რა არის ერის პასიონარობა? რა შემთხვევაშია ერი პასიონარული?


               შეიძლება თუ არა ერს ჰქონდეს ადამიანის თვისებები? ხშირად სწორედ ამ კრიტიკული რაკურსით მეკითხებიან იმ თეზისის თაობაზე, რომ 1988-1993 წლების მოვლენებში ქართველი ერის არაპასიონარულობა გამომჟღავნდა.
        მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ეს ტერმინი, მიუხედავად მისი ეტიმოლოგიისა (ვნება, ვნებიანობა, ემოციურობა), განსხვავებულ დისკურსში, განსხვავებულ კონტექსტში, - განსხვავებულადვე გამოიყენება და სხვა ცნებას, სხვა სუბსტანციას ასახავს.
        ადამიანის პასიონარობა ქმედებისათვის ვნებიანი მზადყოფნაა. ერის პასიონარულობა კი სხვაა - იგი სწორედ ერის, როგორც გარკვეული ერთობის ფუნქციონალურ თვისებებს უკავშირდება. იმ აზრით, რომ ერს ცალკეული პიროვნებისაგან განსხვავებული, უფრო მაღალი რანგის თვისებები მოეთხოვება, - სწორედ ფუნქციონალური და რაციონალური მიზანსწრაფვის თვალსაზრისით.
        დავაკვირდეთ ოპონენტთა კონტრარგუმენტს: განა 1988-1993 წლების მოვლენებისას სწორედაც ჩვენი ერის მეტისმეტი ემოციურობა და არარაციონალური თავშეუკავებლობა არ გამომჟღავნდაო?
        აქ უბრალოდ ცნებათა აღრევასთან (ან, თუ გნებავთ, შეუთანხმებლობასთან) გვაქვს საქმე, რადგან ერი ჰომოგენური არსება არ არის. სწორედ ამიტომ, ერის პასიონარულობა (გასხვავებით პიროვნული პასიონარობისაგან) ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად კოლექტიური, მიზანმიმართული, შეგნებული, გააზრებული, კონსტრუქციული(!!!) და, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ხანგრძლივვადიანი ძალისხმევის უნარია!
        ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბობოქარი მიტინგის ვნებიანობაში პიროვნული პასიონარობა მჟღავნდება მაშინ, როდესაც ეროვნული პასიონარულობა, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივი (პოლიტიკური) კულტურისა და კონსტრუქციული, მიზანმიმართული, გრძელვადიანი საერთოეროვნული ძალისხმევის ფუნქციაა.
       

     მაგალითი ამავე ფართო დისკურსში. ხშირად გაიგონებ ბოლო დროს: «რა უბედურებაა, როდესაც ხელისუფლება პედაგოგებს მიადგება, - მაშინ პენსიონერები დუმან, როდესაც პენსიონერები არიან უკმაყოფილონი, მაშინ წვრილი მოვაჭრეები პასიურობენ . . .  არადა ხომ იციან, რომ ადრე თუ გვიან მათაც მიადგებიან? როდესაც ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებს მიადგნენ, მაშინ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები გულგრილნი იყვნენ ხომ უნდა სცოდნოდათ, რომ მათი ჯერიც დადგებოდა? როდესაც ხელისუფლება დიდ დიღომში ანგრევდა უკანონო ნაგებობებს, სხვა რაიონების მოსახლეობა იმათ საპროტესტო მიტინგებში არ მონაწილეობდა, - თითქოს მათ ასცდებოდათ. როდესაც უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ სახლს ვერაზე ანგრევდნენ, - მხოლოდ მისი მაცხოვრებლები გამოთქვამდნენ პროტესტს და სხვა ასეთივე საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელნი გულგრილად არიდებდნენ თვალს . . . რატომ ვერ ახერხებს ჩვენი მასა იმის გაცნობიერებას, რომ გაერთიანებული ქმედების შემთხვევაში ხელისუფლება, მთლიანობაში, უფრო მეტ ანგარიშს გაუწევს ამ მთლიანის შემადგენელი ყოველი ცალკეული ჯგუფის ინტერესებს? და რომ «ძალა ერთობაშია?»

     ამ მოარულ კითხვაზე პასუხი იგივეა: კოლექტიური პასიონარულობა (განსხვავებით პიროვნული პასიონარობისაგან), როგორც მოგახსენეთ, საერთო ინტერესების დასაცავად და განსახორციელებლად კოლექტიური, შეგნებული, და მიზანმიმართული ძალისხმევის უნარია. როდესაც სოციუმს ამგვარი უნარი არა აქვს, ეს მჟღავნდება არა მხოლოდ საერთოეროვნულ, არამედ «საშუალედო» (ანუ ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის) დონეზეც. თანაც, ეს მოცემულობა არსობრივია და არა მხოლოდ თვისებრივი.

    რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, აქ არის აგრეთვე პასუხი კითხვაზე, - არც თუ «ხელწამოსაკრავი» ტრადიციის და ნიჭის მიუხედავად, რატომ ვერ ვთამაშობთ  დამოუკიდებლობის პირობებში (ანუ მაშინ, როდესაც ამ უდავო ეროვნული ნიჭის რეალიზაციისთვის ჭეშმარიტად ეროვნული პასიონარულობის რესურსია საჭირო და არა ფსევდოეროვნული-ფაქტიურად კი «საბჭოთა» რესურსი) ქართველები ფეხბურთსა თუ სხვა კოლექტიურ თამაშებს   (აქვე: მაშ რატომ ვთამაშობთ რაგბის?) მაშინ, როდესაც გარკვეული წარმატებები გვაქვს ჭიდაობაში, მკლავჭიდში და სპორტის სხვა ინდივიდუალურ სახეობებში.

 

    ერის პასიონარულობა მყარ ისტორიულ მეხსიერებასა და ძირითად ღირებულებებზე შეთანხმებულობაშიც მჟღავნდება. ანუ, პასიონარული ერი ძირითად, ფუნდამენტურ ღირებულებებში ჩამოყალიბებული და ისტორიულად შეთანხმებულია.  არაპასიონარულ ერს კი მყარი ღირებულებათა სისტემა (შესაბამისად, ეჭვმიუტანელი სტრატეგიული ინტერესები და შემდგომი განვითარების მყარი პროექტი), ისევე, როგორც   მყარი მეხსიერება  არ გააჩნია და ამ თვალსაზრისით ერთი უკიდურესობიდან – მეორეს ეხეთქება, რასაც საქართველოს უახლესი ისტორია მთლიანად ადასტურებს.

მთელ გვერდზე