კოკოითმა `დიდი ოსეთის` საზღვრები მოხაზა

კოკოითმა `დიდი ოსეთის` საზღვრები მოხაზა

 

“5 დღიანი ომის" მორიგი წლისთავი სეპარატისტთა ლიდერისა და იმ ომის მთავარი პროვოკატორის, ედუარდ კოკოითის ინტერვიუთი აღინიშნა, რომელიც კრემლთან დაახლოებულ რესურს expert-ზე გამოქვეყნდა. კოკოითი ყვება ომის პერიპეტიებს და ამბობს, რომ „სულ ორი დღე" დააკლდა, რათა ოსეთისთვის ძირძველი ოსური მიწა - თრუსოს ხეობა დაებრუნებინა. „უკვე მზად მყავდა რაზმი, რომელიც ამ ამოცანას შეასრულებდა, ანუ ყაზბეგამდეც მივიდოდა".

„ყაზბეგამდე მისვლა" იმას ნიშნავს, რომ თვით ყაზბეგსაც დაიპყრობდა, რაკი სხვაგვარად თრუსოს ხეობის შემოერთებას აზრი არა აქვს: ერთადერთი გზა, რათა ოსებმა „ამ ხეობაში შემორჩენილი სალოცავები და წინაპართა საძვლე" მოინახულონ, სწორედ ყაზბეგზე გადის, თორემ ლენინგორის (ახალგორის) გავლით მეტისმეტად შორი და მოუხერხებელია.

„მთხოვეს შევჩერებულიყავი და ამიტომაც აღარ განვახორციელე ოპერაცია" - სინანულით აცხადებს კოკოითი. იგი გულისხმობს, რომ ცდილობდა კრემლის ბინადარნი დაერწმუნებინა: „არავითარი ომი ყაზბეგში არ იქნება, რადგან ქართველები „ვაიმე რუსი მოდის" ძახილით მაშინვე გაიქცევიანო". თუმცა, მედვედევმა და პუტინმა მაინც უარი უთხრეს, რადგან, საბედნიეროდ, საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ, რუსი ე.წ. „სამშვიდობოების" დახოცვით და ცხინვალზე პირდაპირი შეტევით აიძულა რუსეთი აშკარად ჩართულიყო საქმეში და მსოფლიოს თვალში ის კონფლიქტი დაფიქსირდა, როგორც რუსეთ-საქართველოს და არა საქართველო-სამხრეთ ოსეთის ომი. (იხ. http://ghn.ge/news-93692.html) ამდენად, ყაზბეგის დაპყრობაზეც, იმავე დასავლეთის თვალში, პასუხისმგებელი მოსკოვი იქნებოდა და არა ცხინვალი. მხოლოდ ამიტომ გააჩერეს კოკოითი!

ანუ, კრემლმა დასავლეთს გაუწია ანგარიში, თორემ თუ ეს მოვლენა „ქართულ-ოსურ" ომად წარმოჩინდებოდა, მაშინ ოსები აუცილებლად მოახერხებდნენ გეგმის განხორციელებას, დასავლეთის რეაქცია კი ისეთივე „მხრებაჩეჩვით გულგრილი" გამოდგებოდა, როგორიც სომხეთის მიერ ყარაბაღის მიღმა აზერბაიჯანული ტერიტორიების დაპყრობისას აღმოჩნდა და დღემდე რჩება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული მხარის ბრძოლისუნარიანობის შეფასებაში, ძაღლთაპირი კოკოითი, სამწუხაროდ, არ ცდება. ანუ გეგმა ნამდვილად რეალური იყო. და იგი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა!

კოკოითი ამბობს, რომ თრუსოს ხეობის პრობლემა „ქართულ მხარესთან მოლაპარაკების საგნად უნდა იქცეს". ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დანაშაულებრივი სიბრიყვეა ე.წ. „პირდაპირი დიალოგი" საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს" შორის, რისკენაც საკუთარი ღირებულებებითა და ილუზიებით ტკბობაში გართული ზოგიერთი მაღალჩინოსანი მოგვიწოდებს: აქაოდა „მოლაპარაკებები მოსკოვთან კი არა, ცხინვალთან და სოხუმთან უნდა ვაწარმოოთო". ანუ რუსეთს მივცეთ საშალება, თვითონ გადგეს გვერდზე („აბა მე რა შუაში ვარ, ეს ხომ „ქართულ - ოსური პრობლემაა?!"), ოს სეპარატისტებს კი შევუქმნათ კომფორტული პირობები, რათა „თრუსოს ხეობისა და ყაზბეგის პრობლემის" არსებობა დააფიქსირონ იმ მოლაპარაკებებზე.

საკმარისია საკითხი დაისვას და ოფიციალურად დაფიქსირდეს, რომ პრობლემა არსებობს (თუნდაც ამ თემაზე უთანხმოების ფორმით), შემდეგ ნებისმიერი პროვოკაციის მოწყობა უკვე „ტექნიკის საქმეა", რუსეთი და დასავლეთი კი ერთობლივად „აიჩეჩენ მხრებს" და „მოლაპარაკებებისკენ" მოგვიწოდებენ, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ დღემდე, თუმცა ადგილზე, - on the ground - ამ მოწოდებით უკვე აღარაფერი შეიცვლება.

თუ ვინმეს ეს ყოველივე არარეალური ჰგონია, ასევე არარეალური გვეგონა ახალგორის დაპყრობა. ამჟამად ოსები იქ საზღვრის ჩაკეტვას და სამუდამოდ საქართველოსგან მოწყვეტას გეგმავენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არანაკლებ საინტერესოა, რატომ გამოაქვეყნეს კოკოითის „ნააზრევი" სწორედ ახლა? ვითომ შემთხვევითია, რომ ეს სავსებით რეალური მუქარა დაემთხვა პერიოდს, როდესაც მოსკოვი გააფთრებით ცდილობს, ჩაშალოს ევროკავშირის ვილნიუსის სამიტზე, „აღმოსავლეთ პარნტიორობის" ქვეყნებთან ასოციაციის პარაფირება? უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყანასთან განსხვავებულ „ინსტრუმენტალს" იყენებს: უკრაინასთან - საბაჟო ომს, სომხეთის წინააღმდეგ - ბაქოში პუტინის ვიზიტს, ხოლო საქართველოს კოკოითით და თრუსო-ყაზბეგის დაკარგვით ემუქრება.

საფრთხე ნამდვილად არსებობს. მისი თავიდან აცილება მხოლოდ ორი გზით შეიძლება. პირველი: ე.წ. „სტრატეგიული კომპრომისი" რუსთთან, ანუ ევროპასთან ასოციაციის პარაფირებაზე უარის თქმა და „ევრაზიულ კავშირში" გაწევრების განაცხადი.

ან მეორე: მტკიცედ და განუხრელად გაგრძლება იმ კურსისა, რომლითაც თბილისი გამორიცხავს „პირდაპირ მოლაპარაკებას" სეპარატისტულ რეჟიმთან, ოფიციალურად უწოდებს მათ „მარიონეტებს", მთელ პასუხისმგებლობას ყველაფერზე აკისრებს მოსკოვს, უარყოფს ყოველგვარ კორექტივს „ოკუპაციის შესახებ კანონში", ანუ არ გადადგამს რაიმე ნაბიჯს, რაც საშუალებას მისცემს გაქნილ რუსულ დიპლომატიას, კონფლიქტი „გადააფორმატოს" ქართულ-ოსურად, რის შემდეგაც ოს სეპარატისტებს მიეცემათ საშუალება, ჯერ მოლაპარაკებებზე დააფიქსირონ „თრუსო-ყაზბეგის" პრობლემის არსებობა, ხოლო შემდეგ განახორციელონ „საუკუნოვანი ოცნება" და განავრცონ „დიდი ოსეთის" საზღვრები მყინვარწვერის ოთხივე კალთაზე - ყაზბეგის რაიონის ჩათვლით.
კოკოითს მაშინვე გამოეხმაურა „პოლიტოლოგი" იანა ამელინა. ამ ცოფიანი ქართველოფობის განცხადებით, „საქართველო აგრძლებს პროდასავლურ კურსს, ამდენად მისი შემცირებაც უნდა გაგრძელდეს". მით უმეტეს, რომ, ამელინას თქმით, „ქართულმა სახელმწიფომ არ გაამართლა", რაკი ამ სახელმწიფომ და მისმა შემოქმედმა ერმა 2008 წელს სრული უმწეობა და არაბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს.