რუსეთი პანკისის დავიწყებას არ აპირებს

მოსკოვი ჭიჭიაშვილი ერადაციას თბილისის დასასჯელად აყოვნებს

        ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ პანკისის ხეობას, სადაც უკვე ერთი წელია, ხორციელდება «ანტიკრიმინალური» ოპერაცია შინაგანი ჯარებისა და სპეცდანიშნულების რაზმების მონაწილეობით.

        უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია და შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ცალ-ცალკე ეწვივნენ პანკისს, რათა ჩატარებული ოპერაციის არც თუ მცირე შედეგი ეხილათ. ეს «განცალკევება» გარკვეულ კითხვებს ნამდვილად ბადებს. მით უმეტეს, რომ ნარჩემაშვილისა და ხაბურძანიას სამინისტროებს რაიმე უწყებრივი დაპირისპირება დღემდე არ გამოუჟღავნებიათ და არც სერიოზული საფუძველი ჩანს საამისოდ. შეიძლება «ცალ-ცალკე ასვლის» მიზეზი ის გახდა, რომ ხაბურძანია, ზოგიერთი ცნობით, ამ დღეებში მოსკოვში აპირებს გადაფრენას ცნობილი ქისტი გამტაცებლის – შოთა ჭიჭიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ეს პიროვნება ჯერ კიდევ 4 თვის წინათ დააკავეს რუსეთში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 3 წლის განმალვობაში განხორციელებულ თითქმის ყველა გახმაურებულ გატაცებას (ლევან კალაძის გარდა, რომლეიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, უფრო რაჭაში უნდა ჰყავდეთ გადამალული) სწორედ ჭიჭიაშვილთან მივყაპვართ, რუსები მის ექსტრადირებას არ ჩქარობენ.
        ლოგიკური იქნებოდა, გვეფიქრა, რომ რუსი სამართალდამცველები დაუყოვნებლივ გადმოსცემდნენ საქართველოს მოქალაქეს თავიანთ კოლეგებს, მაგრამ ისინი ექსტრადირებას აჭიანურებენ მიუხედავად იმისა, რომ სავსებით ცხადია მთავარი: ჭიჭიაშვილი ჩვეულებრივი (არაპოლიტიზებული) კრიმინალია და მას რუსლან გელაევის დაჯგუბეფასთან საერთო არაფერი ჰქონდა და არც აინტერესებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი რუსეთს ნამდვილად არ შეაფარებდა თავს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, უბრალოდ, სამაგიეროს უხდის ქართველ კოლეგებს (ჭიჭიაშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმით). ობიექტურობა მოითხოვს ისიც ითქვას, რომარ შეიძლება ჭიჭიაშვილის გათანაბრება იმავე ჩეჩენ მეომრებთან, რომელთა დანაშაულიც მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა იყო.
        ჭიჭიაშვილის გადმოცემის თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას სცილდება და უმაღლეს დონეზე იქნება მიღებული. რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ აინტერესებს ჭიჭიაშვილის «ჩავარდნა» ქართველ სამართალდამცველთა ხელში, რათა დაკარგული «ძაფები» გაიხსნას და თბილისმა გატაცების საქმეებს საბოლოო წერტილი დაუსვას, ანუ ამით საკუთარ სახელმწიფო სტრუქტურათა ქმედუნარიანობა დაადასტუროს. მაშასადამე, პანკისის პრობლემა, რომელიც ამჟამად მინავლებულია, მოსკოვს «გადანახული» აქვს შესაბამის შემთხვევაში საქართველოზე ზემოქმედებისთვის. ჭიჭიაშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმა სწორედ ამას ადასტურებს.
        ერთი წლის წინათ საქართვლეო, ფაქტობრივად, მასშტაბური ომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. რუსეთის ულტიმატუმებმა ხელისუფლება აიძულა, ძალიან სარისკო ნაბიჯები გადაედგა და თავის მხრივ, ულტიმატუმი წაეყენებინა ხეობაში მოკალათებული შეიარაღებული ქვედანაყოფისთვის. შინაგანი ჯარებისა და უშიშროების სამინეისტროს სპეცდანიშნულების რაჟმთა გარდა ხეობის სიახლოვეს მაშინ საქართველოს შეიარაღებულ ძალთა (თავდაცვის სამინისტროს( 1500 ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი და ოფიცერი განლაგდა. სპეცდანიშნულების რაზმებმა რამდენიმე უაღრესად წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. ვერაფერი მსგავსით რუსეთის სახელგანთქმული სპეცრაზმები ჩეჩნეთში ვერ დაიკვეხნიან, თუ არ ჩავთვლით, სალმან რადუევის დაკავებას, რაც უფრო მეტად შემთხვევითობის წყალობა იყო. თანაც რადუევს თვით ჩეჩენთა მეთაურებიც აღარ აღიქვამდნენ სერიოზულ ფიგურად.
        რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები რუსლან გელაევის შესაძლო «შემორიგების» შესახებ იმ თვალსაზრისითაა საინტერესო და საგულისხმო, რომ ამ განცხადებებით დასტურდება რუსეთის სპეცსამსახურთა «კონტინგენტის» შესაძლო ხელახალი გააქტიურება საქართველოს მიმართულებით. აგრესიის პოტენციალი და ნაღმი კიდევ არსებობს და საქართველოს შინაგან ჯარებსა და განსაკუთრებით, სპეცსამსახურებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

დილის გაზეთი, 26 აგვისტო, 2003 წელი

მთელ გვერდზე