ჩვენი საუბარი არჩევნების პირველი ტურის შედეგებით დავიწყოთ. რისი მაჩვენებელია ის შედეგი, რომელის წინაშეც ვდგავართ მერე ტურის წინ?

 

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ  28 ოქტომბრის არჩევნები უკვე იქცა ისტორიულ მოვლენად: ეს არის პირველი ნამდვილად კონკურენტული არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში. და სწორედ ამის წყალობით, მან დაადასტურა კიდეც პოლიტიკისა და არჩევითი დემოკრატიის ფუძემდებლურ კანონთა ურყევობა: საზოგადოება არ ცხოვრობს და ვერც იცხოვრებს წარსულით. იგი ცხოვრობს აწმყოთი და მომავლით! ამდენად, ნებისმიერი ხელისუფლება, დროთა განმავლობაში „ძველდება“, „იჟანგება“ და „ჰყირჭდება ხალხს“. მით უმეტეს, თუ ხელისუფლება არ სცემს პატივს ელექტორალური დემოკრატიის მეთოდებს  თანამედროვე საზოგადოებრივი კომუნიკაციის პირობებში, რასაც ანგლოსაქსები აღნიშნავენ ტერმინებით Leadership და Drive.

ორივე ძალიან უხვად ჰქონდა წინა ხელისუფელებას  და ისიც კი „მოჰყირჭდა“ ბოლოს ხალხს. მით უმეტეს სწრაფი იქნებოდა „დაძველება-დაჟანგვის“ პროცესი საზოგადოებრივი კომუნიკაციის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტების გარეშე. მაგალითად, როდესაც „ჩუმად“ ახორციელებ ისეთ უნიკალურ, მართლა შესანიშნავ, კეთილშობილ პროგრამას, როგორიცაა „C ჰეპატიტის ელიმინაცია“, ამის სათანადოდ „გაფიარებაზე“ უარის თქმა უბრალოდ პოლიტიკური თვითმავნებლობაა. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დილიდან საღამომდე ამაზე ილაპარაკებდა და მოიქცეოდა აბსოლუტურად სწორად! იმიტომ, რიომ საკუთარ სიჯიუტესა და „უცნაურობას“ არ უნდა შესწირო საზოგადოებრივი კომუნიკაციის კანონები. ვერ მოახერხებ და ისინი თავად შეგიწირავენ!

აბა დავსვათ კითხვა: რა უფრო მეტად იყო უნებლიედ „გაფიარებული“ - ეს შესანიშნავი, ღვთისნიერი, საშვილიშვილო პროგრამა თუ „ხეების ცურვა ზღვაში?“. გულწრფელად რომ გითხრა, ვერაფერს ცუდს იმ „ხეებში“ ვერ ვხედავ. უფრო პირიქით: საზოგადოებრივი სივრცის მოწყობაა კერძო ხარჯებით და მეტი არაფერი. მაგრამ აშკარად (თანაც აბსოლუტურად უაზროდ) დაირღვა კომუნიკაციის კანონი და ოპონენტი რომ ამას გამოიყენებდა ძნელი გასათვლელი იყო?

ამასთან, 28 ოქტომბერმა ისიც დაადასტურა, რომ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, იმედგაცრუებას, თუნდაც „გაბრაზებას“ აუცილებლად სჭირდება „გამოხატვის პოტენციალი“, ანუ ყოვლად აუცილებელია დემოკრატიულმა წყობამ საზოგადოების ამ პასსიონარულ (ხსენებულ „გაბრაზებულ“) სეგმენტს მისცეს თავისი ვნების „კანალიზირების“ საშუალება თუნდაც ერთი რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის დაუფლებით!  წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ვნება სხვა გამოხატულებას ანუ კანალიზირების სხვა, არაკონსტიტუციურ არხებს ჰპოვებს, რაც დამღუპველი იქნება. ამიტომ, ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი  ოპოზიციამ მოიგოს და თუნდაც მცირე, სუსტი, მაგრამ კვალიფიციურად ანგაჟირებული და პოლიტიკურად არსებითი „შეკავება-შეწონასწორების“ მექანიზმი შექმნას ამით.

აქვე უნდა ითქვას: ეს რომ საერთოდ შესაძლებელი გახდა ამ ქვეყანაში, ქართული პოლიტიკური კლასის ყველაზე დიდი (შესაძლოა საერთოდ პირველი) წარმატებაა  1991 წლიდან დაწყებული, რაკი არაფერი იმაზე ძვირფასი არაა დემოკრატიაში, როგორც ხელისუფლებათა ბალანსი და ხელისუფლებათა ცვალებადობის  შანსი,  როცა ადამიანები ხედავენ, რომ მათ ხმას აქვს „ფასი“ და ძალა. სწორედ ეს რწმენა ქმნის დემოკრატიასაც და თავისუფალ საზოგადოებასაც.

ამ მიღწევისათვის   მადლობა ეთქმის როგორც ხელისუფლებას, რომელმაც ეს დაუშვა  და ოპოზიციასაც, რაკი 2012 წლის მერე საბოლოოდ არ გაქრა ასპარეზიდან და რეალური ალტერნატივის შექმნა მოახერხა ძლიერი, თუნდაც აგრესიული, თუმცა მუდამ კრეატიული ძალისხმევით.

თუ არ ჩავთვლით ახალქალაქის ამაზრზენ ინციდენტს იმ რეგიონში, რომელსაც საკუთარი ეთნო-სოციალური სპეციფიკა აქვს, ეს არჩევნები მთლიანობაში ნორმალურად მიმდინარეობს. ასევე ნორმალურია (მოსწონს ვინმეს თუ არა) საზოგადოებრივი კომუნიკაციის ის ინსტრუმენტები, რასაც ოპოზიცია იყენებს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად მოკავშირე კრიტიკული ტელევიზიის მეშვეობით.

ბოლოს და ბოლოს, ეს „ინსტრუმენტები“ ხომ დიდად არ განხვავდება მათგან, რასაც დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი იყენებდნენ ამერიკაში, 2016 წლის კამპანიისას.  თუ გავიხსენებთ, ის არჩევნები ამ მხრივ ბევრად სასტიკი და „ბინძურიც“ კი იყო, ვიდრე 2018 წლის საქართველოს  საარჩევნო კამპანიაა.

მესმის, ეს მეთოდები ბევრს აღიზიანებს მათი ცინიზმისა და უმოწყალობის გამო, მაგრამ დიდი უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, ზოგადად,  დემოკრატიის მანკიერებებზე საუბრისას: „დემოკრატია ყველაზე უარესი, ყველაზე საზიზღარი და ამაზრზენი  წყობაა....... ოღონდ თუ ყველა სხვა შესაძლო წყობას არ მივიღებთ მხედველოაბშიო“.

 

მოდი გავიხსენოთ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუ და მისი ფრაზა - “წაიღოს ოპოზიციამ”. როგორ ფიქრობ რატომ შეცვალა ივანიშვილმა თავისი მიდგომა და ახლა ლამის სტალინის ფრაზა გაიმორა - რომ სამშობლო განსაცდელშია. ხომ ცხადი იყო, რომ “ოპოზიცია” რეალურად იყო ან ვაშაძე ან ბაქრაძე, რომელსაც “ოცნება” ისედაც ერთ ყულაბაში მოიაზრებდა?

 

ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ჭკვიანი, გამოცდილი, ეშმაკი, მოხერხებული, ნიჭიერი და ფანატიკურად მიზანსწრაფული მოწინააღმდეგე: მიხეილ სააკაშვილი!

მართლაც, კარგად გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის ეს ინტერვიუ. ფრაზა „წაიღოს ოპოზიციამ“ მოჰყვა სხვა „ნარატივს“: რომ ევროპელები (იგულისხმება ევროკავშირის ლიდერები) „დაბეჯითებით ურჩევდნენ“ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, შეექმნა პოლიტიკური პლურალიზმის წინაპირობები და არ ეცადა დაუფლებოდა საერთოდ ყველაფერს.  ამ „ნარატივით“ იგულისხმებოდა, რომ არანორმალურია, მმართველი პარტია ფლობდეს 3/4-იან საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასევე აკონტროლებდეს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა საკრებულოს, ყველა მერიას, ყველა სოფლის ადმინისტრაციას და ა.შ და ა.შ.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ევროპული „ნარატივის“ გაძლიერებაში და შესაბამისი მოთხოვნების ინტენსიფიცირებაში, მიხეილ სააკაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა. იგი ყოველნაირად ცდილობდა, ექცია „პოლიტიკური პლურალიზმი“ და „საყოველთაო კონტროლზე უარის თქმა“ კატეგორიულ, იმპერატიულ  მოთხოვნად, რასაც ევროკავშირი ბიძინა ივანიშვილს წაუყენებდა. ამ მიზნით, მიხეილ სააკაშვილი რეგულარულად  ხვდებოდა ევროპელ ფუნქციონერებს, ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან (მათ შორის ანგელა მერკელთან) სხვადასხვა სახის კომუნიკაცია და ა.შ. როგორც ყოვეთვის, მიშა დიდოსტატურად ლაპარაკობდა „ევროპელთა ენაზე“ ანუ ამ მათთვის გასაგებ, ჰაერივით ბუნებრივ  „ენაზე“ არწმუნებდა მათ,  მწვავედ დაესვათ საპრეზიდენტო არჩევნების  წინ ბიძინა ივანიშვილის წინაშე ეს საკითხი.

ჰოდა დაისვა! რაც, ვიმეორებ, ივანიშვილმა აღიარა საკუთარ ინტერვიუში და მხოლოდ ამ კონტექსტში თქვა: „წაიღოს ოპოზიცამ“.

მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაუშვებდა უმძიმეს შეცდომას და/ანუ შეეცდებოდა შეუთავსებლის-შეთავსებას. ესე იგი,  ერთის მხრივ „ევროპული მოთხოვნა“ დაეკმაყოფილებინა, მაგრამ მეორეს მხრივ „ქართული ოცნების“ იმ ლიდერთა აბსოლუტურად გასაგები განწყობაც გაეთვალისწინებინა, რომ წარმოუდგენელია, მმართველმა პარტიამ საერთოდ არანაირი ფორმით არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მით უმეტეს 2020 წლის საბედისწერო არჩევნების წინ.

სწორედ აქედან იშვა „მახინჯი კომპრომისი“ - კატასტროფული შეცდომა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი პარტია „სანახევროდ ჩაერთო“ არჩევნებში, დაასახელა ვითომ „დამოუკიდებელი კანდიდატი“, რომელსაც, ასევე, თავისთავადი რენომე უნდა ჰქონოდა. ანუ, ნებისმიერი საზოგადოებრივად ანგაჟირებული და ცნობადი სახე (ვთქვათ ვინმე აკადემიკოსი ან ვინმე ხელოვანი) ნამდვილად ვერ გახდებოდა ამგვარი „დამოუკიდებელი კანდიდატი“. პერსონალურად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ამ მხრივ გარდაუვალი და ბუნებრივი იყო, მაგრამ ეს კანდიდატურა ხომ იმასაც გულისხმობდა, რომ იგი აუცილებლად იქცეოდა „მოხერხებულ სამიზნედ“ ბევრად მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა.

