«შვიდკაცამ» შვა «საკოორდინაციო საბჭო»

        გუშინ გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელმაც ერთგვარად შეაჯამა «ანტიკორუფციული პროცესის» პირველი ეტაპი. «ეროვნული პროგრამის» შესაბამისად, შეიქმნა «საკოორდინაციო საბჭო».
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, ეროვნული უშიშროების საბჭომ მოიწონა წინადადება და პრეზიდენტს რეკომენდაცია მისცა, უახლოეს მომავალში დააკომპლექტოს საბჭო. პრეზიდენტი დანიშნავს საბჭოს 12 წევრს, რომელთაგან ერთი «საკოორდინაციო საბჭოს მდივანი» იქნება.
        პერსონალიები ჯერ ცნობილი არ არიან. თუმცა, იგულისხმება (არაფორმალურად), რომ 6 წევრი საზოგადოების წარმომადგენელი იქნება, ხოლ მეორე ექვსეული - სპეციალისტი.
        ამ საბჭოს დაფუძნება ნიშნავს ადრე არსებული სპეციალური კომიტეტის შექმნის იდეის სრულ უარყოფას, რომელსაც საგამოძიებო ფუნქციები მიენიჭება.
        პრეზიდენტი საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ასეთი ფუნქციებით აღჭურვილი ორგანოს შექმნა დაარღვევდა სახელისუფლებო ბალანსს, ეგრეთ წოდებულ, «ძალისმიერ, სამართლისდამცველ სტრუქტურებში».
        პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ სათანადო საზოგადოებრივი რეზონანსის შემთხვევაში, ეს სტრუქტურები მაინც იძულებულნი იქნებიან, «ხელი გაანძრიონ».
        უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იმავე წყაროთა ცნობით, მწვავე დისკუსია გამოიწვია კონკრეტული ღონისძიებების შინაარსმა, რაც უახლოეს მომავალში უნდა გატარდეს კორუფციის წინააღმდეგ.
        რადიკალური ზომების აუცილებლობას არავინ უარყოფდა, მაგრამ არსებობს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება. არ არის გამორიცხული სახლების ნგრევა თუ არა, მათი ჩამორთმევა, ან, სულ ცოტა, გადასახადის გადახდევინება.
        «საკოორდინაციო საბჭო» შექმნის შესაბამის ფონს აუცილებელი გადაწყვეტილებისათვ.ს მოსალოდნელია შემდგომი საკადრო წმენდა არა მხოლოდ უმაღლეს სამინისტრო, არამედ «საშუალო» დონეზეც.
        ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელსაც «ანტიკორუფციული საბჭო» შეეჩეხება, უდავოდ «წვრილმანი კორუფციის» წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, რაც სინამდვილეში, არანაკლებ ზიანს აყენებს ეკონომიკას, თუნდაც, წვრილმანი კონტრაბანდის სახით.
        მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია, ვიდრე თბილისში თანამდებობის პირები თავხედურად აშენებენ სასახლეებს. ედუარდ შევარდნაძემ პირადად იკისრა პასუხისმგებლობა ანტიკეორუფციული ბრძოლის გაძლიერებისათვის, ვინაიდან ეს ორგანო, ფაქტობრივად, პრეზიდენტის ინსტიტუტთან იმუშავებს. ამიერიდან, პრეზიდენტს ამ ორგანოს მეშვოებით ეძლევა საშუალება, მოახდინოს მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული აქციების ინიციირება, რაც ადრე შეიძლება სამართლისდამცავ ორგანოთა საქმიანობაში ჩარევად აღქმულიყო - ეს ერთ-ერთი ურთულესი ძალაუფლებრივი პრობლემაა, რომლის გადაუწყვეტლადაც ანტიკორუფციულ ღონისძიებებს ბევრი თანამდევი სირთულე მოჰყვებოდა.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ საბჭოს შექმნით პრეზიდენტი თავისი «მეორე ვადის» ყველაზე მნიშვნელოვან (და შორსგამიზნულ) ნაბიჯს დგამს. არც ერთი რეზონანსული დემარში პრეზიდენტს, ალბათ, შესაძლო შედეგთა შეუსწავლელად არ განუხორციელებია. რამდენიმე იმგვარი «ნაღმი ჩაიდო», რომელიც სათანადო გარემო-პირობათა შექმნისთანავე მთელი ძალით აფეთქდება.
        ისეთი «წვრილმანიც» კი, როგორიცაა თანამდებობის პირთა საშემოსავლო დეკლარაციები, სერიოზული ძიების საგანი გახდება. საბჭოს რომელიღაც წევრმა მოიყვანა მაგალითი, რომ, მაგალითად, სამხრეთ კორეაში თანამდებობის პირები უმალვე დააპატიმრეს (ზედმიეტი ფორმალობის გარეშე), როგორც კი მათ ვერ შეძლეს დაედასტურებინათ და დაესაბუთებინათ უძრავი ქონების შეძენისთვის აუცილებელი სახსრების წარმოშობის წყარო.
        რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, თითქოს საირმის გორაზე წამოჭიმულ სასახლეებს უფასო საბავშვო ბაღებად გადააკეთებენ, მაგრამ სენსაციები უახლოეს მომავალში ნამდვილად არ აგვცდება: ხელისუფლებამ იგრძნო, რომ «დუღილის პროცესმა» იმ სტადიას მიაღწია, როდესაც შესაბამისი ზომების მიღება უბრალოდ აუცილებელია - კორუფცია საქართველოში «სოციალური უსამართლობის» შეგრძნების უმთავრესი ფაქტორი ხდება, რაც თითქოსდა ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი არასდროს ყოფილა.
        «ანტიკორუფციულ საბჭოს» მოუწევს გადაინაწილოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებისთვის გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით.
        რაც შეეხება «ელიტარულ კორუფციას», არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ვერც ეს «ანტიკორუფციული საბჭო» იქნება წმინდანთა საკრებულო. მის «საიდუმლო სერობებშიც» გამოერევა «იუდა-ელემენტი» და შეეცდება ამ საბჭოს ქცევას ფულის საკეთებელ საამქროდ.
        საქართვლეოში ასეით რამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, თუ «საბჭოს» მინისტრებისა და სხვა თანამდებობის პირების, როგორც რუსები იტყვიან, «ხალიჩაზე გამოძახების» საშუალება ექნება.

დილის გაზეთი, 24 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე