შეხვედრა მოსკოვში – საქართველოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

შეხვედრა მოსკოვში – საქართველოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

        3-4 ივნისს, მოსკოვში შედგება რუსეთ-ამერიკის შეხვედრა უმაღლეს დონეზე. ბილ კლინტონი შეეცდება «დააგვირგვინოს» თავისი წარმატებული (მიუხედავად ლევინსკისთან დაკავშირებული «ამერიკულ-ორალური» სკანდალისა) პრეზიდენტობა ამერიკისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი შეთანხმებით: ამერიკა რუსეთისაგან მოითხოვს 1972 წლის «რაკეტსაწინააღმდეგო» ხელშეკრულების მოდერნიზაციას, რათა პენტაგონს საშუალება მიეცეს, შექმნას «შეზღუდული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა» იმ შემთხვევისათვის, თუ ირანი ჩრდილოეთ კორეა, ერაყი, ან ჩინეთი დაემუქრებიან ამერიკის ტერიტორიას ბალისტიკური რაკეტებით, რაც 5-10 წლის შემდეგ სავსებით რეალური იქნება.
        მაგრამ ეს არ არის მომავალი სამიტის ერთადერთი თემა – როგორც ჩანს, არანაკლებ დაწვრილებით განიხილება კავკასიის პრობლემატიკა. ჩვენი რეგიონი რუსეთის «მზის წნული» ხდება ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურეა – დასავლეთისათვის. ეს დაადასტურა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დავალებათა ელჩმა კავკასიის კონფლიქტების საკითხებში, ქერი ქავანომ.
        ქავანო ძირითადად ყარაბაღის კონფლიქტით არის დაკავებული, თუმცა აფხაზეთის მიმართაც ამჟღავნებს ინტერესს რაც, უდავოდ, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის ადმინისტრაციის ინტერესის მაჩვენებელია.
        თავისთავად ის ფაქტი, რომ ყარაბაღის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესში ქერი ქავანომ აუცილებლად ჩათვალა ჩამოსულიყო საქართველოში და შეხვედროდა პრეზიდენტ შევარდნაძეს – უკვე მრავლისმეტყველია. ამერიკელები ხვდებიან, რომ საქართველოს უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა მას ძალიან ძლიერ «კოზირს» ანიჭებს – შესაბამისად, საქართველოსთან ურთიერთობა «მრავალმხრივ საჭირო» ფაქტორია. Eესე იგი, თბილისსაც ეძლევა საშუალება, დაიცვას თავისი ინტერესები. უპირველესი მათგანი კი, რა თქმა უნდა, აფხაზეთია.
        ქერი ქავანოს განცხადებით, კლინტონს გადაწყვეტილი აქვს «საგნობრივად და კონკრეტულად» განიხილოს კავკასიაში შექმნილი ვითარება ვლადიმერ პუტინთან მომავალი შეხვედრის დროს.
        თუმცა, საეჭვოა იგი დაწვრილებით და დაჟინებით შეეხოს სწორედ ჩეჩნეთის (ამჟამად თითქოს ყველაზე აქტუალურ) პრობლემას, ვინაიდან ფორმალურად ეს მართლაც რუსეთის «საშინაო საქმეა» და ვაშინგტონს რაიმე ზემოქმედების ქმედითი ბერკეტები არ გააჩნია.
        სამაგიეროდ (ასევე ფორმალურად), რუსეთის «საშინაო საქმე» არ არის ყარაბაღი და აფხაზეთი. ამიტომ კლინტონს ექნება საშუალება, ამ რეგიონში კონფლიქტების მოწესრიგებაზე» ისაუბროს. ამერიკელებს ყველაზე მეტად ირანის პოზიციათა გაძლიერება აღელვებთ, თუმცა, დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ეს არც ისე აქტუალურია. ქერი ქავანო ხვდება როგორც ალიევს, ასევე ქოჩარიანს. იგი არ მალავს, რომ კონფლიქტის მოწესრიგებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.
        სომხეთს, პარლამენტში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, უბრალოდ არა აქვს ამის საშუალება, რადგან ნებისმიერ ნაბიჯს სამოქალაქო ომი მოჰყვება, ხოლო ალიევი მზადაა მოითმინოს – იგი ნობელის «მშვიდობის პრემიაზეც» კი არის წარდგენილი იმის გამო, რომ არ სურს ომის განახლება.
        დღეს არ სურს, ვინაიდან ნავთობიდან მისაღებ მილიარდებსა და არმიის გაძლიერებას ელოდება.
        თუ თავად არა, - მისი მემკვიდრე უეჭველად განაახლებს ომს სომხეთის წინააღმდეგ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
        ჰეიდარ ალიევი კი შევა ისტორიაში, როგორც ნობელის პრემიის პირველი აზერბაიჯანელი ლაურეატი. თუმცა, არ არის გამორიცხული, ამერიკასა და ევროპაში «სომხური ლობის» ძალისხმევით, ნობელის პრემია ალიევთან ერთად ქოჩარიანსაც მიაკუთვნონ.
        ქერი ქავანო (რა თქმა უნდა, ამერიკის დეპარტამენტის სახელით) აღიარებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესი ჩიხში მოექცა; იგი შეშფოთებასაც გამოთქვამს «გალის რაიონში გახშირებული მკვლელობების» გამო, რაც ერთობ ნიშანდობლივი განცხადებაა. ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, მოსკოვის «ორთა სამიტი» აფხაზეთისთვის იქცეს «ჭეშმარიტების მომენტად».
        ყოველ შემთხვევაში, დიპლომატიური ძალისხმევის ყოველგვარი რესურსი თანდათანობით იწურება. ერთგვარი «მოძრაობა» იგრძნობა როგორც ვაშინგტონში, ასევე მოსკოვში.
        არ არის გამორიცხული, თანამედროვე მსოფლიოსა და პოსტსაბჭოურ სივრცეზე ძალის ეს ორი «ცენტრი» თანდათან ერთმანეთს დაუპირისპირდეს და ერთგვარი კონკურენციაც კი წარმოიშვას მათ შორის – აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისათვის.
        ხოლო ვინაიდან კონკრეტულად აფხაზეთში, კონფლიქტის გადაწყვეტის თვალსაზრისით, რუსეთს გაცილებით მეტი ბერკეტები აქვს, ვიდრე ყარაბაღში (რაკი იქ მისი «სამშვიდობო ძალები» არ არიან განლაგებული) – მოსკოვი უეჭველად შეეცდება «დაასწროს» ამერიკას ამ რეგიონში მაინც. ასეთი პოლიტიკური კონფიგურაცია კი კეთილს არაფერს უქადის არძინბასა და მის ბანდას.
        სხვათა შორის, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა საფრთხე უმალვე იგრძნო. ამის ნიშანია შაბათს და ორშაბათს განვითარებული მოვლენები. კერძოდ, შაბათს, არძინბა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ტელეფონით დაკავშირებოდა საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა, ყოვლად უშედეგოდ.
        შევარდნაძე (სარწმუნო წყაროს ცნობით) არძინბას არ დაელაპარაკა. ამის შემდეგ, არძინბამ «საქართველოს მეგობარი ქვეყნების» ერთ-ერთი ელჩი (თბილისში) «ჩართო საქმეში» და მისი მეშვეობით სთხოვა შევარდნაძეს ყურმილი აერო; სატელეფონო საუბარი გაიმართა ორშაბათს. არძინბამ საქართველოს პრეზიდენტს (იმავე წყაროს ცნობით) სთხოვა «თუნდაც რამდენიმე საათით» ჩაფრინდეს სოხუმში და შეჰპირდა საუკეთესო პირობების შექმნას «ნაყოფიერი დიალოგისათვის».
        კერძოდ, არძინბას უთქვამს, რომ მზად არის ედუარდ შევარდნაძეს დაუთმოს საკუთარი რეზიდენცია - ე.წ. «ხრუშჩოვის აგარაკი», სადაც საქართველოს პრეზიდენტი ხშირად ისვენებდა 70-იან, 80-იან წლებში.
        მთლიანობაში, არძინბას ტონი, როგორც ჩანს, იმდენად «მუდარით აღსავსე» და «თვითდამამცირებელი» იყო, რომ ძალაუნებურად გიჩნდება ეჭვი: აქ რაღაცაშია საქმე - არძინბა რაღაცამ ძალიან შეაშფოთა.
        როგორც ჩანს, მისი შეშფოთების მიზეზი ისევ და ისევ რუსეთში არსებული ვითარებას უკავშირდება. არძინბას ძალიან ეშინია, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოს «შეურიგდეს» - აფხაზური სეპარატიზმის ხარჯზე.
        ამიტომ, გარდა საქართველოს პრეზიდენტის სოხუმში ჩასვლისა, არძინბა ე.წ. «საკოორდინაციო საბჭოს» სასწრაფოდ მოწვევასაც ითხოვს. გასაგებია რა მიზნით: ეს «საკოორდინაციო საბჭო» სეპარატისტებმა აქციეს შესანიშნავ ტრიბუნად, რათა უშუალოდ მიმართონ დასავლეთის ქვეყნებს და მათი მეშვეობით ჩაშალონ შესაძლო (ჰიპოთეტური) კომპრომისი რუსეთსა და საქართველოს შორის.
        ამიტომ, დღევანდელ ვითარებაში, საქართველოს მხრიდან ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნებოდა, უარი გვეთქვა ყოველგვარ კონტაქტზე სეპარატისტებთან (დღემდე ეს კონტაქტები მხოლოდ მათ პოზიციებს აძლიერებდა) და არ მოგვეწვია საკოორდინაციო საბჭო – დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში.
        კლინტონ-პუტინის შეხვედრა ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს, ისევე, როგორც ბევრი რამ გაირკვევა ჩრდილოეთ კავკასიაშიც.

7 დღე, 28 მაისი, 2000 წელი