საქართველო-რუსეთის ახალი დისკურსი:     პრაგმატიზმი და ჯანსაღი სიფრთხილე

საქართველო-რუსეთის ახალი დისკურსი:     პრაგმატიზმი და ჯანსაღი სიფრთხილე

 
   

        გასულ კვირას თბილისში ჩატარებული «რუსეთ-საქართველოს ბიზნეს-კონფერენცია» არათუ მხოლოდ გასული რამდენიმე დღის, არამედ უკანასკნელი პერიოდის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად იქცა.
    იგი საინტერესოა უპირველესად იმ თვალსაზრისით, რომ ხანგრძლივი «ნოკაუტის» შემდეგ, რომელშიც ქართული პლურალისტური საზოგადოება აღმოჩნდა «ნოემბრის რევოლუციის» შედეგად, ჩვენი სოციუმი თანდათან გამოდის შოკიდან და კვლავ იწყებს ფართო მსჯელობას სტრატეგიულ პრობლემებსა თუ თანამდეროვე საკითხებზე.
    მართლაც «ვარდების რევოლუციამდე» ედუარდ შევარდნაძის «პლურალისტური რეჟიმის» პირობებში, ნებისმიერი საზოგადო დისკურსი, ამ საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვაობასა და ანტაგონისტური სოციო-ფსიქოლოგიური დომინანტების მატარებელი ჯგუფების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
    უმწვავესი დისკუსია იწყებოდა ნებისმიერ საკითხზე, დაწყებული 21-ე საუკუნის შემოსვლის თარიღიდან (ანუმ თითქოსდა წვრილმანიდან _2000 წლის 1 იანვარი იქნებოდა თუ 2001 წლისა) _ დამთავრებული საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით.
    ეს ვითომდაც დადებითი მოვლენა, სინამდვილეში ქართული საზოგადოების თვისებრივ არაკონსოლიდირებულობაზე მეტყველებდა და შეუძლებლად აქცევდა ნებისმიერი მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღებას. ამგვარი სისტემის მართვის უნარი, ალბათ, მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს თუ ჰქონდა და, უნდა ვაღიაროთ, ის უდიდესი ოსტატობით ზემოქმედებდა სოციუმში არსებულ წინააღმდეგობებზე.
    მაგრამ «პლურალისტური რეჟიმი» გამორიცხავდა გადაწყვეტილების მიღებისას სტრატეგიული საკითხებზე ნებისმიერი სხვა ფორმით და პირობით _ სრული კონსენსუსის გარდა. რაც, რასაკვირველია, შესაძლებელი იყო. მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
    ამგვარი სისტემის კლასიკური მაგალითია დროშასთან დაკავშირებული ისტორია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას: რომ არა «ვარდების რევოლუცია» და ხსენებული «ნოკაუტი», საქართველო დღევანდელ, ყოველმხრივ შესანიშნავ დროშას ვერ მოიპოვებდა და ძველის (მისი დახასიათებაც კი ჭირს) ამარა დარჩებოდა. თანაც, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წინააღმდეგობის შედეგად.
    რევოლუციამ «პლურალისტური რეჟიმი» დაამხო და იმედი ვიქონიოთ, ახალი ხელისუფლების ძირითადი თვისება სწორედ ქმედითობა იქნება. ქმედითი ხელისუფლება კი, გადაწყვეტილებებს ყოველთვის იღევს მიზანშეწონილობიდან (ქვეყნის ინტერესების მისეული ხედვიდან) და არა მოსალოდნელი საზოგადო რეაქციიდან გამომდინარე.
    ეს სრულებითაც არ ნიშნავს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებაზე უარის თქმას. მაგრამ გულისხმობს სწორედ გათვალისწინებას და არა მის მძევლად ქცევას. მით უმეტეს, როდესაც თვალნათელია ამ აზრის ფრაგმენულობა და შინაგანი წინააღმდეგობრიობა.
    სამწუხაროდ, ისევე, როგორც შოკიდან გამოსული ადამიანი, გამოღვიძებისა და გონს მოსვლის შემდეგ, დადებითთან ერთად უარყოფით თვისებებსაც ამჟღავნებს (რაც შოკის მდგომარეობაში ნიველირებული იყო), ასევე, მას შემდეგ, რაც შოკიდან გამოსვლა იწყო და რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებსი თაობაზე პირველ დისკურსში ჩაება, ჩვენმა საზოგადოებამაც დაიწყო კვლავ იმ თვისებების გამომჟღავნება, რითაც (ვიმეორებ) გამაოგნებელი ოსტატობით, მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა წინა, «პლურალისტური რეჟიმი».
    მაგალითად (ტკივილამდე ნაცნობი წინააღმდეგობაა) ახალ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანაში რუსული კაპიტალის მოზიდვა გადაწყვიტა, ერთი მხრივ ადანაშაულებენ, რომ მან «მშობლიური საწარმოებისა» და «ეროვნული ეკონომიკის» რუსული იმპერიისათვის მიყიდვა (ანუ სამშობლოს ღალატი!) განიზრახა, ხოლო მეორე მხრივ, ბრალად სდებენ კონფერენციის უშედეგობას და იმას, რომ არავითარი მსხვილი კონტრაქტი ამ ღონისძიების შედეგად არ გაფორმებულა.
    ერთი მხრივ, გვინდა ინვესტიცია, რაკი გვესმის მისი სარგებლობა, მაგრამ მეორე მხრივ, გვსურს რუს ინვესტორებს შევაჩეჩოთ მხოლოდ წამგებიანი, დანგრეული, გაპარტახებული, ფაქტობრივად უპერსპექტივი საწარმოები, ხოლო პერსპექტიულსა და კარგს აე შეველიოთ _ სახელმწიფო საკუთრებაში შევინახოთ სამომავლო სასწაულის იმედით ან «სტრატეგიულ მეგობრებს» მივყიდოთ მას შემდეგ, თუ ისინი საკუთარ ინტერესებს ვერ აცნობიერებდნენ და ასე ადვილად გაგვასულელებინებენ თავს ან მხოლოდ მწვადისა და კახური ღვინის ნოსტალგიით დააბანდებენ «პოლიტიკური რისკებით» აღსავსე ქვეყანაში მილიარდობით დოლარს.
    სინამდვილეში, რუსული ბიზნესი, განურჩევლად მისი კრიმინალური წარმომავლობისა (ამჟამად რესპექტაბელურობით ცნობილ ამერიკულ კაპიტალს არანაკლებ კრიმინალური ფესვები აქვს წარსულ საუკუნეებში), დღეს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურად და დინამიკურად ითვლება. იგი თავს ასე ადვილად არავის მოატყუებინებს.
    აქედან გამომდინარე, ალბათ შინაარსობრივად უნდა გავერკვეთ, რა გვინდა: თუ გვსურს რუსული კაპიტალის მოზიდვა, მაშინ იმასაც უნდა შევურიგდეთ, რომ ეს არის სწორედ რუსული კაპიტალი. მას აქვს თავისი სპეციფიკა, რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთმოქმედების სპეციფიური (თუმცა, აწ უკვე ჩამოყალიბებული) ტრადიცია და ამის გაუთვალისწინებლად ეს ახალი პროექტი ამთავითვე ჩასაშლელადაა განწირული.
    მაგალითად, რუსული ბიზნესი საქართველოში დიდი ფულს დააბანდებს მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ექნება ამ ინვესტიციის დაცულობის გარანტია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის ხელისუფლებისაგან (კრემლისაგან). კრემლი კი ამგვარ გარანტიას მისცემს (შესაბამისად, საქართველოსკენ რუსულ კაპიტალს გზას ჰაუხსნის) მხოლოდ გარკვეული პირობებით. რასაკვირველია, არ მოგვწონს, გვაღიზიანებს, მაგრამ რეალობაა და თუ არ ვურიგდებით, მაშინ კვლავ დავპატიჟოთ რუსები საქართველოში, ვსვათ ღვინო და მივირთვათ მწვადი _ კახეთში ქეიფს რა სჯობია?

მთავრობის «ნაცნობი ტკივილი»

        სამწუხაროდ, «გამოღვიძებული დაზოგადოების» თვისებებთან ერთად, იღვიძებს და ცოცხლდება «ტკივილამდე ნაცნობი» ტენდენციები თვით საქართველოს ხელისუფლებაშიც. ამჯერად _ მინისტრთა კაბინეტში.
    დავაკვირდეთ ზოგიერთი მინისტრის მიკიბულ-მოკიბულ პოზიციას საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიასთან დაკავშირებით. ჟურნალისტების მწვავე კითხვებზე და ზოგადად, დებატებისას, ისინი ყოველნაირად ცდილობენ, ქარაგმულად შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ «შემსრულებლები არიან», გადაწყვეტილება რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ უმაღლესმა ხელისუფლებამ მიიღო, ეს მისი პოლიტიკაა, ისინი კი «პატარა ადამიანები არიან», ბრძანებებს ასრულებენ, «საერთო-პოლიტიკურ ხაზს» ემორჩილებიან, თუმცა ზოგიერთ საკითხში მათაც ეჭვი ეპარებათ, ბევრი რამ მათაც აშინებთ («ისევე, როგორც მთელს საზოგადოებას»). თუმცა, ასეთი მოქმედება პასუხისმგებლობისგან არავის იხსნის...
    ზუსტად ასეთი პოზიცია ჰქონდა ბევრ მინისტრს ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში და ამიტომაც დასრულდა ყველაფერი ისე, როგორც დასრულდა!
    ძველ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები აღარვინ იყო და უდავოდ სასარგებლო პროექტები იშლებოდა სულ მცირე წინააღმდეგობის შედეგადაც კი. არადა, ამგვარი წინააღმდეგობის შექმნას რა უნდა პლურალისტურ საზოგადოებაში, სადაც «ინტერეს ჯგუფები» და «გავლენის ჯგუფები» არ დაილევა?
    სამწუხაროდ, ამის პირველი სიმპტომები უკვე გამოჩნდა: ხსენებული მიზეზით (ანუ «მასათა მძვინვარების» შიშით) ჩაშლის პირასაა «თბილგაზისა» და აზოტის» დავალიანებათა ჩამოწერის, ქვეყნისათვის უდავოდ ძალზე ხელსაყრელი პროექტი, ისევე, როგორც ინვესტიციათა მოზიდვა მრავალ პერსპექტიულ დარგში.

მკვრადი აქტივები და რეალური ვალები

        ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლების დადანაშაულება «ორმაგ სტანდარტებში» და «ჩუბაისთან» დაკავშირებული სკანდალის გახსენება არ არის სამართლიანი. «რაო ეეს»-I სახელმწიფო კაპიტალისტური საწარმოა და მისი კაპიტალი სწორედაც სახელმწიფო კაპიტალია.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: წინა ხელისუფლება, რომელმაც ამერიკული ენერგოკომპანია გააქცია იმით, რომ აიძულებდა, ელექტროენერგია არგადამხდელი მოსახლეობისათვის მიეწოდებინა (აიძულებდა არა მხოლოდ ანგარებით, არამედ სოციალური დესტაბილიზაციის შიშით), შედმდგომ ყველაფერ გააკეთებდა, რათა ჩუბაისის კომპანია საქართველიში არ შემოსულიყო და მხოლოდ მაშინ გაამართლა ეს ჩანაცვლება, როდესაც ამერიკელებმა და რუსებმა უკვე ფაქტის წინაშე დააყენეს.
    ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, წინა ხელისუფლების ძირითადი თვისება იყო ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილების მიღებაზე კატეგორიული უარის თქმა, რაკი ამგვარი გადაწყვეტილება უეჭველად გამოიწვევდა აზრთა სხვადასხვაობასა და მწვავე კრიტიკას.
    «ვარდების რევოლუციის» მიზანი კი (პირველად უახლეს ისტორიაში) ქმედითი ხელისუფლების შექმნა გახდა. ესე იგი ხელისუფლებისა, რომელსაც არ ეშინია პრინციპულ (თუნდაც არაპოპულარულ და კრიტიკის მაპროვიცირებელ) გადაწყვეტილებათა მიღება, თუ მათი მიღება მიზანშეწონილად(!) მიაჩნია.
    რუსულ სახელმწიფო კაპიტალთან შედარებით დამოუკიდებელი რუსული კერძო კაპიტალის მოზიდვა ქართულ ეკონომიკაში აბსოლუტურად მიზანშეწონილი, ყოველმხრივ გამართლებული გადაწყვეტილებაა, რაც მთლიანად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.
    რაკი ასეთი პრინციპული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო, უკვე მის პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური პროექტის განხორციელების კომკრეტული ფორმის წარმატებულობა.
    მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოსკოვში, რაც ბუნებრივად (და სავსებით სამართლიანად) დაუკავშირდა შემდგომ «ბიზნეს კონფერენციას» და რუსული კაპიტალის «ინტერვენციას».
    განსაკუთრებით მწვავე რეაქცია გამოიწვია «50 მილიონი დოლარის» ამბავმა. არადა, სწორედ «მონათხრობმა ამბავმა», რადგან არაფერი მსგავსი მოსკოვში არ განხილულა. ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე. ამ დოკუმენტს რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ხელს არ აწერდა, ოღონდ არა იმიტომ, თითქოს საქართველოსაგან «ვნეშეკონომბანკის» აქტივებზე უარის თქმას მოითხოვდა, არამედ პირიქით: მას სურდა (და ძალიან ცდილობდა) ქართულ მხარეს თავის თავზე აეღო ეს ვალები და პასუხისმგებლობა ათეულობით მილიონი დოლარის გადახდისათვის საქართველოს ბიუჯეტს დაკისრებოდა.
    თავისთავად, ამ მოთხოვნასაც გარკვეული «რეზონი» ჰქონდა (რუსეთის ინტერესებიდან და საშიში პროეცედენტის თავიდან აცილებიდან გამპმდინარე), თუმცა ეს თემა შორს წაგვიყვანს.
    რაც მთავარია, ჟვანიამ მოსკოვში მიაღწია იმას, რომ რუსეთი დაეთანხმა საკითხის «ჰაერში გამოკიდებას» მიუხედავად იმისა, რომ თუ თემა კვლავ გამწვავდა, იგი მხოლოდ მოსკოვის საწინააღმდეგო მიმართულებითY შეიძლება გამწვავდეს.
    რაც შეეხება თვით «ვნეშეკონომბანკის» აქტივებს, _ საკითხი გადაწყდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა განახორციელა «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირება და (გავბედავ არაპოპულარული შეხედულების გამოთქმას) ჩემი აზრით, მოიქცა აბსოლუტურად სწორად. ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალებს ნამდვილად ვერ გადაიხდიდა, ხოლო ცალმხრივად ვალების ?????????????????????????? ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომიკურ ვითარებაში ჩაგვაყენებდა.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველოს ვალი (სრულიად უპერსპექტივო ვალი, თუ კვლავ დამკვიდრებულ ტერმინს მოვუხმობთ) ექნებოდათ ჩრდილოეთ კორეას, ლიბიას, მონღოლეთს, ავღანეთს, ვიეტნამს და ასე შემდეგ. ხოლო საქართველოს ექნებოდა ნიდერლანდების, ბელგიის, ფინეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის ვალი.
    სულ ტყუილად გვგონია, თითქოს ქართველებისა და საქართველოსადმი «დიდი სიყვარულის» გამო, ეს ქვეყნები ხსენებულ ვალს ადვილად «ჩამოგვაწერდნენ». ამას არაფრის დიდებით არ გააკეთებდნენ თუნდაც იმავე პრეცედენტის შიშით, რასაც საერთაშორისო საკრედიტო ურთიერთობებში ყველა უფრთხის.
    ესე იგი, ნულოვან ვარიანტზე უარის თქმის შემთხვევაში (ეს ეპოპეა მართლაც მოსკოვში მთავრობის დელეგაციის ვიზიტისას დასრულდა საბოლოოდ) საქართველო მიიღებდა მკვდარ აქტივებსა და რეალურ, ძალზე აგრესიულ და მძიმე ვალებს.
    ეს სიმართლე კვლავაც აწყდება უმწვავეს რეაქციას «გამოფხიზლებული» და ნოემბრის შოკიდან» გამოსული საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს შეეძლო ამ საკითხში მსოფლიო ტენდენციას აღდგომოდა წინ.
    იგივე ითქმის «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში» ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებასთნ დაკავშირებითაც. რუსეთისათვის ჩვენი წინააღმდეგობა მეათეხარისხოვანი იყო იმ უმძიმეს პრობლემებთან შედარებით, რასაც დასავლეთის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებისას აწყდება (მეტალურგიის თემა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თემა, ნავთობის შიდა ფასთა საექსპორტო საექსპორტო ფასებთან გათანაბრების თემა, ენერგეტიკული სექტორის დოტირების შეწყვეტა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ), მაგრამ თბილისის წინააღმდეგობა ამ საკითხში არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ნებისმიერ ქვეყანას გააღიზიანებდა: როდესაც მოსკოვისაგან ვალების შეღავათებიანი პირობებით ხელმეორედ რესტრიქტურიზებას მოითხოვ (თანაც იმის პატრონი, რომ გასულ წელს არათუ ძირითად ვალს, არამედ პროცენტსაც არ იხდიდი) და იმავდროულად «პრინციპულ უარს» აცხადებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის წევრობაზე, მითხარით, როგორ მოიქცევა პასუხად ნებისმიერი თუნდაც არქიდემოკრატიული, «არაიმპერიალისტური და არააგრესიული» სახელმწიფო?

მოძველებული სქემა

        თბილისში ჩატარებული ბიზნეს-ფორუმის შედეგად, ჯერჯერობით, რეალურად გაფორმდა მხოლოდ ერთი შეთანხმება: «გაერთიანებული ქართული ბანკის» საკონტროლო პაკეტს ყიდულობს რუსეთის «ვნეშტორგბანკი». მიმდინარეობს მოლაპარაკება «აირზენა-საქართველოს ავიახაზების» მფლობელის შეცვლაზე.
    რასაკვირველია, აქაც შეიძლება ვისაუბროთ «მშობლიური ბანკის» და «მშობლიური ავიაკომპანიის» გაყიდვაზე, თუმცა ამგვარი პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს, ხოლო მეანაბრეებისათვის, რომელბიც თანხას ჩვენი ქვეყნის უმსხვილეს ბანკში ინახავენ, მთავარია, მათი ანაბრები იყოს მაქსიმალურად დაცული.
    ისევე. როგორც ელექტროენერგიის მომხმარებელი დაინტერესებულია, ჰქონდეს შუქი, ბუნებრივი აირისა _ მიეწოდებოდეს გაზი; რუსთავისა და ჭიათურის მაცხოვრებლისთვის მნიშვნელოვანია, არ დარჩეს უმუშევარი და ოჯახს ლუკმა-პური არ მოაკლდეს; საჰაერო ტრანსპორტი იყოს მაქსიმალურად იაფი და საქართველოს მოქალაქეებს, როგორც დღეს ხდება, პირუტყვით ღამის ორ საათზე არ უწევდეს დასავლეთში გაფრენა, რაკი დღის საათებში «ცივილიზებულ ადამიანებს» შევუშლით ხელს ევროპის ფეშენებელურ აეროპორტებში და ასე შემდეგ.
    არაფერი დასაძრახი, ანტიპატრიოტული, ამ «პრაგმატულ» მოთხოვნებში არ არის და ვაი იმ პოლიტიკას, რომელიც ჯანსაღი ადამიანური მისწრაფებების წინააღმდეგ წავა ნებისმიერი სქემატური მოსაზრებით.
    მთავრობის ოსტატობა, მისი პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, მოხერხება, თავდადება, ბრძოლის უნარი კი იმაში გამოიხატება, თუ რამდენად მოახერხებს იგი რუსული კაპიტალის მოზიდვას ჩვენთვის (და არა რუსეთისათვის ან რუსი ინვესტორისათვის) მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით _ რაც შეიძლება მაღალი პროცენტით ქართველი მეანაბრისათვის, იაფად მგზავრისათვის, მაღალი ხელფასით ჭიათურასა თუ რუსთავის მეტალურგიუ ქარხანაში დასაქმებულისათვის, თანაც, ამ საწარმოებზე საქართველოს სახელმწიფოს მეტნაკლები კონტროლის შენარჩუნებით, რის აუცილებლობასა და სასურველობასაც არავინ უარყოფს.
    ყველაფერი სხვა კი არის იმ შიზოიდური სქემების გადმონაშთი, რომელთა თანახმად საქართველო კი არ არსებობს მოქალაქისათვის, არამედ მოქალაქე არსებობს თავისი სახელმწიფოსთვის.
    ამგვარმა სქემამ ჩვენს ქავეყენას მრავალი უბედურება მოუტანა გასული 15 წლის განმავლობაში და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კვლავ ბევრ სასიკეთო პროექტს შეუშლის ხელს.
    მაგრამ, თუ ახალმა კონცეფციამ გაიმარჯვა, რუსეთთან თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთმოქმედების საფუძველი ამიერიდან პრაგმატიზმი იქნება. სიფრთხილესთან ერთად, რასაკვირველია. ოღონდ, იგულისხმება ჯანსაღი სიფრთხილე, ვინაიდან გადაჭარბებულს, სამედიცინო ენაზე კლინიკური ფობია ეწოდება.

31 მაისი, ორშაბათი, 2004 წელი
    24 საათი