კონსოლიდირებული დემოკრატიის პროექტი

 

            სამწუხაროდ, პროცესები კონფლიქტის ზონაში გასულ კვირას ყველაზე უარესი სცენარით განვითარდა.
            გააფთრებული ბრძოლების შედეგად დაიღუპა რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი, რომლებმაც საკუთარი სისხლით ნაწილობრივ მაინც ჩამობანეს საქართველოს 8 ივლისის (ცხინვალში დაჩოქების) შეურაცხყოფა.
            მას შემდეგ, რაც ქართული მხარე იძულებული გახდა (უპირველესად ვაშინგტონის ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად) სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფები გამოეყვანა, ვითარება «დაბალი ინტენსივობის» ომსა და «გაყინულ კონფლიქტს» შორის მერყეობს.
            ქართული ქვედანაყოფები, რომლებიც მრავალი დღის განმავლობაში გმირულ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის არმიის სპეცდანიშნულების რაზმებს (მათ შორის ღამის ხედვის უნიკალური აპარატურით შეიარაღებულ ელიტურ ქვედანაყოფებს), ამჟამად, ტაქტიკური მოსაზრებით, აღარ აკონტროლებენ შემოვლით გზას ქართული სოფლებიდან - საქართველოს შიდა რეგიონებისაკენ.
            არსებობს მოვლენათა შემდგომი ალგორითმის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარი. ყველაზე უარესი პროგნოზის შესაბამისად (თუმცა, მისი ალბათობა ასპროცენტიანი არ არის და ამისგან ღმერთმაც დაგვიფაროს-ავტ.), როდესაც «სამხრეთ ოსეთს» ყველა ქართული ქვედანაყოფი დატოვებს ქართული «სამშვიდობო ბატალიონის» გარდა, - ოსურ-რუსული მხარე მოითხოვს «უკანონო პოსტების გაუქმებას» კონფლიქტის ზონაში. მათ შორის იმ პოსტებისა, რომელთა გახსნა გამანადგურებელი კონტრაბანდის შეწყვეტის აუცილებლობამ განაპირობა. თანაც, დაგომისის კაბალური შეთანხმებით, კონფლიქტის ზონა არა თუ ცხინვალის რაიონს, არამედ გორისა და ქარელის რაიონთა დიდ ნაწილს მოიცავს.
            რაკი ქართული მხარე ამას არ დაეთანხმება, მოსკოვი და ცხინვალი ბრალს დაგვდებენ ხელშეკრულების დარღვევაში და ჩაკეტავენ ქართული სოფლებისაკენ მიმავალ გზას ცხინვალის გავლით. «შემოვლითი გზით» კი ქართული მხარე ვეღარ ისარგებლებს. ამავდროულად, ოსებს ჯავიდან-ცხინვალამდე საკუთარი ალტერნატიული გზა აქვთ, რომელიც ქართულ სოფლებზე არ გადის.
            ამრიგად, საქართველოს ხელისუფლება შეიძლება აღმოჩნდეს საზარელი ალტერნატივის წინაშე: შეურიგდეს ორივე ხეობის (ესე იგი, მთლიანად, სამაჩაბლოს) დაცლას ქართული მოსახლეობისაგან (თუ ოსები ბავშვებს უკან აღარ შეუშვებენ, ბუნებრივია, მშობლებიც გამოვლენ «ნებაყოფლობით» - ყოველგვარი აშკარა «ეთნიკური წმენდის» გარეშე) ან შეასრულოს მოსკოვის უმთავრესი მოთხოვნა, მისი «პროგრამა მაქსიმუმი», რაც რუსეთთან ეკონომიკური საზღვრის ძველებურ უკონტროლობაში მდგომარეობს.
            ეს აბსოლუტურად ლოგიკურია: მოსკოვში ხომ შესაბამისად უწყიან, რომ საქართველოს ბიუჯეტის ამჟამინდელი ზრდა დიდწილად სწორედ «კონტრაბანდული ჩანჩქერის» შეწყვეტამ განაპირობა. ამრიგად, «გაყინული კონფლიქტის» ვითარებაში დაბრუნება გულისხმობს იდილიურ მშვიდობას, როდესაც კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა (საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში) «საცრით წყლის ზიდვას» დაემსგავსება.
            შესაბამისად, გვიან შემოდგომისათვის კვლავ გამწვავდება საგადასახადო შემოსავლების პრობლემა, აქედან გამომდინარე პოლიტიკური შედეგებით.
            სწორედ ეს არის რუსეთის მიზანი: არ დაუშვას საქართველოს ფეხზე წამოდგომა, მისი მოძლიერება, რათა ქვეყანამ დამოუკიდებელი განავითარების შანსი არ მოიპოვოს - მუდმივად დარჩეს მაჩანჩალა, ღარიბ-ღატაკ, დანაწევრებულ, შიდა წინააღმდეგობით აღსავსე, არაკონსოლიდირებულ, არშემდგარ სახელმწიფოდ.
            მაგრამ ზემოთქმული ყველაზე უარესი, ჰიპოთეტური სცენარია (ალბათ, სჯობს, არარეალურობამდე საშინელი პროგნოზებიც წინასწარ განვიხილოთ) და მისი განვითარების შემთხვევაშიც, საქართველოს, რა თქმა უნდა, ექნება წინააღმდეგობის საშუალება.
            ოპტიმისტური სცენარის შესაბამისად კი, ცხინვალი და მოსკოვი დროებით შეურიგდებიან იმას, რომ საქართველოს ეკონომიკური საზღვარი კონტრაბანდისტებისათვის «გამჭოლი ეზო» აღარ იქნება. ამრიგად, სხვა ტაქტიკას აირჩევენ, რაც ყველა შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისაგან ძალთა და რესურსთა უმაღლეს კონცენტრაციას, სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის უმტკიცეს ხარისხს მოითხოვს.
            ბუნებრივია, «სამხრეთ ოსეთი» მხოლოდ ბრძოლის ერთ-ერთი კერაა. რუსეთი საქართველოს არ მოეშვება, სანამ არ მიიღებს გარანტიას (თუკი შეძლებს), რომ საქართველო დაბრუნდება «წინა კალაპოტში», ანუ აღდგება სტატუს კვო, როდესაც ქვეყანას განვითარების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდა და ამდენად, რუსეთის არავითარ შეშფოთებას არ იწვევდა, რომ ოდესმე, მის მეზობლად შეიძლება ჩამოყალიბდეს სტაბილური, ერთიანი, კონსოლიდირებული, მდიდარი, ევროპული სახელმწიფო.
            მოსკოვში მიაჩნიათ (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ ასეთი სახელმწიფო, ობიექტურად, თვით თავისი არსებობითა და ცხოველმოქმედებით, განურჩევლად ხელისუფლების პოლიტიკისა - რუსეთს პრობლემებს შეუქმნის ჩრდილოეთ კავკასიაში.
            აქედან გამომდინარე, უახლოეს წლებში მართლაც უმოწყალო ბრძოლა გველის. თუ, რასაკვირველია, რევოლუციამდელი სტატუს კვოს აღდგენას არ ვეთანხმებით.
            რევოლუცია კი სწორედ იმისთვის მოხდა, რათა, საბოლოო ანგარიშით, ქვეყანას სტრატეგიული პრობლემები გადაეწყვიტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეულობით ათასი ადამიანი იმისთვის გამოსულა ქუჩაში, რათა რამდენიმე ჩინოსანი ციხეში ჩაესვა.
            - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
            შინაარსობრივად სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა ჩემი სტატია «ვირტუალური ომი», რომელსაც (როგორც მოსალოდნელი იყო და თავად ვიწინასწარმეტყველე) საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.
            «24 საათის» პრეს-ომბუდსმენმა, ბატონმა ნოდარ ლადარიამ ისიც კი მისაყვედურა, თითქოს მე ხელისუფლებას რაღაცას (ლამის ფაშისტური დიქტატურის დამყარებას) «ვურჩევ».
            პატივცემული პრეს-ომბუდსმენის საგულისხმოდ უნდა შევნიშნო, რომ მე არავის არაფერს «ვურჩევ» და არც არაფრისკენ მოვუწოდებ. არამედ მხოლოდ ფაქტებს ვაანალიზებ და ამ ანალიზის საფუძველზე გამომაქვს დასკვნა «ძირითადი ტენდენციის» შესახებ, რაც ქვეყანაში ვითარდება. სწორედ ასე ეწოდება რუბრიკას, რომელიც გაზეთში მიმყავს.
            ჩემი დასკვნა კი შემდეგია: საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის სტრატეგიული პრობლემების გადასაწყვეტად (უპირველესად ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად), ახორციელებს (პირობითად ასე დავარქვათ) «კონსოლიდირებული დემოკრატიის» პროექტს.

