მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგი

    როგორც ჩანს, საქართველოს ახალი ხელისუფლება აქტიურად იყენებს «პოსტრევოლუციურ რესურსს» და არ აპირებს უნიკალური შანსის ხელიდან გაშვებას, რათა უახლეს წლებში თავისი პროექტის განხორციელების საშუალება ჰქონდეს.
        უკვე დაიწყო ლაპარაკი კონსტიტუციურ რეფორმებზე და იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ეს უბრალოდ გარდაუვალია, რადგან საკონსტიტუციო რეფორმა და ახალი სახელისუფლებო სისტემის შექმნა გამომდინარეობდა თვით რევოლუციურ ძალთა კავშირიდან.
    გარდა ამისა გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა კონსტიტუციის შეცვლის გარდაუვალობა.

    როგორც ჩანს, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის წლევანდელი «დღის წესრიგის» პირველი პუნქტი გახდება.
    თუმცა, ჯერ-ჯერობით, ამ რეფორმის კონტურები ნათლად გამოკვეთილი არ არის. მეორე მხრივ, წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილი ფორმალურ, სუსტი უფლებებით აღჭურვილ პრეზიდენტობას დათანხმდეს; ახალი სისტემა, მინიმუმ, «ფრანგული» იქნება. ამჟამინდელი (ამერიკული) მოდელი პრეზიდენტისთვის, ერთი მხრივ, მეტისმეტად «ხისტია», მეორე მხრივ კი რეალური ძალაუფლების უზრუნველმყოფია.
    ყველა ვარაუდის მიუხედავად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკვე წელს, ახალი პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი განიხილავს სახელმწიფო სიმბოლიკის საკითხს.
    ეს მით უფრო გარდაუვალია, თუ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის ლტოლვას სიმბოლოებისადმი. ამდენად, საქართველოს, მიმდინარე წელს, ალბათ, როგორც მინიმუმ, ახალი დროშა ექნება და საამისოდ არანაირი კონკურსი თუ «კომისიის» სხდომა» არ გახდება საჭირო, რადგან თუ ძველი დროშის გამოცვლა გადაწყდა (ეს კი მთლიანად პრეზიდენტ სააკაშვილის მტკიცე ნებაზეა დამოკიდებული), ახალი დროშის რაობა ნათელია და სავსებით სამართლიანი იქნება, იგი უმალვე აფრიალდეს სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე, როგორც ახალი ეპოქისა და ახალი საქართველოს სიმბოლო.
    გარდა ამისა, პრეზიდენტი აუცილებლად შეიტანს პარლამენტში (ალბათ, რამდენიმე დღის განმავლობაში), რადიკალურ პაკეტს, რომელიც გაითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას კორუფციული დანაშაულისათვის. აქ იგულისხმება იმ ქონების ნაციონალიზაციაც, რომელიც არასწორად და უკანონოდ არის პრივატიზებული.
    თუმცა, ახალ პრეზიდენტს, ალბათ, თავად შესანიშნავად ესმის, რომ ნებისმიერი პარლამენტი (და თვით მისი მოკავშირეებიც კი) ამ წინადადებებს ადვილად არ დათანხმდებიან, ვინაიდან იგი მეტისმეტად მტკივნეულ და მკაცრ ზომებს მოითხოვს.
    არ არის გამორიცხული, ამ ზომებმა საზოგადოებაში დაპირისპირებაც გამოიწვიოს. მით უმეტეს, თუ პარლამენტში შევა რადიკალური ვარიანტი. იგულისხმება «ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერის მიერ მომზადებული პროექტი, რომლითაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება აღძრას საქმე ნებისმიერი თანამდებობის პირის წინააღმდეგ და თუ ეს უკანასკნელი თავისი ქონების წარმომავლობის კანონიერების დამტკიცებას ვერ შეძლებს, კონფისკაციის შემდეგ საქმის «აღმძვრელს» ერგება გარკვეული პროცენტი ამ ქონებიდან.
    ჯერჯერობით, არ არის ცნობილი მხარს დაუჭერს თუ არა ამ ვარიანტს პრეზიდენტი, მაგრამ პაკეტი რომ აუცილებლად შევა საკანონმდებლო ორგანოში, ეჭვი არავის ეპარება - ეს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო და რევოლუციური ვალდებულება იყო; ისევე, როგორც უკლებლივ ყველა ქალაქის (მათ შორის, თბილისის) მერის არჩევა. აქვე იგულისხმება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრა და კონსტიტუციის «ნაკლული თავის» მიღება.
    პრეზიდენტის წლის «დღის წესრიგში» უეჭველად იგულისხმება უმნიშვნელოვანესი საგარეო ვიზიტები; წელს აუცილებლად შედგება ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიხეილ სააკაშვილს უკვე აქვს მოწვევა ვაშინგტონში და მას იქ უეჭველად უმაღლეს დონეზე ელიან.
    რაც შეეხება ვიზიტს მოსკოვში, პრეზიდენტი, ალბათ, მასაც გეგმავს, მაგრამ განსხვავებით ამერიკის ვიზიტისგან, აქ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თვით რუსეთის პოლიტიკაზე. მიხეილ სააკაშვილს რომ «სუსტი მანდატით» გაემარჯვა, კრემლი დიალოგისგან თავს შეიკავებდა, მაგრამ 4 იანვრის შემდეგ რუსეთშიც უნდა გეგმავდნენ ასეთ ვიზიტს, რათა «თამაშგარეთ» არ დარჩნენ დასავლეთის აქტიურობის ფონზე.

6 იანვარი, სამშაბათი, 2004 წელი

დილის გაზეთი