შევარდნაძის მემკვიდრეები

შევარდნაძის მემკვიდრეები

        მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში, როგორც საშინაო, ასევე საგარეო თვალსაზრისით, ბევრი რამ საგულისხმო ხდება, ყველაზე საინტერესოა მაინც დაკვირვება იმ პროცესისა, რომელიც სახელისუფლებო ოლიმპზე ვითარდება.
        ვანო ზოდელავას განცხადებამ შევარდნაძის მესამე ვადის შესახებ, მაშინ როდესაც ჯერ მეორე ვადაც არ დაწყებულა) მოწმენდილ ცაზე მეხივით დაიქუხა – თუმცა «ოლიმპის» ბინადარნი, თვით პრეზიდენტის ჩათვლით, ამ განცხადებას საკმაოდ მშვიდად შეხვდნენ, ვინაიდან ობიექტურად აღიქვეს იგი, როგორც სულ სხვა ეპოქის (2003-2005 წლების) პრობლემა.
        ოღონდ, ამის მიუხედავად, ქალაქის მერმა, როგორც ერთმა ჟურნალისტმა შეაფასა მისი ქმედება, «ათიანში გაარტყა». ამ გასროლას უშუალოდ დღევანდელ ვითარებაზე ზეგავლენა არ მოუხდენია. დღეს სულ სხვა პრობლემა დგას დღის წესრიგში. პოლიტიკოსები სტრატეგიას კი ითვალისწინებენ, მაგრამ ყოველთვის ტაქტიკურ ურთიერთქმედებას ანიჭებენ უპირატესობას, ვინაიდან პოლიტიკოსი, მესანგრესავით, მხოლოდ ერთხელ ცდება.
        ასე შეცდა «ერთხელ» ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი - ირინა სარიშვილი, როდესაც 7 პროცენტიანი ბარიერი დააწესა და «ოლიმპიდან» ჩამოცურდა. ვერც მემარჯვენე ძალების გაერთიანება შეძლო და საკუთარი ელექტორატის დიდი ნაწილიც - «მოქალაქეებს» გადასცა ძალაუნებურად, ვინაიდან მაღალი კვოტის პირობებში, - შიშითა და «აღორძინების» სიძულვილით - მისი ელექტორატის ერთმა ნაწილმა ისევ «მოქალაქეებს» მისცა ხმა.
        მთავრობის უკანასკნელ სხდომაზე, სატელევიზიო «ხატის» მიხედვით, რომელიც 1-მა არხმა, მართლაც საკმაოდ ხატოვნად შემოგვთავაზა, ედუარდ შევარდნაძეს მხარს უმშვენებდნენ ზურაბ ჟვანია და ვაჟა ლორთქიფანიძე.
        ეს საკმაოდ ნიშანდობლივი მიზანსცენა უეჭველად წინასაარჩევნო რეჟისურის ნაწილი იყო და არა უბრალოდ შემთხვევითობა.
        ფორმალურად, იმ დღეს, მთავრობა (პრეზიდენტის ხელმძღვანელობით) იხილავდა პარლამენტთან აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობის ახალი ტექნოლოგიის განმსაზღვრელ კანონს, მაგრამ ვიმეორებ: ეს მხოლოდ ფორმალური საბაბი იყო.
        სინამდვილეში, «მოქკავშირი» ამ მიზანსცენით ცდილობდა დაედასტურებინა მმართველი ელიტის ერთიანობა საპრეზიდენტო არჩევნების წინ და გაებათილებინა ჭორები განხეთქილების თაობაზე.
        შევარდნაძის გვერდით ბეღურებივით გატრუნულ ორ ყველაზე პრესტიჟულ პოლიტიკოსს კი, რა თქმა უნდა, საკუთარი, სამომავლო (2005 წლისათვის) პერსპექტივაც უთბობდა გულს. თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ ერთი, 5 წლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძის წასვლა სულაც არ არის გადაწყვეტილი საქმე და შევარდნაძის მემკვიდრეობისთვის ბრძოლის დაწყება ნამდვილად ნაადრევია.
        გარდა ამისა, დღეს უფრო თვით პროცესის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი.
        ჟვანიასა და ლორთქიფანიძის ინტერესები, ტაქტიკური თვალსაზრისით, ერთმანეთს ემთხვევა. ისინი უეჭველად ცდილობენ დაუდასტურონ ახალ ქართულ ელიტას, რომელიც თანდათანობით, მაგრამ განუხრელად ცვლის ძველს, - თავიანთი ერთიანობა, რათა უზრუნველყონ ელიტის კონსოლიდაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი სხვა ლიდერთა (ან ლიდერის) ძებნას დაიწყებს, - ვინც დაიკავებს «მეორე პოსტს», და აღიჭურვება მემკვიდრის ქარიზმით. თუმცა, ასეთ ლიდერს ვერ იპოვიან და სწორედ ეს გახლავთ ყველაზე საინტერესო საკითხი ჟვანია -ლორთქიფანიძის ელიტურ პარადიგმაში.
        საქმე ისაა, რომ თვით ახალი ქართული ელიტის (ამჯერად მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას არ ვგულისხმობ) თვისებრიობა გამორიცხავს აბსოლუტურ გაერთიანებას ერთი რომელიმე ფიგურის ირგვლივ, ვინაიდან ამ ელიტის წარმომადგენლები სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის ადამიანები არიან, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
        დავაკვირდეთ: წლების განმავლობაში საზოგადოებაში სუფევდა აზრი, რომ მოქალაქეთა კავშირში განხეთქილებაა, «ძველებს» («ძველ ელიტასა») და «ჟვანიას ჯგუფს» შორის.
        ამ თეორიაზე მრავალი პოლიტოლოგიური კონცეფცია აიგო, მაგრამ ზურაბ ჟვანიას (უეჭველად) უზადო პოლიტიკური ნიჭი, ეშმაკობა და ალღო სწორედ იმაში გამოიხატა, რომ იგი მიხვდა: ასეთი ტიპის დაპირისპირებით საბოლოოდ უეჭველად წააგებდა. ამიტომ, სწორედ ჟვანიამ უზრუნველჰყო ვაჟა ლორთქიფანიძის «მოსვლა» ოლიმპზე - ეს არ იქნებოდა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის ინიციატივა, თუმცა «ბაბუ» რასაკვირველია ყველაფერს ხედავდა და ხვდებოდა, მაგრამ ზემოთ ხსენებულიო პარადიგმა არათუ ეწინააღმდეგებოდა მის ინტერესებს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო ამტკიცებდა და აძლიერებდა მის პოლიტიკურ საყრდენს.
        თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ედუარდ შევარდნაძე ამ საყრდენს (მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული თამაშის წესების პირობებში) – ნათლად წარმოჩინდა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც შევარდნაძე უშუალოდ ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე ძალიან ძლიერი სვლაც გააკეთა მთავარი მოწინააღმდეგის დასასუსტებლად.
        მაგრამ რაში მდგომარეობდა ჟვანიას ინტერესი, როდესაც იგი ყოველმხრივ ხელს უწყობდა ლორთქიფანიძის ფიგურის გაძლიერებას (გავიხსენოთ, რა უპრობლემოდ «გავიდა» პარლამენტში წინადადება სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებათა გაზრდის შესახებ)?
        უეჭველია, რომ ზურაბ ჟვანიას უმთავრესი მიზანი (რასაც ტაქტიკური მოსაზრებებით ადვილად დაეთანხმა პრეზიდენტი) იყო «მმართველი ელიტის» იმ ნაწილის როტაცია, რომელსაც პირობითად შეიძლება ძველი პარტიული ნომენკლატურა ვუწოდოთ.
        ჟვანიას გონებამახვილური გათვლა უდავოდ იმაში მდგომარეობს, რომ ლორთქიფანიძე «მოიყვანს» ელიტაში თავის გუნდს, - კომკავშირული ნომენკლატურის იმ თაობას, რომელიც დღემდე დიდწილად შევარდნაძის გვარდიის ჩრდილში იმყოფებოდა.
        გარდა ამისა, მას ისევ შესანიშნავად ესმის, რომ მხოლოდ ამერიკასა და საფრანგეთში უმაღლესდამთავრებული «ბრწყინვალე ახალგაზრდებით» წარმატებას ვერ მიაღწევს – რეალობის გათვალისწინებით, ახალი ქართული ელიტაც ორი «სუბიექტის ფედერაციად» უნდა დარჩეს და უნდა გააერთიანოს როგორც «დასავლური ელიტა», ასევე «ნომენკლატურული ტექნოლოგია».
        დავაკვირდეთ ჟვანიას საარჩევნო სიას რომლითაც დაკომპლექტდა პარლამენტი: სულ უფრო და უფრო მეტი ახალი სახე, ახალგაზრდა ფიგურა – ისინი ზურაბ ჟვანიას დასაყრდენი არიან, მაგრამ დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევს, რომ «ნომენკლატურულ რიგში» (უპირველესად მაჟორიტარებში) გამოჩნდნენ ახალი თაობის წარმომადგენლები.
        ანუ ვაჟა ლორთქიფანიძე ელიტის ძველ-ახალი ნაწილის ლიდერად იქცევა, რაც უზრუნველყოფს ელიტის შეკავშირებასა და გაერთიანებას მათ ირგვლივ.
        ვაჟა ლორთქიფანიძესთან შედარებით კი ზურაბ ჟვანიას ყოველთვის ექნება უპირატესობა, ვინაიდან ელიტის «მისი ნაწილი» უდავოდ აღიარებს მათ უალტერნატივო ლიდერად, მაშინ როდესაც ლორთქიფანიძეს თავის სეგმენტში არა აქვს ისეთი გავლენა, როგორიც ჰქონდათ, ვთქვათ, «ახალგაზრდა ნომენკლატურის» ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც იყვნენ ჟიული შარტავა და მამუკა ასლანიკაშვილი.

7 დღე, 9 თებერვალი, 2000 წელი