ვინ ილოცებს ცხინვალის ხატზე?

        მეოთხე დღეა რამდენიმე ინტერნეტ-საიტი საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს შვეიცარიაში აღმოჩენილ ქართულ ხატს, რომელიც 10 წლის (ხსვა ცნობებით 12 წლის) წინათ გაიტაცეს ცხინვალის მუზეუმიდან. აუქციონზე, სადაც «ინტერპოლის» აგენტებმა ნივთს ყურადღება მიაქციეს, იგი 300 ათას დოლარად იყო შეფასებული. თუმცა, სავარაუდოდ, 2 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა, როგორც მე-10 საუკუნის ბიზანტიური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში.

        ერთ-ერთი ცნობით, ტრიპტიხის შესაძენად თავისი აგენტი წმინდა საყდარმაც (ვატიკანმა) მიავლინა, მაგრამ სრულებით მოულოდნელი რამ მოხდა. «მოულოდნელი», ვინაიდან ხატის გამყიდველები ელემენტარულად გამოუცდელები აღმოჩნდნენ (მადლობა უფალს) – აბა, გამოუცდელის გარდა ვინ გაიტანდა მოპარულ (ნაძარცვ) ხატს აუქციონზე.: აქ ხომ აუცილებლად მოითხოვდნენ მისი «წარმოშობის ისტორიას», ყოველმხრივ შეისწავლიდნენ ნივთს (რათა აუქციონის პრესტიჟს არაფერი მისცხებოდა) და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანდნენ სავაჭროდ.
        ჭეშმარიტი პროფესიონალები ასეთ შემთხვევაში აუქციონებს ყოველთვის გვერდს უვლიან და «შავ ბაზარს» ამჯობინებენ, მსოფლიოში ბევრი მულოტიმილიონერი და მილიარდერია, რომელსაც «იატაკქვეშა» კოლექცია აქვს სხვადასხვა დროს მოპარული ან «დაყაჩაღებული» ნივთებისგან. თავის დროზე ასეთ კოლექციაში კინაღამ ლეონარდო და ვინჩის ფასდაუდებელი «ჯოჯონდაც» მოხვდა, რომელიც ლუვრიდან გაიტაცეს, მაგრამ გამტაცებლებმა მთელი კაცობრიობის ხვეწნა-მუდარა შეისმინეს და «ისინდისეს».
        რაც შეეხება ცხინვალის ხატის გამტაცებლებს, ისინი აშკარად არაპროფესიონალები იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც ათი წლის შემდეგ, არ მიაკითხავდნენ აუქციონს ნაპარავის გასაყიდად. მაშასადამე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გაყიდვას იგივე ჯგუფი ცდილობდა, ვინგც ცხინვალის მუზეუმი დააყაჩაღა, ვინაიდან თუ ხატი «მესამე ხელში» მოხვდებოდა, იგი უფრო პროფესიონალურად, მოიქცეოდა.
        ვინ შეიძლება იყვნენ გამტაცებლები? ყველას კარგად გვახსოვს 10-12 წლის წინათ რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში: დაძრწოდნენ სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც ყველას და ყველაფერს ძარცვავდნენ, გამტაცებლები შეიძლება ყოფილიყვნენ ქართული ფორმირებებიც და ოსურიც. ხატი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში სამალავში ინახებოდა, რაკი ყაჩაღებმა მიიჩნიეს, რომ ათი წლის განმავლობაში ის «ყველას დაავიწყდებოდა», ხოლო ფასს ნამდვილად არ დაკარგავდა.
        ამრიგად, ხატი უეჭველად დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ აქ წარმოიშვა მოულოდნელი პრობლემა: «სამხრეთ ოსეთის» საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ «ბიზანტიური ხატი» რესპუბლიკის საკუთრებაა და უნდა დაბრუნდეს «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში», თუმცა, კონკრეტულად იმ წერილში, რომელიც აუქციონსა და ინტერპოლს გაუგზავნეს სეპარატისტებმა, საკითხი უფრო გაიძვერულადაა დასმული. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ «ხატი იმავე მუზეუმში უნდა დაბრუნდეს», საიდანაც გაიტაცეს. როგორც ჩანს, სეპარატისტთა ლიდერებს ესმით, რომ «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უფლებებისადმი» აპელირებით ევროპაში ბევრს ვერაფერს გახდებიან, ვინაიდან ასეთ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს ევროპა არ იცნობს, მაგრამ «საკუთრების უფლება» ევროპნელთათვის წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელია.
        ფორმალურად, ხატის მესაკუთრედ ცხინვალის მუზეუმი ითვლება. მიუხედავად ამისა, საეჭვოა მოიძებნოს იურიდიული მექანიზმი საიმისოდ, რათა ხატი ცხინვალში აღმოჩნდეს და არა თბილისის ხელოვნების მუზეუმში. საქმე ის გახლავთ, რომ სახელმწიფოს, სადაც აღმოჩნდა მოპარული ნივთი, ისევე როგორც ევროპულ «სამართლადამცველ» ორგანიზაციებს, საქმე შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტთან (საქართველოს სახელმწიფოსთან) და მის სახელისუფლებო ორგანოებთან _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, კულტურის სამინისტროსთან და ასე შემდეგ. მხოლოდ მათთან შეთანხმებით შეიძლება დაბრუნდეს ხატი საქართვლეოში, თუმცაპ, ცხინვალის რეჟიმი, თავის მხრივ, მიიღებს «ზომებს» ჩართავს რუსეთის საელჩოს (შეფარვით) დაიქირავებს კარგ ადვოკატებს და უკიდურეს შემთხვევაში «ჯინაზე» დატოვებს ხატს (მუზეუმის თხოვნით) ევროპაში, ანუ «არც ჩვენ და არც თქვენო».

დილის გაზეთი, 16 ნოემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე