«თეოდემოკრატია»

    პატიმართა შეწყალების თაობაზე პატრიარქის განცხადებით გამოწვეულმა მედია–სკანდალმა კიდევ ერთხელ «გააშუქა» თემა, რომელიც თან სდევს უახლესი პერიოდის ქართული სახელმწიფოს ისტორიას დასაბამიდან, ესე იგი «ეროვნული მოძრაობის» პერიოდიდან – დღემდე.
    ამჟამად ჟურნალისტიკაში მოღვაწე გოგონებსა და ბიჭუნებს, უბრალოდ ასაკის გამო, აღარ ახსოვთ და არც იციან, რომ ეს თემა ძალიან აქტიურად განიხილებოდა ჯერ კიდევ 1988 წელს, როდესაც საქართველოში პირველი მარავალათასიანი მიტინგები გაიმართა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. მაშინ მართლმადიდებელ ეკლესიას სულ სხვა სტატუსი ჰქონდა არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ რეალურადაც, ვინაიდან მოსახლეობის დიდ ნაწილს ბიბლია ხელშიც არ სჭერია, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი ეკლესიის საჭეთმპყრობლის სახელსაც ვერ გეტყოდათ.
    1988 წლის 22 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, დღევანდელი პარლამენტის შენობასთან დაიწყო შიმშილობის აქცია, რომელსაც ათასობთ ადამიანი შეუერთდა. სწორედ მაშინ, ახლადშექმნილი (უფრო ზუსტად, ახლადაღდგენილი) «ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის» თავმჯდომარემ, გია ჭანტურიამ, რადიო «თავისუფლებასთან» ინტერვიუში განაცხადა, რომ მის პარტიას აქვს საქართველოს მომავალი მოწყობის მკაფიო გეგმა, რომელსაც მან «თეოდემოკრატია» უწოდა.
    გიორგი ჭანტურიას თქმით, დამოუკიდებელ საქართველოში უნდა შექმნილიყო ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, ხოლო ზედა პალატის ფუნქცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს შეესრულებინა! ესე იგი წარმომადგენლობითი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება დამტკიცებულიყო წმინდა სინოდის მიერ!
    აქვე უნდა ითქვას, რომ გია ჭანტურიას «ეროვნულ–დემოკრატიული პარტია» ერთ–ერთი უძლიერესი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო. თვით ჭანტურიაზე კი დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მისი მკვლელობა რომ არა (1994 წლის დეკემბერში) საქართველოს ისტორია მართლაც სხვაგვარად წარიმართებოდა. ამ მხრივ გია ჭანტურიას მკვლელობა ბევრად უყფრო განმსაზღვრელი მოვლენა გამოდგა, ვიდრე თუნდაც ზურაბ ჟვანიას «გაზით გაგუდვა» 2005 წელს.
    მიუხედავად ამისა, «ედპ»–ს ლიდერის იდეა - საქართველოში თეოდემოკარტიის დაფუძნების თაობაზე - იმდენად იყო აცდენილი არა მხოლოდ კომუნისტურ, არამედ დასავლურ–ლიბერალურ ღირებულებებსა და «მეინსტრიმს», რომ იმავე ამერიკული რადიო «თავისუფლების» კომენტატორები განცვიფრებით იჩეჩდნენ მხრებს: ნუთუ კომუნისტური წყობის დემოკრატიულად დამხობის შემდეგ ქართველებს ირანის მსგავსი «თეოკრატიის» აშენება სურთო.
    ამიტომაც, «თეოდემოკრატიის» პროექტი სულ მალე თვით «ედპ»–მ მინავლა და მისი არტიკულირებაც შეწყვიტა, თუმცა გიორგი ჭანტურიას და მის გუნდს, მათი ფუძემდებლური პრინციპებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, ამაზე საბოლოოდ უარი არასდროს უთქვამთ და შორეულ ოცნებად მაინც მიაჩნდათ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სწორედ ამ იდეამ მისცა პირველი ბიძგი ქართული «მეინსტრიმული პარტიების» შემდგომ დამოკიდებულებას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, რომლის მნიშვნელობა წლიდან–წლამდე იზრდებოდა; ხოლო სულ მალე იგი მთავარ «ლეგიტიმატორად» იქცა ყველა ხელისუფლებისათვის: ზვიად გამსახურდიაც, ედუარდ შევარდნაძეც, მიხეილ სააკშვილიც და ქართული ოცნებაც (ბიძინა ივანიშვილი) მუდამ ცდილობდნენ ეკლესიის პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას, რაკი მიაჩნდათ, რომ ეს მხარდაჭერა მათთვის გარანტია იქნებოდა.
    მაგრამ საქმეც ისაა, რომ ქვეყნის უახლესი ისტორია ამას არ ადასტურებს: ეკლესიამ არ (ვერ) დაიცვა ზვიად გამსახურდია 1991 წლის სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის დროს!
    ეს კიდევ შეიძლება მივაწეროთ იმას, რომ გამსახურდიას, პიროვნულად, ავი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქ ილიასთან, მაგრამ ედუარდ შევარდანძე? იგი ხომ თავს ევლებოდა საპატრიაქროს, რა პრივილეგიები არ დაუწესა, კონკორდატსაც მოაწერა ხელი, რაც საერთოდ აბსურდის აპოთეოზად იქცა: ბენიტო მუსოლინისა და კარდინალ პიეტრო გასპარის 1929 წელს ხელმოწერილი ე.წ. «ლატერანული ხელშეკრულება» (კონკორდატი) სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას გულისხმობდა. ედუარდ შევარდნაძისა და ილია მეორის 2002 წლის «სვეტიცხოვლის კონკორდატი» კი პირიქით – ეკლესიის უფლებამოსილებას განსაზღვრავდა საერო საქმეებში ჩარევისა და სამართლებრივი იმუნიტეტის მოპოვების თვალსაზრისით.
    ამ უპრეცედენტო ნაბიჯის მიუხედავად, ეკლესიამ არც არაფერი იღონა შევარდნაძის დასაცავად გადამწყვეტ მომენტში – 2003 წლის ნოემბრის მოვლენების დროს. უფრო პირიქით; ოღონდ ეს «პირიქით» ამ და სხვა შემთხვევაშიც, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება, ესე იგი პრაგმატული გათვლა უფრო იყო, ვიდრე პიროვნული დამოკიდებულების გამოხატულება.
    თუმცა, ასეა თუ ისე, ედუარდ შევარდნაძის იმედი სრულიად ფუჭი აღმოჩნდა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მიხეილ სააკაშვილმა, ყველა იურიდიულ პრივილეგიას დიდძალი მატერიალური ქონებაც დაამატა – ყოველწლიური ბიუჯეტით დაწყებული და ძვირფასი ძღვენით («შავი ჯიპებით») დასრულებული. საკუთარი გუნდის წევრებსაც მკაცრად «შეუძახებდა» ხოლმე, როდესაც ისინი (მაგალითად გიგა ბოკერია) რაიმეს თქმას გაბედავდნენ.
    მიუხედავად ამისა, სწორედ ეკლესიამ, სწორედ თბილისელმა «მამაოებმა» შეასრულეს ძალზე მნიშვნელოვანი როლი მიშას ხელისუფლების დამხობაში 2012 წლის 1 ოქტომბერს, რასაც წინ უძღოდა დედაქალაქის ეკლესიათა წინამღძღვრების მსვლელობები და «ცოცხალი ჯვარის» გამოსახვა ქალაქზე.
    ანუ, მიუხედავად დამკვიდრებული აზრის და მასობრივი აღქმისა, როდესაც საქმე–საქმეზე მიდგებოდა ხოლმე, საპატრიარქო მუდამ ამჟღავნდებდა, რომ სულაც არ აპირებს რაიმე «გარანტორის» როლი შეასრულოს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის – როგორი პიიტეტითა და კრძალვითაც არ უნდა ეპყრობოდეს ეს ხელისუფლება მას და როგორც არ უნდა ითვალისწინებდეს მის ინტერესებს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    პატრიარქი ილია არა მხოლოდ საეკლესიო მოღვაწეა, არამედ ძალიან ჭკვიანი ადამიანიც. მან შესანიშნავად იცის საკუთარი ხელისუფლების ფასი და ამ რესურსს ფრთხილად ეპყრობა. იგი პოლიტიკოსიცაა იმ აზრით, რომ ამოდენა გავლენის ფიგურა არ შეიძლება პოლიტიკური რესურსის მატარებელი არ იყოს. ამიტომ, სურს თავად თუ არა, იძულებულია პოლიტიკური კანონებიც გაითვალისწინოს ღვთის კანონებთან ერთად. მათ შორის უმთავრესი კი პრაგმატიზმია.
    სწორედ «ილია მეორის» ძალიან ჭკვიანურმა მოქმედებამ, ბოლო 25 წლის განმავლოაბაში, აქცია ეკლესია ესოდენ გავლენიან სოციალურ ინსტუტუციად და თუ ამ ჭრილში განვიხილავთ მის ინიციატივას პატიმართა შეწყალების თაობაზე, – უცნაური და მოულოდნელი არც არაფერი თქმულა.
    ბოლოს და ბოლოს, მუდამ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი და სიტუაცია, რომელშიც ფრაზამ გაიჟღერა: პატიმარი ქალების სპექტაკლისა და თანამდევი გულამაჩუყებელის სცენების ფონზე, როდესაც შვილი სცენაზე ავიდა, პატიმარ დედას გადაეხვია და ა.შ.
    რა გასაკვირია თუ პატრიაქრმა თქვა: «ჩემზე რომ იყოს, მე აუცილებლად შეგიწყალებდითო?» ეს თქვა მან სწორედ და მეტი არაფერი. აბა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საბრალდებო დასკვნის ციტირებას ხომ არ დაიწყებდა?
    გაუგებარია, რა იყო ამაში ესოდენ სასკანდალო და საგნიასო?
    სინამდვილეში, არავითარი რეალური ინიციატივა ეს არ ყოფილა – ეკლესიის ღირებულებათა გამოხატულება, ანუ რიტორიკა იყო და მეტი არაფერი. მაგრამ ამ ფონზე ხელისუფლების წარმომადგენელთა ფაცი–ფუც–ფიცი მით უმეტეს კომიკური გახდა:
    როგორც ჩანს, პირდაპირ დირექტივად მიიჩნიეს და სხაპა–სხუპით დაიწყეს იმის მტკიცება, თუ რა გულმოდგინედ აპირებდნენ მითითების შესრულებას. არადა, არსებობს უამრავი მეთოდი, ტექნოლოგია, პოლიტიკური «უორდინგის» და დიპლომატიის ხერხი, რათა ასეთ ინიციატივას იმგვარად უპასუხო, რომ ერთის მხრივ არც ეკლესიას მიაყენო შეურაცხყოფა და არც საერო საქმეებში მისი მეტისმეტი გააქტიურება დაუშვა.
    ესაა სწორედ პრობლემა, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს, შესაბამისად ხელისუფალთ, ელემენტარულად, პროფესიონალიზმი აკლიათ და თავისი საქმე ბევრად უარესად იციან, ვიდრე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელმა მეთაურმა.
   
   

        მთელ გვერდზე