არაქართული ტელედებატები

არაქართული ტელედებატები

    გასულ ორშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მეორე წინასაარჩევნო ტელედებატი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს მმართველი პარტიის, ლეიბორისტებისა და ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენლებმა. ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა, რაკი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი მაიჩნია «ტოლად და სწორად». საინტერესო არგუმენტიც მოიყვანა, თუმცა ამაზე ქვემოთ. მანამდე კი, რამდენიმე სიტყვა თვით ტელედებატების ისტორიაზე.
    მისი სამშობლო (ისევე, როგორც ყველაფრისა, რაც ტელევიზიას და ტელემოქმედებებს უკავშირდება) რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებია. პირველ წინასაარჩევნო ტელედებატად ითვლება დისკუსია დემოკრატ ჯონ კენედისა და რესპუბლიკელ რიჩარდ ნიქსონს შორის, რომელიც 1960 წლის 26 სექტემბერს გაიმართა. ამ მოვლენას 66 მილიონი ამერიკელი ადევნებდა თვალს, რაც აბსოლუტური რეკორდია. მით უმეეტს, რომ იმ დროს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა მხოლოდ 179 მილიონი იყო ნაცვლად ამჟამინდელი 308 მილიონისა.
    ის დებატები პირველ რიგში იმით იყო საინტერესო და იმიტომ იქცა ისტორიულად, რომ პირველად ისტორიაში, ამომრჩეველი ყურადღებას აქცევდა არა მხოლოდ გამოთქმულ მოსაზრებებს, პოლემიკის უნარს (რადიო დეაბტები მანამდეც იმართებოდა), არამედ კანდიდატის გარეგნობას, ჰაბიტუსს, ბოლოს და ბოლოს ჩაცმულობას, ესე იგი, მაგალითად, თუ რამდენად გემოვნებით შეარჩია ჰალსტუხი და ა.შ.
    ნურავის ეგონება გადაჭარბება, რომ ჯონ კენედის ელეგანტურობამ და მთლიანობაში, ახალგაზრდულმა იერმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მის გაპრეზიდენტებაში,რაკი ამ მომენტებს ზემოთხსენებული 66 მილიონის მშვენიერ ნახევრისათვის კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამებზე არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. ამის გამო, ბევრმა ევროპელმა და ამერიკელმა კონსერვატორმა ტელედებატი იმთავითვე აითვალწუნა, მაგრამ პროგრესს ვერ შეაჩერებ. ხოლო ტელევიზიასთან ბრძოლა ქარის წისქვილებთან ბრძოლას დაემსგავსებოდა.
    ასეთი რაკურსით ქართული ტელედებატების შეფასება სხვებისთვის (მაგალითად, სტილისტებისა და დიზაინერებისთვის) მიმინდვია, ჩვენ კი უფრო შინაარსობრივ და პოლიტიკურ მხარეზე შევჩერდეთ. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეს უკვე მეორე დებატია, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა. პირველი პრეცედენტი კი 2010 წლის მუნიციპალური არჩევნებისას შედგა. მაშინ გიგი უგულავა ირაკლი ალასანიას, ზვიად ძიძიგურსა და გია ჭანტურიას ეპაექრებოდა. უკვე იმ დროს შეიძლებოდა შემჩნევა, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ტელედებატები არ მიიღო. ბევრი ამბობდა და ახლაც იმეორებს, რომ «ძალიან მოსაწყენი გამოდგა, ეს რა ტელედებატია – ცოცხალი დისკუსია არ მიმდინარეობსო».
    ანუ აქ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა სხვაობა ევრო–ამერიკულ პოლიტიკულტურასა და ჩვენს ეროვნულ ტრადიციას შორის,. ამ ტრადიციით კი, «ცოცხალი დებატი» იმას ქვია, როდესაც მონაწილენი ერთმანეთს აწყვეტინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ბოლოს დედასაც აგინებენ, ხელჩართულ ჩხუბზეც გადადიან და ა.შ. ერთი სიტყვით, დგას ყაყანი, გნიასი, გაწევ–გამოწევა, ხოლო ამომრჩეველი სეირს უყურებს, – ვინ ვის მოერევა და ვინ ვის უფრო დააჩმორებს.
    ასეთი ტრადიციის გათვალისწინებით, მერაბიშვილ–ნათელაშვილ–თარგამაძის დებატები მართლა მოსაწყენი გამოდგა და მაყურებლის უმრავლესობამ ალბათ ნახევარზე გადართო. შალვა ნათელაშვილი ბევრს ეცადა, სიმწვავე დაემატებინა, მაგრამ თვით გადაცემის ფორმატი არ აძლევდა ამის საშუალებას, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ცარიელ პიუპიტრზე პინგვინის სურათის საკუთარი ხელით დადებაც ვერ გაბედა და უმწეოდ იყურებოდა: «აბა ვინ გამომართმევს იქ და დადებსო». რასაკვირველია, ამას მის ნაცვლად არავინ გააკეთებდა.
    რაც შეეხება შინაარსს, არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ თქმულა – ის რაც მანამდე არ ვიცოდით მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით. ნათელია, რომ მომავალი არჩევნების მთავარი თემა სოციალური მოტივია და მეტნაკლები წარმატებით ამ თემას სამივე მონაწილე «აპიარებდა». უბრალოდ, შალვა ნათელაშვილი, მისი არტიკულირებისას, უფრო აგრესიული იყო, მერაბიშვილი, – აკადემიური, ხოლო თარგამაძე–ზომიერი.
    სინამდვილეში, ერთადერთი მართლაც საინტერესო საკითხი ივანიშვილის უარი გამოდგა. თან ასე დასაბუთებული: «მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ ერთად, – ჯგუფად. მარტო მერაბიშვილი – საპენსიო ადგილზე მყოფი კაცი, ან ბაქარაძე, არ გამოვა. ეს ხელოვნურად შექმნილი დებატები არ ივარგებს, ხალხს აინტერესებს ნამდვილი დებატები რომ შედგეს და რეალური სახე ჰქონდეს».
    ძალიან უცნაური არგუმეტაციაა. რას ნიშნავს ჯგუფად მოვიდნენ? რატომ არის პრემიერ–მინისტრის პოსტი საპენსიო? ისევ და ისევ მთავარი არგუმენტია ხელოვნურობა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ნამდვილ დებატებში (ანუ ზემოთაღწერილი ქართული ტრადიციის შესაბამისად თუ ჩატარდება) ის უეჭველად მოუგებს არა მხოლოდ მიშა სააკაშვილს, არამედ მთავრობის მთელ შემადგენლობას. მაგრამ რეალობა, ანუ ის, რაც ვიცით და რაც ჯერ–ჯერობით ნანახი ან მოსმენილი გვაქვს, ესოდენ თამამი განცხადების, ამგვარი დასკვნისა და თავდაჯერების საფუძველს არ ქმნის.
    მაგალითად, «ცოცხალი» იყო შალვა ნათელაშვილის მიერ წამოწეული «პინგვინის თემა» და ძალიან ეჭვი მეპარება ივანიშვილს მოეხერხებინა და ამაზე ისეთი მოსწრებული პასუხი გაეცა, რაც «სეირის მაყურებელს» მოეწონებოდა.

2012