ედუარდ შევარდნაძე და სტალინის პროტოტიპი

ედუარდ შევარდნაძე და სტალინის პროტოტიპი

ფაშიზმის დამარცხების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი მსოფლიოსათვის, ისევე როგორც რუსეთისა და თვით საქართველოსთვისაც, უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენად აღინიშნა.
    ამ იუბილეს დროს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, ბოლო წლების განმავლობაში პირველად გაამჟღავნა ღიად თავისი დამოკიდებულება იოსებ სტალინის ფიგურის მიმართ.
    ქართველ პოლიტიკოსებს საერთოდ ახასიათებდათ და ახასიათებთ განსაკუთრებული დამოკიდებულება სტალინის ფენომენისადმი, მაგრამ რაკი ედუარდ შევარდნაძე (ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით მაინც) თავად არის საკმაოდ საინტერესო ფენომენი - მისმა დამოკიდებულებამ საბჭოთა კავშირის მრისხანე იმპერატორის მიმართ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს მოჰფინა ნათელი.

    რაც შეეხება რუსეთს: 9 მაისი მათთვის ფაქტობრივად იქცა ერთადერთი «ნამდვილ დღესასწაულად», ვინაიდან 1 მაისი (მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე) და 7 ნოემბერი (1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების თარიღი) რუსული საზოგადოებისათვის, რა თქმა უნდა, ვეღარ ასრულებს საერთონაციონალური დღესასწაულის ფუნქციას. ამიტომ, ფაშიზმის წინააღმდეგ წარმოებულ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში მოპოვებული გამარჯვება და ამ გამარჯვების აღსანიშნავი თარიღი რუსეთისათვის დღეს ფაქტობრივად ერთადერთი დღესასწაულია, რომელსაც ერთნაირი სისრულით აღნიშნავს ყველა სოციალური შრე თუ პოლიტიკური ძალა, - განურჩევლად მრწამსისა.
    მაგრამ მდგომარეობა ერთგვარად პარადოქსულ იერს იძენს იმის გამო, რომ რუსეთი, აღნიშნავს რა ამ თარიღს, ცდილობს მთლიანად უგულებელყოს უმაღლესი მთავარსარდლის როლი.
    ეს, რა თქმა უნდა, სავსებით გასაგები იდეოლოგიური მოსაზრებით აიხსნება, მაგრამ საერთაშორისო პლანში ამ პარადოქსმა ტრაგიკომიკური შედეგი გამოიღო. 7 მაისს ლონდონში დაფუძნდა სკულპტურული კომპოზიცია, რომელზეც გამოსახული უნდა ყოფილიყო ე.წ. «დიდი სამეული» (ყოველ შემთხვევაში, ინტერიერი ამას ცხადყოფდა-ავტ.), მაგრამ რეალურად, მოქანდაკემ მხოლოდ ჩერჩილი და რუზველტი გამოაქანდაკა, სტალინი კი სადღაც გაქრა.
    სტალინის წვლილის იგნორირებამ ის შედეგი გამოიღო, რომ იგნორირებულია თვით იმ ქვეყნის წვლილიც ფაშიზმის დამარცხებაში, რომელსაც იგი ომის დროს ხელმძღვანელობდა!

    ედუარდ შევარდნაძის ფენომენის ახსნისას საქართველოში ხშირად იყენებენ შემდეგ კლიშეს: ქართველმა აღმართა ბერლინის კედელი და ქართველმავე დაანგრია!
    ესე იგი, ამ კლიშეს თანახმად, სტალინი და შევარდნაძე მსოფლმხედველობრივი ანტიპოდები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბოლოდროინდელმა მოქმედებებმა უდავოდ დაადასტურა, რომ საქმე გაცილებით უფრო მარტივად და ტრივიალურადაა: 8 მაისს, ედუარდ შევარდნაძე ჩავიდა გორში და ხაზგასმულად მიაგო პატივი იოსებ სტალინის ხსოვნას.
    ამ ნაბიჯმა რუსეთშიც და მთელს მსოფლიოშიც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. კიდევ უფრო დიდი იყო გამოხმაურება ქართულ საზოგადოებაში. შევარდნაძემ ძალიან კარგად უწყის, რომ «სტალინის პრობლემა» ყოველთვის აქტუალური იყო და არის ქართული საზოგადოებისათვის. ამ პრობლემას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია, ხოლო მისი სრული იგნორირება არც ერთ პოლიტიკურ მოღვაწეს არ მოუტანს წარმატებას.
    ამრიგად, შევარდნაძისათვის სტალინისადმი გამოხატული ხაზგასმული ყურადღება საშინაო პოლიტიკის საკითხია, ვინაიდან მან კარგად იცის, რომ არც რუსეთის დღევანდელ მმართველ ელიტაში და არც დასავლეთში ეს ნაბიჯი მას ავტორიტეტს არ შემატებს.
    მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ შევარდნაძისთვის სტალინისადმი დამოკიდებულება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სახელმწიფოებრივი საკითხიცაა; გავიხსენოთ მისი სიტყვები, წარმოთქმული თელავში ფართომასშტაბიანი კრიმინალური ოპერაციის შემდეგ.
    როდესაც, საუბარი შეეხო მაშველთა კორპუსის დამსახურებებს არსებული ხელისუფლების წინაშე, შევარდნაძემ თქვა: «დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ, იოსებ სტალინმა ბევრი ის მეომარი, რომელმაც მას გამარჯვება მოუპოვა, ციმბირში გადაასახლა - აბა, როგორ გგონიათ? სახელმწიფო სახელმწიფოა, - იგი ვერ შეეგუება თვითნებობას».
    ედუარდ შევარდნაძის ამ სიტყვებში საბოლოოდ გამომჟღავნდა მისი შინაგანი რწმენა, რომელიც ნაწილობრივ გამოხატულია ჯერ კიდევ მის წიგნში «ჩემი არჩევანი», სადაც იგი გულწრფელად წერს, რომ ახალგაზრდობაში გულმხურვალე «სტალინელი» იყო.
    სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ იგი დღესაც «სტალინელია». ოღონდ, შევარდნაძის «სტალინიზმი» გაცილებით უფრო რთული და საინტერესო მოვლენაა, ვიდრე უბრალოდ ბრმა თაყვანისცემა სტალინისა და მის მიერ დაფუძნებული ტოტალიტარული სახელმწიფოებრიობისადმი.
    ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ ედუარდ შევარდნაძე ამჟამად საბაზრო ეკონომიკას ე.წ. სოციალისტური წარმოების წესს არჩევს. მაგრამ მისი «სტალინელობა», უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივი ნების შეუვალობის პრინციპთა აღიარებაში გამოიხატება.
   

«მიმომხილველი», 19 მაისი, 1995 წელი.