კრემლის ქონგური

კრემლის ქონგური

     
       


                გუშინ, საქართველოსა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პარლამენტის («ფედერალური საკრებულოს») ზედა პალატის _ სენატის წევრები ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (თითოეულ რესპუბლიკას, კონსტიტუციით, ორი წარმომადგენელი ჰყავს «ფედერაციის საბჭოში») ითხოვენ სამხრეთ ოსეთოს საკითხის საგანგებო განხილვას პალატის სხდომაზე. საღამოს პალატამ მართლაც მიიღო დოკუმენტი, რომელიც ნათქვამია, რომ «სქართველოს მოქმედება სამხრეთ ოსეთში საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და მშვიდობას მთელ კავკასიაში».

        უნდა აღინიშნოს, რომ «ფედერაციია საბჭო», წლების განმავლობაში, ამ თვალსაზრისით, ბევრად უფრო აკადემიური და ფრთხილი იყო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ვიდრე ქვედა პალატა _ «სახელმწიფო სათათბისო».
        ხშირად, სათათბირო მძვინვარებდა, რადიკალურად განცხადებებს იღებდა, ამტიქართულ დემარშებს ახორციელებდა, ხოლო «ფედერაციის საბჭო» სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ეს იმითაც აიხსნება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად აკონტროლებს ამ პალატას, ვიდრე სახელმწიფო სათათბიროს.
        ამდენად, თუ სენატმა გუშინ მართლაც დაიწყო საკითხის აქტიური განხილვა _ ეს, მით უმეტეს, უეჭველად იმის მანიშნებელია, რომ კრემლი მომავალი მოქმედებებისათვის ლეგიტიმური ბაზის განმტკიცებას ცდილობს. ამ მოქმედებათა ფარგლებში კი ჩვენთვის სასიკეთო რომ არაფერი იგეგმება, ძნელი მისახვედრი არ არის.
        თუმცა, ერთგვარად იდენტური ტაქტიკა უკვე მაინც გამოიკვეთა: სახელმწიფო სათათბიროშიც და ფედერაციის საბჭოშიც თითქოს რაღაცას ელიან, რაღაცისთვის ემზადებიან, ხელსაყრელ მომენტს ეძებენ, რაკი არამიზანშეწონილად მიაჩნიათ მკვეთრი მოძრაობების გაკეთება იმ ვითარებაში, როდესაც საქართველო «სამხრეთ ოსეთში» ჰუმანიტარულ ტვირთებს არიგებს. მაგრამ საკმარისია რეგიონში თუნდაც ერთი წვეთი სისხლი დაიღვაროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროვოკაციულ განცხადებებს პარლამენტის დემარშებიც მოჰყვება.
        სათათბიროს სხდომაზე დეპუტატ მიტროფანოვის გამოსვლა მხოლოდ ვითარების მოსინჯვა იყო. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მიტროფანოვი, ჟირინოვსკი და რუსეთის, ეგრეთ წოდებული, «ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის» აქტივისტები, დუმაშიც და მის კედლებს მიღმაც, ხშირად «ახმოვანებენ» იმას, რაც კრემლში მზადდება. მზა «პროექტის» ლეგიტიმაცია კი შემდგომ უკვე «ხალხის რჩეულთა» ფუნქცია ხდება.
        ზოგი ჟირი მარგებელიაო: ამჟამად უკვე ვეღარ განმეორდება 1992-1993 წლების ვითარება, როდესაც რუსეთის «უმაღლესი საბჭო» იღებდა აღვირახსნილად ანტიქართულ დადგენილებებს(!) აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ხოლო კრემლში ქართული მხარის პროტესტებს პასუხობდნენ დემაგოგიით: ეს ელცინის ოპოზიციის ნამოქმედარიაო.
        დღეს რუსეთის სახელმწიფო დათათბიროსაც და (მით უმეტეს) ფედერაციის საბჭოს ასი პროცენტით პრეზიდენტი პუტინი აკონტროლებს. უფრო მეტიც, ხსენებული ორგანოები პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაბალი რანგის წარმომადგენლის სატელეფონო მითითებითაც კი მიიღებენ ან არ მიიღებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
        აქედან გამომდინარე, რუსეთის პარლამენტის დადგენილება, განცხადება თუ სხვაგვარი დემარში არის სწორედ კრემლის დემარში, ოღონდ განხორციელებული სხვა ფორმითა და საშუალებებით.
        ჯერჯერობით (ვემეორებთ), პუტინის ადმინისტრაციასა და უშიშროების საბჭოში შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღიათ: ელიან, როგორ განვითარდება სიტუაცია ცხინვალში. რაკი ვითარება დაძაბულობის ამჟამინდელ დონეს არ გასცდა, ოთხშაბათს სენატიც შემოიფარგლა დაახლოებით ისეთივე სიმკვეთრის განცხადებით, როგორიც რამდენიმე დღის წინათ «გოსდუმამ» მიიღო.
        სისხლისღვრის შემთხვევისთვის კი მზად აქვთ მიმართვის პროექტი რუსეთის პრეზიდენტისადმი, მოწოდებით და თეატრალიზებული მოთხოვნით _ «დაიცვას სამხრეთ ოსეთში მცხოვრბ რუსეთის მოქალაქეთა ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველგვარი ხელყოფისაგან».
        მიმართვას ჯერ მიიღებს სახელმწიფო სათათბირო, შემდეგ ფედერაციის საბჭო და ეს ყოველივე აკომპანირებული იქნება მასმედიის, აგრეთვე, ასი პროცენტით მართვად საშუალებათა ისტერიით. ამრიგად, რუსული პარლამენტარიზმის ორგანოთა რეაქციებს სერიოზული ყურადღება, რა თქმა უნდა, არ უნდა მივაქციოთ, ვინაიდან ამ ქვეყანაში ისინი მხოლოდ და მხოლოდ დეკორატიულ ფუქნციას ასრულებენ და მხოლოდ რეალური ხელისუფლების მპყრობელის ნებას ახმოვანებენ. ყოველ შემთხვევაში, სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში, ფედერალური საკრებულო (როგორც, ვთქვათ ამერიკაში კონგრესი) რამე თვალსაზრისით ახორციელებს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ფორმირებას.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, სახელმწიფო სათათბიროსა და «ფედერაციის საბჭოს» სახით, ჩვენ კრემლის ერთ-ერთი მცირე ქონგური გველაპარაკება.

10 ივნისი, ხუთშაბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი