საშიში ზღაპარი საქართველოს ნეიტრალიტეტზე

    გასულ კვირას «ავლაბრის სასახლესთან» გაიმართა მორიგი ტრაგიკომიკური აქცია ე.წ. «პრორუსული ძალების» მონაწილეობით, რომლებიც ამჯერად ნეიტრალიტეტის მოთხოვნით შეიკრიბენ. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილს მოუწოდებდნენ, გამოეცა ბრძანებულება «საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის» შესახებ.
    «ერეკლე მეორეს საზოგადოების» წევრებს მიაჩნიათ, რომ რაკი გიორგი მარველაშვილი უმაღლესი მხედართმთავარია, სწორედ მას აქვს ამგვარი ბრძანებულების გამოცემის უფლება. ნამდვილად ასეა თუ არა, ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მეფე ერეკლე მეორე ბაგრატიონმა თავის დროზე (1783 წელს) ქართლ–კახეთის სამეფოს ნეიტრალიტეტი კი არ გამოაცხადა, არამედ რუსეთის იმპერიასთან გააფორმა სწორედაც სამხედრო–პოლიტიკური კავშირი.
    ამ ისტორიული ცდომილების მიუხედავად, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში გაუთავებელი ომებითა და უბედურებით დაღლილ ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად იკიდებს ფეხს ილუზია ნეიტრალიტეტის შესახებ. იგი აღიქმება, როგორც პანაცეა, «მარადი მშვიდობის» დამყარების გარანტია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობაც კი. არსებობს პატია «ნეიტრალური საქართველო», რომელსაც იდენტური მოთხოვნები აქვს.
    მაგრამ კომიკური ისაა, რომ ევფემიზმი «ნეიტრალიტეტი», პრეზიდენტის სასახლესთან გამართული აქციის მონაწილეებს ესმოდათ, როგორც ლამის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის პირველი აქტი. ყოველ შემთხვევაში, საოცარი განცხადებები მოვისმინეთ «თხუთმეტი მოძმე რესპუბლიკის ბედნიერი თანაცხოვრების შესახებ», აგრეთვე იმის თაობაზე, «რა კარგად ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში» და ა.შ. და ა.შ.
    ასეთი ეგზოტიკის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყვით, თითქოს «ნეიტრალიტეტი» მხოლოდ ამ ჯგუფის ახირებაა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არ იზიარებს შეხედულებას, რომ შესაძლოა ერთ–ერთი გამოსავალი, სტრატეგიული თვალსაზრისით, სწორედ ქვეყნის ნეიტრალიტეტი იყოს, რათა ახალი ომი და უბედურება ავიცილოთ თავიდან.
    და რაკი საზოგადოებაში ამგვარი რეფლექსია მართლაც მიმდინარეობს, ადრე თუ გვიან იგი აუცილებლად აისახება სერიოზულ (არამარგინალურ) პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც დღეს თითქმის მთლიანად ევროატლანტიკური არჩევანის მომხრეა. თუმცა სამწუხარო (და საშიში) ისაა, რომ ადამიანები, ვინც «ნეიტრალიტეტის» თაობაზე მსჯელობენ, ვერც აცნობიერებენ, რამდენად «წყლის ნაყვაა» მათი რეფლექსია: «საქართველოს ნეიტრალიტეტი» უბრალოდ ოქსიუმორონია ანუ აბსურდული და შეუძლებელი.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამ ხალხს, როგორც ჩანს, გულწრფელად ჰგონია, ქვეყნის ნეიტრალიტეტისათვის საკმარისია, მან მოისურვოს გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო და მორჩა. მაგალითად, ნეიტრალობის ეტალონი – შვეიცარიის კონფედერაცია თურმე იმის შედეგადაა ნეიტრალური ქვეყანა, რომ ოდესღაც თვით შვეიცარიელებმა მოისურვეს ასე.
    სინამდვილეში, შვეიცარია ნეიტრალური სახელმწიფო გახდა არა იმიტომ, რომ შვეიცარიელებმა მოისურვეს, არამედ იმის შედეგად, რომ მისი მეზობელი ზესახელმწიფოები ისტორიულად შეთანხმდნენ (ერთმანეთში შეთანხმდნენ!), მიეჩნიათ ეს სტრატეგიული ტერიტორია ბუფერულ ზონად, ანუ ეცნოთ მისი სახელმწიფოებრივი ნეიტრალიტეტი.
    ამგვარი შეთანხმება რომ ვერ მომხდარიყო შვეიცარიის მეზობელ დიდ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, არანაირი «შვეიცარიის ნეიტრალიტეტი» არ შედგებოდა! უბრალოდ, ამ ტერიტორიაზე ისტორიულად მართლაც დამყარდა გეოპოლიტიკურ ძალთა ერთგვარი წონასწორობა და მხოლოდ ამიტომ წარმოიშვა ევროპის ცენტრში ნეიტრალური სახელმწიფო – შვეიცარიის კონფედერაცია.
    ზოგჯერ გაიგონებ: «უჰ, შვეიცარიას ისეთი არმია ჰყავდა ისტორიულად რომ . . . ვერავინ უბატონოდ ხმას ვერ სცემდა . . . . ვერაფერს უბედავდნენ . . . . . რომის პაპიც კი შვეიცარიელ გვარდიელებს ანდობდა თავის დაცვასო».
