აქციის გეგმა

        გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი ივანოვი ვაშინგტონში ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ხვდებოდა. გარდა ამისა, საქართველოს «დაუძინებელ მეგობრად» ჩამოყალიბებულ რუს სალდაფონს დაგეგმილი აქვს შეხვედრები თეთრ სახლში, მათ შორის, ამიერიკის პრეზიდენტის მრჩევლებთან ეროვნული უშიშროების საკითხებში, კონდოლიზა რაისთან.

        როგორც ჩანს, არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამჟამად, კონდი რაისის მიწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე სასწრაფოდ გაფრინდა ამერიკაში, ვინაიდან ოფიციალურ ვაშინგტონს «კონტრარგუმენტები» ესაჭიროება სერგეი ივანოვის განუწყვეტელი «პრესის» პირობებში.
        თვით სერგეი ივანოვს არც დაუმალავს, რომ მოლაპარაკებათა მთავარი თემა სწორედ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარება იქნება, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის მუქარა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვის თაობაზე. ივანოვის განცხადებები ცხადყოფს, რომ კრემლს მართლაც გადაწყვეტილი აქვს დაბომბოს საქართველო. არავითარ «შეთანხმებას» ივანოვი ამერიკელებთან არ აპირებს. მისი მიზანი მხოლოდ «გარიგების შთაბეჭდილების შექმნაა». ხოლო დაბომბვის განხცორციელებისთვის მოსკოვს არავითარი თანხმობა არ ესაჭიროება. თანხმობის გარეშეც დაიწყებს აგრესიას, ხოლო ვაშინგტონის პროტესტებს ყურადღებას არ მიაქცევს.
        ივანოვი სწორედ ამას ეუბნება ამერიკელებს: წინასწარ გატყობინებთ, რომ საქართველოს დაბომბვას ვაპირებთ და ამის გამო თქვენ რუსეთს ომს ვერ გამოუცხადებთო.
        მართლაც, რას მოიმოქმედებს ამერიკა, თუ რუსეთი «ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის» მომიზეზებით, საქართველოს დაბომბავს? – მაქსიმუმ, სიტყვიერ პროტესტს განაცხადებს და ნოტას გაუგზავნის მოსკოვს.
        ჩვენს საზოგადოებას კი დღემდე არ სურს გაიგოს, რომ ამერიკის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერა შეიძლება მხოლოდ «მეორადი» ფაქტორი იყოს. ხოლო პირველადია (ანუ მთავრია) ის, თუ რამდენად არის თვით ქართველი საზოგადოება მზად, გაიღოს მსხვერპლი და იბრძოლოს დამოუკიდებლობის დასაცავად.
        სხვა ჩვენ არავინ დაგვიცავს და (აფხაზეთის არ იყოს) ჩვენს ნაცვლად არავინ იომებს.
        ივანოვებისა და პუტინების მზარდი «პრესი» სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ისინი (რუსული სპეცსამსახურები) შესანიშნავად გრძნობენ ჩვენი სოციუმის აპათიურობას, «მომჩვარობასა» და «მშვიდი ცხოვრებისადმი» სწრაფვას. მშვიდი ცხოვრება, რასაკვირველია, ძალიან კარგია, მაგრამ მშვიდი ცხოვრება თუ გვინდოდა, ჯობდა დამოუკიდებლობა საერთოდ არ გამოგვეცხადებინა – გვეცხოვრა მაშინ მშვიდად «დემოკრატიზებულ» ერთიან დიდ კავშირში – საბაზრო ეკონომიკითა და მრავალპარტიულობით, გორბაჩოვის რეფორმათა შედეგად.
        ასე რომ, მშვიდი ცხოვრების იმედი ტყუილად გვაქვს. რუსეთი საქართველოს განიხილავს როგორც «ევრაზიული ჯაჭვის» ყველაზე სუსტ რგოლს და სწორედ მის გაწყვეტას ცდილობს დაგეგმილი აგრესიით.
        საქმე იმაზე მეტად სერიოზულადაა, ვიდრე ჩვენ გვგონია. რუსეთმა იპოვა (უფრო ზუსტად, თავად შექმნა) საბაბი და მას ხელიდან აღარ გაუშვებს. რამდენიმე დღის წინათ რუსეთის გენერალური შტაბის მაღალჩინოსანმა, გენერალმა ბალუევსკიმ (1993-1996 წლებში იგი საქართვლეოში დისლოცირებული ჯარების სარდლის მოადგილე იყო) ერთობ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა.
        მისი თქმით, «აუცილებელია რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეიქმნას უსაფრთხოების ზონა, 20-40 კილომეტრის სიღრმეში».
        წარმოგიდგენიათ? სადაც 40, იქაც 60.
        იგულისხმება, რა თქმა უნდა, საქართველოს ტეროიტორიის სიღრმეში. ხოლო 50-60 კილომეტრი კავკეასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან ფარავს თელავს და ბევრ სხვა სტრატეგიულ პუნქტს, რომელთა დაკავების შემდეგ (ესე იგი, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის ანექსიისთანავე), რუსეთი მიიღებს უამრავ საშუალებას, რათა ჩაშალოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენთა მშენებლობები, რომელთა აგება და ამოქმედება კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.
        ცალკე თემაა ერთი ჩვენი «გულწრფელი» მეზობლის დაინტერესება, არ დაუშვას აზერბაიჯანის მოძლიერება. ამ მეზობელს ამერიკაში უძლიერესი დიასპორა ჰყავს, რომელიც ყველაფერს იღონებს, რათა ამერიკის რეაქცია რუსეთის ანტიქართულ აგრესიაზე «მეტისმეტად» მწვავე არ იყოს.
        ყოველგვარი პანიკისა და ისტერიის გარეშე უნდა დავასკვნათ, რომ მოსკოვში გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და აგრესიის განხორციელება მხოლოდ დროის საქმეა.

დილის გაზეთი, 20 სექტემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე