სოლანას ღიმილი

    გუშინ საქართველოს ეწვია თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოღვაწე, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სალონა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორია.
    ევროპაში (ჯერ-ჯერობით) საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი არ არსებობს, ხოლო კომისია (აღმასრულებელი ორგანო) ყველა საკითხზე გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებს. მით უმეტეს, ისეთ დელიკატურ საკითხში, როგორიც საგარეო საქმეებია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა თავდაპირველად, საერთოდ წინააღმდეგი იყო «კოორდინატორის» ინსტიტუტის შემოღებისა; მაგრამ მომხრეებმა სწორედ ხავიერ სოლანას უდიდესი ავტორიტეტი გამოიყენეს, რათა თვით ინსტიტუტი დაეფუძნებინათ, რაც უდავოდ პირველი ნაბიჯია ევროკავშირის ქმედით კონფედერაციად, მომავალში კი ფედერაციად ტრანსფორმაციის გზაზე.
    ხავიერ სოლანამ თვალსაჩინო როლი შეასრულა მილოშევიჩის სერბეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში. ფაქტობრივად, მან აიძულა დასავლეთის სახელმწიფოები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები (როგორც გენერალურმა მდივანმა), აქტიური პოზიცია დაეკავებინა ფაშისტური სერბეთის მიმართ.
    ამჟამად კი, ხავიერ სოლანა ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორია და საქართველოში მისი ვიზიტი ევროპის ამ უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონისადმი ბრიუსელის «საერთო პოლიტიკის» გააქტიურებას ნიშნავს. როგორც ცნობილია, ევროკავშირის კომისიამ რამდენიმე თვის წინათ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე.
    მართალია ეს «საგანგებო წარმომადგენელი» და თვით ხავიერ სოლანაც უახლოეს მომავალში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას სამხრეთ კავკასიაში ევროპის შეიარაღებული ძალების ჩანასახის - «ევროპის სწრაფი რეაგირების ერთიანი ბრიგადის» შემოყვანის შესახებ.
    არც განსაკუთრებულ პოლიტიკურ აქტიურობას უნდა ველოდოთ, რაკი აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის ფორმატი უკვე ჩამოყალიბებულია და მისი შეცვლა უახლოეს მომავალში ძნელად წარმოსადგენია.
    მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ევროპის «ამორფულობას» საგარეო საკითხებში. აკი მრავალგზის აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა კოორდინატორი (მას ჯერ «კომისარიც» კი არ ეწოდება) ამჟამად მხოლოდ «რუბიკის კუბიკის» აწყობის მაგვარ სამუშაოს ასრულებს, როდესაც 15 სახელმწიფოს საგარეო ინტერესთა შეთავსებას ცდილობს.
    ბუნებრივად ისმის შეკითხვა: თუ ასეა, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ხავიერ სოლანამ (და მისის სახით ევროკავშირმა) საქართველოს? აქ მთავარია მატერიალური და ფინანსური მხარე. ევროკავშირმა შეიძლება სერიოზული ფინანსური დახმარებით მოახერხოს თავისი პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ამორფულობის კომპენსირება.
    ხავიერ სოლანას მოლაპარაკებათა მთავარი საგანი სწორედ საქართველოსათვის ახალი გრანტების გამოყოფაა, რომლებიც თანხობრივად მთლიანობაში ამერიკის უკანასკნელ დახმარებაზე (21 მილიონი დოლარი) ნაკლები არ იქნება.
    გარდა ამისა, სულ ცოტა, იგულისხმება, რომ «გათავისუფლდება» ის გრანტები, რაც დღემდე გაყინული იყო საქართველოს მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობისა და პიტერ შოუს მოტაცების საქმესთან დაკავშირებული სკანდალის გამო.
    ხავიერ სოლანას (როგორც პოლიტიკური ფიგურის) პიროვნულ პოზიციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ის კი საქართველოს მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილია ჯერ კიდევ 1998 წლიდან, როდესაც ნატოს გენერალური მდივნის რანგში გვეწვია და დავით თევზაძესთან კარატეს სპარინგ-მატჩი ჩაატარა დილის ვარჯიშის სახით.
    საყურადღებოა, რომ ხავიერ სოლანას (მოსკოვისათვის, ტრადიციულად, ყველაზე გამაღიზიანებელი ფიგურის) ვიზიტი დაემთხვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის - სერგეი ივანოვის მორიგ უკომპრომისო და შეურიგებელ განცხადებას: ჩვენი ქვეყნიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის (უფრო სწორად, არგაყვანის) თაობაზე.
    სერგეი ივანოვმა სწორედ მისი «ძველი მეგობრის» - ხავიერ სოლანას კავკასიაში ვიზიტის დროს აუცილებლად მიიჩნია ესოდენ მკვეთრი განცხადების გაკეთება. ხავიერ სოლანას სიმშვიდე და მისი კეთილგანწყობა კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი თუ განსაკუთრებით ვერ დაგვეხმარება ჯარების გაყვანასა და აფხაზეთის საკითხის განხილვაში, - ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთმა აშკარა აგრესია ვერ დაიწყოს და საქართველოში ვითარების არევა ვერ შეძლოს.

დილის გაზეთი

15 იანვარი, ხუთშაბათი, 2004 წელი