            ამ პროექტის კონტურები ჯერ კიდევ რევოლუციამდე გამოიკვეთა. ამჟამად იგი უკვე ხორციელდება. რაზეც, ჩემი აზრით, შემდეგი უტყუარი ფაქტები მეტყველებს:
            1) საკონსტიტუციო ცვლილებებით, რის შედეგადაც შესამჩნევად გაძლიერდა აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტმა მიიღო (პირველად 1992 წლიდან) პარლამენტის დათხოვნის უფლება, რაც, საქართველოს პირობებში, საკანონმდებლო ორგანოს მეტ «კონსტრუქციულობას» განაპირობებს. მათ შორის, პარლამენტში წარმოდგენილი დაჯგუფებების ლოიალურობის თვალსაზრისითაც. ამიერიდან, მათ გაცილებით ნაკლები საშუალება აქვთ საკუთარი კორპორაციული, კლანური ინტერესების ლობირებისა, განსაკუთრებით საბიუჯეტო პროცესში, რაც ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკის «გულანია» და რასაც ყოველთვის ახერხებდნენ შევარდნაძის «პლურალისტული რეჟიმის» პირობებში, როდესაც პრეზიდენტს ამ კამარილიის გარეკვის საშუალება კონსტიტუციით არ ჰქონდა.
            2) პრეზიდენტის განცხადება (მაშასადამე მისი პოზიცია) იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ დაუშვებს «ადგილებზე» ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას «დეცენტრალიზაციის» ფორმით. ეს იმას ნიშნავს, რომ «ლოკალური დემოკრატია» უდავოდ და უეჭველად ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნების (უფრო ზუსტად, ამ კონტექსტში, მისი აღდგენის) ინტერესებს მოემსახურება.
            3) ცენტრალური ხელისუფლების კონცენტრაცია აჭარაში; სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ (თავიდანვე) ხელოვნური ავტონომიის ქცევა დეკორაციად (ოღონდ, საერთაშორისო გართულებათა თავიდან აცილების მიზნით, მის სრულ გაუქმებაზე უარის თქმით) და ის გარემოება, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება «ქრონიკულად ოპოზიციურ» ჯგუფებს, აჭარის პარლამენტი ექციათ შევარდნაძისეული პარლამენტის მაგვარ «სადისკუსიო კლუბად». რითაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ისარგებლებდა განკერძოებისა და პარტიკულარიზმისადმი მიდრეკილი რეგიონული («ასლანისტური») ელიტა.
            4) პრეზიდენტის ძალზე ნიშანდობლივი და სიმპტომატური განცხადდება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არსებობენ ჯგუფები, რომელთაც «არასდროს არაფერი კონსტრუქციული არ შეუქმნიათ, რევოლუციის დროს მხოლოდ შევარდნაძის სიძულვილი ამოძრავებდათ, მაგრამ როგორც კი კონსტრუქციული მუშაობა გახდა საჭირო, დაუბრუნდნენ ჩვეულ მდგომარეობას ანუ დესტრუქციულ ქრონიკულ ოპოზიციონერობას».
            თანაც უეჭველია, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მხოლოდ პოლიტიკურ დაჯგუფებებს არ გულისხმობდა. არამედ ითვალისწინებდა იმ სოციალურად აქტიურ ჯგუფებსაც, რომელთაც მხოლოდ ანარქიული ქვენაგრძნობა ამოძრავებთ და საქართველოში (!) გარეწარი კომუნისტი-პარტიზანი ჩე გევარას სურათებიანი მაისურებით დარბიან, რაც პირადად მე ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფად მიმაჩნია, ვინაიდან ყველა-ყველა და ის მთავარი, რაც მუდამ გვაერთიანებდა, სწორედ ანტიკომუნიზმი იყო. ეს კი «საკონცენტრაციო ბანაკის რომანტიკოს» გევარას თაყვანისცემასთან ნამდვილად შეუთავსებელია.
            5) აშკარა ცვლილებები (უკეთესობისაკენ), რაც დაეტყო ქართულ პრესას (უპირველესად ელექტრონულ მედიას): სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და თვითცენზურის თვისებათა რუდუნებით აღზრდა, რაშიც აშკარად იგრძნობა ხელისუფლების არც თუ გულგრილი მონაწილეობა.
            6) სამართალდამცავ სტრუქტურათა გაძლიერება როგორც ინსტიტუციური, ასევე საკანონმდებლო თვალსაზრისით. სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლობის უზრუნველმყოფ მექანიზმთა განმტკიცება, რაც საქართველოს პირობებში უფრო ანტიკორუფციულ ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე «სასამართლოს დამოუკიდებლობის» პრინციპთა დარღვევად.
            7) ოლიგარქიის დათრგუნვა. ოღონდ აქ უნდა გავითვალისწინოთ უმთავრესი განსხვავება მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის ტაქტიკას შორის, რაც ამ ორი ფენომენის კარდინალურ შეუთავსებლობაზე მეტყველებს და ყოველგვარ საუბარს მათ «მსგავსებაზე» აბსურდად აქცევს: ერთი ამერიკელი მოღვაწე (თუ არ ვცდები, სტივენ სესტანოვიჩი) წერდა, რომ პუტინიც და სააკაშვილიც ებრძვიან ოლიგარქიას და არ აძლევენ მათ «ოლიგოპოლიების» შექმნის საშუალებას, მაგრამ თუ პუტინი თვით ოლიგარქებს ებრძვის ნაცვლად მათ მიერ მოსყიდული ბიუროკრატიისა, სააკაშვილი პირიქით, - კორუმპირებულ ბიუროკრატიას ანადგურებს და ამ გზით ასუსტებს ოლიგარქიის გავლენას.
            8) საკადრო პოლიტიკა: კადრების შერჩევა «გუნდური» პრინციპით - ქვეყნის სტრატეგიულ პრობლემათა გადაჭრის კონკრეტული პროექტის არსებობის უპირველესი ნიშანი.
            შევარდნაძის «პლურალისტური რეჟიმის» პირობებში მთავრობა ყოველთვის ეკლექტური იყო, რადგან იმ დროს ხელისუფალს არანაირი პროექტი არ გააჩნდა სტატუს-კვოსა და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გარდა. აი, ამ «ფსევდოპროექტის» ფარგლებში კი, სავსებით ბუნებრივი იყო ერთ სამთავრობო მაგიდასთან ზურაბ ნოღაიდელისა და ბაკურ გულუას ხილვა. თანაც, ორივე მათგანი კონკრეტული (თავ-თავიანთი) სოციალური ჯგუფების ინტერესებს და მისწრაფებებს გამოხატავდნენ.
            შეგვიძლია «მეორედ მოსვლამდე» ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს პლურალიზმი. ან «ჭეშმარიტი პლურალიზმია» თუ «ყალბი პლურალიზმი» - ამით არსი არ იცვლება. ხოლო ვისაც ჰგონია, რომ ამ დისკურსში «პლურალიზმზე» საუბარი უადგილოა, - მან უბრალოდ არ იცის, რა არის პლურალიზმი.
            ამ რიგის გაგრძელება კვლავაც შეიძლება. თუმცა, საკმარისად მივიჩნიე იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პრობლემათა გადასაწყვეტად (უპირველესად ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რის გარეშეც ნებისმიერ სხვა სტრატეგიულ პრობლემაზე საუბარი უაზრობაა) - პრეზიდენტი ახორციელებს კონკრეტულ პროექტს, რომელსაც პირობითად შეიძლება «კონსოლიდირებული დემოკრატია» ვუწოდოთ. თანაც, იგი არა თვითმიზანი, არამედ სტრატეგიულ პრობლემათა გადაწყვეტის პირობა და მეთოდია.
            ასეთი გახლავთ, ჩემი აზრით, «ძირითადი ტენდენცია». პატივცემული პრეს-ომბუდსმენი, ბატონი ნოდარ ლადარია კი ძალიან უცნაურად ირჯება: ნაცვლად იმისა, თვით პროექტზე იმსჯელოს (ან მისი არსებობა უარყოს, ოღონდ ასევე, ფაქტებზე დაყრდნობით) - მე მაკრიტიკებს. თითქოს ან პროექტის ავტორი ვიყო, ან მისი განმახორციელებელი.
            როგორც ჩანს, იოლად გასაკრიტიკებელი მოვეჩვენე.
            აქვე დავძენ: თავად ვეთანხმები თუ არა ამ პროექტს - ჩემი პირადი საქმეა და მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო მგონია.

 

მთელ ეკრანზე
           

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა