იქნება თუ არა ომი ყარაბაღში?

იქნება თუ არა ომი ყარაბაღში?

   პარასკევს სისხამ დილით (უფრო სწორად, ჯერ კიდევ ღამით) საქართველოს ცაზე უცნაური მფრინავი ობიექტი გამოჩნდა. ძველი დრო რომ ყოფილიყო, უცხოპლანეტელებზეც იეჭვებდა კაცი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ცაზე კი არა, ჩვენგან შორეულ ისრაელსა და ლიბანშიც კი შენიშნეს ეს მფრინავინ ობიექტი, რომელიც ცეცხლოვან კვალს ტოვებდა.
    ბუნებრივია, უცხოპლანეტელთა შემოჭრის ვერსიასთან ერთად, გამოითქვა მოსაზრება, რომ, შესაძლოა, დედამიწასთან ახლოს კომეტამ ჩაიქროლა. მაგალითად კომეტა გალეას, რომელიც ჩვენს პლანეტას ასწლეულში ერთხელ სტუმრობს, ზუსტად ასეთი კუდი აქვს. მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ასტრონომებმა წინასწარ არაფერი იცოდნენ კომეტის შესახებ. არადა, ასე არასდროს ხდება: სხვადასხვა ასტრონომიულ ობსერვატორიაში - ამერიკიდან - ჩინეთამდე - რამდენიმე წლით ადრე აფიქსირებენ კომეტას და ისიც შეუძლიათ ზუსტად თქვან: დაგვეჯახება კოსმიური სტუმარი თუ შეგვიძლია ჭოგრიტებით შევიარაღდეთ და წარმტაცი სანახაობით დავტკბეთ. მაშასადამე, არც კომეტა იყო.
    მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ასტრახანის ოქლიდან (შეგახსენებთ, რომ ეს ოლქი კასპიის ზღვას ესაზღვრება), სასწავლო-გამოსაცდელი მიზნებით სტრატეგიული რაკეტა ტოპოლ-მ გაუშვეს: იქ მდებარე პოლიგონიდან ესროლეს ყაზახეთში მდებარე პირობით პოლიგონს. რა თქმა უნდა, რაკეტამ იმ წერტილამდე ვერ მიაღწია და ჰაერშივე ააფეთქეს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ზუსტად მიფრინავდა. სწორედ ეს პროცესი ვიხილეთ პარასკევს ღამით. ისევე, როგორც აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, ებრაელებმა და არაბებმა.
    დღემდე ამგვარი რამ არ მომხდარა: „ტოპოლ-მ“ საზარელი იარაღია (ქართველი ნადირაძის შექმნილი) და მას ასე პანტა-პუნტით არ ისვრიან. მით უმეტეს იმ რეგიონებში, სადაც ათასგვარი „კუდი“ შეიძლება მოებას მრისხანე იარაღის გამოცდას. „ტოპოლ“-მ არის რუსული სტრატეგიული არსენალის მთავარი იარაღი. მას შეუძლია ატომური ან წყალბადის ბომბი ამერიკის ნებისმიერ წერტილამდე მიიტანოს და იქ აფეთქდეს. ამიტომ, ასეთი რაკეტის გასროლა ყოველთვის დიდ ინტერესს და შიშიანობას იწვევს სხვა ატომურ სახელმიწფოებშიც კი. არადა, ამჯერად, 8 ათასი კილომეტრის სიშორის რაკეტა სულ რაღაც 1500 კილომეტრზე ისროლეს ისე, რომ კასპიის ზღვისთვის გადაეფრინა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ ეს ნამდვილად იყო სამხედრო ძალის დემონსტრაცია. საკითხავი მხოლოდ ისაა, რატომ ახლა, სწორედ ამ მომენტში და ვის აფრთხილებდნენ კონკრეტულად? ამერიკელებს? ძნელი დასაჯერებელია: ამერიკულ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის ტრანსკონტინენტულ რაკეტებს მურმანსკიდან უშვებენ ხოლმე, რომელიც სახალინზე ფეთქდება. სახალინი კი მურმანსკიდან იგივე მანძილითაა დაშორებული, რაც ნიუ-იორკი.
    მაშასადამე, უნდა დავაკვირდეთ, ბოლო დროს რა მოხდა ან რა ხდება ჩვენს რეგიონში (ანუ კასპია-შავი ზღის აუზში) ისეთი, რომ რუსებმა თავისი ყველაზე მრისხანე იარაღის საჯარო დემონსტრირება გადაწყვიტეს? პასუხი დიდხანს საძებნელი არ არის: 4 ივნისიდან დაწყებული, უპრეცედენტოდ დაიძაბა ვითარება მთიანი ყარაბაღის გარშემო, სადაც სომხური და აზერბაიჯანული ფორმირებები უპირისპირდებიან ერთმანეთს. მკითხველს შევახსენებ, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ომი მთიანი ყარაბაღისთვის 1988 წელს დაიწყო - ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობისას და აქტიურად მიმდინარეობდა 1994 წლამდე, როდესაც მხარეებმა ცეცხლიის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
    მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში, სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტი დაიპყრო. ანუ, არა მხოლოდ თვით მთიანი ყარაბაღი (სომხურად არცახი) გაწმინდა აზერბაიჯანული მოსახლეობისა და არმიისაგან, არამედ მიმდებარე 6 რაიონიც შემოიერთა. მათ შორის აზერბაიჯან-ირანის სასაზღვრო რაიონები. იქაც მოაწყო ეთნოწმენდა, რის შედეგადაც აზერბაიჯანს მილიონამდე დევნილი ჰყავს. ისინი დღემდე კარვებში ცხოვრობენ.
    აზერბაიჯანი ამ სიტუაციას არ ურიგდება და ბოლო დროს არმია მნიშვნელოვნად გააძლიერა. მისი სამხედრო ბიუჯეტი სომხეთის მთელ ბიუჯეტს აღემატება, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს წმინდა სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისითაც კი. ჯერ ერთი, სომხეთში რუსული არმია დგას, რომელიც აზერბაიჯანულ ჯარს ბევრად აღემატება - თუნდაც სტრატეგიული და ტაქტიკური რაკეტების სიმრავლით. გარდა ამისა, რამდენი იარაღიც არ უნდა ეყიდა აზერბაიჯანს, მოსკოვი იმდენივეს და უფრო ხარისხიანს აწვდიდა კავკასიაში თავის ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს.
    ანუ, კრემლმა ყველაფერი გააკეთა სამხედრო პარიტეტის უზრუნველსაყოფად. მაგრამ აზერბაიჯანს ახალგაზრდა, ამბიციური პრეზიდენტი ჰყავს, რომელმაც ნავთობდოლარების წყალობით ბევრს მიაღწია. დღეს აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდქუტი ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარია. სომხეთისა კი სულ 5 ათასი.
    აზერბაიჯანმა საკმაოდ ოსტატურად გამოიყენა თურქული დიპლომატიის შესაძლებლობები საერთაშორისიო ორგანიზაციებში მისთვის სასარგებლო რეზოლუციების გასატანად, შექმნა მიმზიდველი იმიჯი, ჩაატარა ევროვიზიიის კონკურსი და ა.შ. მაგრამ ის გარემოება, რომ ხელისუფლებას არა აქვს პასუხი ყარაბაღის პრობლემაზე და თუნდაც არ ცდილობს (!) მის გადაჭრას, მაინც ამცირებდა და „ასველებდა“ აზერბაიჯანული ხელისუფლების ლეგიტიმურობას. მით უმეტეს, რომ ეს ხელისუფლება მამიდან-შვილზე გადავიდა, ხოლო ძალაუფლების ამ ფორმით გადაცემის დროს პოლიტიკური ლეგიტიმაციის ერთადერთი საშუალება (არა დასავლეთის, არამედ საკუტარი მოსახლეობსი თვალში) ქვეყნის სტარტეგიული პრობლემების გადაწყვეტაა. სწორედ ამიტომ, ბაქოში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ძალისმიერ რევანშზე.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    კაცმა რომ თქვას, სომხეთს არც თვით ყარაბაღში, არც მის გარშემო საომარი აღარაფერი აქვს: რაც უნდოდა და სჭირდებოდა თავის დროზე, ყველაფერს მიაღწია. მაგრამ როდესაც ვმსჯელობთ, თუ ვინ წამოიწყო 4 ივნისიდან სისხლიანი შეტაკებები, რომელთა შედეგად ათულობით აზერბაიჯანელი და სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი მნიშვნელოვანი ნიუნასი უნდა გავითვალისწინოთ:
    24 ივნისს იწურება ვადა, როდესაც აზერბაიჯანულმა მხარემ ან „კი“ უნდა უთხრას, ან „არა“ გაბალაში რუსული სალოკაციო სადგურის არსებობას. ეს სტრატეგიული ობიექტია, რომელიც რუსებს აზერბაიჯანში ძალიან სჭირდებათ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთელი სამხრეთის გაკონტროლებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მოსკოვში იციან, რომ თუ გაბალადან წავლენ, ამ სიმდიდრეს ამერიკელები დაეუფლებიან. და ბოლოს, ეს ორი მოსაზრება რომც არ არსებობდეს, პუტინს ნამდვილად არ ეპიტნავება თავისი პრეზიდენტობა დაიწყოს იმით, რომ საიდანღაც ჯარები გამოიყვანოს: გაბალა ხომ აზერბაიჯანში რუსული სამხედრო ყოფნის მნივშნელოვანი სიმბოლოა? ამიტომ, სულაც არ არის გამორიცხული, დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის გამყოფ ხაზზე ამჯერად სომხური ფორმირებების პროვოცირებული იყოს - მოსკოვიდან დავალებით, რომელიც ამ ფორმით აფრთხილებს აზერბაიჯანს, რომ გაბალადან რუსული კონტინგენტის (ფაქტობრივად, რუსული სამხედრო ბაზსი) გაძევება არც იფიქროს, თორემ ბევრად უარეს დღეში აღმოჩნდება, ვიდრე 1994 წლის მაისისთვის, როდესაც სომხები ბაქოს აღებითაც კი იმუქრებოდნენ.
    სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ მეთოდს იყენებდა მოსკოვი საქართველოს მიმართაც: როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი წინამორბედი შევარდნაძე პუტინს ეუბნებოდნენ, რომ თუ არ შეცვლიდა სეპარატისტების მხარდაჭერის პოლიტიკას, რუსულ ბაზებს გაიყვანდნენ, ეს უკანასკნელი სეპარატისტებს მხოლოდ აძლიერებდა და უფრო მეტად აგულიანებდა.
    მას შემდეგ კი, რაც სროლები ყარაბაღის გარშემო სისხლისმღვრელ შეტაკებებში გადაიზარდა, რუსეთმა თავისი უძლეველობის დემონსტრირებაც მოახდინა - სტრატეგიული რაკეტის გაშვებით. თანაც ისე გაშვებით, რომ მისი ელვარება ცარგვალზე ბაქოდან კარგად დაენახათ. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ძალზე საეჭვოდ მეჩვენება ვერსია, თითქოს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ ახლა „ყარაბაღის დაბრუნება“ გადაწყვიტა და ომის დაწყებას აპირებს: დღეს სიტუაცია რეგიონში (ირანისა და სირიის ჩათვლით) იმდენად დაძაბულია, რომ ილჰამ ალიევი ამაზე არ წავა. მით უმეტეს, რომ ყარაბაღის საკითხში ამერიკა და ევროპა რუსეთს ეთანხმება და, როგორც ყოველთვის, მხოლოდ არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნება სურს: „დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის და გააგრძელეთ მოლაპარაკებები, თუნდაც სრულიად ფუჭი და უშედეგო“. ასეთი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მთავარი მესიჯი ბაქოსა და ერევანში ყოფნისას.
    ყარაბაღში ახალი დიდი ომის დაწყებას არც ევროკავშირი დაუჭერს მხარს, ანუ რუსეთს ხელ-ფეხი გახსნილი ექნება, რათა „ისკანდერის“ რაკეტები „აგრესორის შესაჩერებალად“ პირდაპირ ბაქოს ესროლოს. საქართველოს სიტუაციისგან განსხვავებით, ამერიკა ყარაბაღს ფინანსურ დახმარებასაც კი უწევს ისე, რომ ბაქოს პროტესტებს ყურადღებას არ აქცევს.
    ამ სიტუაციაში რომელ ომის დაწყებაზე და რევანშზეა ლაპარაკი? მით უმეტეს, როდესაც სირიაში საზარელი სასაკლაო გრძელდება და ისრაელ-ირანიც წკიპზე არიან მაშტაბური ომისგან.
    წარმოუდგენელია, პრეზიდენტ ალიევს და მის გარემოცვას ეს არ ესმოდეს. ამიტომ, ბევრად უფრო სარწმუნოდ ის ვერსია მიმაჩნია, რომ სროლები და მაშტაბური სამხედრო შეტაკებები ყარაბაღში უფრო მოსკოვისა და ერევნის ერთობლივი სიგნალია ბაქოს მიმართ: არ გაბედოს გაბალის რადიოსალოკაციო სადგურიდან რუსი სამხედროების გაძევება და სანამ გვიან არ არის, - ანუ 24 ივნისამდე, - დათანხმდეს იჯარის ვადის გაგრძელებას კიდევ 10-15 წლით.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი გარდაუვალი იქნება და სომხურმა არმიამ, რუსეთის პირდაპირი ან არაპირდაპირ-ფარული მხარდაჭერით, შეიძლება აზერბაიჯანის კიდევ რამდენიმე რაიონი დაიპყროს. თუ ბაქოც არა.
    24 ივნისი სწორედაც „უკანმოუბრუნებლობის წერტლია“, ხოლო ცაში მოელვარე რაკეტა კი, იმის დემონსტრაცია, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი საკუთარი ინტერესების დაცვისას. სტრატეგიული ბირთვული რაკეტა არც დასჭირდება - ბაქოს გასანადგურებლად ისკანდერებიც კმარა, რომლებიც რუსეთმა დაღესტანში დააყენა ჯერ კიდევ 2008 წლის აგრესიამდე.
    თანაც, დააყენა არა მხოლოდ გორის დასაბომბად.
   

2012