღებაზე უარი არ უთქვამს.
        თბილისში ყოფნისას კირიენკომ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელიც კვლავ გვაბრუნებს დისკუსიისკენ «აფხაზეთის მომავალი სტატუსის» თაობაზე; თუმცა იმთავითვე უნდა გვახსოვდეს, რომ თვით სეპარატისტთა აზრით, ეს დისკუსია უკვე ამოწურულია, - აფხაზეთის სტატუსი გარკვეულია აფხაზეთის ხელისუფალთა მიერ, ხოლო გასარკვევი და განსასაზღვრია მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები «საქართველოსა და აფხაზეთს» შორის.
        დღემდე არძინბა გვთავაზობდა ფორმულას «საერთო სახელმწიფო», ნაცვლად ფორმულირებისა «ერთიანი სახელმწიფო». რასაკვირველია, ეს ერთი და იგივე არ არის; თუმცა შინაარსობრივად «ერთიანი სახელმწიფო» შეიძლება იყოს უნიტარულიც და ფედერაციულიც; ისევე, როგორც «საერთო სახელმწიფო» შეიძლება იყოს როგორც უნიტარული, ასევე ფედერაციული; მაგრამ სეპარატისტები ტერმინში «საერთო სახელმწიფო» სხვა შინაარსს დებენ.
        არ არის შემთხვევითი, რომ იმავდროულად ისინი საუბრობენ «თანასწორუფლებიანობაზე». სხვადასხვაგვარი იურიდიული ეკვილიბრისტიკით (არძინბაც და ჯერგენიაც ამ საქმეში დიდად გაწაფულები არიან) სურთ ისე წარმოადგინონ, თითქოს «საერთო სახელმწიფო» შეიძლება კონფედერაციაც იყოს.
        კირიენკომ სწორედ ეს თქვა პრესკონფერენციაზე: ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ძირითად წინააღმდეგობას ვხედავ ტერმინებში «ფედერაცია-კონფედერაცია» - რატომ არ შეიძლება, ამას თავი დავანებოთ და ვისაუბროთ «არა ერთიან» სახელმწიფოზე» (კირიენკოს აზრით, ფედერაციაზე), არა «საერთო სახელმწიფოზე» (მისივე აზრით, კონფედერაციაზე»), არამედ «ხელშეკრულებით სახელმწიფოზე?».
        აშკარაა, რომ ბატონი კირიენკო ან ეშმაკობს (ანუ, მიუხედავად «ეთიკური ნორმების დაცვის და «ჯერ თბილისში ჩამოსვლისა», მაინც სეპარატისტებს უფრო უჭერს მხარს»), ან უბრალოდ, ტერმინებში ვერ ერკვევა, რაც, ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია.
        საქმე ისაა, რომ «კონფედერაცია» იმთავითვე არ არის ერთიანი სახელმწიფო! ამას იურიდიული ან ისტორიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი გეტყვით. «კონფედერაცია» ორი ან რამდენიმე დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს დროებითი კავშირია.
        კონფედერაციას, რა თქმა უნდა, არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი სახელმწიფოს რამდენიმე ძირითადი ნიშანი: ერთიანი (ერთმმართველობას დაქვემდებარებული) არმია, ერთიანი საზღვრები, ერთიანი ფულადი სისტემა და ასე შემდეგ; ევროპის კავშირი თანდათან ფედერაციას უფრო ემსგავსება, ვიდრე კონფედერაციას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთიანი ფულადი სისტემა შეიძინა.
        გარდა ამისა, ფედერაცია შეიძლება «ორსუბიექტიანი» იყოს. მთავარი წინააღმდეგობა თბილისსა და სოხუმს შორის ფედერაცია-კონფედერაციულობაში კი არ არის, როგორც ზოგიერთს სურს წარმოადგინოს, არამედ თვით ფედერაციის არსის გაგებაში! არძინბა საქართველოსთან არათუ ფედერაციაზე, თვით კონფედერაციაზეც არ ისაუბრებდა, მაგრამ რაკი საერთაშორისო წნეხის გამო იძულებულია რაღაც ტაქტიკურ კომპრომისზე წავიდეს, გვთავაზობს ორსუბიექტიან ფედერაციას, - ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსად.
        «ჩეხეთ-სლოვაკეთი» ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფო იყო ერთიანი არმიით, ერთიანი ფულადი სისტემით და ასე შემდეგ. მაგრამ ორივე მისი შემადგენელი ნაწილი (ჩეხეთიც და სლოვაკეთიც) თანასწორ სუბიექტად მიიჩნეოდა ორსუბიექტიანი ფედერაციის შემადგენლობაში.
        ჩეხეთს ჰქონდა საკუთარი საკანონმდებლო ორგანო, სლოვაკეთს – თავისი; ორივეს გააჩნდა კონსტიტუცია, მაგრამ გარდა ჩეხეთის და სლოვაკეთის კონსტიტუციებისა, იყო კიდევ «ჩეხეთ-სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციაც»; გარდა ჩეხეთის და სლოვაკეთის «საკანონმდებლო ორგანოებისა», არსებობდა ჩეხეთ-სლოვაკეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოც და ასე შემდეგ.
        მიუხედავად ამისა (ვიმეორებ) «ჩეხეთ-სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკა» რჩებოდა ერთიან სახელმწიფოდ. თუმცა ეს «ერთიანი სახელმწიფო» უმალვე დაიშალა, როგორც კი ფედერაციის ერთ-ერთმა სუბიექტმა (სლოვაკეთმა) ორსუბიექტური ფედერაციიდან გასვლა მოინდომა. მართლაც, ორსუბიექტურ ფედერაციაში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს რაიმე მდგრადი იურიდიული მექანიზმი სახელმწიფოს მთლიანობის შესანარჩუნებლად.
        სწორედ ეს უნდა არძინბას! იგი ცდილობს «საერთო სახელმწიფოს» სატყუარათი აიძულოს პრეზიდენტი, ხელი მოაწეროს ისეთ დოკუმენტს, რომელიც, «ჩეხეთ-სლოვაკეთის» მსგავსად, «საქართველო – აფხაზეთის» ორსუბიექტური ფედერაციული რესპუბლიკის შექმნას გაითვალისწინებს; თავი დავანებოთ იმასაც კი, რომ ამ სახელმწიფოს «საქართველო» აღარ ერქმევა, მაგრამ საქართველოს ექნება (დარჩება) საკუთარი კონსტიტუცია, თანამედროვე აფხაზეთს კი - საკუთარი «ძირითადი კანონი»; და იარსებებს კიდევ  «ფედერაციის კონსტიტუცია», რომელიც აგრეთვე ხელშეკრულებითი იქნება, ანუ მისი თითოეული პუნქტი არძინბასთან უნდა შეთანხმდეს.
        ბუნებრივია, არძინბას ეს ყოველივე სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რათა დღეს თუ არა ხვალ, წელს თუ არა გაისად, - «საქართველო-აფხაზეთის ორსუბიექტური ფედერაცია» ისევე დაშალოს, როგორც ჩეხეთ-სლოვაკეთის ორსუბიექტური ფედერაცია დაიშალა – ადვილად და უმტკივნეულოდ.
        აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია ქართული მხარის პოზიცია, რომელიც არ თანხმდება ორსუბიექტური ფედერაციის მოდელს და სეპარატისტებს სთავაზობს ფედერაცია შექმნას არა «აფხაზეთმა და საქართველომ», არამედ აფხაზეთმა, კახეთმა, გურიამ, იმერეთმა და ასე შემდეგ. ოღონდ ამ მოდელს არძინბას ხროვა არასდროს ნებით არ დაეთანხმება სწორედ იმ მიზეზით, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს ერქმევა «საქართველო» და «ფედერაციული არგუმენტები» სეპარატისტებს აღარ ექნებათ - ერთიანი მრავალსუბიექტური, ფედერაციული სახელმწიფოს დასაშლელად.
        კირიენკოს ფორმულა «ხელშეკრულებითი სახელმწიფოს» შესახებ, კეთილშობილური მიზნითაც რომ იყოს ნაკარნახევი, ამ წინააღმდეგობას ვერ წყვეტს.
        არა აქვს მნიშვნელობა «ერთიანი სახელმწიფო» იქნება, «საერთო სახელმწიფო», თუ «ხელშეკრულებით სახელმწიფო» - ნებისმიერ შემთხვევაში სეპარატისტები აქ «ორსუბიექტურ ფედერაციას» იგულისხმებენ, ქართული მხარე კი, - «მრავალსუბიექტურ ფედერაციას», ვინაიდან კონფლიქტის მხარეებს დიამეტრალურად საპირისპირო სტრატეგიული მიზანი აქვთ: ქართულ მხარეს - ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება, სეპარატისტთა მხარეს – ამ მთლიანობის დარღვევა და «საქართველოსგან დამოუკიდებლობის მოპოვება».

ედუარდ შევარდნაძე დილემის წინაშე აღმოჩნდა

    1 აპრილს (რაც ნიშანდობლივია) რუსეთის დედაქალაქში იკრიბებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურები მორიგ სამიტზე.
        2 აპრილს გაიმართება პლენარული სხდომა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას. ბუნებრივია, კოსოვოს კრიზისისა და იუგოსლავიის დაბომბვათა ფონზე რუსეთისთვის ამ სამიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში იგი აღიქმება, როგორც რუსეთის პოზიციის მხარდაჭერა «ნატოს აგრესიასთან დაკავშირებით».
        რუსული ისტებლიშმენტი აშკარად გაღიზიანებული და აღშფოთებულია იმით, რომ არათუ დასავლეთ ევროპის, არამედ თვით აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმაც არ დაუჭირეს მხარი იუგოსლავიის საკითხში. რასაკვირველია, რუსეთს დსთ-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მაინც სურს მიიღოს, მაგრამ საეჭვოა, აქაც მიაღწიოს ერთსულოვნებას.
        უკრაინამ მართლა განაცხადა «ატომური სტატუსის» აღდგენა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უფრო რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, ვიდრე ამერიკა-დასავლეთის. კიევმა, უბრალოდ, შექმნილი ვითარებით ისარგებლა, რასაც მოსკოვში ჯერ ვერ ხვდებიან; მოლდოვა და აზერბაიჯანი ნატოს წინააღმდეგ კრინტს არ დაძრავენ; ცენტრალური აზიის ქვეყნები – მით უმეტეს, ვინაიდან ნატო მაჰმადიანებს იცავს; რჩება სომხეთი და ბელარუსი; თუმცა, სომხეთი, რაც არ უნდა ახლოს იყოს რუსეთთან, არ დაუშვებს სეპარატიზმის დაგმობის პრეცედენტს.
        აქედან გამომდინარე, რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, 1 აპრილს სამიტი შეიძლება ჩაიშალოს, რისი მიზეზიც ისევ და ისევ კოსოვოს დილემა იქნება.

დილის გაზეთი, 29 მარტი, 1999 წელი