„მოლდოვური გაკვეთილი“: რას გვიქადის მახინჯი საკონსტიტუციო მოდელი?!

    რამდენიმე დღის წინ, სანკტ-პეტერბურგში გაიმართა ტრადიციული „ეკონომიკური ფორუმი“, რომელსაც ასევე ტრადიციულად დაესწრო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
    ამ ღონისძიებას საინვესტიციო დატვირთვა ნაკლებად აქვს და ვერც ექნება - დასავლური სანქციების გათვალისწინებით. „პეტერბურგის ფორუმი“ უფრო პოლიტიკური აქციაა, რათა დაადასტუროს, რომ უამრავი გერმანელი, ბრიტანელი, ფრანგი, ამერიკელი, იტალიელი ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი ჩადის რუსეთში, ზის დარბაზში, ტაშს უკრავს პუტინს და შესვენებისას ათვალიერებს გამოფენებს; მაგალითად, ამჯერად „დაათვალიერებინეს“ იმ სარკინიგზო-საავტომობილო ხიდის მაკეტი, რომელმაც რუსეთი პირდაპირ უნდა დააკავშიროს ანექსირებულ ყირიმს.
    იდგნენ მსხვილი დასავლური ფირმების პრეზიდენტები და ინტერესით აკვირდებოდნენ ამ ხიდს, რომელიც სინამდვილეში, იმპერიალიზმის სიმბოლოა. მერე ეს ფოტოები ყველა რუსულმა სააგენტომ გაავრცელა, ტელევიზიებმაც უჩვენეს და......მარტო ამად „ღირდა“ დაახლოებთ შვიდი მილიონი დოლარის დახარჯვა ფორუმის ორგანიზებაზე.
    თუმცა, „პიტერის სასახლეში“ ბევრი სხვა ანალოგიური ხასიათის სიუჟეტიც იყო. მაგალითად, მოლდოვას პრეზიდენტი იგორ დოდონი აღმოჩნდა ერთადერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი, ვინც იმპერიულ დედაქალაქში ჩავიდა და ღონისძიებას დაესწრო. თან არათუ დაესწრო, არამედ საოცარი განცხადებაც გააკეთა: „ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერი შეეშალოს, ის ერთადერთი ზესახელმწიფო აღარ არის და სხვა დიდ სახელმწიფოთა, ანუ „ალტერნატიულ პოლუსთა“ ინტერესები გაითვალისწინოსო“.
    ანუ, წმინდად „მოსკოვური“ ნარატივი: „მრავალპოლუსურობის“, „ამერიკული იმპერიალიზმის“, „დასავლური ეგოიზმის“ და „ვაშინგტონის ექსპანსიონიზმის“ თაობაზე.
    სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებამდე, იგორ დოდონმა კიდევ უფრო გამაოგნებელი განცხადება გააკეთა კიშინიოვიდან რუს დიპლომატთა გაძევების თაობაზე. საქმე ის გახლავთ, რომ მოლდოვურმა სპეცსამსახურებმა (რასაკვირველია დასავლელი კოლეგების მხარდაჭერით) „ფაქტზე“ გამოიჭირეს რუსული რეზიდენტურა, რომელიც, ტრადიციულად, რუსეთის საელჩოშია შეფარებული, ხოლო ГРУ-ს აგენტებს დიპლომატიური პასპორტები აქვთ.
    რეზიდენტურის ოფიცრები მოლდოვიდან გააძევეს და რას აცხადებს ამ დროს მოლდოვას პრეზიდენტი? თვალებს ძნელად დაუჯერებს ადამიანი: „ეს პროვოკაციაა....... აღშფოთებული ვარ მოლდოვური დიპლომატიის ამ ნაბიჯით, რასაც კატეგორიულად ვგმობ....... აღმაშფოთებელი ჟესტია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის ფედერაციის მიმართ......... აშკარად ოკეანის გაღმიდან იყო შეკვეთა................“
    დაუჯერებელია ხომ? მაგრამ ფაქტია - ამას ამბობს არა რუსეთის ელჩი მოლდოვაში, არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, არამედ მოლდოვას პრეზიდენტი, რითაც პირდაპირ სახეში აფურთხებს საკუთარი ქვეყნის დიპლომატიას, სპეც-სამსახურებს, პარლამენტს და მთავრობას.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თითქოსდა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ სამარცხვინო ისტორიას საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესთან? ნუ ავჩქარდებით და ნუ ვიტყვი „არავითარი“. დავაკვირდეთ საგულისხმო მომენტს: მოლდოვაში დღეს ზუსტად ისეთი სახელისუფლებო სისტემაა, როგორიც იქმნება საქართველოში „ახალი კონსტიტუციით“ და ამგვარი სისტემა მინიმუმ 2023 წლამდე იმოქმედებს.
    ანუ, მოლდოვას პრეზიდენტი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და ყოველმხრივ „კრიჭაში უდგას“ საკუთარ მთავრობას (იმდენადაც კი, რომ ქვეყნის ინტერესთა ღრმა დაზიანებას არ ერიდება), მოლდოველი ხალხის არჩეულია - აბსოლუტურად დემოკრატიული, გამჭვირვალე, პატიოსანი, გაუყალბებელი საყოველთაო-სახალხო კენჭისყრით!
    გამოდის, მოლდოვამ აირჩია პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ, დაუფარავად ვნებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და ხელყოგს მის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციას.
    რატომ ხდება ასე? სანამ კითხვას ვუპასუხებდეთ, დავაკვირდეთ კიდევ ერთ უცნაურ „დამთხვევას“: ერთადერთი ევროპელი ლიდერი, ვინც 2015 წელს, მიუხედავად ყირიმის ანექსიისა, მოსკოვში ჩავიდა და პუტინს „ხელი ჩამოართვა“, იყო ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი. დოდონთან მისი „ტიპოლოგიური მსგავსება“ კი ისაა, რომ ჩეხეთშიც, ისევე როგორც მოლდოვაში, პრეზიდენტს ირჩევენ პირდაპირი კენჭისყრით, მაგრამ ამ ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მიუხედავად, მას არ გააჩნია არანაირი რეალური უფლებამოსილება და რაკი უფლებამოსილება არა აქვს, არც პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება.
    ანუ, რაც არ უნდა მოჰყვეს დოდონის ან ზემანის ნაბიჯებს, ისინი ყოველთვის იტყვიან, რომ ქვეყნის მდგომარეობაზე არა თავად, არამედ მთავრობა აგებს პასუხს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    როდესაც ფრანგული რადიოს კორესპოდენტმა ერთ-ერთ ყევლაზე გამოცდილ ქართველ კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ხმალაძეს ჰკითხა: „რატომ არის მიზანშეუწონელი საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის პირდაპირი კენჭისყრით არჩევაო“, ხმალაძემ, ვინც, შეიძლება ითქვას, „კონსტიტუციის ფანატიკოსია“ ასე უპასუხა: „იმიტომ, რომ როდესაც პრეზიდენტს აქვს ძალიან მაღალი (საერთო-სახალხო) ლეგიტიმაცია და არ გააჩნია რეალური ძალაუფლებრივი ბერკეტები, მას აუცილებლად უჩნდება ზეამბიცია და ხდება კონფლიქტური; შესაბამისად, არა მხოლოდ ვერ ასრულებს „ზეპარტიული არბიტრის“ ფუნქციას, არამედ თვითმიზნად ისახავს მთავრობასთან დაპირისპირებას - თუნდაც გრძელვადიანი საქვეყნო ინტერესების დაზიანებით“.
    ამ დასკვნის ადასტურებს ის, რასაც ახლა სჩადიან მოლდოვას ან ჩეხეთის პრეზიდენტები. შესაბამისი სიმპტომები იკვეთება პოლონეთშიც.
    არადა, „ძალაუფლებათა გაყოფის“ კონცეფცია, რომელიც საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან იღებს სათავეს, საკმაოდ ზუსტი და უტყუარი „მეცნიერებაა“, რაკი ათასწლოვან საკაცობრიო გამოცდილებას ეყრდნობა: ეგვიპტის ფარაონებიდან, რომის იმპერატორებიდან და შუა საუკუნეების ევროპელი მონარქებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას სამი კომპონენტი „ქსოვს“: ლეგიტიმაცია, ძალაუფლება და პასუხისმგებლობა.
    ევროპელი აბსოლუტისტი მონარქები თავს „მირონცხებულებად“ აცხადებდნენ და სწორედ უფალი იყო მათთვის ლეგიტიმაციის წყარო. ამგვარი ლეგიტიმურობა მონარქს ძალაუფლებას ანიჭებდა, ხოლო ძალაუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობდა;
    საპრეზიდენტო რესპუბლიკებში ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი, ელექტორატი, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს, ანიჭებს მას ძალაუფლებას და, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც;
    კონსტიტუციურ მონარქიებში, ხელმწიფეს აქვს მხოლოდ ცერემონიული ფუნქცია. მას არ გააჩნია ძალაუფლება, შესაბამისად არ ეკისრება პასუხისმგებლობაც;
    კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის ლეგიტიმურობის ხარისხი დაბალია: მას „მხოლოდ“ პარლამენტი ან „ეროვნული ასსამბლეა“ ირჩევს. პრეზიდენტს ძალაუფლება არ გააჩნია, შესაბამისად არ გააჩნია პასუხისმგებლობაც. ყველაფერზე მთავრობა აგებს პასუხს;
    შერეულ საპრეზიდენტო რესპუბლიკებში (საფრანგეთი) პრეზიდენტს აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, მაგრამ აქვს ძალაუფლებაც. საფრანგეთში სახელმწიფოს მეთაური არ არის მხოლოდ ცერემონიული ფიგურა, შესაბამისად მის ძალაუფლებას პასუხისმგებლობაც ახლავს თან.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაგრამ სერიოზული პრობლემა განვითარდა მას შემდეგ, რაც საერთო-ევროპულ დემოკრატიულ პროცესში, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის მანძილზე, შეიქმნა კიდევ ერთი, შინაარსობრივად მახინჯი, აბსურდული მოდელი, რომელიც მთლიანად ანგრევს ათასწლეულებით აპრობირებულ ზემოთხსენებულ „სამკომპონენტიან“სისტემას - ლეგიტიმურობა, ძალაუფლება, პასუხისმგებლობა.
    ანუ, დავაკვირდეთ: პრეზიდენტი საყოველთაოდ არჩეულია, მაშასადამე აქვს შეუდარებლად უფრო მაღალი ლეგიტიმაცია, ვიდრე ექნებოდა თუ მხოლოდ პარლამენტი აირჩევდა; მაგრამ ამ მაღალი ლეგიტიმურობის მიუხედავად, მას არ გააჩნია ძალაუფლება და რაკი ძალაუფლება არა აქვს, პასუხისმგებლობაც არ ეკისრება. ზუსტად ამიტომ, ყველა ქვეყანაში (იმავე ავსტრიაში, პოლონეთში, მოლდოვაში) სადაც მოქმედებს ეს მოდელი, აუცილებლად, ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ სიღრმითა და ხარისხით, იქმნება ძალიან სერიოზული კონფლიქტოგენური პრობლემები.