შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილს?

    ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, რომელიც გიორგი ვაშაძისა და გირჩის გუნდის წასვლის შემდეგ სულ უფრო გავლენიანი ხდება ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიაში, დახურულ კარს მიღმა შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
    ელემენტარული წესია, რომ სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ მცირე ინფორმაცია მაინც უნდა გაავცელსო არა მხოლოდ შეხვედრის ფაქტზე, არამედ საუბრის შინაარსზე.
    არაოფიციალური ცნობით, საუბარი ეხებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა ვანო მერაბიშვილის საქმეში. სტრასბურგის სასამართლოს – ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტპატიმრად არ უღიარებია, არც მისი გათავისუფლება მოუთხოვია, თუმცა ის, რაც ჩაიწერა გადაწყვეტილეაბში, საკმარისია იმისთვის, რათა ევროპელმა კოლეგებმა დაასკვნან, რომ თბილისი არღვევს ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს, რაც ევროპულმა თანამეგობრობამ მიიღო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – კონვენციას ადამიანის უფლებათა შესახებ.
    ჯერ–ჯერობით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც იმხილებოდა ამ კონვენციის დარღვევაში, იყო იანუკოვიჩის დროინდელი უკრაინა.
    ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, მიემართა პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის, – ვანო მერაბიშვილის შეწყალების თხოვნით სწორედ იმ მოტივით, რომ თუ ექს–პრემიერი ციხეში დარჩება, ეს შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ჩაშლის ვიზალიბერალიზციას.
    მართალია, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს გიორგი კვირიკაშვილთან ბერლინში შეხვედრისას ეს თემა არ უხსენებია (ყოველ შემთხვევაში პრეს–კონფერენციაზე), მაგრამ შემოდგომაზე შესაძლოა მერაბიშვილის საკითხი კვლავ აქტუალური გახდეს, რათა გაამართლონ უარი.
    ეს არგუმენტები, როგორც ჩანს, გიგა ბოკერიამ პრეზიდენტთან საუბრისას მოიყვანა, რასაც შედეგად მარგველაშვილის შეფიქრიანება მოჰყვა: სახელმწიფოს მეთაურმა, როგორც მინიმუმ, ის დაადასტურა, რომ ჩინოსნებმა, ვისაც მიუძღვით წვლილი სტრასბურგის ჩავარდნაში, პასუხი უნდა აგონ.
    იუსტიციის მინისტრი წულუკიანი შეეცდება ყველაფერი ყოფილ გენერალურ პროკურორ ფარცხალაძეს დააბრალოს და მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპოზოდის გამოძიება მოითხოვოს. სწორედ ეს ეპიზოდი ჩათვალა სტარსბურგის სასამართლომ კონვენციის მე–18 მუხლის დარღვევად, თუმცა იუსტიციის მინისტრს მოუწევს იმის ახსნაც, რატომ არ გამოიძია ეს საქმე ხელისუფლებამ დღემდე, სანამ სტრასბურგში არ დადგა ის შედეგი, რაც დადგა.
    გართულებების თავიდან ასაცილებლად, ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს სთავაზობს, შეიწყალოს მერაბიშვილი, მაგრამ ჯერ ერთი, ამის შემდეგ დადგება გიგი უგულავას ჯერი, რომლის საქმეში (წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით) არანაკლები დარღვევები შეიძლება აღმოჩნდეს სტრასბურგში განხილვის შედეგად.
    გარდა ამისა, თვით გიორგი მარგველაშვილისთვის, ეს შეწყალება პრობლემურია, ვინაიდან საბოლოოდ გაუფუჭდება ურთიერთობა მმართველ პარტიასთან. პირველ რიგში გიორგი კვირიკაშვილთან, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა 8 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების შედეგებისთვის.
    ეს შედეგები კი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა ციხიდან ტრიუმფით გამოსვლის შემთხვევაში, ნამდვილად არასახარბიელო იქნება.

 

            მთელ გვერდზე