ოღონდ უკეთესი გამოსავალი  „ოცნებას“ უკვე აღარც ჰქონდა იმ ვითარებაში, როდესაც იძულებული გახდა ეძება „საშუალედო“ ვარიანტი ერთის მხრივ ევროპის მოთხოვნასა და მეორეს მხრივ საკუთარი სახელისუფლებო პარტიის ინტერესებს შორის - „არც მწვადი დაეწვა და არც შამფური“.

 თორემ, თუ ბიძინა ივანიშვილი ამგვარი დილემის წინაშე არ აღმოჩნდებოდა, ანუ დავით სერგიენკოს ან კახი კახიშვილს დაასახელებდა ჩვეულებრივ, პარტიულ კანდიდატებად, გარწმუნებ, ისინი პირველივე ტურში მოიგებდნენ ამ არჩევნებს, რაკი მათ წინააღმდეგ ასეთი არგუმენტები არ იარსებებდა.

მიხეილ სააკაშვილმა, ჩვეული ნიჭით, ალღოთი და „მგლური გუმანით“,  ეს კომბინაცია წინასწარ გათვალა! ამაში ურყევად ვარ დარწმუნებული. საბოლოოდ კი, როგორც შენ სწორად აღნიშნე, მივიღეთ ცოტა არ იყოს ტრაგიკომიკული სიტუაცია, როდესაც მმართველი პარტია ჯერ ვითომ გულგრილად გაემიჯნა  არჩევნებს, შემდეგ საკმაოდ ცივად დაასახელა „დამოუკიდებელი კანდიდატი“, მერე, როცა ბრძოლა გამწვავდა,  თქვა „დამოუკიდებელი კია, მაგრამ მთელი ჩვენი პარტიული რესურსებით და ფინასებით დავეხმარებითო“ ......ბოლოს კი დაასრულა მოწოდებით: „გამოდით, მხარი დაგვიჭირეთ, თორემ ვიღუპებით, სამშობლო საფრთხეშია!!!“

 

ჩვენ ამაზე გვისაუბრია, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ხომ არ გეჩვენება, რომ “ოცნებამ” ძალით აიტკივა თავი “დამოუკიდებლის წამოკიდებით” და როგორ ფიქრობ იქნებოდა იგივე შედეგი, რომ პარტიას თავისი კანდიდატი დაესახელებინა ან თუნდაც ივანიშვილის დაესახელებინა საკუთარი თავი?

 

ნამდვილად „აიტკივა თავი“, ოღონდ „აუტკივარი“ არ ყოფილა.

ბიძინა ივანიშვილი მისმა ოპონენტმა უდიდესი ოსტატობით დააყენა არჩევანის წინაშე „ცუდსა“ და „უარესს“ შორის როცა ევროპელების მეშვეობით „დაუბლოკა“ შედარებით უმტკივნეულო გამოსავალი: „ოცნებას“ დაესახელებინა პარტიული კანდიდატი -  დავით სერგიენკო ან კახი კახიშვილი, რომლებიც არა უპრობლემოდ, თუმცა მთლიანობაში დამაჯერებლად მოიგებდნენ ამ არჩევნებს პირველივე ტურში.

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს დარჩა ორი არჩევანი. ერთი მათგანი იყო „ცუდი“, ანუ „ოცნებას“ საერთოდ არ დაესახელებინა კანდიდატი, ხოლო მეორე „უარესი“ - მხარი დაეჭირა ე.წ. „დამოუკიდებელი“ კანდიდატისთვის, ესე იგი „სანახევროდ“ ჩართულიყო პროცესში. პარტიის ელიტამ ივანიშვილი აიძულა გაეკეთებინა არჩევანი „უარესის“ და არა „ცუდის“ სასარგებლოდ, რასაც დაემატა კატასტროფული პერსონალური არჩევანი - უსუსტესი კანდიდატისა, რომელიც ლეგიტიმური სამიზნე გახდებოდა ოპოზიციისთვის მისივე გამაოგნებელი განცხადებების გამო.

რაც შეეხება თვით ბიძინა ივანიშვილის კანდადატურას. ამის დრო იყო 2013 წელს. 2018 წელს ეს შესაძლოა გვიანიც ყოფილიყო, რადგან ბატონ ბიძინას არა აქვს პოლიტიკოსისათვის ყოვლად აუცილებელი უნარი -  საზოგადოებრივი კომუნიკაციისა, რაც დადასტურდა ორივე ტელე-ინტერვიუს დროს.

 

 

და მაინც, რა არის მთავარი მიზეზი ივანიშვილის წარუმატებლობის? მოდი ვაღიაროთ, რომ ეს შედეგი სწორედ მისი მარცხია და არა ვაშაძის წარმატება

 

აბსოლუტურად გეთანხმები. იმდენად ოპოზიციამ კი არ მოიგო, არამედ ხელისუფლებამ  წააგო, მაგრამ ამასაც მიღწევა სჭირდებოდა ოპოზიციის მხრიდან და ოპოზიციამ ამას მიაღწია იმ ძალიან ძლიერი, ჭკვიანური  კამპანიით, რაც აწარმოა.

ახლა, რაც შეეხება მიზეზებს. როგორც ვთქვი, ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია პოლიტიკოსისათვის ყოვლად აუცილებელი თვისებები. მათ შორის საზოგადოებრივი  კომუნიცირების ნიჭი.......ზოგადად, პოლიტიკოსის ნიჭი ერთ-ერთი უიშვიათესი ნიჭთაგანია და ამას კაცობრიობის ისტორია ადასტურებს.

 მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი უნიჭო ადამიანია იმ სფეროში, რასაც მისდევდა პოლიტიკაში მოსვლამდე. შეგახსენებ, რომ კახა ბენდუქიძე (არა ვინმე სხვა, არამედ სწორედ კახა ბენდუქიძე - ნათელი გონებისა და უდიდესი ერუდიციის ადამიანი) ამბობდა მასზე თავის „ვიწრო წრეში“, რომ ივანიშვილი საოცრად ნიჭიერი ბიზნესმენია. 

სხვათა შორის, კახა ბენდუქიძეს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი ბიძინა ივანიშვილსა და ბერეზოვსკის, გუსკინსკის, აბრამოვიჩსა თუ რუსულ ოლიგარქატში შემავალ სხვა ბანდიტებს შორის. ეს ფაქტია.

ალბათ ბიძინა ივანიშვილი მართალია, როცა ამბობს, რომ აქვს კადრების შერჩევის უნარი. ოღონდ ბიზნეს-მენეჯმენტი კარდინალურად განსხვავდება პოლიტიკისგან.  და ეს ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა.

აი დავაკვირდეთ იმ უმძიემს შეცდომებს, რაც ივანიშვილმა დაუშვა მიმდინარე ბრძოლაში: მან დაიახლოვა პოლიტტექნოლოგები და მრჩევლები, რომლებიც მას, როგორც ჩანს  აწვდიან აბსოლუტურად მცდარ, სტერეოტიპულ, „სწორხაზოვან“ ინფორმაციას იმაზე, თუ რამ განაპირობა მარცხი პირველ ტურში: რომ თითქოს ეს მოხდა „ხალხის გაბრაზების გამო“, რომ „ხალხს იმედი გაუცრუვდა“, რომ „უდიდესი სიღატაკეა“ ქვეყანაში და ა.შ და ა.შ.

რა თქმა უნდა ქვეყანაში არსებობს სიღატაკე, არიან სასტიკად განაწყენებული, 2012 წლის შემდეგ იმედგაცრუებული ადამიანები, უამრავი ადამიანია „გაბრაზებული“, მათ შორის აღშფოთებული „ფარცხალაძეთა სინდრომით“. თანაც ყველა ეს კატეგორია საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

მაგრამ პირველ ტურში განცდილი მარცხის მთავარი მიზეზი ეს არ ყოფილა. მთავარი იყო ის, რომ ოპოზიციამ, მისი უძლიერესი, ძალიან ნიჭიერი, კრეატიული და პოპულარული მედია-რესურსის მეშვეობით, ხელისუფლების სისუსტეში, უძლურებაში, გაუბედავობაში, უმწეობაში   დაარწმუნა, ჯერ ერთი ე.წ. „მერყევი ამომრჩეველი“ (რომელიც პოლიტიკას „გვერდიდან“ უყურებს, როგორც გლადიატირთა ბრძოლას და მუდამ მის თვალში უფრო „მაგარს“ აძლევს მას) და ასევე მშვიდობა-სტაბილურობის მოსურნე უმრავლესობა. დააკვირდი: „გენერალური ხაზი“ ის იყო,  რომ ხელისუფლება არის სუსტი, შეშინებული, დაბნეული, გაუბედავი და ა.შ.

აი ზუსტად ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ გაანჩხლებული, გაბრაზებული, სასტიკად უკმაყოფილო და ხელისუფლების „დასჯის“ მოსურნე ამომრჩეველი მობილიზებულად მივიდა საარჩევნო ყუთთან, მას შეუერთდა ის კატეგორია, ვინც მუდამ „დაბნეულ-დასუსტებულის“ წინააღმდეგ აძლევს ხმას ყველა არჩევნებზე, ხოლო „ოცნების“ პოტენციურმა ამომრჩეველმა, რაკი ხელისფლების დაბნეულობა - სისუსტე დაინახა, „ხელი ჩაიქნია“ და არჩევნებზე აღარ მივიდა.  

ბოლო  ერთი თვის განმავლობაში ამომრჩევლის ამ კატეგორიას  („ოცნების“ პოტენციურ ამომრჩევლებს) შეუქმნეს პერმანენტული ფსიქოლოგიური დისკომფორტი. ეს კი ყველა ხელისუფლებისთვის მუდამ ძალიან საშიშია, რადგან თუ ხელისუფლება ვერ „ანეიტრალებს“ ამ დისკომფორტს, მაშინ მისი პოტენციური ამომრჩეველი ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან მიდის და „შვებისმომგვრელად“ ოპოზიციას აძლევს ხმას, რათა  ეს დისკომფორტი მოიშორის.

მით უმეტეს, როდესაც კანდიდატად დაასახელეს პერსონაჟი, ვინც მხოლოდ აძლიერებდა ამ დისკომფორტს და სრულიად ლეგიტიმურ „სათქმელს“ აძლევდა ოპოზიციას მისი განცხადებებით „ომის“ შესახებ, რასაც რაციონალური ახსნა უბრალოდ არა აქვს.

ზოგს მიაჩნია, თითქოს „ფსიქოლოგიური დისკომფორტი“, (თუნდაც იმავე „ომის“ თემაზე) რაც ოპოზიციურმა მედიამ შექმნა, ამომრჩეველზე ვერ იმოქმედებს, რაკი საარჩევნო ყუთთან რომ დარჩება მარტო, მაინც „იმ“ გადაწყვეტილებას  მიიღებს, მაგრამ ნურას უკაცრავად: ადამიანი მორალური არსებაა და ასე არ არის - მივიდეს და კოგნიტიური დისონანსიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური დისკომფორტის მიუხედავად, მაინც იმ ადამიანს მისცეს ხმა, ვისაც „სამშობლოს მოღალატედ“ აცხადებენ, იგი კი ან თავის მართლების  რეჟიმშია მუდამ, ან კომენტარს საერთოდ არ აკეთებს.

ამიტომ თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტტექნოლოგებსა და მრჩევლებს უნდოდათ იმის გაგება, რატომ დადგა პირველ ტურში ის შედეგი, რაც დადგა, ისინი პირველ რიგში იმას კი არ უნდა დაკვირვებოდნენ, რამდენი „გაბრაზებული“, „იმედგაცრუებული“, „გაანჩხლებული“ ადამიანი მივიდა არჩევნებზე, არამედ იმას, თუ რამდენი პოტენციური ამომრჩეველი არ მივიდა და რაც მთავარია, რატომ არ მივიდა!

ვიმეორებ: არ მივიდა იმიტომ, რომ ხელისუფლება „წარმოჩინდა“ როგორც სუსტი, გაუბედავი, დაბნეული, უუნარო, „უკვე წამსვლელი“ და მტრების მიერ დაჩაგრული.

შეგახსენებ, თუ რატომ წააგო მიხეილ საააკშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები. არ დაიჯერო, თითქოს მთავარი მიზეზი გახდა საზოგადოების სამართლიანი (ნამდვილად სამართლიანი!) აღშფოთება „ციხის კადრების“ გამო. სინამდვილეში მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლება გამოიყურებოდა, როგორც სუსტი, დაბნეული და გარკვეულწილად შეშინებულიც კი. აი ამან განაპირობა სინამდვილეში მისი მარცხი და არა უშუალოდ „ციხის კადრებმა“. ასეთია პოსტსაბჭოური საზოგადოების მენტალობა! არა მხოლოდ საქართველოში

არადა, როგორ მოიქცნენ ბიძინა ივანიშვილის PR-ტექნოლოგები თუ „იმიჯმეიკერები“ პირველი ტურის შემდეგ? რა რჩევები მისცეს ბატონ ბიძინას? ნაცვლად იმისა, პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, ლიდერი ქვეყნის წინაშე წარმდგარიყო როგორც თავდაჯერებული, მომავალ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული, ვერბალურად  და შეფასებითი თვალსაზრისით ზეაგრესიული......ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა სინდრომი, რაც პირველ ტურში მარცხის მთავარი მიზეზი გახდა: ხელისუფლება არის სუსტი, უუნარო, დაბნეული, შეშინებული, გაუბედავი, თავის მართლების, საწყალობელი ხვეწნა-მუდარის რეჟიმში გადასული  და ა.შ.

უბრალოდ გამაოგნებელია, როგორ არ აღმოჩდა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ერთი გონიერი ადამიანი, ვინც იმ ჩანაწერს ნახავდა და ეტყოდა, რომ არ შეიძლება ლიდერი ასეთი „ვიზუალითა“ და „უორდინგით“ წარსდგეს ქვეყნის წინაშე და რომ ეს მხოლოდ გააღრმავებდა პრობლემას?

ეს მით უფრო უცნაურია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდში არიან უდავოდ ნიჭიერი ადამიანები, ვინც შესანიშნავად იცის რა არის ტელევიზია, რას ნიშნავს „სატელევიზიო ხატი“ და რას ნიშნავს  „ვიზუალი“.  მაგალითად, შალვა რამიშვილი.

შეგახსენებ მაგალითს უახლესი ისტორიიდან: 2007 წლის ნოემბერში ჩემთან სტუმრად იყო ევროპელი კოლეგა, - ძალიან გამოცდილი, მრავლისმნახველი ჟურნალისტი - და მას შემდეგ, რაც 7-8 ნოემბერს მოხდა, განცვიფრებას  ვერ მალავდა: „კი მაგრამ, თუ მიხეილ სააკაშვილს დასაშვებად მიაჩნდა გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა, 6 ნოემბერს გადამდგარიყო, დაენიშნა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მისდამი „ნდობის რეფერენდუმის“  სახით, ამით მიტინგს უმტკივნეულოდ დაშლიდა და იმ არჩევნებსაც მოიგებდაო“.

ვერაფრით ვერ ავუხსენი, რომ თუ პრეზიდენტი მიტინგის ზეწოლით, მისი დედის გინების ფონზე გადადგებოდა, დანიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს, მაშინ იმ არჩევნებს აუცილებლად წააგებდა, რადგან ზემოთხსენებული „გადამწყვეტი უმრავლესობის“ თვალში წარმოჩინდებოდა, როგორც სუსტი, გაუბედავი და „უკვე დამარცხებული“.  

2008წ 5 იანვრის არჩევნები მიხეილ სააკაშვილმა ყოველგვარი გაყალბების გარეშე მოიგო სწორედ იმიტომ, რომ საპირისპიროდ მოიქცა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

ეს ერთი კონკრეტული და „მიმდინარე“ მიზეზი მარცხისა, რაც ბიძინა ივანიშვილის სწორხაზოვნად და სტერეოტიპულად მოაზროვნე „პოლიტტექნოლოგთა“ თუ „PR-ტექნოლოგთა“ სინდისზეა უდავოდ.

მაგრამ არის მეორე, ბევრად უფრო ღრმა სისტემური მიზეზი, რაც ვერანაირ „მრჩევლებსა“ და „PR-ტექნოლოგებს“ ვერ დაბრალდება: საქმე ისაა, რომ  2016 წლიდან ბიძინა ივანიშვილის გუნდში აღარ დარჩა არც ერთი მეტნაკლებად რეპრეზენტატიული ფიგურა, ვისაც ჰქონდა პოლიტიკური  „ბეგრაუნდი“ და ვისი „გაშარჟებაც“ მედია-ომების დროს ასე იოლად ვერ მოხერხდებოდა. მათ ნაცვლად, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, დაიტოვა სრული „სინაცრისფრე“, უსახური ფიგურები, რომლებიც მას რასაკვირველია ვერაფერში ეხმარებიან.

„ნაცრისფერები“ კომფორტულნი არიან, როცა პრობლემა არა გაქვს და ხელისუფლებას  იოლად ახორციელებ, მაგრამ პრესინგის დროს ისინი გინდ გყოლია და გინდ არა. მით უმეტეს, რომ მუდამ მზად არიან „ჩასაძირად განწირული გემიდან“ გადახტნენ და ეს პროცესი დაიწყო კიდეც, როგორც ვხედავთ.

აბა შეადარე ეს „ნაცრისფერი“ პერსონაჟები იმ ადამიანებს, იმ ფიგურებს (სხვა საქმეა, ვის მოსწონდა ისინი და ვის არა), რომლებიც 2012 წელს ტრიალებდნენ ბიძინა ივანიშვილის გარშემო. ზოგი დარჩა მის გუნდში, ზოგს იმთავითვე უარი ეთქვა, შემდეგ ეს გუნდი „დარჩენილთაგანაც“ გაიწმინდა და დარჩა......დიდწილად უღიმღამო ნაცრსფერთა არმიის ამარა. შედეგმაც არ დააყოვნა

ახლა ძალიან არიან გაბრაზებულნი ძმებ ბერძენიშვილებზე - „ეს რა უქნეს ბიძინასო“. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ არ წამოსულან „ოცნების კოალიციიდან“, 2016 წელს ივანიშვილმა („ნაცრისფერთა“ რჩევით) თავად გაუშვა ისინი ხომ? განა ასე არ იყო? განა        „რესპუბლიკელებმა“ თქვეს უარი კოალიციაზე?

აქვე შეგახსენებ თვით ბიძინა ივანიშვილის მონაყოლს, რომ გია ხუხაშვილი (ელემენტარულად გამჭრიახი ადამიანი) ჯერ კიდევ 2012 წელს ურჩევდა მას, არავითარ შემთხვევაში არ ეთქვა უარი ისეთ რეპერზენტატიულ ფიგურებთან აქტიურ თანამშრომლოაბზე და მათ საკუთარ გუნდში  ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ ზომით ინკორპორირებზე,  როგორებიც იყვნენ ძმები გაჩეჩილაძეები...ალასანია....თუნდაც ნინო ბურჯანაძე, იგივე გიორგი მარგველაშვილი, მიუხედავად მისდამი წყენისა...... იმიტომ, რომ ისინი იყვნენ და არიან რეპრეზენტატიული ფიგურები და ამ მხრივ ბევრად აღემატებიან იმ უსუსურ, უმაქნის „ნაცრისფრობას“, რაც ბიძინასთან დარჩა.

დღეს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ერთადერთი რეპრეზენატიული ფიგურაა (ისევ და ისევ, სხვა საკითხია ვის მოსწონს და ვის არა) - კახი კალაძე. მაგრამ მხოლოდ ის ვერ შექმნის ამინდს.  

 

შენ მიეკუთვნები იმ ანალიტიკოსების, რომლებიც აცხადებენ, რომ ვააძე არ არის სააკაშვილი და ამ ლოგიკის საფუძველზე ვაშაძე არ და ვერ იქნება მარიონეტი მესამე პრეზიდენტის ხელში. რა გაძლევს ამ ვარაუდის არგუმენტს. მხოლოდ თანამდებობის “სიდიადე” თუ სხვა თვისებებსაც ხედავ ვაშაძეში?

 

გოჩა, გახსოვს ალბათ, 2013 წელს რა ხშირად  გვესმოდა სიცილი იმ მოსაზრებაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი ოდესმე გაბედავდა რაიმე ისეთი გაეკეთებინა, რაც ბიძინას არ მოეწონებოდა. მაშინ თითქმის ვერავის შეასმენდი, რომ ასე სწორხაზოვნად, ასე პრიმიტიულად პოლიტიკაში  არასდროს არაფერი ხდება. ძალაუფლება-ძალაუფლებაა და მას საკუთარი „ხიბლი“ აქვს. ხოლო ინსტიტუციურად,   საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არანაირი „ინსტრუმენტი“ უპარტიო (თუნდაც ფორმალურად უპარტიო) პრეზიდენტზე ზეწოლისთვის არ არსებობს.

თუმცა ესეც კი არ არის მთავარი. არსებითი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი სულაც არ გეგმავს გრიგოლ ვაშაძე, გამარჯვების შემთხვევაში, „გუდურა პრეზიდენტად“  აქციოს. მან იცის, რომ ეს შეუძლებელია და არც არაფერში სჭირდება:  სავსებით საკმარისია, პრეზიდენტი მისი გუნდის წარმომადგენელი იყოს და მის პოლიტიკურ ნარატივთან, მის პოლიტიკურ პროექტთან ასოცირდებოდეს.

 აქ კონკრეტული გადაწყვეტილებები კი არ არის არსებითი, არამედ სწორედ ეს „ნარატივი“, რომელსაც პოლიტიკოსი ვერ გაექცევა, ისევე, როგორც გიორგი მარგველაშვილი დარჩა 2011-2012წწ. „ნარატივის“ ფარგლებში მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდში არ დარჩენილა და მისი მითითებების შემსრულებლად ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა.

 

ბარემ აქვე ვიკითხავ, თუ ვაშაძე იქნება სრულიად დამოუკიდებელი, რამდენად “ეამება” ეს სააკაშვილს და გამოიწვევს თუ არა ეს გუნდში სამომავლო დაპირისპირებას?

 

„დამოუკიდებელი“ იქნება იმ ფართო „ნარატივისა“ და „პროექტის“ ფარგლებში, რომელმაც იგი პრეზიდენტი გახადა. მისთვის  „მითითებების“ მიცემას სააკაშვილი არ გეგმავს თუნდაც იმიტომ, რომ ეს არაფერში სჭირდება.

საერთოდ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი არც აპირებს და, რაც მთავარია არც სურს საქართველოს ხელისუფლებაში რაიმე პოსტის დაკავება. მჯერა, იგი  სრულებით გულწრფელი იყო, როცა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილავს გიორგი ვაშაძეს. მაქსიმუმ, მიხეილ სააკაშვილმა დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის პოსტი. ამასთან,  დავაკვიდრეთ,რომ გიორგი ვაშაძე სულაც არ არის ისეთი უსახური და ნაცრისფერი ფიგურა, როგორც ის ხალხი (ზოგიერთის გვარს ვერც გაიხსენებს კაცი უკვე) ვისაც 2008 წლის მერე ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. ეს ძალიან ამბიციური ახალგაზრდაა და სწორედ ეს გარემოება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმართლეს ამბობს, როცა აცხადებს, რომ არ ისწრაფვის არანაირი თანამდებობისკენ გარდა, შესაძლოა, პარტიული თანამდებობისა; ისიც იმ პირობებში, როცა მას აშკარად ძალიან სურს დიდი უკრაინის ასევე დიდ ევროპულ  პოლიტიკაში დაბრუნება.

აქვე ვიტყვი, რომ ცდება ყველა, ვისაც ჰგონია, თითქოს პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ  ვაშაძის პიროვნულ ფაქტორს არა აქვს მნიშვნელობა და მისი ამომრჩევლების უმეტესობა „სინამდვილეში მიშას აძლევს ხმას და არა გრიგოლს“. რეალურად, ოპოზიციურ ამომრჩეველთა უმრავლესობა  ზუსტადაც „გრიგოლს“ ირჩევს - იმ სხვაობათა გათვალისწინებთ, რითაც გრიგოლი განსხვავდება, მაგალითად, ნიკა მელიას ან ნიკა რურუასაგან.

ეს სხვაობა რომ არ ყოფილიყო, „ნაციონალურ მოძრაობა“ სწორედ მათ დაასახელებდა კანდიდატად, თუმცა წინასწარ შეისწავლეს  საკითხი და ასე ამჯობინეს. სწორადაც მოიქცნენ.

 

სამომავლოდ, როგორ წარმოგიდგენია ზურაბიშვილ-ივანიშვილის ტანდემი, თანაარსებობა და თანამშრომლობა ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში? რა საფრთხეებს და პოზიტივებს ხედავ ამ პრიზმაში?

 

თუ სალომე ზურაბიშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, იგი ბიძინა ივანიშვილის მითითებათა შემსრულებელი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ასევე ვერ გამოვა იმ „პროექტისა“ და „ნარატივის“ ფარგლებიდან, რითაც გაიმარჯვა. ეს არის მთავარი.

 

პოლიტიკურ რისკებზე და პოზიტივებზე ვისაუბროთ არა ფორმულით ვინ ვინ არის, არამედ ფორმულით ვინ ვინ იქნება. რამდენად აპოკალიფსური ან პოზიტიურია ამა თუ იმ კანდიდატის არჩევა სახელმწიფოსთვის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის?

არანაირი „აპოკალიფსი“ არც ვაშაძის, არც ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას არ ემუქრება. „აპოკალიფსი“ იქნება სამოქალაქო დაპირისპირება არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. ამ მხრივ, პარადოქსულია, თუმცა ბიძინა ივანიშვილისთვის  გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება შეიძლება ნაკლებ სარისკოც კი იყოს, რადგან ყველა ინდიკატორის თანახმად, ოპოზიცია არ აპირებს იოლად შეურიგდეს არჩევნების  შედეგს, თუ ეს შედეგი მას არ მოეწონება.  „სათქმელი“ და რევოლუციის „გამაპრავებელი არგუმენტი“ კი მუდამ მოიძებნება, როგორც 2003 წელს.

 

ცხადია, რომ პოლიტიკურიმა ძალებმა, კონკურენტებმა ძალიან დააბინძურებს პოლიტიკური სივრცე რუსული ნარატივით. ახლა იმაზე საუბარს, რა არის ფაქტი და რა ტყუილი, აზრი არ აქვს. მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საარჩევნო ომის დროს მათ ვერ გაითვალისწინეს ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი - ამ ნარატივებმა რეალურად მოახდინა პრორუსლი პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ძალების სამომავლოდ არსებობის ლეგიტიმაცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ამაზე “ავტორები” არც კი ფიქრობენ. რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ეს ვითარება?

 

ჩემი შთაბეჭდილებით,  ამ არჩევნებმა და მიმდინარე „რუსულმა დისკურსმა“, ეს ნარატივი,  პირიქით, სამუდამოდ მოკლა, „სასირცხოდ“ აქცია და რაიმე „პრორუსულ პროექტზე“ ლაპარაკი უკვე უსაგნოცაა.

საქართველოში „პრორუსული პროექტი“ არის ყველაზე მოკლე გზა სამოქალაქო ომისკენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსკოვი ენატრება მისი 37 მანეთიანი ავიაბილეთით და სხვა „ატრიბუტებით“. ეს პროექტი საქართველოში მკვდარია! მისი გაცოცხლება მხოლოდ პირდაპირ რუსულ აგრესიასა და შესაბამის კაპიტულაციას ძალუძს, რაც ნაკლებ სავარაუდოა დღევანდელ რეგიონალურ სიტუაციაში. ვგულისხმობ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ აზერბაიჯანისა და თურქეთის ჩართულობას ამ „დიდ თამაშში“.

 

ერთი მეტად მნიშვნელოვანი დაკვირვება - ქართული პოლიტიკური წარმოდგენა - სპექტაკლი არ განვითარდა ტრადიციული სცენარით. ქუჩაში არ ისმოდა დიდი პროტესტი თუნდაც იმ რაოდენობით, რაც საბოლოოდ ვიხილეთ არჩევნების შედეგებით. როგორ შეაფასებდი საკუთარ სამზარეულოში გაბრაზებული ხალხის ქმედებას, რომელმაც ორთქლი ქუჩაში კი არ გამოუშვა, არამედ საკონსტიტუციო უფლება გამოიყენა?

 

თუ „გაბრაზებული“ ხალხი დაინახავს, რომ არსებობს რელური შანსი ხელისუფლების ისე  უმტკივნეულოდ „გაშვებისა“, როგორც 2003 წელს, 50 000 ან 100 000  ადამიანი რუსთაველზე აუცილებლად შეიკრიბება. ამჟამინდელი სიწყნარე მოჩვენებითია. „შემვარდნი“ კატეგორია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სისუსტე-გაუბედავობის ცხად დადასტურებასა და საბოლოო ლეგიტიმაციას ელის. მეტს არაფერს.

 

წინა კითხვიდან გამომდინარე ვიკითხავ - ჩვენ ხშირად გვინახავს ხალხზე გაბრაზებული პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებდნენ რომ ადამიანები სახლიდან ვერ გამოდიან. ანუ რეალურად იზრდება საზოგადოება ან ის ცვლის თავის ქმედების ტაქტიკას და ვერ იზრდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები?

 

„გაბრაზებულთა“ კატეგორია უმრავლესობა  რომც არ იყოს, საქართველოში საკმარისია. 2003 წელს ეს დადასტურდა.

 

და მაინც, შენთვის, როგორც ამორჩევლის და ასევე, როგორც ანალიტიკოსისთვის, ვისი საარჩევნო კამპანია არის ხიბლის შემცველი. რა მოგწონს და რა არის კატეგორიულად მოუღებელი?

 

მომწონს, რომ ტარდება პირველი, ნამდვილად კონკურენტული არჩევნები და არ მომწონს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ გადადგა ის ნაბიჯები, რაც მოვლენათა ამგვარ განვითარებას გამორიცხავდა; ანუ, მან არ შექმნა საქართველოში მრავალპარტიული პლურალისტური დემოკრატია. ამისთვის ორიოდე ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა საკმარისი, რისი უნარიც მას ნამდვილად ჰქონდა: „მაჟორიტარული თრომბის“ მოშორება, ანუ უკვე 2020 წელს არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება და მეორე - საარჩევნო ბარიერის შემცირება 3%-მდე, რაც გამოიწვევდა პარლამენტში 4-5 რეპრეზენტატიული პარტიის შესვლას და მთავრობის კოალიციურობას უკვე 2020 წლიდან.

 ბიძინა ივანიშვილს რომ ეს ნაბიჯები გადაედგა, დღევანდელი კრიზისი არ დადგებოდა.

 

და ბოლოს, როგორია შენი მოლოდინები მეორე ტურისთვის?

 

რასაც მე ვუყურებ, შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის  დამარცხება ხელისუფლებისთვის შესაძლოა კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს რევოლუციური სცენარის  განვითარების თვალსაზრისით, ვიდრე გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება.

საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ სამხედრო ფორმიანი გენერლების (საქართველოში „გადამდგარი გენერალი“ არ არსებობს) განცხადებაც ვიხილეთ ომში დაღუპულ გმირთა „საძმო სასაფლაოს“ ფონზე და ყველას გვესმის ეს რასაც ნიშნავს. მით უმეტეს ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით.

 

მთელ გვერდზე