იგორ როდიონოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა

იგორ როდიონოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა

    მთელი მსოფლიო დაძაბულად ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას მოსკოვში, სადაც დღე-დღეზე უნდა შეცვლილიყო თავდაცვის მინისტრი.
    მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფო დიდხანს არ შეიძლება არსებობდეს სამხედრო უწყების ხელმძღვანელის გარეშე, პაველ გრაჩოვის მემკვიდრის გარშემო მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლა; ბოლოს ეს ბრძოლა დამთავრდა «9 აპრილის მთავარი გმირის» გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით.
    როგორც ჩანს, ალექსანდრე ლებედმა მაინც თავისი გაიტანა და მისი პროტეჟე დაამტკიცებინა ამ პოსტზე. როდიონოვი და ლებედი ერთად მსახურობდნენ აფხაზეთში, სადაც როდიონოვი მე-40 არმიის მთავარსარდალი იყო, ხოლო პოლკოვნიკი ლებედი სადესანტო შენაერთის მეთაური; მათ თავი «გამოიჩინეს» უმწეო ავღანელი ქალებისა და ბავშვების ჟლეტით, სოფლების დაწვითა და განადგურებით; ამიტომ როდიონოვი და ლებედი რუსეთის არმიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. 9 აპრილის სასაკლაოს შემდეგ, იგორ როდიონოვი არათუ დასაჯეს, არამედ დააჯილდოვეს, სამხედრო აკადემიის რექტორად დანიშნეს, - რაც ყველაზე პრესტიჟული და სანატრელი პოსტია რუსული გენერალიტეტისათვის.
    9 აპრილის შემდეგ 7 წელი გავიდა. მაგრამ, «თბილისის სინდრომი» კვლავ აღელვებს რუსულ ისტებლიშმენტს; როგორც ჩანს, მას მიაჩნია, რომ გენერალ როდიონოვის აღზევებით «ახალ პოლიტიკას დააფიქსირებს» პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ. დამთავრდება ზღაპრები «დემოკრატიული» და «რეაქციული» რუსეთის შესახებ. გენერალი როდიონოვი, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სისხლში აქვს ხელები გასვრილი, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა სწორედ მას შემდეგ, რაც «დემოკრატიულმა ძალებმა» საპრეზიდენტო არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვეს.
    როგორც ჩანს, ისინი თვლიან, რომ დადგა დრო ღიად, დაუფარავად განაცხადონ პრეტენზია პოსტსაბჭოურ სივრცეზე და ამ ტერიტორიაზე კრემლის ჰეგემონია დაამყარონ; როდიონოვის აღზევება კარდინალურად შეცვლის პოლიტიკურ ძალთა განლაგებას საქართველოში. ბოლო დროს მომძლავრებული «პრორუსული ძალები» წუმპეში აღმოჩნდნენ და სულ მალე ყოველგვარ დასაყრდენს დაკარგავენ; მართლა იდიოტი უნდა იყოს კაცი, რომ როდიონოვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ კვლავ ილაპარაკოს «დემოკრატიული» და «რეაქციული» რუსეთის შესახებ ან «აფხაზეთის რუსეთის მეშვეობით დაბრუნება» იქადაგოს.
    ამ მხრივ როდიონოვის დანიშვნა შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან საბოლოოდ ნათელყოფს რუსეთის პოლიტიკის ჭეშმარიტ არსს; არანაირი კომპრომისი ამ ქვეყანასთან არ მიიღწევა _ ერთადერთი დათმობა, რომელსაც იგი საქართველოსგან მიიღებს, არის ნებაყოფლობითი გაერთიანება ერთიანი ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელსაც ელცინი, ლებედი და როდიონოვი ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე აშენებდნენ. დროა ჩვენმა «რუსეთუმეებმა» ეს გაიგონ.

«მერიდიანი», 19 ივლისი, 1996 წელი.