სეკვესტრის წინათგრძნობა

        დღეს საქართველოს პარლამენტში დიდი დღეა. 1999 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანო, ალბათ, მთელი მისი არსებობის განმალვობაში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას მიიღებს. დებატებსა და აყალმაყალს მოწყურებული დეპუტატები, აგრეთვე სეირის მოყვარული მოსახლეობა ერთბაშად დაირწყულებს სურვილს, ვინაიდან პარლამენტმა დღეს და ხვალ ერთდროულად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი უნდა განიხილოს: აფხაზეთი, საარჩევნო კოდექსი და ბიუჯეტის სეკვესტრი.

        რაც შეეხება აფხაზეთს, ამჯერად, როგორც ჩანს, იგულისხმება, ეგრეთ წოდებული, რომის სტატუსთან მიერთება და არა სამშვიდობო ძალთა გაყვანა. თამაზ ნადარეიშვილი ამჯერად რეალურ მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც არა მხოლოდ «გასვლადია», არამედ დაუყოვნებლივ გამოიღებს შედეგს, განსხვავებით შარშანწინ მიღებული გადაწყვეტილებებისაგან, რომელთაც აღრსულება არ ეწერათ.
        თუმცა, რომის სტატუსთან მიერთებაც არ იქნება იოლი გადასაწყვეტი წინადადება, ვინაიდან, მაგალითად, «ახალი მემარჯვენეები» ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, რაკი ასეთი დადგენილების მიღება ამერიკის შეერთებული შტატების «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამის შეწყვეტას ნიშნავს – ამერიკელები არა მხოლოდ თვითონ არ შეუერთდნენ კონვენციას საერთაშორისო ტრიბუნალის შესახებ, არამედ მზად არიან (ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ), გამოიწვიონ თავიანთი სამხედრო მოსამსახურეები ყველა იმ ქვეყნიდან, რომელიც მას შეუერთდება.
        ამდენად, პირველ საკითხზეც (თუ თანამიმდევრობა არ შეიცვლება) სერიოზული აზრთა ჭიდილია მოსალოდნელი.
        რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, აქ საკმაოდ მარტივი დისპოზიცია შეიქმნება: ოპოზიცია მოითხოვს, საკითხი დაუყოვნებლივ დადგეს კენჭისყრაზე. და ამ შემთხვევაში, თუ სახელისუფლებო ბლოკი მას მხარს არ დაუჭერს, ხელისუფლებას ბრალს დასდებს «აღორძინებასთან» და «მრეწველებთან» გარიგებაში.
        ამას სერიოზული შეხლა-შემოხლა მოჰყვება, თუმცა, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დღეს ან ხვალ საკითხი მიანც გადაწყდება – შესაძლოა, «მრეწველებთან» რთული კომპრომისის გზით, ხოლო «აპღორძინება» არანაირ კომპრომისს არ დათანხმდება, ვინაიდან მისთვის კატეგორიულად მიუღებელია აჭარაში საარჩევნო კომისიების იმავე პრინციპით დაკომპლექტება, როგორითაც თბილისში.
        თუმცა, ყველაზე ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი საკითხი ქნება, როგორც ჩანს, ბიუჯეტის სეკვესტრის განხილვა. სახელმწიფო კანცელარიიდან გუშინ მთელი დღის განმალვობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მინისტრები ვერ შეთანხმდნენ სეკვესტრირებაზე და ვერ ინაწილებენ ამ ტვირთს, რაკი 95 მილიონი დოლარის დაკლება უმძიმესი დარტყმაა და ყველა უწყება სწორედ მის ინტერესებს მიიჩნევს პრიორიტეტულად.
        იმავე ცნობებით, შეთანხმება საბოლოოდ მხოლოდ ხუთშაბათისთვის იქნება მიღწეული და იმავე დღეს გავა პარლამენტის სხდომაზე. ასეთ შემთხვევშაი, გაუგებარია, რატომ გადაიდო დღეს მთავრობის სხდომა, რომელზეც სეკვესტრის საკრთხი ღიად არც განიხილებოდა. შესაძლოა, აქ პოლიტიკურ ჩანაფიქრთან გვაქვს საქმე: ამ ვერსიის მიხედვით, სეკვესტრი მთავრობაში დიდწილად შეთანხმებულია, მაგრამ ავთო ჯორბენაძე არ აპირებს ციფრების გამომზეურებას მანამ, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო არ გაერკვევა საარჩევნო კოდექსის საკითხში და კენჭს არ უყრის «ბეიკერის ფორმულას».
        ამგვარი შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. ხოლო თვით სეკვესტრის საიკთხი ამევე დისკურსში კოდექსს პ ირდაპირ უკაშვირდება, ვინაიდან ხელისუფლებისთვის არსებითია, «ბეიკერის ფორმულას» მხარი დაუჭირონ არა მხოლოდ ბლოკში «ახალი საქართველოსთვის» შემავალმა პარტიებმა, არამედ ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის სხვა სეგმენტებმაც: მათ შორის მაჟორიტარებმა. თვით ბიუჯეტის სეკვესტრი კი უმტკივნეულოდ პარლამენტში ვერ გავა. მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ხელუხლებელი შეინარჩუნოს მხოლდ, ეგრეთ წოდებული, დაცული მუხლები ყველა უწყებაში.
        მაშასადამე, თუ მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 15 ან 20 მილიონი ლარით შემცირდება, ეს, რა თქმა უნდა, არ შეეხება ოფიცერთა ფულად უზრუნველყოფას (არც ერთი ქვეყნის არმიაში ამა სხელფასი არ ჰქვია)ნ ან ჯარისკაცთა კვების თანხას _ შემცირდება თანხები, რაც გათვალისწინებული ყო იარაღის შესაძენად, სამხედრო სწავლებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ამ სწავლებათა გაუქმების შედეგი უმალვე თვალსაჩინო არ იქნება, პოლიციისთვის ხელფასების ფორმალურად შენარჩუნებას და (ვთქვათ) ტრანსპორტის სახსრების თუ სპეცსახსრების ჩამორთმევას უმალვე შევიგრძნობთ კრიმინოგენული ვითარების გამწვავებით და კორუფციის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით.
        გადაწყვეტილია, აგრეთვე, პრეზიდენტის ფონდის შემცირება 5 მილიონი ლარით (ამ ფონდში, შედეგად, მხოლოდ 1 მილიონი ლარი დარჩება). შემცირდება თითქმის ყველა სამინისტროს ბიუჯეტი, მაგრამ ისევ და ისევ სპეცსახსრებისა და არა დახული მუხლების სახით, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ეს ამის გამო ნაკლებ მტკივნეული იქნება, როგორც თვით ამ უწყებათათვის, ასევე მათი «გავლენის ჯგუფებისათვის» პარლამენტში. სწორედ ამიტომ, სეკვესტრის გასვლა პარლამენტში კიედვ უფრო სათუოა, ვიდრე საარჩევნო კოდექსისა.

დილის გაზეთი, 16 ივლისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე