საბიუჯეტო ომები გრძელდება

საბიუჯეტო ომები გრძელდება

        პირველი კვარტალის დასრულებასთან ერთად, გააქტიურდა პერმანენტულად ქცეული დისკუსია საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესრულების თაობაზე. ნიშანდობლივია, რომ თვის ან კვარტალის განმავლობაზი ამაზე არავინ ლაპარაკობს და მხოლოდ უკანასკნელ რიცხვებში გვახსენდება ყველას (ოფიციალური სტრუქტურების ჩათვლით), რომ ბიუჯეტის შესრულება არა მხოლოდ სახელმწიფოებრივად, არამედ პიროვნულადაც მნიშვნელოვანია, ანუ ცალკეული ადამიანის კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული.

            «ბოლო დღეებში» თანხის აკრეფა საერთოდ კურიოზულ სახეს იძენს – წინა შაბათ-კვირას ეროვნული ბანკიც და სააქციო-კომერციული ბანკების უმრავლესობაც მთელი დატვირთვით მუშაობდნენ, რათა თანხის შემოსვლა არ შეფერხებულიყო.
            საბანკო კლერკთა მხრიდან ჭეშმარიტად პატრიოტული თავდადებაა «უიქ-ენდ»-ზე უარის თქმა, მაგრამ მთლიანობაში ეს ყოველივე საქართველოს ფინანსურ-ადმინისტრაციული სისტემის ჩამოუყალიბებლობაზე, კორუფცირებუოლბასა და სისუსტეზე მიუთითებს.
            როგორც ყოველთვის, ამჟამადაც არ არსებობს ერთიანი აზრი იმის თაობაზე, შესრულდა თუ არა ბიუჯეტი. არაერთგვაროვნება და წინააღმდეგობრიობა ზოგჯერ ელემენტარული უმეცრებითაა განპირობებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი- სხვადასხვა ყაიდის თუ მოტივაციის ჯგუფთა მცდელობით – საბიუჯეტო ვითარება მათთვის სასურველიდა ხცელსაყრელი კუთხით (შესრულებულად ან შეუსრულებლად) წარმოაჩინონ. ამჟამადაც ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ 31 მარტის საღამოს მდგომარეობით, ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში შესრულებულია. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი კი კვლავ აქვეყნებს მონაცემებს, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის შესრულებას ათეულობით მილიონი ლარი მოაკლდა. თითქოსდა, როგორ შეიძლება ორივე მართალი იყოს, ელემენტარული ლოგიკით, ერთ-ერთი ხომ უნდა ტყუოდეს? მაგრამ კიდევ ერთი (მრავალთაგან) ქართული ფენომენია, რომ როგორც არ უნდა გვიკვირდეს, ორივე მართალია. საქმე ის გახლავთ, რომ «ბიუჯეტის შესრულებაში» ფინანსთა სამინისტრო სწორედ საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტთა ხაზით მისაღებ შემოსავლებს გულისხმობს, მაგრამ «ბიუჯეტის შესრულება» მხოლოდ ამ ხაზით არ ხდება. არსებობს უამრავი სხვა საგარეო და შიდა წყარო, რომლითაც ივსება ბიუჯეტი. მათ შორის პრივატიზება, სპეცსახსრები, დივიდენდები სახელმწიფოს კუთვნილი წილიდან, საგარეო გრანტები, კრედიტები და ა.შ.
            ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, «საგადასახადო კუთხითაც» სერიოზული პრობლემები შეიქმნა, რაკი საგადასახადო დეპარტამენტმა 31 მარტს, საღამოს, როცა ნათელი გახდა გეგმის «ბეწვზე დაკიდება», ამერიკულ კომპანია «ეი-ი-ეს თელასს» ანგარიში დაუყადაღა და 3 მილიონი ლარი «ჩამოაჭრა». ერთი სიტყვით, «ხანჯალივით იხმარეს» საბანკო ბერკეტი და ტრაგიკომიკურ ფიგურად ქცეულმა ირიბარენმა (ისევე, როგორც მანამდე სქოულმა) რამდენიც არ უნდა იყვიროს, «ქართულმა მხარემ სიტყვიერი შეთანხმება დაარღვიაო», ეს ვეღარაფერს შეცვლის. სიტყვიერი შეთანხმება ანგლოსაქსურ სამყაროში შეიძლება ბევრს ნიშნავდეს, მაგრამ «თავანი» არ არის, ხელმოუწერლად შესასრულებელი ყოს. ამდენად, იგნასიო ირიბარენი თბილისელ «კანონიერ ქურდებთან» არ გაიქცევა საქმის გშასარჩევად და «ეი-ი-ეს»-ის ნაოფლარი რამდენიმე მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტის შესრულებას მოხმარდება.
            დამოუკიდებელ წყაროთა ცნობით, ამ თანხის მიმატების შემდეგ ბიუჯეტის კვარტალური გეგმა მართლაც შესრულდა, თანაც მცირეოდენი გადაჭარბებითაც კი, ოღონდ (ვიმეორებ) საგადასახადო შემოსავლების ნაწილში, რაც საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესრულებას არ ნიშნავს.
            რაც შეეხება «ეი-ი-ეს თელასის» თავგანწირულ საპასხუო ნაბიჯს, რაც სომხეთიდან იმპორტის შეწყვეტასა და ვაკე-საბურთალო-მთაწმინდის მთელი დღის ჩაბნელებაში გამოიხატა- უკვე გვიან არის, ვინაიდან იმან, ვინც საბანკო განკარგულება «ხანჯალივით იხმარა», შესანიშნავად განსაზღვრა, რომ გაზაფხული ორიოდე დღეში თავისას მიიღებს, თოვლი დადგენაბ, წყალსაცავები შეივსება და სომხეთის ელექტროენერგია «უჭირო» გახდება.
            კაცმა რომ თქვას, «ეი-ი-ეს»-მა საკუთარ თავს დააბრალოს: მუდმივი შემოსავლაი მოუნდა, სიხარბემ დასძლია, «თელასის» დამპალი ქსელი იყიდა და 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც ჩანს, ამერიკელ კაპიტალისტებს იმედი ჰქონდათ, გვარიან მოგებას ნახავდნენ, არადა ისინი რომ არა, არც «მრიცხველების გამოტანა» იქნებოდა და არც რამ სანერვიულო – ვიცხოვრებდით, როგორც ვცხოვრობდით 1999 წლამდე, ანუ დავანთებდით კოცონს და გავთბებოდით. დმანისის რაიონში აღმოჩენილი პრეისტორიული «შალიკია» ორი მილიონი წლის წინათ ასე ცხოვრობდა და ჩვენ მასზე უკეთესნი, ვითომ, რითი ვართ?
            არანაკლებ ჩახლართულია სიტუაცია ასიოდე მეტრის გზის მონაკვეთში ბანკიდან-ხაზინამდე. ბანკის ცნობით, ბიუჯეტი შესრულდა. ხაზინა საპირისპიროს ამტკიცებს. მაგრამ რამდენიც არ უნდა ხლართონ, კვანძი აქაც იოლად იხსნება: ისევე ორივე მართალია, ვინაიდან ეროვნული ბანკის ცნობით, თანხა ნამდვილად აიკრიფა საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ხაზინა ითვლის მხოლოდ იმ თანხას, რაც მის ანგარიშზე დაირიცხა. აჭარიდან თბილისში კი რეალურად აკრეფილი თანხა კვლავ არ ირიცხება.
            ნებისმიერ შემთხვევაში, საპარლამენტო დებატებისას (2002 წლის ბიუჯუეტის შესრულების შესახებ) ამ საკითხზე დიდი თავპირისმტვრევაა მოსალოდნელი.

დილის გაზეთი, 2 აპრილი, 2003 წელი