ასლან აბაშიძის ვიზიტი მეგობართან

ასლან აბაშიძის ვიზიტი მეგობართან

    გუშინ, აჭარის ოფიციოზმა, როგორც იქნა, დაადასტურა, რომ ავტონომიის მეთაური, ასლან აბაშიძე მორიგი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ოღონდ წინა (რევოლუციურ და პოსტრევოლუციურ დღეებში) განხორციელებული ვიზიტებისაგან განსხვავებით, ამჯერად, თითქოს, ვიზიტი მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს ეხება და არ ისახავს მიზნად თბილისთან დაძაბული ურთიერთობის მოსკოვში გარკვევას.        
    სინამდვილეში, ბათუმისთვის, ისევე, როგორც «ახალი თბილისისთვის», ეს ყველაზე მთავარი საკითხია.        
    ახლოვდება 25 იანვარი და აჭარის ხელმძღვანელს ძალზე აღელვებს საქართველოს ხელისუფლებასთან მომავალი ურთიერთობის საკითხი.

    მცირე ხანს (28 მარტამდე) აბაშიძე კიდევ შეძლებს დროის გაჭიმვას; ისევ და ისევ, აჭარის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის ფაქტორისა და ბერკეტის გამოყენებით, რათა გადაავადოს ყველაზე მთავარი საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ 4 იანვრის არჩევნების ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი ის გახდა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების შესაძლებლობები ამ მხრივ ამოუწურავი არ არის. «ყინული დაიძრა» და აჭარაში ოპოზიციური სოციუმი ამოძრავდა. არჩევნების აკრძალვა კი მისთვის მეტისმეტად ძლიერი არგუმენტის მიკუთვნებას ნიშნავს.       
        ამდენად, «მთავარ საკითხებზე» ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობების დაწყება გარდაუვალია და ეს საკითხები, თითქმის უკლებლივ, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ-ფინანსურ ურთიერთობას ეხება. თუმცა, ეკონომიკა აქ უმჭიდროესად უკავშირდება აჭარის სტატუსის თემას.        
        საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, შეეცდება აჭარიდან თანხის გადმორიცხვა-არგადმორიცხვის საკითხები მოაწესრიგოს და ნაწილობრივ დააკანონოს კიდეც ავტონომიით სტატუსის გარკვევით - კონსტიტუციური კანონის მიღებით, ან სხვა იურიდიული მექანიზმემით.       
        მაგრამ, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ აჭარის საბჭოთა ელიტა ამას არაფრის დიდებით არ დაეთანხმება, ანუ არ შეეგუება იმას, რომ მისი უფლებამოსილება აჭარის ტერიტორიაზე რეალურად გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს - მაგალითად, რომც განხორციელდეს საქართველოს ფედერალიზაცია და ადგილზე აკრეფილი თანხის არა 40 (როგორც ამჟამად), არამედ 60-80 პროცენტი ადგილზე რჩებოდეს, აჭარის ისტებლიშმენტი მაინც მაინც არ დაეთანხმება უმთავრესს, - რომ სარფისა და ბათუმის საბაჟოზე რეალური ძალაუფლება თბილისმა განახორციელოს და არა ბათუმმა. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული - უკანასკნელი ზღვარი, რომლის მიღმა ასლან აბაშიძე არ დაიხევს, რადგან ამის დათმობა გავლენის რეალურ ბერკეტთა ხელიდან გაშვების ტოლფასი იქნება.       
        იმავდროულად, აჭარის ხელმძღვანელი იმასაც აცნობიერებს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეიძლება გაბედოს ის, რასაც ვერ ბედავდა წინა ხელისუფლება: საერთოდ აკრძალოს ჩოლოქიდან ტვირთების განუბაჟებლად შემოტანა ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, რაკი ჯერ ერთი, ავტონომია ცენტრალური (საერთო სახელმწიფოებრივი) ბიუჯეტის კუთვნილ თანხას არ რიცხავს თბილისში და მეორე (რაც ბევრად მნიშვნელოვანია), - თვითნებურად აწესებს სარფსა და ბათუმის პორტში დაბალ საბაჟო ტარიფებს, რათა ტვირთები აჭარისაკენ მოიზიდოს. ამით ქვეყანაში იქმნება დემპინგისა და უთანასწორო კონკურენციის ვითარება, რაც მთლიანად ანგრევს საქართველოს შიდა ბაზარს არანაკლებ, ვიდრე ერგნეთის ყბადაღებული ბაზრობა.       
        ამის «წამალია» ტვირთების ხელმეორე განბაჟება ჩოლოქთან «მოძრავი საბაჟო პატრულის» მიერ, რის შესახებაც კანონი უახლოეს მომავალში პარლამენტმა უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემური რეგიონებიდან შემომავალი კონტრაბანდის «ჩანჩქერს» არაფერი ეშველება.       
    ამ მომავალი რეალიზმის გათვალისწინებით, ასლან აბაშიძის მიმდინარე ვიზიტი მოსკოვში სწორედ ეკონომიკის საკითხებს ეხება. რაკი თბილისთან «სტატუსის» საკითხში არანაირ დათმობაზე წასვლა არ სურს, ასლან აბაშიძე მოსკოვის მერ იური ლუჟკოვისაგან ცდილობს მიიღოს გარანტიები და გარკვეული კომპენსაციაც იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მიერ განხორციელებული საპასუხო ზომების შედეგად, ავტონომიის ბიუჯეტს თანხები დააკლდება.        
    აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ ლუჟკოვი აშენებს სარფიდან უმოკლესი გზით დამაკავშირებელ გვირაბს, რასაც თბილისში გადმოურიცხავი თანხა ხმარდება.        
    თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით, ეს თანხები საერთო-სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს უნდა ხმარდებოდეს; მათ შორის, სუვერენული ვალის მომსახურებას და სოციალურ ხარჯებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.       
    თავად ლუჟკოვისთვის, რომელმაც დსთ-ს სივრცეში, რუსული ნეოიმპერიალიზმის მებაირახტრის როლი იკისრა, ასლან აბაშიძესთან ამ ფორმატში თანამშრომლობა უაღრესად ხელსაყრელია.       
    ერთი მხრივ, ამით ლუჟკოვი რუსულ ისტებლიშმენტს თავის მნიშვნელობას უდასტურებს «დერჟავის» ინტერესთა განხორციელების თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ, უზარმაზარი მოსკოვისთვის, რომელიც ყველა თვალსაზრისით, ასი აჭარის ოდენაა, მცირეოდენი ეკონომიკური და ფინანსური პრეფერენციები ბევრს არაფერს ნიშნავს.       
    ამრიგად, ასლან აბაშიძის ამჟამინდელი ვიზიტი მართლაც «ეკონომიკური ხასიათისაა», მაგრამ აქ ეკონომიკა უმჭიდროესად უკავშირდება პოლიტიკას, ანუ იმ ვითარებას, რომელიც შეიქმნება მას შემდეგ, რაც თბილისი აჭარის ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტის ეკონომიკური შემადგენლის რეალურ დაცვას მოინდომებს.

16 იანვარი, პარასკევი, 2004 წელი