ახალი რუსული ორიენტაცია

ახალი რუსული ორიენტაცია

        დღეს მთავრდება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. რუსეთის ნაკრებმა, პირველად საბჭოთა რუსეთის სპორტის ისტორიაში, მედლების ოდენობით, პირველობა ვერ მოიპოვა და საკმაოდ უღიმღამოდ იასპარეზა. უფრო მეტიც: რუსი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები მსაჯთა მოქრთამვასა და დოპინგის ხმარებაში ამხილეს.
        თითქოსდა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის პრობლემებთან? მაგრამ ნუ ავჩქარდებით! - ისტერიკა, რაც რუსეთში მოჰყვა ოლიმპიადაზე «რუსული ღირსების შელახვას», ძალზე ნიშანდობლივია. იგი ნათლად მეტყველებს, რა ტენდენციები ვითარდება რუსულ მასობრივ ცნობიერებაში. aმას კი არ შეიძლება, გავლენა არ ჰქონდეს საქართველოზე.
        შემთხვევითი არ არის, თუ რუსი ტელეკომენტატორები ამერიკაში რუსი სპორტსმენების «დაჩაგვრას» იხსენიებდნენ «საქართველოდან სამხედრო ბაზების სამარცხვინოდ გატანისა» და «შუა აზიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დაფუძნების» კონტექსტში.
        შემაძრწუნებელია ის სიძულვილი და ბოღმა, რაც ამერიკის (ზოგადად დასავლეთის) მიმართ იღვრება რუსულ ინტერნეტ-ფორუმებზე. თანაც ეს ყოველივე ჯერ კიდევ 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ დაიწყო: თმები ყალყზე დაგიდგება ადამიანს, რომ გადაათვალიერო იგივე «საიტები» (იქ არანაირი «პოლიტკორექტულობა» არ არსებობს, გაზეთებში კი ყველაფერს ვერ დაწერ), სადაც განათლებული, ინტელექტუალურად თითქოსდა განვითარებულიო ადამიანები აშკარა სიხარულსა და ნიშნისმოგებას აფრქვევენ ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის გამო.
        ოლიმპიადაზე მარცხი კი, რა თქმა უნდა, რუსეთისადმი სიძულვილის გამოვლინებად გამოაცხადეს. იმ არგუმენტების სერიოზულად განხილვა, რაც «მსაჯთა არაობიექტურობის» დასასაბუთებლად მოჰყავთ, რასაკვირველია, არც ღირს - ეს დამარცხებულის კივილია, რათა საკუთარი დამარცხება «კაპიტალისტთა ხრიკებს» მიაწეროს, ანუ რუსეთში თანდათან იკიდებს ფეხს «დამარცხებული და შერცხვენილი ერის» სინდრომი, რაც აძლიერებს ფაშისტურ ტენდენციებს. ფაშიზმი რუსეთში «მომავალი» აღარ არის. ფაშისტები უკვე მოქმედებენ. პირდაპირ ხოცავენ «შავებს» ანუ კავკასიელებს.
        წავიკითხოთ ერთი, რა ხდებოდა «ნეზავისიმაია გაზეტას» ინტერნეტ-ფორუმზე, სადაც ებრაული პრობლემატიკა განიხილებოდა. დედამიწის ზურგზე ვეღარსად შეხვდებით ესოდენ აღვირახსნილ, ბნელ და (რაც ყველაზე საზარელია) იმავდროულად, ინტელექტუალურად დახვეწილ ანტისემიტიზმს.
        პრეზიდენტი პუტინი კი ამ ტენდენციებს აშკარად იყენებს რეჟიმის განსამტკიცებლად. მისი პოპულარობა დიდწილად იმას ეფუძნება, რომ «გრიზუნების» წინააღმდეგ სავიზო რეჟიმი შემოიღო.
        საშინელი ისტერიკა მოჰყვა რუსეთის «გოსდუმაში» რუსული «გენშტაბის უფროსის», ანატოლი კვაშნინის ბრძანებულებას თბილისიდან შტაბის გატანის თაობაზე. რუსმა დეპუტატებმა ეს «ეროვნულ შეურაცხყოფად» აღიქვეს. ბუნებრივია, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება ახალქალაქისა და ბათუმის დივიზიათა გაყვანის, ისევე, როგორც რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესშიც.
        ამ ვითარებაში რუსეთი არაფრით არ შეურიგდება სამხრეთ კავკასიიდან «წასვლას» და ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში «სამხედრო ყოფნა» შეინარჩუნოს.
        აქ, ცნობილი ნაციონალისტური სინდრომიც ამუშავდება: ჯარების გაყვანა გეოპოლიტიკურად და ფინანსურად მომგებიანიც რომ იყოს (მაგალითად, როგორც ГРВЗ-ს შტაბის გაუქმებაა) – რუსული საზოგადოებრივი აზრი, – ნაციონალისტური ფსიქოზი არ მისცემს რუსეთის ხელისუფლებას რაციონალური ნაბიჯების გადადგმის საშუალებას.
        ამიტომ, ხსენებული ფსიქოზის პირობებში სრულიად ფუჭია «რუსეთთან დათმობებით აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა. რუსული მასობრივი ცნობიერება (ვიმეორებ გეოპოლიტიკურად და გრძელვადიანი თვალსაზრისით, რაციონალურიც რომ იყოს) ამის საშუალებას რუსეთის ხელისუფლებას არ მისცემს: ნი შაგუ ნაზად! ანუ არც აფხაზეთი დავუბრუნოთ «გრიზუნებს» და არც ბაზები გავიტანოთ. ასეთია რეალობა, რაც ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, ალბათ, უნდა გაითვალისწინოს.

დილის გაზეთი, 25 თებერვალი, 2002 წელი