„დერეფანი“ მიშასა და ბიძინას შორის

        პარლამენტის ოპოზიციურ ფრაქციაში სკანდალური Hearing-ის დროს (მამა-პაპური „კეთილებისგან“ განსხვავებით, სულაც ცივილიზებული კონოტაციის ტერმინია) პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ქართულმა მხარემ გააფორმა კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანია SGS-თან რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ ე.წ. „სავაჭრო დერეფნებზე“.
       ეს თემა, რასაკვირველია, თითქმის ჩაიკარგა „კეთილებში“. არადა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. შეიძლება ისტორიულიც კი.
       მოკლედ არსის შესახებ: 2011 წელს, ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ზეწოლით, რომელიც პრეს-კონფერენციაზე დაპირდა „პრეზიდენტ“ მედვედევს WTO-ში გაწევრებას, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია იძულებული გახდა (!) მოეხსნა „ვეტო“ რუსეთის შესვლაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. იმ დროისთვის მოსკოვმა უკვე აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, ანუ შეიქმნა თითქოს გადაულახავი იურიდიული და პოლიტიკური კოლიზია, როდესაც კრემლი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევით ახორციელებდა ვაჭრობას და ტვირთბრუნვას WTO-ს ერთ-ერთი სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოს (საქართველოს) რეგიონებთან.
       პრეზიდენტ ობამას სურდა, ხსენებული წინააღმდეგობა გადაეწყვიტა, ანუ „პრეზიდენტ მედვედევისთვის“ (სინამდვილეში პუტინისთვის) მიცემული პირობა შეესრულებინა საქართველოს ხარჯზე! ესე იგი თბილისი აეძულებინა ულაპარაკოდ ხელი მოეწერა იმაზე რასაც ეტყოდნენ და მაგიდაზე დაუდებდნენ.
       ბუნებრივია, ვაშინგტონის ზეწოლას პატარა საქართველო დიდხანს ვერ გაუძლებდა. მაგრამ სააკაშვილმა, ჩვეული თავხედობით და „მიწოლით“, სიტუაციიდან მაინც „გამოწურა“ იმის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო თეორიულადაც კი: ჯერ ერთი, აიძულა ობამა პირადად შეხვედროდა, რაც ამ უკანასკნელს ძალიან არ უნდოდა, რაკი იმ დროისათვის, საქართველო უკვე „ჩააბარა“ სამარცხვინოდ მოსკოველ „კალათბურთელებს“; გარდა ამისა, თბილისმა მიაღწია იმგვარი შეთანხმების გაფორმებას მოსკოვთან, რომელიც ქვეყანას „სახეს“ მაინც უნარჩუნებდა, პირდაპირ არ არღვევდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არ აყენებდა ეჭვქვეშ იურიდიულ „საყრდენებს“ და მოსკოვსაც უქმნიდა გარკვეულ პრობლემებს სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობაში;
       . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
       ამ ბოლო მომენტს ჩვენში თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას: 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება თავიდანვე ძალიან არ ეპიტნავათ აფხაზ და ოს სეპარატისტებს, რადგან დოკუმენტში მათი ხსენებაც არ ყოფილა: არც შეთანხმების მომზადებაში, არც მის გაფორმებაში სოხუმს და ცხინვალს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ; კონკრეტული „ლოკაციები“ კი მხოლოდ გეოგრაფიული კოორდინატებით, „გრძედითა“ და „განედით“ დაფიქსირდა.
       შესაბამისად, მოსკოვი აღმოჩნდა ძნელადგადასაწყვეტი დილემის წინაშე: რაკი აღიარებდა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობას, მაშინ ამ აღიარების საჯარო „დაკნინებად“ სჩანდა მათი ინტერესების და საერთოდ არსებობის იგნორირება ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაფორმებისას; მაგრამ თუ დაიჟინებდა „დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ ხსენებას ხელშეკრულებაში, მაშინ საქართველო ხელმოწერაზე უარს იტყოდა და ბარაქ ობამაც კიდევ უფრო (!) იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა თბილისზე ზეწოლის გაგრძელებისას, რაკი ამერიკა არ სცნობდა 2008 წლის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად ჩამოყალიბებულ რეალობას.
       შესაბამისად, 2011 წლის შეთანხმება იყო რთული დიპლომატიური კომპრომისის შედეგი. „ქაღალდზე“ გაიწერა (თუმცა, რეალურად მაშინ არ განხორციელებულა!) შემდეგი ალგორითმი: რუსეთსა და საქართველოს შორის შეიქმნებოდა სამი სავაჭრო დერეფანი. პირობითად: „სოჭი-ზუგდიდი“, „ვლადიკავკაზი-გორი“ და „ვლადიკავკაზი-ყაზბეგი“. მესამე დერეფანი ფორმალობა იყო და უკვე მოსკოვის „სახის შენარჩუნებას“ ისახავდა მიზნად.
       სეპარატისტულ რეგიონთა თავშიც და ბოლოშიც (მათ შორის, გორსა და ზუგდიდში) დადგებოდნენ ნეიტრალური „მონიტორები“ (დამკვირვებლები, იგივე „აღმნუსხავნი“), რომლებიც ფიზიკურად გააკონტროლებდნენ ტვირთბრუნვას. მათ შორის სეპარატისტულ რეგიონთა ტერიტორიაზე - GPS ტექნოლოგიებით. ეს ბოლო პუნქტი ყველაზე მეტად აცოფებთ ჩვენს სეპარატისტებს.
       ამ კომპრომისის შედეგად, რუსეთმა გადალახა „უკანასკნელი წინაღობა“, გაწევრიანდა WTO-ში და......სულ მალე, - უკრაინის ნაწილობრივი ანექსიისთანავე, - ეს „წესდება“ თავზე გადაახია იმ სამარცხვინო ობამასაც და ყველა იმ უბადრუკ ევროპელ ლიდერსაც, ვინც მაშინ საქართველოს „აწვებოდა“: „თქვენს გამო მსოფლიო ვაჭრობა რატომ უნდა დაზარალდეს - რუსეთის შემოსვლა ამ ორგანიზაციაში მთელი მსოფლიოს ინტერესებშიაო“.
       დღეს „რატომღაც“ აღარ ახსოვთ იგივე „წესდება“, როცა მოსკოვმა ხამონის იმპორტი აკრძალა. აქაოდა, მეტად მავნებელია ჩვენი მოქალაქეების ნაზი ორგანიზმისთვისო.
       საერთოდ, WTO მოსკოვს მხოლოდ „დერჟავული პრესტიჟისთვის“ სჭირდებოდა და არა მისი წესებით სამოქმედოდ, რაკი „დიდი რვიანის“ (G8) და „დიდი ოცეულის“ (G20) წევრი ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც WTO-ში ვერ შედიოდა. ამის გამო პუტინიც და მედვედევიც ბევრჯერ „გააწითლეს“ სანკტ-პეტერბურგის ბიზნეს-ფორუმებზე მსხვილმა უცხოელმა ინვესტორებმა.
       . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
       ყოველივე ზემოთთქმული წარსულია. უკვე ლამის ისტორიაა. 2011 წლის შეთანხმება საერთოდ აღარავის ეხსომებოდა, რომ არა რუსეთის დაჟინებული მოთხოვნა, რაიმენაირად გამოძებნილიყო ალტერნატიული მარშრუტები და ლოჯისტიკური ხერხები, - სომხეთთან დასაკავშირებლად.
       საქართველოს ამგვარი „ალტერნატიული მარშრუტები“ ბევრად ნაკლებად სჭირდება ვიდრე სომხეთს. ბოლოს და ბოლოს, რუსეთმა გააუქმა ემბარგო ქართული პროდუქციის ექსპორტზე, ხოლო რუსული ბაზრის ასათვისებლად, არსებული კომუნიკაციებიც კმაროდა: „სამხედრო გზა“ თუ ხშირად იკეტება, საქართველოს საზღვაო მარშრუტიც აქვს საკუთარი პორტებიდან (ფოთი, ბათუმი.....) და ამ მარშრუტის გამოყენება ბევრად იაფი უჯდება, ვიდრე იმავე სომხეთს.
       მაგრამ რუსეთმა შემთხვევით როდი გააუქმა ყოვლისმომცველი ემბარგო 2012 წელსვე: მისი მიზანი იყო, „შეესვა“ ქვეყნის მთავრობა იმ „ნარკოტიკულ ნემსზე“, რომლის ერთბაშად მოშორება არათუ მტკივნეული, არამედ დამანგრეველი იქნება: ხუთი წლის განმავლობაში, გრიგორი კარასინი მუდმივად აფრთხილებდა ზურაბ აბაშიძეს, რომ საკითხი „გადასაწყვეტია“ და თუ თბილისი ამას არ დაეთანხმება, მაშინ მოსკოვი ერთბაშად ისევ აკრძალავს ღვინის, მინერალური წყლების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს; შეწყვეტს ფრენებს და ტურისტულ ნაკადს, ამით მომენტალურად შექმნის სერიოზულ ფინანსურ, ეკონომიკურ, მაშასადამე პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში!
       . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
       დღეს რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა (!) ქართული პროდუქციის იმპორტით. რუსეთიდან ასეულობით ათასი ტურისტი შემოდის და საკმარისია ეს არხები დაიხუროს, დოლარი თბილისში 4 ლარზე „ავარდება“, რასაც აუცილებლად მოჰყვება ქვეყანაში ტოტალური პოლიტიკური „აფეთქება“! მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტის უკვე თითქმის გარდაუვალი ექსტრადირებისთვის ემზადება.
       რასაკვირველია, მოსკოვში საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს „პროფესიულად“ აკვირდებიან; მათ შორის ხელისუფლებაში ჩანერგილი „სექსოტების“ მეშვეობით.
       როგორც ჩანს, ბოლო დროს კარასინის „ნამიოკებმა“ ულტიმატუმის სახე შეიძინა და კვირიკაშვილის მთავრობამაც გადაწყვიტა ემოქმედა, ოღონდ ემოქმედა შეძლებისდაგვარად ისე, დამატებითი პრობლემები შეექმნა მოწინააღმდეგისთვის.
       დავაკვირდეთ: ქართულმა მხარემ, ჯერ-ჯერობით, ცალმხრივად მოაწერა ხელი კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან ისე, რომ მოსკოვის ანალოგიურ ნაბიჯს არ დაელოდა. ზოგიერთი ცნობით, კონტრაქტზე ხელმოწერის დრო რუსებთან არც შეუთანხმებიათ; მოაწერეს ხელი ზუსტად იმას, რაც გაფორმდა 2011 წელს. მართალია იქ „სომხეთი“ ან „მესამე ქვეყანა“ ნახსენები არ არის, მაგრამ ამგვარი ტრანზიტი იმ დოკუმენტის არც „ასოს“, არც „სულისკვეთებას“ არ ეწინააღმდეგება.
       ერთი სიტყვით......ერევანში შვებით ამოისუნთქეს, სომხეთის პრეზიდენტი თბილისში ვიზიტისთვის ემზადება (ბუნებრივია, ეს უბრალო დამთხვევა არ არის), მოსკოვი კი მაინც არ აწერს, ჯერ-ჯერობით, ხელს იმავე დოკუმენტს!
       რატომ? იმიტომ, რომ ანალოგიური კონტრაქტის გაფორმება შვეიცარიულ კომპანიასთან (არადა, კონტრაქტი სწორედაც შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ზუსტად „ანალოგიური“ იყოს უკვე ქართული მხრიდან გაფორმებულისა) კვლავ უქმნის „იმიჯურ“ პრობლემებს მის მიერ აღიარებულ „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან მიმართებაში;
       სეპარატისტები წივიან, კივიან, თმებს იგლეჯენ, ტანისამოსს იხევენ (ოღონდ „დახურულ კარს მიღმა“ ჯერ- ჯერობით), რეგულარულად ხვდებიან „გოსდუმის“ დეპუტატებს, საკუთარ ლობისტებს, ემზადებიან ხმაურიანი ინტერვიუებისთვის და აცხადებენ, რომ სანამ „თანასწორუფლებიან“ მონაწილეობას არ მიიღებენ ხელშეკრულების გაფორმებაში, სანამ საქართველო მათ დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მანამ არანაირ ტვირთებს ცხინვალზე არ გაატარებენ.
       . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
       ახლა სწორედ ეს „დუღილი“ მიდის ვლადიკავკაზსა და მოსკოვს შორის. სეპარატისტები (ოსნიც და აფხაზნიც) ისე არიან გატრუნულნი ბერნში გაფორმებული კონტრაქტის გამო, თითქოს მათ არ ეხებათ.
       მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ ამ „დახურული დაგნარის“ შედეგად მოსკოვმა მაინც მოახერხა (არადა, თუ მართლა მოინდომებს, იოლად მოახერხებს) მათი „გატეხვა“ და აიძულა მიიღონ რეალობა, ესე იგი თუკი მოსკოვმაც გააფორმა კონტრაქტი შვეიცარიელებთან, მაშინ კვლავ საქართველოს მთავრობა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში: რამდენიც არ უნდა იძახოს პრემიერმა კვირიკაშვილმა და მისი მთავრობის წევრებმა „ეს ხელშეკრულება ხომ მიშამ გააფორმა 2011 წელსო“, ფაქტია, მიშას იგი რეალურად არ აღუსრულებია, ანუ „მებაჟე დამკვირვებლები“ ზუგდიდსა და გორში არ შემოუყვანია მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ფორმალურად მართლა იკისრა.
       არგუმენტი „თვითონ არ მოაწერესო?!“ არ გაჭრის. იმიტომ, რომ რეალურად მაშინ არ განხორციელებულა და მიშა არც აპირებდა ამის განხორციელებას!
       პოლიტიკაში კი არსებითია „დღეს“ და არა „მაშინ“; „On the ground“ და არა „May be there...“

        მთელ გვერდზე