სერგეი მარკოვი: ქართველი ერის მთავარი მტერი ქართული სახელმწიფოა!

        საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და რუსეთ – საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივებზე «პრაიმ-ტაიმი» ესაუბრა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რუს პოლიტოლოგს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი მარკოვს.

        - ბატონო სერგეი, რამდენად აკვირდება რუსული საექსპერტო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს? საერთოდ რამდენად საინტერესოა ეს მოვლენები თქვენთვის? ზოგიერთი თვლის, რომ რაკი საქართველოში პრორუსული ძალები არ არიან ანუ არავინ ამბობს ღიად, რომ საქართველო რუსული ორიენტაციის გზას უნდა დაადგეს, - მოსკოვისთვის სულ ერთია, საქართველოში საბოლოოდ ხელისუფლება გაიმარჯვებს თუ ოპოზიცია

    - რუსეთისათვის ნამდვილად არ არის სულერთი, ვინ გაიმარჯვებს საქართველოში. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება საქართველოში, რადგან საქართველო ისტორიულად ჩვენი დიადი სამშობლოს – დიდი რუსეთის ნაწილია. ამიტომაც, ბევრი რუსი დიდი სიყვარულითაა განწყობილი ქართველებისა და საქართველოს მიმართ.
                ჩვენთვის ძალიან მწარეა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 20 წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდნენ და დღემდე რჩებიან ქართველი ერის უბოროტესი მტრები. Aამ ბოროტმა, ანტირუსულმა და ანტიქართულმა ძალებმა საქართველოს თავს დაატეხეს ყველა უბედურება – სიღატაკე, კონფლიქტები და ომი რუსეთთან.
        ძალიან გვინდა, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს გონს მოეგოს, გამოვიდეს ამ ოცწლიანი კოშმარიდან.
        საქმე რაშია იცით? – საქართველოში რუსეთის მიმართ ჩამოყალიბდა «მიტოვებული ცოლის» მითოლოგემა და შესაბამისი ფსიქოლოგიური კომპლექსი. Mმიტოვებული ცოლი ყველაფერში ყოფილ ცოლს ადანაშაულებს. სწორედ ამ კომპლექსიდან და მითოლოგემიდან გამომდინარე, ქართული ელიტა ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს. მათ შორის აგვისტოს ომშიც კი, რომელიც საქართველომ დაიწყო და ამას ყველა აღიარებს.
        თანაც, «მიტოვებული ცოლის» სინდრომი და კომპლექსი არა მხოლოდ ელიტისათვის, არამედ ქათული საზოგადოებისთვისაცაა დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ, პრორუსული ძალები უმცირესობაში არიან.
        ამას, რა თქმა უნდა, ემატება ისიც, რომ რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მაშინ, როდესაც აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც ქართული ელიტა საკუთარ ტერიტორიად თვლის.
        მაგრამ ბოლოს და ბოლოს ქართველი ხალხი გაიხსენებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში სწორედ რუსეთი იფარავდა საქართველოს, რუსეთი ეხმარებოდა და ხელს უწყობდა საქართველოს აყვავებას. მომავალშიც ასე იქნება – ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლებაში მოვა პრორუსული პოლიტიკოსი, რომელიც დაიწყებს რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციას და საქართველო კვლავ აყვავდება – ამაში იოტისოდენი ეჭვი არ მეპარება.

    - კი მაგრამ, როგორ უნდა მოვიდნენ ქვეყნის სათავეში პრორუსული ძალები, თუ ისინი ჯერ-ჯერობით საერთოდ არ ჩანან და ღიად არ აცხადებენ თავის პრორუსულ ორიენტაციას?
                რა მექანიზმით აპირებს რუსეთი ამ ძალების ქვეყნის სათავეში მოყვანას? ჰყავს კი რუსეთს თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე?
       

       

        - ჯერ-ჯერობით რუსეთს თავისი კანდიდატი არ ჰყავს. თუმცა რუსეთისათვის სულ ერთი არ არის, ვინ მოვა თქვენი ქვეყნის სათავეში – იქნება ეს სამხედრო დამნაშავე სააკაშვილი თუ არაადეკვატური ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც სერიოზული შანსი აქვს ქვეყნის სათავეში მოვიდეს და მეორე «ქართველი ნაპოლეონი» გახდეს. პირველი «ქართველი ნაპოლეონი» სააკაშვილია.
            ხელისუფლებაში შეიძლება ამჟამინდელი «გაერთიანებული ოპოზიციაც» მოვიდეს, რომელიც რუსეთის მიმართ აგრეთვე კრიტიკულადაა განწყობილი, მაგრამ ამ ოპოზიციაში ჩვენ ის მოგვწონს, რომ იგი არ არის მზად, ახალი ომი გააჩაღოს.
        ჩვენც სწორედ და მხოლოდ ეს გვაინტერესებს _ ომზეა ორიენტაცია თუ მშვიდობაზე.
        თუ ხელისუფლებაში არ იქნებიან სამხედრო დამნაშავენი, თუ ორიენტაცია იქნება რუსეთსა და მშვიდობაზე, - დიპლომატია საშუალებას მოგვცემს ნაბიჯ-ნაბიჯ დავძლიოთ ყველა სირთულე, მოვიშუშოთ იარები, წყენები და გადავიდეთ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე.