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ახლა დავუბრუნდეთ საქართველოს საკონსტიტუციო პროცესს: 2004 წლიდან „რეფორმატორებმა“ გააუქმეს ხელისუფლებათა დანაწილების „ამერიკული მოდელი“ (ჩემი აზრით ყველაზე მიზანშეწონილი საქართველოსთვის) და რეფორმათა გატარებისას „წინააღმდეგობის დათრგუნვის აუცილებლობის“ მომიზეზებით, განახორციელეს ძალაუფლების კონცენტრაცია პრეზიდენტის ინსტიტუტში; შემდეგ, 2009 წლიდან, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკვე მაშინ ფიქრობდა საკუთარი ძალაუფლების უსასრულობაზე და არსად წასვლას არ აპირებდა მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, მახვილგონივრულად გამოიყენა ქართული პოლიტელიტის მუდმივი სწრაფვა „საპარლამენტო მოდელისკენ“ და დიდოსტატურად ჩაანაცვლა „ძალაუფლების კონცენტრაციის რგოლი“ პრემიერ-მინისტრით - ნაცვლად პრეზიდენტისა; ოღონდ, სინამდვილეში, ეს იყო არა საპარლამენტო რესპუბლიკისკენ გადადგმული ნაბიჯი, არამედ „ძალაუფლების კონცენტრაციის ცენტრისთვის“ სახელის გადარქმევა; ხოლო პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის დატოვება მიშას დასავლეთში „დემოკრატიული იმიჯის“ შენარჩუნებისთვის სჭირდებოდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ „ნაციონალებს“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ან საარჩევნო ბარიერის დაწევა აზრადაც არ მოსვლიათ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    დღეს, „ოცნებას“, ასევე არ ეპიტნავება რეალური ბერკეტების დათმობა და წინამორბედთა გზას ადგას. სხვა შემთხვევაში, ნამდვილი საპარლამენტო მმართველობის დასამყარებლად, „ქართული ოცნება“გადადგამდა იმ ერთადერთ ნაბიჯს, რაც მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაზე ბევრად მნიშვნელოვანია: შეამცირებდა საარჩევნო ბარიერს პარტიებისთვის 3 ან 2 პროცენტამდე და ამით შექმნიდა მტკიცე გარანტიას ნამდვილად პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტის, შესაბამისად, ნამდვილი საპარალამენტო დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად.
    თუმცა, ამას რომ საყვედურობ, ტრადიციული ტესქსტით გპასუხობენ: „იცით რა......საქართველო ისეთ რეგიონში ცხოვრობს რომ........აუცილებლად გვჭირდება გარკვეული სტაბილურობა.....“
    მერედა, თუ ქვეყნის ინტრესების დასაცავად ძალაუფლების კონცენტრაცია და სტაბილურობა მართლა აუცილებელია, ამ მიზნის მისაღწევად საპარლამენტო მოდელის დამახინჯების გზით რატომ უნდა წავიდეთ? ხომ არსებობს ბევრად უფრო ლოგიკური და ასევე ისტორიულად აპრობირებული მოდელი: ამერიკული ან ფრანგული ტიპის დემოკრატიული „საპრეზიდენტო რესპუბლიკა“, რომელიც ამთლიანებს „სახელისუფლებო ტრიადას“ (ლეგიტიმურობა - ძალაუფლება - პასუხისმგებლობა), ანუ მაღალი ლეგიტიმაციის მმართველობით ინსტიტუტს ანიჭებს ძალაუფლებას, ოღონდ, იმავდროულად, პასუხისმგებლობასაც!
    სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური კლასი, 2004 წლიდანვე, წავიდა სისტემის დამახინჯების გზით (ავადსახსენებელი „თებერვლის შესწორებები“ ყველაზე მეტად „პუტინის მოდელს“ ჰგავდა), გააგრძელა იგივე 2009-2010 წლებში; ხოლო დღევანდელი ხელისუფლება ტოვებს იმ მოდელს, რომელიც სააკაშვილს სათავისოდ უნდოდა, რათა პრეზიდენტის სავარძლიდან - პრემიერის სავარძელში გადაენაცვლა: „ოცნება“ არ ამცირებს საარჩევნო ბარიერს, კრძალავს საარჩევნო ბლოკებს, ითვისებს ბარიერგადაულახავი პარტიების ხმებს და, იმავდროულად, რაც არანაკლებ სახიფათოა ქვეყნისთვის, 2023 წლამდე ტოვებს ამ მახინჯი მოდელის იმ კიდევ უფრო დამახინჯებულ „ერზაცს“, როდესაც პრეზიდენტი არაუფლებამოსილი, თუმცა საყოველთაოდ არჩეულია; შესაბამისად არის მეტისმეტად ამბიციური და „კრიტიკანული“ - თუნდაც ქვეყნის ინტერესთა საზიანოდ.

        მთელ გევრდზე