ქართული ოცნება

        ზოგჯერ მაინც ხომ შეიძლება ვიოცნებოთ? ოცნებას კაცი არ მოუკლავს. მაგალითად, ვიოცნებოთ ისეთ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც საკუთარ ქვეყანას თავისი ამბიციების გამო არ დააქცევს; ვისაც ქვეყნის მიმართ ელემენტარული პასუხისმგებლობა ექნება და ძალაუფლებაზე «ჭკუა არ დაეკეტება».
        დავიწყოთ თითქოსდა წვრილმანით: ხელის ჩამორთმევით. ეს დიდებული ტრადიცია ლათინებმა შექმნეს. ესე იგი ძველმა რომაელებმა. იმხანად იარაღი ადამიანის ისეთივე ჩვეულებრივი თანამდევი იყო, როგორც სამოსი. ხელის ჩამორთმევით რომაელები ერთმანეთს პატივისცემას უდასტურებდნენ და ადასტურებდნენ, რომ ხელში არც ხმალი ეკავათ და არც ხანჯალი. ანუ, ეს ჟესტი კეთილგანწყობისა და საერთო პასუხისმგებლობის მაჩვენებელი იყო. მომდევნო ეპოქებში კი ერთმანეთს ხელს არა მხოლოდ მეომრები, არამედ პოლიტიკოსებიც ართმევდნენ. მათ შორის მოწინააღმდეგეები. ამით ადასტურებდნენ, რომ ერთმანეთი კი არ სძულთ, არამედ ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი უნდათ და მხოლოდ ამაზე დავობენ.
        ნორმალურ ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც საპარალმენტო დებატებისას ერთმანეთს ლამის თავ-პირს ამტვრევენ, შემდეგ ერთად ესწრებიან ლიტურგიას და გვერდი-გვერდ დგანან ხელმწიფის სეფე-სიტყვის მოსმენისას.
        მაგალითად დიდ ბრიტანეთში, როდესაც დედოფალი მორიგი არჩევნების დროს ახალი პრემიერის მიერ დაწერილ პროგრამას კითხულობს და ყველა წინადადებას იწყებს სიტყვებით «ჩემი მთავრობა აპირებს . . . . «. ამ დროს ლორდები სხედან, ხოლო პრემიერ-მინისტრი და მისი ოპოზიციონერი კოლეგა (ესე იგი, ვისაც ნამდვილი ძალაუფლება აქვს) გვერდი-გვერდ დგანან და ერთმანეთს დემონსტრაციულად უღიმიან.
        აბა გაბედონ და პირადი ბოღმა გამოამჟღავნონ: კულტურულ ქვეყანაში პოლიტიკოსთა პიროვნული სიძულვილი არათუ გოიმობად და «ყანობად», არამედ ბინძურ დანაშაულად ითვლება – კეთილი ინებე და შენი პიროვნული დამოკიდებულება სახლში შეინახე. პოლიტიკაში ყოფნისას კი მოწინააღმდეგეს ხელიც უნდა ჩამოართვა და კიდეც გაუღიმო. სხვა შემთხვევაში ქვეყანას აყენებ შეურაცხყოფას. იმ ქვეყანას, რომელსაც უნდა ემსახურო და არა ასპარეზად აქციო პირადი ვნებების დასაკმაყოფილებლად.
        ამ ტრადიციიდან ამოიზარდა დიდებული ამერიკული წესიც: ყოველი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძველი პრეზიდენტი – ახალს თეთრი სახლის ზღურბლთან ხვდება, საჯაროდ ხელს ართმევს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენელია) და ოვალურ კაბინეტში შეიპატიჟებს.
        ჯერ არ ყოფილა შემთხევვა, ეს წესი რომელიმე მათგანს დაერღვიოს. იგივე «ხელის ჩამორთმევაა» დამარცხებული კანდიდატის მხრიდან გამარჯვებულისადმი მილოცვა.
        სულ რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც ტელევიზიით (!) გამარჯვებული დასახელდება, წაგებული ურეკავს და ულოცავს გამარჯვებას. 2000 წელს მცირე კონფუზიც კი მოხდა ამის გამო: ჯორჯ ბუშ უმცროსმა ელ გორს სულ რამდენიმე ასეული ხმით აჯობა. ამის მიუხედავად, გორმა მაშინვე დაურეკა და მიულოცა. შემდეგ გაირკვა, რომ ტელევიზიებმა ცოტა იჩქარეს და ხმების გადათვლა იყო საჭირო. Gგორმა «მილოცვა შეაჩერა», მაგრამ აზრადაც არ მოსვლია ისტერიკები მოეწყო გაყალბებაზე თუნდაც იმ საბაბით, რომ ფლორიდაში, სადაც ბუშმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, გუბერნატორი ჯორჯის ღვიძლი ძმა გახლდათ.
        დემოკრატმა პერზიდენტმა კლინტონმაც, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ბუშის გამარჯვება და მისი ყოფილი ვიცე-პერზიდენტის, გორის დამარცხება დაადასტურა, რა თქმა უნდა თეთრი სახლის ზღურბლთან დახვდა ახალ პრეზიდენტს, ხელი ჩამოართვა და კაბინეტამდე მიაცილა.
        თუმცა, მანამდე კლინტონმა კიდევ ერთი რამ გააკეთა, რაც იგივე «ხელის ჩამორთმევა» იყო და უფრო მეტიც: ამერიკაში დიდი დისკუსია მიმდინარეობდა კუბელი ბიჭის ფიდელ კასტროს რეჟიმისთვის გადაცემის თაობაზე. ეს ბიჭი მამამისმა მებადურის ნავით გამოიყვანა კუბიდან და ამერიკამდე (ფლორიდამდე) მიღწევას ცდილობდა. თვითონ დაიღუპა, მაგრამ მისი შვილი გადარჩა.
        ფიდელ კასტრომ ბავშვის უკან დაბრუნება მოითხოვა და მას მხარი აუბეს სხვა ლათინოამერიკულმა ქვეყნებმა. ამერიკის სახელმწიფო ინეტრესებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო მძიმე გადაწყვეტილების მიღება, ესე იგი ბავშვის ძალით დაბრუნება კომუნისტური რეჟიმისთვის.
        როგორ მოიქცეოდა ასეთ შემთხევვაში ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი? რა თქმა უნდა პრეზიდენტი, რომელსაც ხელისუფლება უნდა დაეთმო, გადაწყვეტილებას ახალ პრეზიდენტს «დაუტოვებდა», რათა ამ უკანასკნელს მიეღო დარტყმა თავის თავზე.
        მაგრამ კლინტონი სხვაგვარად მოიქცა: ერთი დღით ადრე, ვიდრე თეთრ სახლს დატოვებდა, გასცა ბრძანება და სპეცდანიშნულების რაზმებმა ბავშვი ძალით გამოგლიჯეს ოჯახს, რომელმაც იგი იშვილა, შემდეგ კი კუბაზე დააბრუნეს.
        კლინტონმა კი პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრძანება პირადად გასცა! თანაც ახალი პრეზიდენტი ბუში არა მისი თანაპარტიელი დემოკრატი, არამედ მოწინააღდმეგე რესპუბლიკელი იყო.
        წარმოგიდგენიათ ამგვარი რამ საქართველოში, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართველმა პოლიტიკოსებმა ნამდვილ სამხეცედ გადააქციეს? რომელ ხელის ჩამორთმევაზეა ლაპარაკი, - საშუალება თუ მიეცათ ერთმანეთს ფეხებით დაკიდებენ და ქვეშ ცეცხლს შეუნთებენ; ქვეყანა დააქციეს რამდენჯერმე პირადი წყენის დასაკმაყოფილებლად!
        ჩამოართმევდა ან ჩამოართმევს ოდესმე ხელს თენგიზ სიგუა – ზვაიდ გამსახურდიას? ან ზვიად გამსახურდია – გია ჭანტურიას? შევარდანძე – პატიაშვილს? ნინო ბურჯანაძე – მიხეილ სააკაშვილს?
        ჩამოართმევს. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება (ჩვენ ყველანი) იქნება ისეთი, როგორიცაა იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკოსები იძულებულნი არიან(!), პირადი ბოღმა და წყენა გვერდზე გადადონ, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს გაუღიმონ და ხელიც ჩამოართვან.
       
        მთელ გვერდზე