    - ნინო ბურჯანაძემ სარჩელი აღძრა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ ბრალდების გამო, რომ იგი რუსეთიდან ფინანსდება. ხართ თუ არა დარწმუნებული, რომ მოსკოვი არ აგზავნის ფულს საქართველოში, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არიოს?

        - მე ასე გიპასუხებთ: საქართველო დღეს რუსეთის მტრული სახელმწიფოა. საერთოდ მიმაჩნია, რომ ქართველი ერის მთავრი მტერი და ყველა მისი უბედურების წყარო არის ქართული სახელმწიფო! ქართული სახელმწიფო დღეს არა მხოლოდ რუსეთის მტერია, არამედ თვით ქართველი ერისაც!!! Aანუ ქართული სახელმწიფო არის საქართველოს, როგორც ქვეყნის მტერი.
        საქართველო შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს გარეშეც. Aანუ რუსეთის ინტერესი აქ თვალნათელია. რაც შეეხება ბურჯანაძის სარჩელს, ვფიქრობ, იგი ცდილობს «ამოქაჩოს» თავისი რეიტინგი მოსახლეობისა და პოლიტიკური ელიტის თვალში, თუმცა საქართველოში ბევრი თვლის, რომ ბურჯანაძე მეტისმეტად მჭიდროდ იყო დაკავშირებული სააკაშვილთან.
        ძალიან ოსტატურად კი გამოსდის ქალბატონ ნინოს: შევარდნაძისაგან უკანასკნელ მომენტში სააკაშვილის ნავში გადასკუპდა და ახლაც ბოლო მომენტში ოსტატურად გადასკუპდა ახალი ოპოზიციის ნავში. Mმეტისმეტად სწრაფად გარბის ხოლმე ეს ქალბატონი ჩასაძირად განწირული გემიდან.

        - თქვენ გინდათ თქვათ, რომ ნინო რუსეთის გმირი და ფავორიტი არ არის?

        - რა თქმა უნდა არა! მასაც უამრავი ანტირუსული განცხადება აქვს გაკეთებული. თუმცა, როცა ქართველ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მათი განცხადებები ხშირად, მეტისმეტად ხშირად თეატრალიზებულია.

        -ესე იგი, თქვენ ადასტურებთ იმას, რაც არაერთგზის უთქვამს ბევრს საქართველოში: რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობით?

        - დიახ, რუსეთი დაინტერესებულია კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ქართველ ერთან. ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო სხვადასხვა რამაა. ქართველ ერს უნდა შეეძლოს აირჩიოს რუსეთთან ინტეგრაციის ფორმა: შეიძლება ეს იყოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, ან ერთიანი ეკონომიკური სივრცე, თუ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება. ბოლოს და ბოლოს, თუ ქართველი ხალხი სახელმწიფოს აირჩევს, კი ბატონო – მისი ნებაა, მაგრამ ეს სახელმწიფო რუსეთისადმი მეგობრული უნდა იყოს; იქ არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის ბაზები და თავს არ უნდა ესხმოდეს დამოუკიდებელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

        - და როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთისადმი მეგობრული ქართული სახელმწიფოს საზღვრები?

        - რუსეთისადმი მეგობრული ქართული სახელმწიფოც უნდა არსებობდეს იმ საზღვრებში, რომელშიც ქართველ ერს არსებობა შეუძლია. Eესე იგი საზღვრებში, რომელთა ჩამოყალიბება საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოს მერე დაიწყო – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.
       
       

        - თქვენი აზრით რით დასრულდება შიდაქართული დაპირისპირება?

            - ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი მალე წავა. როდის და როგორ – სხვა საკითხია, მაგრამ 2013 წლამდე რომ ვერ მიაღწევს, ამაში ეჭვი არ მეპარება.
                ის დამნაშავეა და ქართველებს იგი სძულთ.
                სააკაშვილი პოპულარულია მხოლოდ სოფლის რაიონებში და არა ქალაქად. ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი, ვინ მოვა სააკაშვილის ნაცვლად. თითქოსდა უდიდესი შანსი აქვს ლევან გაჩეჩილაძეს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო და არმია ირაკლი ოქრუაშვილს დაუჭერენ მხარს.
        რაც შეეხება ალექსანდრე ებრალიძეს, რომელმაც სოჭში განაცხადა, რომ სურს საქართველოს პრეზიდენტობა – რაც უფრო მეტი პრორუსული ქართველი გამოჩნდება სცენაზე - მით უკეთესი, თუმცა ხელისუფლებაში მათ მოსვლას დრო დასჭირდება.
       
       

მთელ გვერდზე