იძებნება ეკონომიკური პროგრამა!

იძებნება ეკონომიკური პროგრამა!

Urbi et Orbi (ქალაქსა და სამყაროს)

 

    აქვთ თუ არა საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს ეკონომიკური პროგრამა? ძალიან უცნაურია, მაგრამ მოულოდნელად რთული კითხვა აღმოჩნდა. არადა, რა შეიძლება იყოს ამაზე ბუნებრივი, როდესაც ელი (და ეძებ კიდეც) კონკრეტულ გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს არა რიტორიკის ან კეთილი სურვილების, არამედ დასაბუთებული პროგრამის, შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების სახით ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური (შესაბამისად სოციალური) მდგომარეობის გამოსასწორებლად?
    ამ მომენტს განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი: ნორმალურ ქვეყნებში პარტიის ეკონომიკური პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ადამიანთა დასაქმებისა და კეთილდღეობის ამაღლების გეგმა.
    ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერც ერთი პარტიის ვებ-გვერდზე ვერაფერი მსგავსი ვერ აღმოვაჩინე. არადა, ძალიან მოცულობითი და მრავლისდამტევი საიტები აქვთ - ლიდერთა არც ერთი განცხადება, არც ერთი შეხვედრა ან სხვა რაიმე დაფიქსირებული ნაბიჯი არ არის გამოტოვებული. კი მაგრამ, ეკონომიკური (უფრო ზუსტად, სოციალ-ეკონომიკური) პროგრამა? ასეთი არაფერია, თუ არ ჩავთვლით წინასაარჩევნო ლოზუნგებსა და მარტივ სლოგანებს.
    მხედველობაში მაქვს სერიოზულად მიჩნეული პარტიები, რომლებსაც ნამდვილად უნდა ჰქონდეთ პრეტენზია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მომავალ არჩევნებში და გაიმარჯვოს კიდეც. რისთვის და რა მიზნით გაიმარჯვონ? ამ კითხვას მათგან არავინ გაურბის: რა თქმა უნდა ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის აყვავებისთვის. ოღონდ როგორ, რა გზით, რა გადაწყვეტილებების შედეგად? აი, ეს არის მთავარი საკითხი.
    ამ თემაზე საუბრისას ვერ გავექცევით ემპირიულ მასალაზე დაფუძნებულ მსჯელობას ზოგადად, პარტიათა რაობის შესახებ: ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში პარტია კონკრეტული სოციალური ჯგუფის (ან ამ ჯგუფთა პრაგმატული კოალიციის) ინტერესებს გამოხატავს. შესაბამისად ყალიბდება მისი ეკონომიკური პროგრამაც: მემარჯვენე პარტიები მუდამ გადასახადების შემცირებას და სახელმწიფო რეგულირების შეზღუდვას მოითხოვენ, ხოლო მემარცხენეები - პირიქით: გადასახადების გაზრდას და სახელმწიფო ჩარევის გაძლიერებას. შესაბამისად, პირველნი უფრო ლიბერალურ რიტორიკას იყენებენ, ხოლო მეორენი, - სოციალური ჰუმანიზმის არგუმენტებს. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ისევე როგორც ის, რომ ამ ორი კონცეფციის მატარებელი პარტიები პერიოდულად ცვლიან ერთმანეთს ქვეყნის სათავეში. შესაბამისად, ხან ერთი მიმართულება იმარჯვებს და დომინირებს საკანონმდებლო აქტების თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების სახით, ხან მეორე.
    ახლა ნუ მოვყვებით მსჯელობას იმაზე, რომელი უფრო სწორია (როგორც ჩვენში იტყვიან) და რომელი - არა. ესეც კონკრეტული ღირებულებებისა და ინტერესების სფეროა: მემარცხენეები თვლიან, რომ მთავარია ადამიანთა სოციალური დაცვა, ამიტომ მუდამ იმაზე აპელირებენ, რომ როდესაც მემარჯვენეები მოდიან ხელისუფლებაში, ისინი ადამიანის სოციალურ უფლებებს (ეს უფლებები კი კომუნისტთა მოგონილი არ გეგონოთ - ობიექტურად არსებობენ) ფეხქვეშ თელავენ.
    და პირიქით, მემარჯვენენი, არანაკლები რეზონითა და არგუმენტაციით ასაბუთებენ, რომ პიროვნული ინიციატივის გამოთავისუფლება, ეკონომიკური ლიბერალიზმის ხელშეწყობა უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და, საბოლოო ანგარიშით, ადამიანის ბედნიერებას. ორივეს აქვს არსებობის უფლება. ჩვენი საერთოეროვნული უბედურება კი ისაა, რომ საქართველოში არც ერთია და არც მეორე.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    პირველ რიგში, არ არსებობენ მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები, შესაბამისად არსად ჩანს კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ამ სტრატეგიული კონცეფციებიდან გამომდინარეობს. გვყავს სახელმწიფო პარტია ნაციონალური მოძრაობის სახით. იგი არ არის არც მემარჯვენე და არც მემარცხენე. ესაა სახელმწიფო პარტია, რომელიც შეუთავსებლის შეთავსებას ცდილობს: ერთის მხრივ ველური კაპიტალიზმი, მეორეს მხრივ მსხვილი მონოპოლიები და კარტელური შეთანხმებები; ერთის მხრივ ისტერიული ეკონომიკური ლიბერალიზმი, კაციჭამია იპოთეკარების მხარდაჭერა (თუ შნო არა გაქვს რას იღებ კრედიტს? - კისერიც გიტეხია! ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ძლიერი ჭამს სუსტს, ასეთია ბუნების კანონი!!!), მეორეს მხრივ 20 ლარიანი და 1000 ლარიანი ვაუჩერები, საგაზაფხულო სამუშაოების დროს დარიგებული 20 ლიტრი საწავავი, უფასო ჯანდაცვა სახელმწიფოს ხარჯზე და ა.შ და ა.შ.
    სად არის აქ ეკონომიკური პროგრამა: მემარჯვენე, მემარცხენე, ან კვადრატული თუ გრძივი? ერთის მხრივ კახა ბენდუქიძის უკომპორომისო ლიბერალიზმი, მეორეს მხრივ წმინდა წყლის სოციალისტური დრტვინვა მშრომელი ადამიანისა და გლეხობის მწარე ხვედრზე. ერთის მხრივ სინგაპური, მეორეს მხრივ დასაქმების სამინისტრო; ანუ, ერთად ნიუ იორკი და ფხენიანი; კაპიტალის პირველადი დაგროვებისდროინდელი თავისუფლება და მამა-სახელმწიფოს მზრუნველი თვალი.
    კი ბატონო, ეს გასაგებია - სახელმწიფო პარტია ცდილობს ბალანსირებას, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და სოციუმიდან წამოსულ ყველა (თუნდაც დიამეტრალურად საწინააღმდეგო) იმპულსს ერთად უპასუხოს. მაგრამ რა ხდება ოპოზიციაში? რა ეკონომიკური პროგრამა აქვს მთავარ ოპოზიციურ ძალას? არც მათ, ჯერ-ჯერობით, არაფერი მსგავსი არ გამოუქვეყნებიათ. თუ არ ჩავთვლით სოციალისტი მილიარდერის მიტინგებზე გაკეთებულ განცხადებებს და იმავე 1000 ლარიანი ვაუჩერებით დაპირებულ მუქთა მაცივრებს.
    ბევრს ხითხითებენ მიშას სინგაპურზე. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ თქვენი მოდელი რაში მდგომარეობს? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციურ ძალას პირველ რიგში მოუწევს თუნდაც მოკლე, თუნდაც ზოგადი სოციალ-ეკონომიკური პროგრამის გამოქვეყნება შემდეგი ტეგებით (ანუ საკვანძო სიტყვა-ცნებებით): გადასახადები, გასაღების ბაზრები, ეკონომიკური ინტეგრაცია (ვისთან და როგორ) სახელმწიფო რეგულირება (შემცირება ან გაზრდა - ჩვენს დისკურსში ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს-ავტ.), სოციალური ხარჯები, სუბსიდირება, პენსიები, საპენსიო ასაკი, აქციონირება, სამუშაო ადგილები, საპროცენტო განაკვეთები, სახელმწიფო ვალი, ბოლოს და ბოლოს პრივატიზება, ან ნაციონალიზაცია და რამდენიმე სხვა.
    არაფერი მსგავსი! არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას. გამოდის, ქართული ოცნების სახით ჩვენ გვყავს უბრალოდ ჩრდილოვანი სახელმწიფო პარტია - ბრიტანულ დემოკრატიაში მიღებული ტერმინოლიგიით, სადაც არსებობს მთავარობა და არსებობს ოპოზიცია. შესაბამისად, ოპოზიცია ქმნის ჩრდილოვან მინისტრთა კაბინეტს. როდესაც კონსერვატორები არიან ხელისუფლებაში, ამგვარ კაბინეტს ლეიბორისტები ქმნიან და პირიქით.
    ჩვენ კი გვყავს მოქმედი სახელმწიფო პარტია და გვყავს ჩრდილოვანი სახელმწიფო პარტია, ესე იგი ოპოზიცია, რომელსაც ძალაუფლება სურს არა რაიმე ალტერნატიული საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პროგრამის განსახორციელებლად, არამედ მხოლოდ ძალაუფლების მოსაპოვებლად, რათა თავად იქცეს სახელმწიფო პარტიად და თვითონ სცადოს შეუთავსებლის შეთავსება.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    შესაბამისად, აბსოლუტურად ნათელია პასუხი კითხვაზე: რატომ არ გააჩნია ივანიშვილს ეკონომიკური პროგრამა (ვიმეორებ, გარდა სამიტინგო ლოზუნგების და გულამოსკვნილი კეთილი სურვილებისა). განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან მას კიდევ ერთი მიზეზი აქვს საამისოდ: მმართველი პარტიის მსოფლმხედველობრივი კონსოლიდაცია დასრულდა მაშინ, როდესაც შევარდნაძისეული მოქკავშირის ლიბერალ-მემარჯვენე-რეფორმატორთა ფრთამ გაანადგურა მეორე (სოციალისტურ-ნომენკლატურულ-ნოსტალგიური) ფრთა და ძალაუფლებას უპირობოდ დაეუფლა. ბიძინა ივანიშვილის ჭრელი კოალიცია კი მხოლოდ ახლა იწყეს იმ გზის გავლას, რომელიც მოქალაქეთა კავშირმა 10 წლის წინ განვლო: ანუ სახალხო ფრონტის მსგავსი წინააღმდეგობრივი კოალიციის შექმნას, რომელიც სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის, ღორებულებებისა და პრიორიტეტების ძალებს გააერთიანებს ერთი მიზნით: ხელისუფლების დასამარცხებლად!
    არა რაიმე კონკრეტული პროგრამის განსახორციელებლად (სახალხო ფრონტს არსად არანაირი პროგრამა არასდროს ჰქონია და არც შეიძლება ჰქონდეს), არამედ მხოლოდ ძალაუფლების მოსაპოვებლად ერთი სხარტი და გონებამახვილური ქართული გამოთქმის შესაბამისად: შენ წადი, მე უნდა მოვიდეო! ისე, ამ გამოთქმას სკაბრეზული (კახური) ვარიანტიც აქვს, რომელიც დღევანდელობას ბევრად უკეთ შეესაბამება, თუმცა არ დაიწერება.
    მაშინ ავიღოთ სხვა პარტიები. იქნებ მათი პროგრამები შეესაბამება ზემოთხსენებულ ტეგთა მოთხოვნას? თქვენც არ მომიკვდეთ. როგორც მმართველი სახელმწიფო პარტიისა და ჩრდილოვანი სახელმწიფო პარტიის, ასევე სხვა პარტიების საიტებზე (ოფისში თუ მალავენ სადმე ყველაზე ღრმა ფოლადის სეიფში არ ვიცი) არაფერი მსგავსი არ მოიძევება!
    კი მაგრამ ლეიბორისტები? ესენი ხომ მაინც უნდა იყონ მკაფიო მემარცხენე პროგრამის მქონენი? რიტორიკისა და საპრესკონფერენციო-სამიტინგო განცხადებების დონეზე ყველაფერი რიგზეა, თუმცა მათი საპროგრამო დებულებებიც ბულგაკოვისეული შარიკას კრეატიულ ინიციატივებს ჰგავს: წავართვათ ვისაც აქვს და გავუყოთ ყველას თანაბრად. ეს თანამედროვე ცივილიზებული პარტიის პროგრამა არ არის - უფრო მორიგი სოციალური რევოლუციის თეზისებია, რომელთაც ხორცშესხმისა და რეალურად ამოქმედების არანაირი პერსპექტივა არა აქვთ, რადგან მქონენი ამას არ დაუშვებენ (უკიდურეს შემთხვევაში გაქცევას მოასწრებენ კაპიტალთან ერთად), უქონელთ კი საქართველოში სოციალურ სამართლიანობაზე მეტად წაგლეჯის სურვილი ამოძრავებთ. მაგრამ ძალა მორევაზეა და საამისო რესურსები ამ საზოგადოებას უბრალოდ არ გააჩნია.
    ყველაზე ნიშანდობლივი კი ისაა, რომ ხსენებული მუშურ-გლეხური პარტია თვით იმ სოციალური ფენების მიმხრობასაც ვერ ახერხებს არჩევნებისას, რომლის ინტერესებსაც ვითომ გამოხატავს: ეს უკანასკნელნი მაინც სახელმწიფო პარტიებს აძლევენ ხმას იმის შესაბამისად, ვინ მეტს დაჰპირდებათ: ბიძინა თუ მიშა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რატომ გვაქვს საქართველოში ასეთი ტრაგიკომიკური ვითარება? რატომ არ თვლიან პარტიები თავს ვალდებულად, მკაფიო და გასაგები ეკონომიკური პროგრამები შეიმუშაონ? იმიტომ, რომ სინამდვილეში არც ერთი მათგანი ნორმალური პოლიტიკური პარტია არ არის. ეს მიზეზია, თუმცა ამ მიზეზსაც კიდევ თავისი მიზეზი აქვს, ანუ მიზეზთა მიზეზი: საქართველოში საზოგადოება არ არის შესაბამისად სტრუქტურირებული სოციალური თვალსაზრისით. ანუ არ არსებობენ სოციალური ჯგუფები, რომლებიც დროთა განმავლობაში შექმნიდნენ მათი პრაგმატული ინტერესების გამომხატველ პოლიტიკურ ძალებს.
    ეს მხოლოდ ჩვენი პოლიტოკრატიის ბრალი არ არის: ასეთი ინსტიტუტების და შესაბამისი ტრადიციის (მათ შორის ხელისუფლებათა ცვლის ნორმალური მექანიზმის) ჩამოყალიბებას ძალიან დიდი დრო და პოლიტიკური კულტურის მაღალი დონე სჭირდება: ბევრი ინგლისელი მეცნიერი თვლის, რომ დღევანდელ ორპარტიულ სისტემას ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ალისფერი და თეთრი ვარდების სამოქალაქო ომის დროს ჩაეყარა საფუძველი. შემდეგ ეს პარტიები გაფართოვდნენ, სოციალურ კონგლომერატებად იქცნენ და საკუთარი მსოფლმხედველობაც შეიმუშავეს. დროთა განმავლობაში კი ეს მსოფლმხედველობა სოციალ-ეკონომიკურ პროგრამებშიც გამოიხატა.
    ჩვენ, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა ვიწყებთ ამ ხანგრძლივი ისტორიული გზის გავლას, ამიტომ პარტიებს მხოლოდ ის უნდა მოვთხოვოთ, კეთილი ინებონ და თუნდაც ხალხისთვის გაუგებარი და სარისკო ეკონომიკური პროგრამა დადონ, რათა ანალიტიკოსებისთვის მაინც გასაგები გახდეს, რა უნდათ ბოლოს და ბოლოს და საით აპირებენ ქვეყნის წაყვანას?!

2010