კვირის მიმოხილვა: ოპოზიცია ერთმანეთს უფრო ებრძვის, ვიდრე ხელისუფლებას

კვირის მიმოხილვა: ოპოზიცია ერთმანეთს უფრო ებრძვის, ვიდრე ხელისუფლებას

        თუ საქართველოში მოქმედი ოპოზიცია მოსახლეობის მაქსიმალურად დაბნევას და ოპოზიციურ ძალთა მხარდამჭერების დაქსაქსვას ისახავს მიზნად, გასულ კვირას მან ეს დიდი წარმატებით შეძლო.
        ამის მაგალითად ორი ახლადშექმნილი ალიანსის ურთიერთობაც კმარა.
        პირველი მათგანი «შერატონში» დაფუძნდა და «რესპუბლიკელებს»«ახალ მემარჯვენეებსა» და «ალასანიას გუნდის» წევრებს აერთიანებს.
        თავდაპირველად, დამფუძნებლებმა ჟურნალისტებს «ნახევარ საათს მოცდა» სთხოვეს. თუმცა ყველაფერი, რასაკვირველია, წინასწარ ჰქონდათ მოლაპარაკებული; «ინტრიგას ქმნიან» - ჩაილაპარაკა ამასთან დაკავშირებით ექსპერტმა გიორგი ხუხაშვილმა.
        მცირე ხნის შემდეგ, ახლადდაფუძნებული ალიანსის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დამსწრეთ აცნობა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ულტიმატუმი წარედგინა: ან ათი დღის განმავლობაში დანიშნავს რეფერენდუმს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ან . . . აი, იმასთან დაკავშირებით კი, რა იქნება «ან» უკვე სერიოზული გაურკვევლობაა.
        თავად ალიანსის წევრებმა აღნიშნეს, რომ დაიწყებენ «სახალხო პლებისციტს», მათ შორის ხელმოწერების შეგროვებას. ბევრმა ეს გაიგო, როგორც ხელმოწერების შეგროვება რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით. ბუნებრივია, ამგვარ შესაძლებლობას ნამდვილად ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია – 200 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში იწყება იურიდიული პროცედურები, საქმეში ერთვება ცენტრალური საარჩევნო კომისია, პარლამენტი და ხელმოწერათა «ნამდვილობის» შემოწმების შემდეგ, პრეზიდენტი ვალდებულია დანიშნოს რეფერენდუმი – თუნდაც 6 თვის შემდეგ.
        ეს მთლიანად დაადასტურა «თვალთან» საუბარში რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ივლიანე ხაინდრავამ. მისი თქმით «200 000 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ» პარლამენტს დარჩება მხოლოდ ტექნიკური ფუნქცია – დანიშნოს რეფერენდუმი. მას აღარ ექნება საშუალება, პრინციპში უარი თქვას და მხოლოდ დროის გაწელვას თუ მოახერხებს - რამდენიმე თვით».
        დავიმახსოვროთ ივლიანე ხაინდრავას ეს განცხადება და მივადევნოთ თვალი, რა უცნაურად განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ.
        მეორე დღეს, ნინო ბურჯანაძემ «კავკასიის» ეთერში კონსტიტუციაზე და კანონებზე დაყრდნობით დაასაბუთა, რომ ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაშიც კი, სარეფერენდუმო პროცედურები თვეობით გაიწელება და ამჟამინდელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, შეიძლება ოპოზიციისათვის სასურველი შედეგითაც არ დასრულდეს.
        მან «რესპუბლიკელებსა» და «ახლებს» ქარაგმულად, თუმცა საკმაოდ გასაგებად უსაყვედურა, რომ რეფერენდუმით ისინი ფაქტობრივად «მაშველ რგოლს» უგდებენ პრეზიდენტ სააკაშვილს - ნებსით თუ უნებლიედ ეხმარებიან მას განაგრძოს მანიპულაციები ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
        სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, სტუდიაში რეკავს «რესპუბლიკელთა» ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ხიდაშელი, არც თუ უსაფუძვლოდ საყვედურობს ბურჯანაძეს, რომ იგი «ეხმარებოდა სააკაშვილს მისი რეჟიმის გახანგრძლივებაში, როდესაც ფანჯრიდან ადევნებდა თვალს 2007-2008 წლების საპროტესტო აქციებს», მაგრამ შემდეგ ამბობს საოცარ ფრაზას: თურმე «ალიანსს» სულაც არ მიუღია გადაწყვეტილება დაიწყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები რეფერენდუმის დასანიშნად, ხოლო დამფუძნებელ შეკრებაზე საუბარი იყო «არა 200 000 ხელმოწერის შეგროვებაზე სარეფერენდუმო ინიციატივის დასასაბუთებლად, არამედ ხელმოწერების შეგროვებაზე სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით».
        «არათუ ორასი ათასს, არამედ მილიონ ხელმოწერას შევაგროვებთ ამ მოთხოვნით» 
- განაცხადა ქალბატონმა ხიდაშელმა.
        ამასთან დაკავშირებით პირველი, რაც თავში მოგდის ისაა, რომ «რესპუბლიკელთა» ორი ლიდერი – ივლიანე ხაინდრავა და თინიკო ხიდაშელი ერთმანეთს რატომღაც არ ელაპარაკებიან და ერთი და იმავე მოვლენის თუ გადაწყვეტილების შესახებ დიამეტრალურად საპირისპირო ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას.
        გარდა ამისა, ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ ალიანსი, რომელიც ასეთ მაშტაბურ პოლიტიკურ ამბიციას ამჟღავნებს, ვერ ახერხებს, პირველივე შეკრებაზე გასაგებად ჩამოაყალიბოს თავისი გეგმა, რათა იგი გაუგებრობას და გაურკვევლობას არ იწვევდეს.
        არა მხოლოდ ნინო ბურჯანაძემ, არამედ უშუალოდ შეკრებაზე დამსწრეთა უდიდესმა ნაწილმაც, განცხადება «ხელმოწერების შეგროვების» შესახებ სხვადასხვაგვარად გაიგო და სწორედ ამიტომ გაჩნდა წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ხელმოწერების რაობისა თუ მათი შეგროვების მიზნის შესახებ.
        თუმცა, დავუშვათ ამ შემთხვევაში ყველაფერი ჟურნალისტების ბრალია და ალიანსს მართლაც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით სურდა თავიდანვე ხელმოწერების შეგროვება. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო აბსურდულ ვითარებას ვიღებთ: 200 000 ხელმოწერა «რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით» არის იურიდიული ძალის მქონე არგუმენტი, რომელიც აიძულებს(!) ხელისუფლებას დაიწყოს შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურები, - თავი აიტკივოს, ინტრიგები ხლართოს, გამოიყენოს გავლენა ცსკო-ში, ვიღაცას მოელაპარაკოს, რაღაცაზე ივაჭროს, თუმცა საბოლოო ანგარიშით გადაწყვეტილება მიიღოს, მერე თვით რეფერენდუმზე იზრუნოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        მაგრამ თუ ხელმოწერები გროვდება არა რეფერენდუმის დანიშვნის, არამედ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, მაშინ ამ დოკუმენტს არავითარი კონსტიტუციური ძალა არ ექნება – გარდა მორალური ზემოქმედებისა. ხოლო რამდენად ქმედითია დღევანდელ მმართველ გუნდზე ასეთი ზემოქმედება – სხვა საკითხია. ბოლოს და ბოლოს, არც საწინააღმდეგო მოთხოვნით ასეთივე ხელმოწერების შეგროვება გაუჭირდება ხელისუფლებას თბილისსა თუ რეგიონებში; საკმარისია ერთი ბრძანება ადმინისტრაციას – გუბერნატორებსა და გამგებლებს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        ზემოთთქმულის გათვალისწინებით, გასაგები ხდება ნინო ბურჯანაძის გაღიზიანების მიზეზი და მის ამასწინანდელ იდუმალებით მოსილ განცხადებასაც ეხდება ფარდა: «სააკაშვილს ოპოზიციაში ფარული სატელიტები ჰყავსო».
        სავარაუდოდ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამ შემთხვევაში იმათ გულისხმობდა, ვისაც სინამდვილეში სრულებით არ ეპიტნავება ახალი რევოლუცია (რისკენაც ბურჯანაძე მოუწოდებს ქვეყანას), რადგან ნამდვილად არ სურს სააკაშვილის წასვლის შემდეგ იგი ბურჯანაძემ ჩაანაცვლოს!
        მართლაც: ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვით, იმ შემთხვევაში, თუ «მიშა აღარ იქნება», მოსახლეობის უმრავლესობა (განსაკუთრებით რეგიონებში) რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას არა ირაკლი ალასანიას, არამედ ნინო ბურჯანაძეს მისცემს.
        ასეთია ჩვენი ამომრჩევლის ფსიქოლოგია: ნინო ბურჯანაძე დიდ ხნის განმავლობაში იყო უმაღლეს თანამდებობებზე, ანუ მასისთვის უფრო მეტად «ცნობადი ხელისუფალია», ვიდრე ირაკლი ალასანია, რომელიც, თუ თბილისურ ელიტას არ ჩავთვლით, მასობრივი ამომრჩევლისათვის თითქმის უცნობია და მასის მიერ არც აღიქმება სერიოზულ ალტერნატივად.
        გარდა ამისა, როგორც ნინო ბურჯანაძემ, ასევე მისმა ოპონენტებმა ოპოზიციაში, კარგად იციან, რომ «თუ მიშა გადავარდა», სახელისუფლებო ნომენკლატურის, აპარატის, მოქმედი ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი (ისევ და ისევ განსაკუთრებით რეგიონებში), აგრეთვე ძალისმიერი სტრუქტურების მესვეურები (სადაც ბადრი ბიწაძეს კვლავ დიდი გავლენა აქვს) და მედია მფლობელები უმალვე «ნინოზე» გადაერთვებიან უფრო მეტად, ვიდრე «ირაკლიზე».
        სწორედ ამიტომ ითხოვს ნინო ბურჯანაძე «ჯერ საპრეზიდენტო» არჩევნებს – ესე იგი მიშას «გაქრობას» პოლიტიკური ასპარეზიდან, რაკი ამის შემდეგ ეს ასპარეზი, - ბურთიც და მოედანიც, მას დარჩება და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე სერიოზული კონკურენტი არ ეყოლება.
        ეს ყოველივე, რასაკვირველია, შესანიშნავად უწყიან «ალიანსის» რეალურმა ლიდერებმა - პირველ რიგში ძმებმა ბერძენიშვილებმა, რომლებიც 2007 წლიდან ძალიან ფრთხილ და ჭკვიანურ პარტიას თამაშობენ პრინციპით: «სახიფათო პროცესზე რეაგირების საუკეთესო მეთოდი მის სათავეში მოქცევაა».
        სააკაშვილი სულაც არ არის მათთვის იდეალური პრეზიდენტი, მაგრამ უფრო მისაღებია, ვიდრე მისი ალტერნატივა, ანუ ნინო ბურჯანაძე. ბერძენიშვილებს არ სურთ იბრძოლონ იმისთვის, რათა სააკაშვილი წავიდეს და მას «ბურჯანაძეები» ჩაენაცვლონ.
        რა თქმა უნდა, «რესპუბლიკელებისათვის» იდეალური ვარიანტი იქნებოდა საპრეზიდენტო მმართველობის საერთოდ გაუქმება და საპარლამენტო მოდელზე გადასვლა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ორივე გამოკვეთილი ლიდერი (ალასანიაც და ბურჯანაძეც) ამის წინააღმდეგია და საპრეზიდენტო მმართველობას ემხრობა.
        გარდა ამისა, «რესპუბლიკელებმა» ვერაფრით დაითანხმეს ირაკლი ალასანია (სწორედ ამიტომ გაჭიანურდა მასთან მოლაპარაკებები) შეესრულებინა იგივე როლი, რაც შეასრულა ლევან გაჩეჩილაძემ 2007 წელს. ანუ, უბრალო ენით თუ ვიტყვით, გამოსულიყო და ეთქვა ქართველი ამომრჩევლისათვის: «ხმა მომეცით, - ამირჩიეთ პრეზიდენტად, რათა ორიოდე თვეში გადავდგე და საპრეზიდენტო ინსტიტუტი გავაუქმოო».
        ამას ირაკლი ალასანია კატეგორიულად არ დაეთანხმა და, გაჩეჩილაძისაგან განსხვავებით, ცოტა არ იყოს საწყენადაც კი მიიჩნია.

- - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - -

            ცხადია, რომ ოპოზიციაში ორი დაჯგუფება ყალიბდება. პირველი – ალიანსი ირაკლი ალასანიას გარშემო და მეორე – ნინო ბურჯანაძის კოალიცია, რომელშიც შედიან სალომე ზურაბიშვილი, კობა დავითაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა.
        შესაბამისად, შერჩეულია ორი განსხვავებული ტაქტიკა: «ბურჯანაძის ალიანსი» აცხადებს, რომ 9 აპრილიდან დაიწყება მასობრივი მანიფესტაციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ხოლო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, «9 აპრილის აქციას ჩვენ განვიხილავთ, როგორც სახალხო პლებისციტის ნაწილს».
        რას ნიშნავს ეს განცხადება? შინაარსობრივად ნიშნავს იმას, რომ «ალასანიას ალიანსი», განსხვავებით «ბურჯანაძის ალიანსისგან», არსად «შევარდნას» და არანაირ «გზების გადაკეტვას» თუ მასობრივ დაუმორჩილებლობის სხვა ამგვარ აქციებს არ შეუერთდება.
        ისევ და ისევ, «ალასანიას» ალიანსი რევოლუციაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ «მიშას გადაგდების» შემდეგ პრეზიდენტი მათი კანდიდატი გახდება და არა «ბურჯანაძის» კოალიციისა.
        ჯერ-ჯერობით კი მათ ასეთი გარანტია არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ. შესაბამისად, ვითარების გამწვავების, «რევოლუციური სიტუაციის მომწიფების» შემთხვევაში, მათგან სულ უფრო ხშირად მოვისმენთ არც თუ ლოგიკასა და საფუძველს მოკლებულ განცხადებებს, რომ «ოთხი წლის განმავლობაში ჩადენილისთვის არა მხოლოდ სახელმწიფოში პირველმა, არამედ იმ დროისათვის მეორე პირმაც უნდა აგოს პასუხი».

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        «საგაზაფხულო შეტევისთვის» მზადებაზე კიდევ რამდენიმე სუბიექტი რეაგირებს: შარტავა-სანიკიძის «ეროვნული ფორუმი» უპერსპექტივოდ მიიჩნევს როგორც 9 აპრილის აქციას, ასევე ხელმოწერების შეგროვებას. ისინი უფრო საგაფიცვო კომიტეტების (საბჭოების) შექმნას და საყოველთაო დაუმორჩილებლობას ემხრობიან;
        საპარლამენტო ოპოზიცია «დამხობას» მხარს არასდროს დაუჭერს (რაკი ამით თავადაც დაემხობა); ქრისტიან-დემოკრატები გიორგი თარგამაძის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის გაძლიერებას დაელოდებიან, ანუ 2013 წელი მათთვის ოპტიმალური თარიღია; «ლეიბორისტები» შალვა ნათელაშვილის საარჩევნო რეიტინგს სევდიანად აკვირდებიან; სახელისუფლებო პარტია კი კვლავაც ოსტატურად ითამაშებს ოპოზიციურ ბანაკში არსებულ წინააღმდეგობებზე.
        შესაძლებელია თუ არა ამგვარ ვითარებაში ახალი რევოლუცია ან ხელისუფლების რეფერენდუმით შეცვლა? თითქოსდა, არც 2003 წელს არსებობდა ერთიანობა პოლიტიკურ სპექტრში, - ყველა პარტია თუ დაჯგუფება როდი უჭერდა მხარს რევოლუციას და ა.შ. მაგრამ მაშინ გადამწყვეტი როლი შეასრულა ეროსი კიწმარიშვილის ტელევიზიამ, რომელმაც პოლიტიკურ ჯგუფთა ამ დაპირისპირებისა და კინკლაობის მიუხედავად, გადამწყვეტ მომენტში დიდი მასის მობილიზება შეძლო.
        დღეს კი მსგავსი არაფერი არსებობს – რამდენი «თოკ-შოუც» არ უნდა გაიხსნას, რამდენი ტელედისკუსიაც არ უნდა გაიმართოს, ამჟამად არავინ დაუშვებს ვითარებას, რომ საერთონაციონალური ტელეარხი ხელისუფლებას «დარდუბალას» მსგავსი მულტსერიალით «აჩმორებდეს» ან პირდაპირ, დაუფარავად, ღიად მოუწოდებდეს ხალხს ხელისუფლების დამხობისა და რეჟიმის შეცვლისაკენ.
        გარდა ამისა, 6 წლის წინ არსებობდა ქარიზმატული ოპოზიციური ლიდერი (მიხეილ სააკაშვილის სახით); ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ალასანია კი, ავტორიტეტის, გავლენის თუ სხვადასხვა რესურსის მიუხედავად, რასაც მათი დაჯგუფება ფლობს – ჯერ-ჯერობით ქარიზმით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        ჩემს კითხვაზე: «გამორიცხავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებამ რეფერენდუმის იდეა შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს და ჩაამატოს საკითხი ერთი და იგივე პირისათვის თუნდაც ათჯერ კენჭისყრის შესაძლებლობის თაობაზე?» (ამჟამად მხოლოდ ორჯერ ზედიზედაა შესაძლებელი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა) ივლიანე ხაინდრავამ მხოლოდ ირონიულად ჩაიცინა: «ახლა, თუ სააკაშვილი ეცდება საქართველო «ბანტუსტანად» ან თურქმენეთად გადააქციოს – ეს მისი მხრიდან ნამდვილი თვითმკვლელობა იქნება».
        როგორც ჩანს, ამ შესაძლებლობის აბსურდულობასა და შეუძლებლობაში «რესპუბლიკელებსა» და «ახლებს», ისევე როგორც «ალასანიას გუნდის» წევრებს იოტისოდენი ეჭვი არ ეპარებათ.

 

    2009 წლის 27 თებერვალი