ვარშავას გეტო და ბერლინის კედელი

ვარშავას გეტო და ბერლინის კედელი

რა მრისხანე და სასტიკია ისტორია..... როგორ გაგრძნობინებს, რომ ხშირად მცირედიც კი არ გესმის მისი სიღრმის და სირთულისა, ხოლო შენი თანადროულობა, რომლითაც ცხოვრობ და რასაც აღიქვამ, - მისი ღირებულებებითა და პრიორიტეტებით, - მხოლოდ მცირე დეტალია უდიდესი ისტორიული ხატის, რომელიც შეგაძრწუნებს და შეგძრავს, თუკი სრული სირთულით წარმოგიდგება.

- - - - - - - - - - - - - - - -

ახლა ვუყურებდი გენიალური რომან პოლანსკის შედევრს, „პიანისტი“, რომელმაც 2002 წელს ოქროს პალმის რტო დაიმსახურა კანში.

1940 წელს, ნაცისტი გაულიაიტერის (რეალურად კი ადოლფ ჰიტლერის) ბრძანებით ებრაელები რომ გადაასახლეს ვარშავას გეტოში......თითქმის 400 000 ადამიანი.... გარშემო იმ გეტოს კედელი აუშენეს, შლაგბაუმები დააყენეს, თანაც ზოგან გეტოს კვეთდა ტრამვაი, საავტომობილო გზა....„ჩვეულებრივი ვარშავას“ ერთი უბნიდან - მეორე უბნისკენ....ხიდები, გადასასვლელები....ანუ უზარმაზარი საკონცენტრაციო უბანი.....

ვუყურებდი და არ მეშვებოდა განცდა, რომ ეს ყოველივე ნანახი მაქვს, ოღონდ...სადღაც სხვაგან....რაღაც სხვა რეალობებთან მიმართებაში.....სხვა ეპოქასთან....და უეცრად გამახსენდა: ბერლინის კედელი!! 1961 წელს რომ ააშენა ხრუშჩოვმა და ისტორიული ბერლინის 3/4 ასეთივე `საკონცენტრაციო უბნად` აქცია.

ჩვენ მაშინ ამ ორ ფენომენს განყენებულად აღვიქვამდით ჩვენი ანტიკომუნიზმის გამო.

პრეზიდენტ ჯონ კენედის ფრაზა: „ჩვენ ყველანი ბერლინელები ვართ“....უსამართლობა......ადამიანის უფლებების დარღვევა...გერმანული (გდრ) „შტაზის“ სიმხეცე, - ადამიანებს რომ ხვრეტდა გაქცევის მცდელობისას..... იმ კედლიდან რომ ბავშვს აწოდებენ.....ფანჯრიდან რომ ხტებიან სასოწარკვეთით....მასაც ასევე ჰკვეთდა მეტრო, ტრამვაი.....

პირისპირ კომუნისტური ტოტალიტარიზმი და თავისუფალი სამყარო! როკ მუსიკა, Led Zeppelin.....„თვითმფრინავის ბიჭები“.....

მაგრამ.....მაგრამ....ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, ვერ ვხვდებოდით, ვერ აღვიქვამდით, რომ ის „ბერლინის კედელი“, რომელიც ჩვენ ყველას ესოდენ გვძულდა, დიახაც (!!) „გულს უთბობდა“ საზარელ ჰოლოკოსტს გადარჩენილ მილიონობით ებრაელს მთელს მსოფლიოში, ნიუ იორკიდან თელ ავივამდე, რაკი აღიქმებოდა, როგორც ისტორიულად სამართლიანი სასჯელი „ვარშავის გეტოს“ საშინელებისთვის.

ზუსტად იმ სიმაღლის კედელი იყო....ზუსტად ისეთივე „ინფრასტრუქტურით“......

ნუთუ იდიოტმა ხრუშჩოვმა ეს განგებ მოიფიქრა?

ნუთუ მან განგებ განსაზღვრა ამგვარი ასპირაცია, როცა იმ კედლის მშენებლობის ბრძანება გასცა?

არა მგონია.

თუმცა, რამდენადაც ვიცი, ისრაელის სახელმწიფოს არასდროს გაუპროტესტებია ბერლინის კედლის მშენებლობა და არსებობა.

არასდროს!

რომან პოლანსკი ებრაელია და იმავე „კულტურული კოდის“ მატარებელი.

და რაც მთავარია: „ბერლინის კედელი“ ერთგვარი „აღქმითი აბერაცია“ იყო ამ სოციო-მენტალური და კულტურული კატეგორიისთვის, რაკი „კედლით შემოსაზღვრულ „გერმანულ გეტოდ“ აღიქმებოდა არა აყვავებული, გაჩახახებული, თავისუფალი, ბედნიერი დასავლეთ ბერლინი, არამედ პირ(ა)ქით - მთელი აღმოსავლეთ გერმანია მისი საყარაულო კოშკურებით, ტრიალ მინდორში მოძრაობის დეტექტორებით, ავტომატურად მსროლელი ტყვიამფრქვევებით და გაავებული ქოფაკებით - იქვე რომ დაჰგლეჯდნენ მათ, ვინც ისტორიული სასჯელისგან გაქცევას დააპირებდა.

ვარშავას „გეტომ“ 4 წელი იარსება.

ბერლინის კედელმა - 28 წელი.