მოსკოვში ყინული დაიძრა

        გასულ შაბათს მოსკოვში საბოლოოდ დასრულდა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელიც ამჟამად უჩვეულო ფორმატით ჩატარდა, ანუ მოლაპარაკება შეეხებოდა როგორც «ჩარჩოხელშეკრულებეას», აგრეთვე «ბაზების» ლიკვიდაციის პრობლემას.
        ამრიგად, კონსულტაციები მიმდინარეობდა არა მხოლოდ ირაკლი მენაღარიშვილსა და ილია კლებანოვს შორის, არამედ დისკუსიაში «სულიერად და ფიზიკურად» ჩვენი ძველი ნაცნობი ბორის პასტუხოვიც მონაწილეობდა.
        როგორც ჩანს, იგი საქართველოს მოუშუშებელი ხორცმეტია, რომლეიც ვერა და ვერ მოვიკვეთეთ.
        თუმცა, ამჯერად, თითქოს მოლაპარაკება (ამ ნაწილში) წარმატებით დასრულდა: «დიდი ხელშეკრულება» თითქმის მზად არის ხელმოსაწერად. აგვისტოში დაგეგმილ «თბილისის რაუნდზე», ალბათ, საბოლოოდ შეთანხმდება «სამხდერო-პოლიტიკური» ბლოკი. აქ გადაულახავი წინააღმდეგობები აღარ არის, ვინაიდან მოსკოვმა მოხსნა თავისი ადრინდელი წინადადებები, რომელთა ასახვა დოკუმენტში საქართველოს დაამსგავსებდა საბჭოთა კავშირისა და «ვარშავის პაქტის» დროინდელ ბულგარეთს.
        მაშასადამე, მომავალ ხელშეკრულების «სამხედრო-პოლიტიკური» ბლოკი არაფრით იქნება განსხვავებული ანალოგიური ხელშეკრულებისგან, რაც რუსეთმა დსთ-ისა და ბალტიის სხვა ქვეყნებთან გააფორმა. ოღონდ არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი რეალურად არ მოქმედებს არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების კონტექსტის გარეშე.
        ძნელი სავარაუდო არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში: შემოდგომით დოკუმენტი მზად იქნება ხელმოსაწერად, შესაძლოა, მისი პარაფირება მოხდეს თბილისში (პუტინის ვიზიტისას) ან მოსკოვში _ საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას. რუსეთის ამჟამინდელი ლიდერის საქართველოში ჩამოსვლის ალბათობა ნულს კი უახლოვდება, მაგრამ სრულიად გამორიცხული ნადმვილად არ არის. ბევრად მეტია შანსი, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს მოსკოვს და ხელშეკრულებაც კრემლში გაფორმდეს. ოღონდ თვით ხელშეკრულების «ნეიტრალური» შინაარსი და საქართველოს ინტერესებთან მისი შესაბამისობა (ტერიტორიული მთლიანობის უშუალო აღიარება) იმის სამწუხარო გარანტიას ქმნის, რომ ამ დოკუმენტს წინამორბედის ბედი ეწვევა. თითქმის ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას: რუსეთის «გოსდუმა» მის რატიფიცირებაზე უარს იტყვის, ანუ პრეზიდენტების ხელმოწერის მიუხედავად, იგი იურიდიულად და პრაქტიკულად არ ამოქმედდება.
        მიუხედავად ამისა, ხელშერკულებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება ორივე ქვეყნისთვის, მათი ტაქტიკური ინტერესებიდან გამომდინარე: პუტინი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის დემონსტრირებას მოახერხებს, ხოლო ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პირობებში ყოვლად აუცილებელ «გაწონასწორებას» განაგრძობს. ისიც დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, რომ «დიდი ხელშეკრულების» თაობაზე დიალოგი მიმდინარეობს და ამით შენარჩუნებულია (საჭიროების შემთხზვევაში) სტრატეგიული კომპრომისის შესაძლებლობა. გაცილებით რთულად არის საქმე «ბაზების ლიკვიდაციასთან» დაკავშირებით. ადრე რუსეთი 14 წელს ითხოვდა ახალქალაქისა და ბათუმის დაზების გასატანად. მაგრამ მოსკოვში ეს ვადა 11 წლამდე შემცირდა, რაც, აგრეთვე, ფანტასტიკური დროა რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურის გასაყვანად (დანარჩენები ხომ ადგილობრივი მცხოვრებლები არიან აჭარაშიც და ჯავახეთშიც?!) და არცთუ ბევრი სამხედრო ტექნიკის გადასატანად რუსეთში. მაგალითისთვის შეიძლება ითქვას, რომ ვაზიანის ბაზიდან, ორივე შემადგენლის სავსებით შესადარი რაოდენობა რუსეთმა სულ რაღაც 8 თვის განმალვობაში მოაშორა საქართველოდან.
        მაშასადამე, მოსკოვის რაუნდზე კლებანოვის მიერ წამოყენებული 11 წელი, აგრეთვე, «დროის გაყვანის» ტაქტიკაა და ერთგვარი დიპლომატიური პლატფორმა, რათა როგორმე «გადადონ» საკითხის გადაწყვეტა 2005 წლის შემდეგ, როდესაც შესაძლოა, საქართველოს ორიენტაცია «პრორუსული» არ გახდეს.
        ამავე კონტექსტში იკითხება შვიდწლიანი ვადის შესაძლებლობა. თუ დასავლეთი ათეულობით მილიონ დოლარს გადაიხდის «გაყვანის» უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში, ფულსაც მიიღებენ და შემდეგ მიანც არსად წავლენ.
        მიუხედავად ამისა, მოსკოვის მოლაპარაკებებზე დადასტურდა, რომ საქართველო აპირებს, აქტიურად გამოიყენოს ერთადერთი რეალური კოზირი, რაც ნამდვილად გვაქვს სტამბულის ხელშეკრულების საერთაშორისო-სამართლებრივი ხასიათი, თუმცა, დღევანდელ მსოფლიოში მისი აბსოლუტიზირება არ შეიძლება.

დილის გაზეთი, 29 ივლისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე