როგორ დავიბრუნოთ დაკარგული თაობა?

როგორ დავიბრუნოთ დაკარგული თაობა?

პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებაში, არსებითი თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო იყო წინადადება პროფესიული გადამზადების ცენტრთა შექმნის შესახებ. ბუნებრივია, ამ ინიციატივას მედიისა და საზოგადოების მხრიდან ბევრად ნაკლები რეზონანსი და ინტერესი მოჰყვა, ვიდრე სკანდალურ «გაშაირებას» მიხეილ სააკაშვილსა და ჯონდი ბაღათურიას შორის. ეს არც უნდა გვიკვირდეს – ასე იქნებოდა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ზოგადად დემოკარტიას ის ნაკლი აქვს, რომ მასის ინტერესი ყოველთვის როდია პროცესის ადეკვატური. თუმცა, როგორც დიდი უინსტონ ჩერჩილი ბრძანებდა «დემოკრატია მმართველობის ყველაზე უარესი ფორმაა თუ ყველა სხვა ფორმას არ მივიღებთ მხედველობაში».
    რა თქვა შინაარსობრივად პრეზედენტმა? – რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროცესი. მიზანი, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ხალხის დასაქმება, ანუ ყველაზე მთავარი, ყველაზე მწვავე პრობლემის გადაწყვეტაა.
    არც ერთ სოციოლოგიურ სამსახურს ჯერ არ ჩაუტარებია ისეთი გამოკვლევა, უმუშევრობა უპირველეს პრობლემად არ დასახელებულიყო რესპოდენტთა მხრიდან. ეს საკითხი (მოგვწონს თუ არა) უსწრებს კიდეც ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთთან ურთიერთობა. მისი ერთ–ერთი გამოხატულება კი ემიგრაციაა.
    ითვლება, რომ «მილიონამდე ქართველმა» ბოლო წლებში სწორედ უმუშევრობისა და უპერსპექტივობის გამო დატოვა ქვეყანა. ოღონდ ამ კლიშეს («მილიონი ქართველის გაქცევის» შესახებ) გარკვეული ანალიზი სჭირდება. თუნდაც ელემენტარული სამართლიანობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით.
    ჯერ ერთი, მოსახლეობის მასობრივი ემიგრირება საქართველოდან არც გუშინ დაწყებულა და არც «რამდენიმე წლის წინ». ყველაზე დიდი ტალღა 1991–1996 წლებში იყო. ესე იგი სამოქალაქო ომის, ეთნოკონფლიქტების და კრიმინალური ანარქიის პერიოდში. იმ დროს «სამუშაო ადგილებზე» ლაპარაკი სასაცილოა. ადამიანები უბრალოდ გარბოდნენ, რათა სისხლიანი ანარქიისთვის დაეღწიათ თავი.
    აქვე შევნიშნოთ, რომ მაშასადამე, ემიგრაციის ერთადერთი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე არ არის. არსებობს სხვა მოტივაციაც. ერთ–ერთი მათგანი უსაფრთოებაა, თორემ იმ პერიოდში მოსკოვს და პეტერბურგს გამგზავრებულთა შორის საკმაოდ შეძლებული ოჯახებიც იყვნენ.
    გარდა ამისა, ძალიან დიდი იყო ე.წ. «არაქართული მოსახლეობის» წილი. პირველ რიგში რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, აგრეთვე ებრაელები, ოსები, გერმანელები და ა.შ. ანუ, ემიგრირებული «მილიონის» სტრუქტურა ეთნიკურადაც არაერთგვაროვანია.
    მაგრამ ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ასეულობით ათასმა ქართველმაც ნამდვილად დატოვა საქართველო დაწყებული 1991–1992 წლებიდან. რა არგუმენტებიც არ უნდა მოვიშველიოთ, ფაქტია: კარგ ცხოვრებას არავინ გაურბის და უცხოეთში არ იხვეწება.
    – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
    ბოლო 10–15 წლის ემიგრაცია კი ნამდვილად ეკონომიკური და უფრო სოციალური ხასიათისაა. როდესაც ქვეყანა, ასე თუ ისე, დაწყნარდა, ქუჩებში ტყვიამფრქვევების კაკანი აღარ ისმის, ხოლო ადამიანები მაინც უცხოეთში გამგზავრებას ლამობენ, ამის მიზეზი უკეთესი ცხოვრებისაკენ ბუნებრივი მისწრაფებაა.
    მოდით ვიყოთ სამართლიანნი და ძალიან არაპოპულარული რამ ვთქვათ:
    ვიცნობ ადამიანს, რომელიც ლოს ანჟელესში ოფიციანტად მუშაობს. კარგი ხელფასიც აქვს და ძალიან ბედნიერია. საქართველოში ფულსაც აგზავნიდა, სანამ არ მიხვდა, რომ დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი სამშენებლო კომპანიები სინამდვილეში ჰაერს ყიდდნენ. ოღონდ, სანამ საქართველოში ცხოვრობდა, შიმშილით მოკვდებოდა და ოფიციანტად არ იმუშავებდა!
    გასაგებია, ამაყი ხალხი ვართ. გასაგებია, რომ ნებისმიერ ჭკუისმასწავლებელს მუდამ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებს კითხვა: «შენ თვითონ იმუშავებ თბილისში (ქუთაისში, ბათუმში) ოფიციანტად?» «შენ თავად იმუშავებ მიწაზე?!» – ბოლო კითხვა ერთი ტაქსის მძღოლისგან მოვისმინე. როცა მიამბო, «გარდაბანში ბინა დავაგირავე, რათა მანქანა მეყიდა და თბილისში მეტაქსავაო», გულუბრყვილოდ ვკითხე: «კი მაგრამ იქ ხომ ბარაქიანი მიწაა – არა გაქვს, რომ დაგემუშავებინა მეთქი?!».
    – «როგორ არა მაქვს, ეგ რა შუაშია, შენ თვითონ იმუშავებ მიწაზეო?» – მომიგო ამაყად.
    სულაც არ ვაპირებ ვამტკიცო, თითქოს მხოლოდ ეროვნული მენტალობის თავისებურებები გვიშლის ხელს. არსებობს უამრავი ეკონომიკური თუ ადმინისტრაციული მიზეზი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განუვითარელობა, დაკრედიტების შეუძლებლობა და ა.შ. მაგრამ მთავარი მაინც საზოგადოებრივი ატმოსფეროა.
    «ოფიციანტების ერად უნდათ გვაქციონო». ემოციურად გასაგებია, თუმცა . . . . . იტალიისა და ესპანეთის ეკონომიკა, ამ აზრით, სწორედაც რომ მომსახურე პერსონალის ეკონომიკაა. განა ჩვენზე ნაკლებად ამაყი ერები არიან?
    საბჭოთა კავშირი დაინგრა და მასთან ერთად დაინგრა შრომის განაწილების ის სისტემა, რომელიც იმ დროს არსებობდა. მძიმე ინდუსტრიითა და მანქანათმშნებლობით საქართველო კიდევ დიდხანს ევრ მოიპოვებს საკუთარ ნიშას გლობალური ეკონომიკის სისტემაში.
    გვინდა თუ არა, უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ ტურიზმი (მაშასადამე მომსახურების სფერო) და სოფლის მეურნეობა (ჩვენს პირობებში პირველ ხანს რომ ნაკელში ზელვას რომ ნიშნავს და მხოლოდ წლების შემდეგ, მექანიზებას გერმანიის დონეზე) – ის სფეროებია, სადაც ადამიანები შეიძლება დასაქმდნენ.
    ამიტომ, პრეზიდენტს პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა «პროფესიული გადამზადების ცენტრებში» უეჭველად სწორედ ისეთი სასწავლებლების ქსელს გულისხმობდა, რომელიც დღემდე ნაკლებპრესტიჟული, მაგრამ საჭირო და მოთხოვნადი პროფესიონალების მომზადებას ნიშნავს. არა მაინცდამაინც ოფიციანტების, – თუნდაც სასტუმროს მენეჯერების, მზარეულების, ბარმენების, ვიწრო სამშენებლო სპეციალისტების და ა.შ და ა.შ.
    – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
    მახსოვს, საბჭოთა პერიოდში «პროფტექნიკური სასწავლებელი» არაპრესტიჟულად ითვლებოდა. ჯარიდან «ჯავშანს» ითვალისწინებდა და მხოლოდ ამიტომ თუ აბარებდნენ, რათა მომავალ წელს ისევ უმაღლესში ეცადათ ბედი. დიპლომების რაოდენობით ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ლიდერი იყო. ამდენ დიპლომიან ინტელიგენტს კი საბაზრო ეკონომიკა ვერ დაასაქმებს.
    პრეზიდენტის განცხადება იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მზადაა იკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ადამიანებს, რომელთა პროფესია (ოდესღაც მიღებული «წითელი დიპლომი») ამჟამად უპერსპექტივოა, ახალი სპეციალობის მიღებაში დაეხმაროს. «სოციალური სტიქია» კი თანდათან დაანგრევს ძველ მენტალობას, მიგვაჩვევს აზრს, რომ არანაირი შრომა არ არის სასირცხვო და სათაკილო.
    უმუშევრობის პრობლემას კიდევ ერთი აპექტი აქვს: გრძელდება «გონებათა გადინება», ანუ ნიჭიერი ადამიანები, ვისი პროფესიაც დასავლურ ბაზარზე მოთხოვნადია, კვლავინდებურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. ბევრი მათგანი სამუდამოდაც. ისეთებსაც ვიცნობ, ვისთვისაც საქართველო უკვე მხოლოდ აგარაკია. მაგრამ ამ პროცესის შეჩერება აკრძალვებითა და ემიგრანტებისთვის პრობლემების შექმნით (მაგალითად, ორმაგ მოქალაქეობაზე უარის თქმით) მხოლოდ კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას: საქართველო ხომ დიდხანს ვერ იქნება ჰოლანდიის ან ავსტრიის მსგავსი კომფორტული ქვეყანა!
    თუმცა, განვითარების ენერგია, რასაც დასაქმების პრობლემის გადაჭრა მოიტანს, აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას ამ პროცესზეც. მარტივი მაგალითი: 30–40 წლის წინ, წარმოშობით ამერიკელი სპეციალისტები კალიფორნიას ტოვებდნენ და ევროპაში მიემგზავრებოდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც შტატში «სილიკონის ველი» ანუ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა გაჩნდა და განვითარების სულისკვეთებამ (!) დაისადგურა, წყნარი, მშვიდი ევროპიდან მთელი ნაკადი დაიძრა უკან – კალიფორნიისკენ, მიუხედავად ყოველწლიური მიწისძვრების და ათასი სხვა უბედურებისა.
    ანუ, მთავარი სწორედ საზოგადოებრივი ატმოსფერო, მოდერნიზაციის სულისკვეთება და სწრაფი განვითარების განცდაა. ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ მათი თანამდევი. მოხერხდება თუ არა ესოდენ რევოლუციური ცვლილების განხორციელება პროფესიული განათლების თუნდაც ყველაზე ფართო ქსელის შექმნით, სხვა საკთხია. მაგრამ ეს უდავოდ არის არაპოპულისტური ნაბიჯი სწორი მიმართულებით.

2012