იმპიჩმენტის ფანტომი

        აღორძინების» ფრაქციის მიერ აგორებული თემა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, ჯერჯერობით, ნელ-თბილ მდგომარეობაშია.
        ეს არის «შეყოვნებული მოქმედების ნაღმი», რომელსაც დღევანდელ ვითარებაში აფეთქების არანაირი პერსპექტივა არა აქვს, მაგრამ გააჩნია თვით ვითარებას – იგი შეიძლება უახლოეს მომავალში შეიცვალოს.
        თავისთავად, იმპიჩმენტის პროცედურა კონსტიტუციით საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ არის გაწერილი. პროცედურის აღსაძრავად აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციური მოტივი. ასეთ მოტივად პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია ვერ იქცევა. ისევე, როგორც პოლიტიკური კურსის უარყოფითი შეფასება.
        კანონიერ მოტივად (იმპიჩმენტის აღსაძრავად) შეიძლება მივიჩნიოთ ქვეყნის ძირითადი კანონის დადასტურებული დარღვევა ან სისხლის სამართლის დანაშაული. პირველ შემთხვევაში ფაქტი უნდა დაადასტუროს კონსტიტუციურმა სასამართლომ, მეორეში კი – უზენაესმა სასამართლომ.
        მაშასადამე, აუცილებელია კანონით განსაზღვრული პროცედურებით კონსტიტუციურ სასამართლოში გაიმართება ჩვეულებრივი იურიდიული პაექრობა (იგი შეიძლება თვეობით გაგრძელდეს). უზენაეს სასამართლოშიც იქნება მხარეთა დაპირისპირება: პროკურორი, ადვოკატი და ასე შემდეგ
        მაგრამ რაკი ოპოზიცია სისხლის სამართლის დანაშაულს ედუარდ შევარდნაძეს არ აბრალებს, უზენაეს სასამართლოში პროცესი ვერ არ გაიმართება. რჩება კონსტიტუციის დარღვევა. ოპოზიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, «ტერიტორიული მთლიანობის ვერდაცვით». იგულისხმება 1993 წლის ტრაგედია, თუმცა, ელემენტარული ლოგიკა აქვე მოითხოვს დაზუსტებას, თუ რატომ ისმება ეს საკითხი ლამის ათი წლის შემდეგ, მაშინ როდესაც იმ წლების განმავლობაში პრეზიდენტის ორი არჩევნები ჩატარდა და ორივე არჩევნებში იმპიჩმენტის დღევანდელმა ინიციატორმა პორლიტიკურმა ძალამ ედუარდ შევარდნაძეს აქტიურად დაუჭირა მხარი.
        მართალია ახლა უარყოფენ 2000 წლის არჩევნებში მხარდაჭერას (აქაოდა, აჭარაში არჩევნები «მოქალაქეთა კაშვირმა» გააყალბაო), მაგრამ 2000 წლის შემოდგომაზე, მთავრობის გაფართოებული სხდომის მიმდინარეობისას, ხულოს რაიონის გამგებელმა საზეიმო ტონით განაცხადა «ბატონო პრეზიდენტო, საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარის მოსახლეობამ მხარი დაგიჭირეთ, ბატონ ასლან აბაშიძის არა დავალებით, არმედ თხოვნით», რასაც, ბუნებრივია, მქუხარე რეაქცია მოჰყვა.
        გარდა ამისა, ძალზე საეჭვოა, ასეთი მოტივით კონსტიტუციურმა სასამართლომ საქმე განსახილველად მიიღოს, ვინაიდან, 1993 წელს ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტი ჯერ არ იყო, ხოლო «სახელმწიფოს მეთაურის» უფლებამოსილებას დროებითი კანონი განსაზღვრავდა «სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ».
        ანუ, იურიდიული თვალსაზრისით, აქ იმდენი სადავოა, - კამათი და პაექრობა წლობით გასტანს, ამასობაში კი 2005 წელიც დადგება.
        გარდა ამისა, პარლამენტში საქმის აღსაძრავად საჭირო ხმათა რაოდენობა რომც შეგროვდეს და თუ კონსტიტუციური სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს, ამის შემდეგ უკვე პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი საკონსტიტუციო უმრავლესობით, ანუ სიითი შემადგენლობას ორი მესამედით.
        რასაკვირველია, ეს ყოველივე ზღაპარია, მაგრამ სახელისუფლებო არეოპაგში დაძაბულობის შესაქმნელად მართლაც უებარი საშუალებაა.
        რაც უფრო მეტი ხელმოწერა შეგროვდება, მით უფრო გაიზრდება დეტონაციის ხარისხი იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ანტისისტემური (ქუჩის) პროცესები განვითარდება. აი, მაშინ იურიდიულ ნორმებს ნაკლები მნიშვნელობა ექნება, ვიდრე პროლიტიკურ არგუმენტს. მანამდე კი, «საიმპიჩმენტო ხელმოწერები» რეალობასთან მიახლოებულ ფენომენად დარჩება.
        შესაძლოა, «ანტისისტემური» პროცესები საერთოდ არ განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში, «იმპიჩმენტი» ეგზოტიკურ სიტყვად აღიქმება.
        ბევრად უფრო აქტუალური ხდება სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტის საკითხი. თუმცა, წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, ეს საერთოდ შეუძლებელია და პოლიტიკური მჭერმეტყველების დონეს არ გასცდება. საქმე ისაა, რომ თუ ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებით ოპოზიციას კიდევ აქვს «ზაცეპკა» აფხაზეთისა თუ კონსტიტუციის იმ ნორმის სახით, რომელიც პრეზიდენტს ქვეყნის მთლიანობის დაცვას ავალდებულებს, სახელმწიფო მინისტრთან დაკაშვირებით, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის მოგონება შეუძლებელია.
        თვით კონსტიტუცია კი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრის იმპიჩემენტის შესაძლებლობას ბიუჯეტის შეუსრულებლობის, ანუ «არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის» გამო.
        მაქსიმუმი, რაც შეუძლია პარლამენტს, არის რეკომენდაცია (თხოვნა) პრეზიდენტისადმი, გაათავისუფლოს სახელმწიფო მინისტრი. ესეც არარეალურია, ანუ «იმპიჩმენტობა», მთლიანობაში, პოლიტიკური თამაშის ფარგლებს არ გასცდება.

დილის გაზეთი, 28 ოქტომბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე