კვირის მიმოხილვა: არძინბას მიაჩნია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უკვე გადაწყვეტილია

კვირის მიმოხილვა: არძინბას მიაჩნია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უკვე გადაწყვეტილია

 

    ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების მთავარსარდალმა, გენერალმა დორია ბაბენკოვმა წერილით მიმართა «აფხაზეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს» - დაიწყონ კონსულტაციები დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურთა სამიტის გადაწყვეტილებათა თაობაზე. ანუ სამშვიდობო ძალთა მანდატისა და პასუხისმგებლობის ზონის გასაფართოებლად.
    უკვე ამ «წერილის» ფაქტი ნათელყოფს, რომ დსთ-ის რეზოლუცია არ შესრულდება - დორია ბაბენკოვი, ფაქტობრივად, «ორივე მხარის თანხმობას» ითხოვს, ანუ სეპარატისტთა ლიდერსაც სთხოვს დასტურს სამშვიდობო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეცვლაზე.
    რასაკვირველია, ვლადისლავ არძინბა არაფრის დიდებით ამაზე არ დათანხმდება. უფრო მეტიც, - გენერალი ბაბენკოვი სწორედ იმისათვის მიმართავს ოფიციალურად (არ არის გამორიცხული, ეს წინასწარ შეთანხმებით ხდებოდეს) რათა ნათელყოს, რომ აფხაზები კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან მანდატში რაიმე ცვლილების შეტანისა.
    ეს მექანიზმი უკვე აპრობირებულია და არაერთგზის იმოქმედა კიდეც წარმატებით, - საქართველოსა და რუსეთს შორის ყოველი შეთანხმების შემდეგ აფხაზური მხარე აცხადებს: ოფიციალურ სოხუმს შეთანხმებაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, მისი აზრი არ გაუთვალისწინებიათ, ამრიგად, აფხაზეთი არ შეასრულებს სხვის ნაკისრ ვალდებულებებს.
    არძინბას გუნდს მრავალი ასეთი მექანიზმი აქვს დამუშავებული, რომლებიც უკვე ავტომატური სიზუსტით მოქმედებენ. მაგალითად, ლტოლვილთა დაბრუნების მოთხოვნას (გაეროს, ევროთათბირის ან იმავე რუსეთის მხრიდან) სოხუმი უპირისპირებს ბლოკადის მოხსნის მოთხოვნას. საერთაშორისო ექსპერტებს ეს საკმაოდ ლოგიკურად მიაჩნიათ, - შეუძლებელია ლტოლვილები დაბრუნდნენ ტერიტორიაზე, რომელიც ბლოკირებულია.
    ეკონომიკური სანქციების მოხსნას კი (თუნდაც ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ) ოფიციალური თბილისი არ თანხმდება, ვინაიდან არავითარი გარანტია არ არსებობს დანარჩენი ორი მხარის (აფხაზეთისა და რუსეთის) მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა. მოლაპარაკება აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის თაობაზე კარგა ხანია გამოუვალ ჩიხში შევიდა - აფხაზებმა უდიდესი ოსტატობით მოახერხეს ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც ფორმალურად (რა თქმა უნდა, მხოლოდ ფორმალურად) ისინი ფედერაციას (ანუ ერთიან სახელმწიფოს) სთავაზობენ საქართველოს, მაგრამ სინამდვილეში (შინაარსობრივად) საქართველო-აფხაზეთის ორსუბიექტიანი ფედერაცია, ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსად, სულ მალე დაიშლება; ანუ სეპარატისტები არა მხოლოდ ფაქტობრივად (დე-ფაქტო) არამედ იურიდიულადაც (დე-იურე) მიაღწევენ დამოუკიდებლობას.
    ამგვარი შედეგი არავის არ უნდა გაუკვირდეს, - ეგრეთ წოდებული «საერთაშორისო» (ანუ პოლიტიკური) სამართალი სხვა არაფერია, თუ არა რეალურად არსებული მდგომარეობის დაფიქსირება; მოგებული ომის შედეგთა იურიდიული გაფორმება მხოლოდ «ტექნიკის საქმეა» - ჯერ არავის კაცობრიობის ისტორიაში «ქაღალდზე» არ მოუგია ბრძოლის ველზე წაგებული ომი.
   
   
   
   

თემურ შაშიაშვილის კარიერა ბეწვზე ჰკიდია
   

    გასულ კვირას, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა («ფილარმონიის მიტინგთა» რეანიმაციით), რათა დედაქალაქში სტაბილურობა შეენარჩუნებინა, - ქუთაისში კინაღამ სისხლი დაიღვარა.
    დაპირისპირებამ იმერეთის გუბერნატორსა და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შორის კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, რაც თემურ შაშიაშვილმა თავისი ბრძანებულებით აკრძალა ბაზრობები და წვრილ მოვაჭრეებს ამით «სასიკვდილო განაჩენი» გამოუტანა. ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას გააფთრებული რეაქცია მოჰყვებოდა იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებიც ლუკმა-პურს სწორედ წვრილი ვაჭრობით შოულობენ, მაგრამ შაშიაშვილმა შეგნებულად გაამწვავა ვითარება, რათა მთელი საქართველოს თვალწინ დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, - იმერეთის მხარის გუბერნატორი დიდი ხანია ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და «სრულიად საქართველოს» მაშტაბის პოლიტიკოსად იქცეს.
    მისი პოლიტიკური მრწამსიც ცნობილია, - თემურ შაშიაშვილი სოციალ-დემოკრატიული პოზიციისაკენ იხრება; ჩვენს პირობებში ეს ნიშნავს ეკონომიკაში სახელმწიფო რეგულირების აღდგენას, «ადგილობრივი მეწარმეობის» მხარდაჭერას და (რაც გარდაუვალია) ფულის ემისიას, ანუ მონეტარისტული პოლიტიკის აღსასრულს საქართველოში.
    ამ იდეას პოსტკომუნისტურ ქვეყანაში უეჭველად ბევრი მომხრე ეყოლება - შაშიაშვილმა ეს შესანიშნავად იცის; წარმოუდგენელია მას სერიოზულად ჰქონდეს იმის იმედი, რომ ბაზრობების აკრძალვით «იმერეთის ბიუჯეტი» შეივსება - სინამდვილეში «ქუთაისის აქცია» პირველი, შორეული წინასაარჩევნო დემარში იყო პოლიტიკოსისა, რომელსაც ძალიან დიდი ამბიცია ჰქონდა და აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩიტი შეიძლება «ბდღვნად არ ღირდეს» - პრეზიდენტს არც ერთი მოხელის პოლიტიკური ამბიცია არ გამოეპარება და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავი დაიზღვიოს შესაძლო კონკურენტის გაძლიერებისაგან.
    შაშიაშვილმა ორმაგი შეცდომა დაუშვა, - როგორც ჩანს, მან არ გაითვალისწინა, რომ სოციალური ვნების შეფარდება რუსეთსა და საქართველოში არ არის და არც შეიძლება იყოს იდენტური. თუ, მაგალითად, რუსეთში შაშიაშვილის გადაწყვეტილება მას უდიდეს პოპულარობას მოუტანდა, - საქართველოში (სადაც ლიბერალურმა რეფორმამ ნამდვილი სოციალური რევოლუცია მოახდინა) სწრაფად ყალიბდება ეგრეთ წოდებული «მიდლკლასი» - წვრილი მოვაჭრენი ამ კლასის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენენ. ისინი თავიანთი ინტერესების შელახვას არავის აპატიებენ და ელემენტარული დემოკრატიული მექანიზმის (არჩევნების) გზითაც შეძლებენ თავისი დამოკიდებულების გამოხატვას.
    სწორედ ამაში მდგომარეობს ქართველ ნეოსოციალისტთა მთავარი შეცდომა (ვახტანგ რჩეულიშვილის, შალვა ნათელაშვილის, თემურ შაშიაშვილის და ასე შემდეგ) - ისინი საქართველოს სინამდვილეზე რუსული სოციალური რეალობის პროეცირებას ცდილობენ და არ ითვალისწინებენ, რომ საქართველოს სოციალური შინაარსი უკვე დიდად განსხვავდება იმ ვითარებისაგან, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს რუსეთში.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას მომავალი არა აქვს

    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ჩატარებულმა «მოსმენამ» რუსეთის მიერ სომხეთისათვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის თაობაზე საბოლოოდ დაუსვა წერტილი დისკუსიას დსთ-ს პერსპექტივაზე. არავითარი პერსპექტივა ამ თანამეგობრობას არა აქვს, - ბორის ელცინის რიტორიკა რომ სიყალბე იყო, ისედაც ყველა ხვდებოდა, მაგრამ მის იმპერიულ ამბიციებს საბოლოოდ მოუღო ბოლო ზემოთხსენებული სამარცხვინო ფაქტის გამომზეურებამ; რუსეთის პრეზიდენტი ბევრს ლაპარაკობდა «თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის» თაობაზე, ამ დროს კი მისი ადმინისტრაცია ფარულად ეხმარებოდა სომხეთს (დსთ-ის წევრ ქვეყანას) დაემარცხებინა და გაენადგურებინა აზერბაიჯანი (აგრეთვე დსთ-ის წევრი) - ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეგრეთ წოდებული «თანამეგობრობა» რუსეთს სჭირდებოდა და სჭირდება მხოლოდ საიმისოდ, რათა პოლიტიკურად «შემოზღუდოს» საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცე და არ დაუშვას ამ სივრცეში «უცხო ძალის» შემოსვლა.
    ერთადერთი ინტერესი, რომელიც კრემლში აქვთ თანამეგობრობისადმი, არის შემდეგი: წელიწადში (თუნდაც ორ წელიწადში) ერთხელ მოსკოვში შეკრიბოს 11 პრეზიდენტი, და სრულიად ფუჭი მოლაპარაკების შემდეგ ჩაატარონ პრესკონფერენცია ბორის ელცინის თავმჯდომარეობით - ამით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იქმნება შთაბეჭდილება, რომ დსთ-ის სივრცე რუსეთს ემორჩილება და მხოლოდ მას შეუძლია პროცესების კონტროლი (მართვა) ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე.
    დსთ-ის პრეზიდენტებიც «აუტკივარ თავს არ იტკივებენ» და რუსეთთან აშკარა კონფრონტაციის თავიდან აცილებასთან ერთად თავიანთ ლოკალურ ამოცანებს წყვეტენ - მაგალითად, ბოლო სამიტზე დასასწრებად მოსკოვში ჩასვლის სანაცვლოდ ჰეიდარ ალიევმა თავისი მოსისხლე მტერი - სურეთ ჰუსეინოვი «გამოგლიჯა ხელიდან» რუსეთს. ედუარდ შევარდნაძემ, ჯერჯერობით ასეთ წარმატებას ვერ მიაღწია - იგორ გიორგაძე კვლავინდებურად მოსკოვში ცხოვრობს და არხეინად გრძნობს თავს.

დილის გაზეთი, 7 აპრილი, 1997 წ.