საქართველოს ანტისანიკოტინო პროგრამა

საქართველოს ანტისანიკოტინო პროგრამა

    

        საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ პროგრამას, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, შინაარსობრივად თამამად შეიძლება «სიგარეტის კონტრაბანდასთან ბრძოლის პროგრამა» ეწოდოს მიუხედავად იმისა, რომ სარწმუნო წყაროთა ცნობით, «სიგარეტი» იქ არცერთხელ არ არის ნახსენები. ამ პარადოქსის მიზეზია რეალობის აბსტრაგირების ჩვევა, რაც ზოგადად ახასიათებთ ჩვენებურ «ინტელექტუალებს». გაუთავებელი გნიასი «კორუფციაზე» არადსროს კონკრეტდება, ვინაიდან ხსენებულ ინტელექტუალს სულაც არ ეპიტნავება კონკრეტულ კლანთან ურთიერთობის გაფუჭება და «ცოცხალი» ბობოლა ბიზნესმენის გადაკიდება მთელი მისი «საძმოთი» - დაწყებული პოლიციიდან, დამთავრებული «ნაცნობი» პარლამენტარებით.
        თუ თვალს გავადევნებთ ჩვენი მრავალტანჯული ბიუჯეტის შევსება-არშევსების დინამიკას 1995 წლიდან – დღემდე, დავრწმუნდებით, რომ ძირითად, გადაუწყვეტელ, საბედისწერო პრობლემად სწორედ სიგარეტი იქცა. არ ყოფილა არც ერთი მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის დროსაც «სიგარეტი» მთავარი თემა არ ყოფილიყო. სამი ძირითადი კონტრაბანდული საქონლიდან (სიგარეტი, ბენზინი, ფქვილი) სწორედ სიგარეტი იყო პირველ ადგილზე. ამ სფეროში ექსპერიმენტების ოდენობამ კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, თუმცა, ყველა ამ ექსპერიმენტს ერთი საერთო მნიშვნელი ჰქონდა: სავალუტო ფონდი ყოველთვის მოითხოვდა ადმინისტრირების გამკაცრებას და კონტრაბანდის აღკვეთას. ეს პრობლემა ყველას, «ვისაც ჯერ არს», ელემენტებად აქვს დაშლილი: საქართველოში სიგარეტის იმპორტს ძირითადად ორი ცნობიოლი ფირმა აწარმოებს. მათი ურთიერთობა რამდენიმე ჰოლივუდური «ექშენისა» და «თრილერის» სცენარად გამოდგებოდა. ორივე კომპანიამ სახელმწიფო მათხოვრის მდგომარეობაში ჩააყენა და ყოველი თვის მიწურულს «არწრუწუნებს» გადასახადების გადახდასთან დაკაევშირებით. მდგომარეობა ხშირად ტრაგიკომიკურ ელფერ სიძენს. მიმდინარეობს ვაჭრობა გადასახადის ოდენობასთან დაკავშირებით. იმავდროულად, სიგარეტის ბოსებს, რასაკვირველია, უბატონოდ ხმას ვერ გასცემ. ერთი შეხედვით, გამოსავალი იყო აქციზური მარკა (თუმცა, ეს მხოლდ საქმეში გაურკვეველთა «შეხედვით»), მაგრამ სულ მალე დადასტურდა ამ მეთოდის ილუზორულობა. შარშან აქციზმა ნაწილობრივ «იმუშავა» და ბირუჯეტმა 60 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, მაგრამ წელს ყველაფერი «ნორმალურ ვითარებას» დაუბრუნდა. შემოსავლები კვლავ მიზერულია. ეს შეიძლება უმთავრესი მიზეზი გახდეს იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არ განაახლოს ურთიერთობა საქართველოსთან. განსაკუთრებით საყურადღებოა სიგარეტიდან დაკარუგლი შემოსავლების ასახვა სავალუტო ფონდის მემორანდუმში. ივლისიდან საბაჟო შემოსავლები გეგმას შეესაბამება, მაგრამ არა სიგარეტის ხარჯზე, რაც კვლავ ადასტურებს ვითარების არასტაბილურობას და სახელმწიფოს სისუსტეს, ფონდის ექსპერტებს არც ძირითად ექსპორტიორთა ძლევამოსილება გამოეპარებათ, არც ერგნეთის «აუღებელი ციხესიმაგრე».
        რაც შეეხება მესამე ფირმის წიანდადებას გადასახადების შემცირების თაობაზე (რის სანაცვლოდაც იგი საქართველოს ბაზრის ადგილობრივი პროდუქციით დაპყრობას აპირებდა) – ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი არასდროს დაეთანხმება, ვინაიდან ეს იქნებოდა ადმინისტრაციულ უძლურებასთან შერიგება. ფონდის არგუმენტი ასეთია: «თუ ამ მესამე ფირმას (იგულისხმება «სამგორი») შეუძლია აწარმოოს საქართველოში თითქმის ყველა მარკის სიგარეტი ისე, რომ «ელიზისა» და «ომეგას» იმპორტულ საქონელს კონკურენცია გაუწიოს, მაშინ რატომ სჭირდება საგადასახადო შეღავათი – სატრანსპორტო ხარჯები ხომ არა აქვს? პასუხად წერეთელი კონტრაბანდის პრობლემას ასახელებს, ანუ ისევ იმ აუღებელ «ციხესიმაგრეს» ერგნეთში.
        რამდენიმე წლის განმავლობაში არა მხოლოდ ერგნეთიდან, არამედ ყველა მიმართულებიდან ლეგალური, ნახევრადლეგალური თუ არალეგალური სიგარეტის ბიზნესი იმდენს აჭმევს, ისეთ «პირამიდას» ქმნის ხელისუფლების სამივე შტოში – ეგვიპტის ფარაონ ხეოფსსაც კი შეშურდებოდა. ამ პირამიდის დაშლა მალე შეუძლებელი გახდება კიდევ ერთი სამოქალაქო ომის გარეშე ან საუკეთესო გამოსავალია სიგარეტის «არამოდურად» ქცევა, როგორც ამერიკაში.
        თუმცა, ყველა შემთხვევაში, საქართველოს ბიუჯეტი არა პირამიდასავით, არამედ ხუხულასავით დაიშლება, დაიმარხება ეპიტაფიით: მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

დილის გაზეთი, 25 ოქტომბერი, 2000 წელი