Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)

რას მოგვიტანს ერგნეთის ბაზრობის აღგენა?

    სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ერთ - ერთ პირველ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენისთვის საწყის ნაბიჯად უნდა იქცეს ერგნეთის ბაზრობის განახლება. მისი ფორმულირებით საზღვრისპირა ვაჭრობა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის სოფელ ერგნეთში, დადებით როლს ასრულებდა მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით. შემდეგ თიბილოვმა დაამატა მოარული ფრაზა, რომ ეს მშვიდობა ქართულმა მხარემ დაარღვია იმით, რომ პირველი ნაბიჯები სწორედ ერგნეთის ბაზრობის მოსაშლელად გადადგა.
    ამ განცხადებას დაუყოვნებლივ მოჰყვა კომენტარები თბილისში საერთო მნიშვნელით: ეს რა სისულელე ჩავიდინეთ 2004 წელს - რატომ დავანგრიეთ ერგნეთის ბაზრობა, რომელიც რეგიონში მშვიდობის გარანტი იყო?
    ამ შეხედულების ავტორებს შეუძლებელია არ დაეთანხმო, რომ ერგნეთის ბაზრობა ნამდვილად იყო მშვიდობის მნიშვნელოვანი ფაქტორი კონფლიქტურ რეგიონში, რადგან ოსი და ქართველი მოვაჭრეები საერთო ინტერესებით მოქმედებდნენ. მიუხედავად ამისა, ახლადარჩეული ოსი პრეზიდენტის განცხადებას უფრო კრიტიკული ანალიზი სჭირდება არა ემოციების, არამედ დღევანდელი რეალიებისა და საქართველოს სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ერგნეთის ბაზრობა 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულების პირმშოა, რომლის ძალითაც კონფლიქტის ზონაში სამმხრივი სამშვიდობო ძალები შევიდნენ და მყიფე მშვიდობა მართლაც დამყარდა. ამის შემდეგ სოფელ ერგნეთში, საქართველოსა და მის ყოფილ ავტონომიას შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე (რომელსაც თავად ოსები მაშინაც სახელმწიფო საზღვარს უწოდებდნენ) წარმოიშვა უზარმაზარი ბაზრობა - ერთგვარი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც არანაირ კონტროლს არ ექვემდებარებოდა. უფრო ზუსტად, მას საქართველო ვერ აკონტროლებდა, თორემ ოსური და რუსული მხარეები, როკის გვირაბთან არსებული საბაჟო პუნქტების მეშვეობით, ყურადღებით აკვირდებოდნენ და მართავდნენ კიდეც სიტუაცაის.
    შევთანხმდეთ იმაში, რომ თუ ერგნეთის ბაზრობა წინააღმდეგობაში მოვიდოდა სეპარატისტთა ან მათი მფარველი მოსკოვის ინტერესებთან, იგი ერთი დღეც ვერ იარსებებდა. შეგახსენებთ: როდესაც ერთხელ მათი ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა, როკის გვირაბი უმალვე ჩაიკეტა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ერგნეთის ბაზრობის გამოყენება ოსმა და ქართველმა კონტრაბანდისტებმა რუსეთში სპირტის შესატანად გამოიყენეს. რუსი მესაზღვრეებიც ადგნენ და ჩაკეტეს როკის გვირაბი. ორიოდე დღეში სპირტი საერთოდ გაქრა ერგნეთიდან.
    მაგრამ მათგან განსხვავებით, ქართულ მზარეს არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა როკის გვირაბიდან ერგნეთის გავლით მომდინარე კონტრაბანდის ჩანჩქერის შესაჩერებლად. აქვე უნდა ითქვას, რომ ერგნეთის ბაზრობა, დროთა განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემად იქცა. რა თქმა უნდა, იგი არ იყო მთავარი ფაქტორი, რაც 1990-იან წლებში ბიუჯეტის ქრონიკულ შეუსრულებლობას და კორუფციას განაპირობებდა, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამანგრეველ ფაქტორად ნამდვილად უნდა ჩაითვალოს! თუმცა საქართველოს ხელისუფლება მაშინ ამაზე დუმდა, რადგან ალტერნეტივა მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დაძაბვა იყო.
    სამაგიეროდ, ამას დიდხანს ვერ შეეგუებოდა ახალი, რევოლუციური ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საბიუჯეტო პრობლემების გადაწყვეტის ლოზუნგით მოვიდა: 2003 წლის ნოემბრის რევოლუციისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერგნეთის დახურვა აბსოლუტურად გარდაუვალი გახდა: სიტუაცია, რომელიც მანამდე არსებობდა, სრულიად შეუთავსებელი აღმოჩნდა ახალი სისტემისათვის. მაგრამ დიდი ბაზრობის დახურვამ გამოიწვია (არ შეიძლებოდა არ გამოეწვია იმავე სისტემური მიზეზების გამო) იმ საყრდენის მოშლაც, რომელსაც ეფუძნებოდა მშვიდობა კონფლიქტის ზონაში.
    ამ თემაზე მსჯელობისას კოლეგა ექსპერტები და ჟურნალისტები ჩვენი საზოგადოების ერთ სერიოზულ მანკს ამჟღავნებენ: პარადოქსულად აზროვნების უუნარობას! ეს მენტალური, ფსიქოლოგიური პრობლემაა და ინტელექტუალურ პოტენციალზე არ დაიყვენება.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, განურჩევლად ინტელექტუალური დონისა, ადამიანს ხშირად არ სურს შეურიგდეს რეალობას, თუ იგი მისთვის გადაულახავ დილემას შეიცავს. მაგალითად: ერგნეთში რომ ყველაფერი ხელუხლებელი დაგვეტოვებინა, ეს ნამდვილად იქნებოდა სერიოზული ფაქტორი მშვიდობის შესანარჩუნებლად, მაგრამ იმავდროულად, გააგრძელებდა იმ მანკიერ სისტემას, რაც წლების განმავლობაში ქვეყანას კორუფციულ ჭაობში ამყოფებდა და აზრს უკარგავდა ყოველგვარ ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობას: რა აზრი ჰქონდა კანონის დაცვას, გადასახადების გადახდას, თუკი ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში (!) არსებობდა სრულიად უკონტროლო კონკურენტი, რომელსაც მუდამ შეეძლო დემპინგური ფასით ნებისმიერი პროექტის ჩაშლა?
    ვითარების პარადუქსულობაც ეს იყო: ერგნეთის ბაზრობის სახით ჩვენ მშვიდობის შესანარჩუნებლად იმ ფასს ვიხდიდით, რომ ქვეყანა ვერ ახერხებდა ნორმალური ეკონომიკური სივრცის შეკვრას და შიდა ბაზარზე ჯანსაღი თამაშის წესების დამკვიდრებას - რომ აღარაფერი ვთქვათ საშინელ კორუფციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ლპობაზე. მაშასადამე, კორუფცია, ბიუჯეტის ქრონიკული შეუსრულებლობა და, ზოგადად, ქართული სახელმწიფოებრიობის ლპობა იყო ის ფასი, რომელსაც ჩვენგან მოითხოვდნენ მშვიდობასა და კონფქლიტის განუახლებლობის სანაცვლოდ. რუსები და ოსი სეპარატისტები ჩვენ გვახდევინებდნენ ამ ფასს, თორემ თავად მათ ორმაგი მოგება ჰქონდათ: ეკონომიკურიც და სტრატეგიულიც - ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტების თვალსაზრისით
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამ პარადოქსის აღიარება, მისთვის თვალის გასწორება იწვევს ფსიქოლოგიურ სინდრომს, რომელსაც ლეონ ფეხტინგერი კოგნიტიურ დისონანსსს უწოდენდა: როდესაც ადამიანს ერგნეთის პარადოქსზე მიუთითებ, უმრავლეს შემთვევაში იგი ხდება აგრესიული და იწყებს ემოციურ მტკიცებას, რომ სავსებით შესაძლებელი იყო არც ეს მშვიდობის ბურჯი მოგვეშალა და კონტრაბანდაც აღგვეკვეთა. მაგრამ როგორ? როგორ და, გაგვეკონტროლებინა ერგნეთის ბაზრობა, მიგვეღო კანონი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ და ა.შ.
    ემოციურობა გასაგებია: კოგნიტიური დისონანსი ხომ მაშინ წარმოიშობა, როდესაც მწარე და მიუღებელი რეალობა კონფლიქტში შედის შინაგან რწმენასთან ანუ ღირებულებებთან. მაგრამ რთული პრობლემის იოლად გადაწყვეტის ილუზიით ამგვარი დისონანსისგან თავის დაძვრენა შეუძლებელია: ერგნეთის ბაზრობა მხოლოდ მანამ იყო საინტერესო რუსული და ოსური მხარეებისთვის, სანამ იგი უკონტროლოდ რჩებოდა. არანაირ ერთობლივ კონტროლს, არანაირ შეზღუდვას, რომელიც ბაზრობას ქართული სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი ფაქტორის პოტენციალს გამოაცლიდა, ისინი არ ადთანხმებოდნენ. ამას ხომ წმიდა ეკონომიკური მიზეზებიც ჰქონდა? ერგნეთის ხიბლი სწორედ ის იყო, რომ იქ დემპინგურ ფასად შეიძლებოდა პროდუქციის გაყიდვა. ნებისმიერი კონტროლი კი კონტრაბანდულ ეკონომიკას აზრს გამოაცლიდა. მეორეს მხრივ, საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში კონტრაბანდის წინაარმდეგ ცალმხრივად ბრძოლა საცრით წყლის ზიდვას დაემსგავსებოდა.
    აქედან გამომდინარე, მცდელობა საქართველოს ეკონომიკური სივრცის აღდგენის და ელემენტარული წესრიგის დამყარებისა აუცილებლად გამოიწვევდა მოწინააღმდეგე მხარის ადეკვატურ პასუხს კონფლიქტის განახლების სახით. ასეც მოხდა 2004 წელს, როდესაც მწვავე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (გაზაფხულზე) სპეცდანიშნულების რაზმი გადასხა რეგიონში გზების გასაკონტროლებლად. მაშინ მთავარი მიზანი არა სამაჩაბლოს მყისიერი დაბრუნება, არამედ სწორედ კონტრაბანდული ჩანჩქერის აღკვეთა იყო. ხოლო ვისაც მიაჩნია, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა, ისიც უნდა აღიაროს (როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყის), რომ თუ ასეა, მაშინ კორუფცია და საქართველოს ბიუჯეტის მუდმივი ლპობა სჯობდა, ოღონდ კი კონფლიქტი არ განახლებულიყო.
    ორივე ერთად არ გამოდის: პოლიტიკა ადამიანური შემოქმედების ის სფეროა, რომელიც იშვიათად ითვალისწინებს კომპრომისს ინტერესთა კარდინალური კონფლიქტის შემთხვევაში. თუ, რასაკვირველია, კომპრომისად ერთ-ერთი მხარის კაპიტულაციას არ მივიჩნევთ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სწორედ ამ რაკურსით უნდა განვიხილოთ ამჟამად სამხრეთ ოსეთის ახალი პრზიდენტის წინადადებაც: ლეონიდ თიბილოვი, რა თქმა უნდა, თანახმა იქნებოდა, აღდგეს ერგნეთის ბაზრობა, რაკი მრავალი წლის განმავლობაში თავადაც გვარიანად იკვებებოდა ამ ბაზრობით. გარდა ამისა, ერგნეთი სამხრეთ ოსეთში სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალურ მობილურობას და მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას (ამ მომენტს მივაქციოთ ყურადღება - იქაურობა ხომ იცლება მოსახლეობსიგან!) უზრუნველყოფდა. მაგრამ სანაცვლოდ იგი არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება არც რაიმე ერთობლივ კონტყროლს როკის გვირაბთან (რადგან როგორც მოგახსენეთ, ეს ყოველგვარ აზრსა და ხიბლს უკარგავს ერგნეთს) და არც ლტოლვილთა დაბრუნებას.
    თუ ასეა, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენთვის ისევ ერგნეთის ეპოქაში დაბრუნებას? არმოსახდენი იქ უკვე მოხდა; უბედურება უკვე დატრიალდა; ფასი, რომელიც გადავიხადეთ, უკვე გადახდილია. ახლა რატომღა უნდა ჩავდოთ კვლავ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიოულ ცენტრში მისი სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი ეკონომიკური ნაღმი?
    რაოდენ ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს, ბევრად მიზანშეწონილი და ჭკვიანური იქნებოდა არავითარი საზღვრისპირა ვაჭრობა არ დაგვეწყო და ამით კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რაც სეპარატისტებს უკვე მართლა აწუხებთ (რუსული პენსიები ვერ შეცვლის სოციალურ მობილურობასა და სამუშაო ადგილებს, რასაც ერგნეთი უქმნიდათ), რაკი მოსახლეობის მუდმივ მიგრაციას იწვევს იმ დონით და იმ მოცულობით, რომ დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი სულ მალე ნამდვილად იქცევა რუსულ სამხედრო ბაზად მოსახლეობის გარეშე.

მთელ გვერდზე