გაგრძელდება თუ არა «პანკისი»?

        ჯერჯერობით, პანკისის ხეობაში დაწყებული ოპერაცია წარმატებით ვითარდება. რუსული პრესის შხამიანი კომენტარების მიუხედავად, ჯერჯერობით, საქართველოს ძალისმიერი სტრუქტურები საკმაოდ კვალიფიციურად და, პროფესიული თვალსაზრისით, უნაკლოდ მოქმედებენ.
        მთავარი ის კი არ არის, რომ ოპერაციის შედეგად რამდენიმე საშიში დამნაშავის დაკავება მოხერხდა, ხოლო დანარჩენები თავისუფლად ვეღარ დასეირნობენ ხეობაში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ პატარა ხეობაში უზარმაზარი სამხედრო კონტინგენტის შეყვანის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა არაფერს უჩივის – არ ყოფილა მშვიდობიან მცხოვრებლებთან შეტაკების ან თუნდაც რაიმე ექსცესის ერთი შემთხვევაც კი.
        არადა, რუსეთის მასმედია (სწორედ ის ჟურნალ-გაზეთები, სწორედ ის ტელეარხები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ «გვამუნათებდნენ, რატომ ძალას არ მიმართავთ პანკისში წესრიგის დასამყარებლადო»), - როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალთა კონტინგენტი პანკისისკენ დაიძრა, უმალვე «გარდაიქმნა» და ათი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა.
        რაოდენ ტრაგიკომიკურიც უნდა იყოს, უჩვენებდნენ საქართველოს შინაგან ჯართა კოლონებს და თან მოსთქვამდნენ: ასე შედიოდა ქართული არმია აფხაზეთში, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება და ძარცვ-აგლეჯა მოჰყვა; ასე შედიოდა ქართული გვარდია სამხრეთ ოსეთში, რის შედეგადაც აყვავებული მხარე ნანგრევებად იქცა და სხვა.
        ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით იმათთვის უნდა იყოს საგულისხმო, ვინც დღემდე კატეგორიულად მოითხოვდა «პანკისში წესრიგის დამყარებას». არადა, საამისოდ სერიოზული მომზადება იყო საჭირო, აგრეთვე, სრული გარანტია იმისა, რომ პანკისში მართლაც არ დაიწყებოდა უმართავი პროცესები, ხოლო შეიარაღებული ძალა მძარცველთა ბრბოდ არ გადაიქცეოდა.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე რუსეთის ტელევიზია დაიწყებდა მოთქმას: «ქართველი ფაშისტების მიერ პანკისში დაწიოკებული მშვიდობიანი ჩეჩნების უბედურების» გამო.
        რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა მოგვეჩვენოს – ზუსტად ასე იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავიგოთ, ვისთან გვაქვს საქმე?
        ნიშანდობლივია, რომ სწორედ პანკისის ხეობაში განხორციელებული ოპერაციის კომენტირებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ზოგიერთი სხვა უწყების ხელმძღვანელმა საკმოად ნათლად ჩამოაყალიბა შემდგომი პრიორიტეტი: კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესება ცხინვალის რეგიონში.
        ზოგიერთს შეიძლება ეგონოს, რომ აქ «იურიდიქციის აღდგენა» იგულისხმება (როგორც პანკისში), მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ეს, ფაქტობრივად, ომის განახლებას ნიშნავს, ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცხინვალთან დაკავშირებით იგულისხმება სწორედ ანტიკრიმინალური ოპერაცია, ოღონდ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანაშმრომლობით. თვით ოპერაციის საჭიროება ეჭვს არ იწვევს – ცხინვალის რეგიონში «მრავალფეროვანი» ინცინდენტები სულ უფრო გახშირდა.
        ნათელია, რომ ახლად არჩეულ «პრეზიდენტ» კოკოითს სიტუაცია ხელიდან უსხლტება. ეს ცხადი იყო მისი არჩევისთანავე, როდესაც ოსურმა «ომონმა» კინაღამ «მინისახელმწიფო გადატრიალება» მოაწყო ცხინვალში.
        უკანასკნელ გახმაურებულ გატაცებებს კი სწორედ ოსურ «ძალისმიერ სტრუქტურებთან» მივყავართ. თუმცა, ოსური მხარე ყველანაირად შეეცდება, რუსეთის «სამშივდობო ძალებს აეფაროს და მხოლოდ «სამმხრივ ოპერაციებს» დაეთანხმოს.
        იგი ისტერიკებს მოგვიწყობს მაშინაც კი, თუ ქართული მხარე ქართულ სოფლებში დაიწყებს ცალმხრივი ოპერაციების ჩატარებას.
        ძალზე საეჭვოა, საქართველოს ხელისუფლებამ «ორ ფრონტზე» ბრძოლა გაბედოს. ამდენად, «ცხინვალის ოპერაცია» მართლაც მხოლოდ სამმხრივი იქნება და კონკრეტული «მისამართი» ექნება, განსაკუთრებით ყორნისისა და ცხინვალის რაიონებში.

დილის გაზეთი, 6 სექტემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე