ლიტვასთან პარლამენტებით ვიმეგობრებთ

        საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ლიტვას გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით. ეს ვიზიტი ექსტრაორდინარული მოვლენაა იმდენად, რამდენადაც თვით საქართველოში შეიქმნა ექსტრაორდინარული ვითარება – ნინო ბურჯანაძე თბილისიდან მაშინ მიემგზავრება, როცა კულმინაციას აღწევს პოლიტიკური ბრძოლა «მინიმალურ ხელფასთან» დაკავშირებით.

        პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება სამშაბთს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, სწორედ ამ დღის წესრიგით. მაშასადამე, მიმდინარე (ისევე, რგორც წინა) კვირას საკანონმდებლო ორგანოში დიდი «პიკირებაა» მოსლაოდნელი, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე არ დაესწრება. სავარაუდოდ, იგი გიგი წერეთელს დაავალებს სხდომის წაყვანას. როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ ძნელი სათქმელია.
        ნინო ბურჯანაძე ლიტვაში ვიზიტს ბევრად მეტ მნიშვნელობას ანიჭებს და არცთუ უსაფუძვლოდ. ლიტვა-საქართველოს ურთიერთობა 12 წელია, საკმაოდ რთულად ვითარდება, არადა ცოტა უფრო ადრე, «მოძრაობის ტალღაზე», ყველაფერი მეტისმეტად ოპტიმისტურად აღიქმებოდა. სინამდვილეში, რაკი 1991 წლის აგვისტოში ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა «თავისი გაინაღდეს» - შემდეგ საქართველო აღარც გახსენებიათ. ისინი საქართველოს ჯერ გამსახურდიას რეჟიმის არადემოკრატიულობის გამო არ ცნობდნენ, შემდეგ კი ახალი ხელისუფლების «ლეგიტიმურობაში» ეპარებოდათ ეჭვი. თუმცა, ორივე შემთხვევაში ნამდვილი მიზეზი რუსეთის «არგანაწყენებისა» და აუტკივარი თავის «არატკივების» სურვილი იყო.
        ეს არც უნდა გვწყინდეს: ლიტველებმა პრაგმატიმის გაკვეთილი ჩაგვიტარეს ქართველებს. პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი სწორედ ცივი პრაგმატიზმია – ეროვნული ინტერესების დაცვა ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე. ამიტომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 12 წლის შემდეგ «საბჭოთა კავშირში თანამოძმე» ლიტვასთან ურთიერთობიდან შეიძლება გავიხსენოთ მხოლდ საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩები, რომლებიც ჩვენი ფეხბურთელების ტრიუმფით დასრულდა და ლიტვის პრეზიდენტ ბრაზაუსკასის ძლიევს მიღწეულივ იზიტი საქართვლეოში. თუმცა, ლიტვას უმაღლეს დონეზე საპასუხო ვიზიტის ორგანიზებისა შეეშინდა, იმავე მიზეზის გამო.
        მაგრამ ინტერესთა ობიექტური თანხვედრა მაინც თავისას შვრება – ლიტვა საქართველოს ბოლოდროინდელმა განცხადებებმა დააინტერესა «ნატოში» გაწევრიანების შესახებ. გარდა ამისა, ძალიან ცოტაა ქვეყანა (ევროპაშიც), რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში იმდენად ერთმნიშვნელოვან და თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, როგორც საქართველო. თავისთავად, ეს უკვე სერიოზული კაპიტალია, ხოლო ლიტვას ახლა გაახსენდება «ძველი მეგობრობა», რათა ეს პოტენციალი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
        ერთი მასშტაბის ქვეყნებისათვის ამგვარი თანამშრომლობაც სავსებით ბუნებრივია. ლიტვა, როგორც ევროპული სახელმწიფო, რასაკვირველია, ბერვად უსწრებს საქართველოს. ამას მრავალი ობიექტური მიზეზი და ხელშემწყობი ფაქტორი აქვს. შედეგად, ლიტვა დღეს უკვე, ფაქტობრივად, ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია – დარჩა რამდენიმე ფორმალობა, რაც 2005-2006 წლისთვის საბოლოოდ დასრულდება.
        პარლამენტის თავმჯდომარისადმი ინტერესი კი უეჭველად განაპირობა ნინო ბურჯანაძის მკაფიო და მკვახე განცხადებებმა მოსკოვში, რომლეიც ვილნიუსისათვის ტრადიციულ «კონტრპარტნიორად» რჩება ისევე, როგორც მრავალი პოსტსაბჭოური ინტერესის საზომად. წინასწარ შემუშავებული პროგრამის შესაბამისად, ნინო ბურჯანაძეს მიიღებენ მართლაც უმაღლეს დონეზე, რის შედეგნადაც მას მიენიჭება «მეორე ტალღის» ევროპაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ფუნქცია და უფლებამოსილება.
        დიდწილად ნინო ბურჯანაძეზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებულად ითანამშრომლებს უახლოეს წლებში საქართველო ამ ევროპასთან, შეიძლება ითქვას, ახალ ევროპასთან – დიდი ევროპის აღმოსავლეთ პოსტკომუნისტურდა პოსტსაბჭოურ ნაწილთან, რომლის არაფორმალური ლიდერი, ჩეხეთთან ერთად, ლიტვა ხდება.
        «ძველ ევროპასთან» ურთიერთობები, ასე თუ ისე, გარკვეული გვაქვს, აქ უდავოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ედუარდ შევარდნაძის ფაქტორმა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმოიშობა თუ არა «მესამე ევროპული» ტალღა და შეიყვანენ თუ არა ახალ ევროპულ «რეიტინგლისტში» საქართვლეოს, ამას სწორედ «ახალი ევროპა» გადაწყვეტს. უფრო ზუსტად, მისი თანხმობის გარეშე «ძველი ევროპა» საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ამდენად, ლიტვასთან «პარლამენტებით» (თუ სეიმებით) მეგობრობა უდავოდ სასარგებლო იქნება.

დილის გაზეთი, 17 მარტი, 2003 წელი

მთელ გვერდზე