    ამ ბოლო არგუმენტს რაც შეეხება, რომის პაპი შვეიცარიელ კათოლიკე გერმანელებს სწორედ იმიტომ იწვევდა ვატიკანის დასაცავად, რომ არ სურდა, ეს ფუნქცია რომელიმე ევროპულ ზესახელმწიფგოს შეესრულებინა.
    თუმცა მთავარი მაინც პირველი არგუმენტია: «ისეთი არმია ჰყავდა. . . «. არადა, რა არმია უნდა ჰყოლოდა პატარა ქვეყანას «ისეთი», რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა ლუი მე –14, «მეფე–მზის» ფრანგულ არმიას? ან «გერმანელი ხალხის რომის წმინდა იმპერიის» გაერთიანებულ ჯარს? ავსტრიელ ჰაბსბურგთა სახელმწიფოს? ესპანელ ბურბონთა სამეფოს? რა თქმა უნდა, ერთ დღესაც ვერ გაუწევდა წინააღმდგობას, ოღონდ საქმეც ისაა, რომ ხსენებული ზესახელმწიფოები ისტორიულად შეთანხმდნენ, ეცნოთ გეოპოლიტიკური ძალების ბალანსი შვეიცარიის ტერიტორიაზე და მხოლოდ ამან მისცა საშუალება შვეიცარიას, ჩამოყალიბებულიყო ნეიტრალურ სახელმწიფოდ!
    ავიღოთ თანამედროვე მაგალითი, ოღონდ პოსტსაბჭოური ისტორიიდან: «თურქმენბაში» საპპარმურად ნიაზოვის მმართველობისას, თურქმენეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და გაეროს წესდებაშიც კი დააფიქსირა, რომ ამიერიდან ნეიტრალური სახელმწიფოა (1996წ). მაგრამ ჯერ ერთი, «თურქმენბაში» იყო, ანუ აზიური დიქტატურა, რომლის თავკაცს სიცოცხლეშივე უდგავდნენ ძეგლებს (საბედნიეროდ, ამგვარი რეჟიმი საქართველოში შეუძლებელია), გარდა ამისა, რეგიონული ზესახელმწიფოები, ასევე რუსეთი და აშშ, შეთანხმდნენ, პატივი ეცათ ამ ნეიტრალიტეტისათვის, რაკი იქაც ჩამოყალიბდა ძალთა გარკვეული ბალანსი.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    არსებობს ამგვარი წინაპირობა საქართველოს შემთხვევაში? რა თქმა უნდა არა! პარლამენტმა ხვალვე რომ მიიღოს შესაბამისი დეკლარაცია, იგი დარჩება ფარატინა ქაღალდად: რეალურად მას არც ერთი რეგიონული მოთამაშე არ აღიარებს. პირველ რიგში არ აღიარებს რუსეთი, რომელიც კატეგორიულად არ არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში (მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩრდილო კავკასიის მეზობლად) ნეიტრალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით, რადგან თუ ეს მართლა ნეიტრალური სახელმწიფო იქნება და შესაბამისი საერთაშორისო გარანტიებით ისარგებლებს, მაშინ საქართველოზე უშუალო ზემოქმედების ბერკეტებს დაკარგავს.
    მოსკოვი ყოველთვის შეძლებს იმ გარემოებაზე აპელირებას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მან უკვე აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ამიტომ ნეიტრალური საქართველოს ტერიტორიებად არ მიაჩნია: ხოლო რაკი საქართველო ამ რეალობას არ აღიარებს და მის შეცვლას ცდილობს, იგი უკვე ამიტომ, აპრიორი, ვერ იქნება ნეიტრალური სახელმწიფო.
    უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა რეგიონული მოთამაშეები, განურჩევლად მათი დამოკიდებულებისა აფხაზეთ–სამხრეთ ოსეთის პრობლემათა მიმართ, რუსეთის ამ ლოგიკას აუცილებლად გაიზიარებენ იმ მიზეზით, რომ ნეიტრალობის აუცილებელი პირობა (ისევე, როგორც ნატო–ს წევრობისა) ტერიტორიული პრობლემების არქონაა. თურქმენეთს ტერიტორიული პრობლემები არ ჰქონია. ისევე, როგორც შვეიცარიას, თავის დროზე.
    ზემოთთმულიდან გამომდინარე, თუ საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრეები სინამდვილეში მართლა იმას არ გულისხმობენ, რომ რუსეთის ფედერაციის ან აღორძინებული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში უნდა შევიდეთ, მაშინ ამ ქვეყნისათვის ერთადერთი გამოსავალი არა «ნეიტრალიტეტზე» ბრიყვული ზღაპრების მოყოლა, არამედ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაა!
    საქართველო, მის წინაშე არსებული ეგზისტენციური პრობლემების გათვალისწინებით, ნეიტრალური სახელმწიფო ვერ იქნება. იგი ვეღარ იარსებებს, უბრალოდ ვერ გადარჩება კოლექტიური უსაფრთხოების რომელიმე სისტემის გარეშე. ამ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საერთაშორისო გარანტიები. სხვაგვარად უეჭველად დაიღუპება.
    და თუ «ნატო» უახლოეს მომავალში არ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუნდაც MAP-ის თაობაზე, მაშინ, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებაში აუცილებლად მოვლენ ძალები, რომლებიც უკვე ღიად ილაპარაკებენ არა «ნეიტრალიტეტზე», არამედ რუსეთის მიერ შექმნილ კოლექტიური უსაფრთოების ორგანიზაციაში გაწევრებაზე.
    და, რაც მთავარია, ეს ძალები მარგინალები აღარ იქნებიან.

მთელ გვერდზე