ამერიკაში პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო        

ამერიკაში პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო        

        ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში არაბი ფანატიკოსების მიერ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა ერთბაშად არია საერთაშორისო ცხოვრება. მის «დალაგებას» კი, როგორც ჩანს, თვეები დასჭირდება. 18 სექტემბერს ნიუ-იორკში საზეიმოდ უნდა გახსნილიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო სესია - ბავშვთა და მოზარდთა თაობაზე.
        გაეროს შესაბამისი ქვეორგანიზაცია 1990 წელს დაარსდა იმავე ქალაქში. ერთ-ერთი დამფუძნებელი იმდროინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. ამიტომ, გაეროს ხელმძღვანელობამ საქართველოს პრეზიდენტი საგანგებოდ მიიწვია სესიაზე. დაგეგმილი იყო ედუარდ შევარდნაძის 15-წუთიანი გამოსვლა. სარწმუნო წყაროთა ცნობით, იგი, ძირითადად, მიეძღვნებოდა აფხაზეთიდან ლტოლვილ ბავშვთა პრობლემებს. პრეზიდენტი საკმოად მწვავე განცხადებებსაც გეგმავდა - სამართლიანი ბრალდებებით, გაეროს და მთელი საერთაშორისო გაერთიანების მისამართით იმის გამო, რომ სათანადო ყურადღება არ ექცევა აფხაზეთში სეპარატისტ-ფაშისტთა აღვირახსნილ მოქმედებას ქართული სკოლების აკრძალვას, აპარტეიდის პოლიტიკას და ასე შემდეგ.
        სამწუხაროდ, ეს გამოსვლა ჩაიშალა, ვინაიდან საშინელი ტერორისტული აქტების გამო გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯერაც ბოლომდე გაურკვეველი ვადით (ზოგიერთი ცნობით, 1 წლით) გადადო საგანგებო სესია. ის კი არა, თვით გენერალური ასამბლეის სხდომის ჩატარებაც კი ეჭვს იწვევს.
        ამრიგად, 18-22 სექტემბრის ვიზიტი აღარ შედგება, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა.
        ეჭვქვეშ დადგა, აგრეთვე მეორე ვიზიტიც ამერიკაში. იმავე წყაროთა ცნობით, 2 ოქტომბერს პრეზიდენტი მიემგზავრებოდა ბოსტონში (!) საიდანაც გაემართებოდა იქვე მდებარე პატარა ქალაქ კემბრიჯში- ჰარვარდის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში. დაგეგმილი გახლდათ ედუარდ შევარდნაძის სიტყვით გამოსვლა პროფესურის წინაშე, რაც თავისთავად საამაყო ფაქტია, ვინაიდან ჰარვარდში სიტყვით გამოსვლა ნებისმიერი ქვეყნის ლიდერისთვის უაღრესად პრესტიჟული იქნებოდა. ედუარდ შევარდნაძეს, როგორც საბჭოთა სახელმწიფოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და პრობლემურ რეგიონში მდებარე პატარა სახელმწიფოს დილერს ამჟამადაც (მით უმეტეს, მომხდარის შემდეგ) კიდევ უფრო დიდი ინტერესით მოუსმენდნენ, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ, ჯერ-ჯერობით უცნობია, შედგება თუ არა შევარდნაძე-ბუშის შეხვედრა 5 ოქტომბერს თეთრ სახლში - როგორც ეს დაგეგმილი იყო ვიზიტის მსვლელობისას.
        ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოვლენათა შედმგომ განვითარებაზე - თუ ამერიკამ ომი გამოუცხადა რომელიმე სახელმწიფოს, ან გამოძიება მეტისმეტად გაჭიანურდა, ჯორჯ ბუშ-უმცროსის განრიგი მნიშვნელოვნად შეიცვლება და საქართველოს პრეზიდენტის მიღებას იგი ვეღარ შეძლებს. მხოლოდ ჰარვარდში სტუმრობისთვის კი ედუარდ შევარდნაძე ამერიკაში ვერ გაემგზავრება.
        ისიც უცნობია, მანამდე გაიხსნება თუ არა იმ ქვეყნის საჰაერო სივრცე.
        არადა, ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის - რეგიონში არსებული ვითარებისა და ნავთობ-გაზსადენთა მშენებლობის გარშემო არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. ედუარდ შევარდნაძის ვაშინგტონში სტუმრობა ნათელს მოჰფენდა, აგრეთვე, ზოგიერთ შიდაპოლიტიკურ ასპექტს.
        თუმცა, პირველი ვიზიტისგან განსხვავებით, მეორე ვიზიტი (ბოსტონსა და ვაშინგტონში) საბოლოოდ გაუქმებული არ არის და კიდევ შეიძლება გაიმართოს. ბევრი რამ (ვიმეორებ) ამერიკაში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოიკდებული (რას მოვესწარით!).
        ტერორისტული აქტების გამო, მხოლოდ ერთი დღით გადაიდო ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, საქართველოს მაინც გადასცეს «იროკეზის» ტიპის 10 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. 24 სექტემბერს ისინი საქართველოს ცაში აიჭრებიან. ჩვენი ქვეყნის რელიეფის გათვალისწინებით, ვერტმფრენები, სამხედრო თვალსაზრისით, ნამდვილი მისწრებაა.
        შესაძლოა, საზეიმო ცერემონიას გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილიც დაესწროს, რომელიც ორი დღეა თბილისში იმყოფება. ეს აქცია სერიოზული სიმპტომია: ამერიკის საგარეო პოლიტიკის გააქტიურება (მომხდარის შემდეგ) საქართველოსთვის ძალზე ხელსაყრელია.

დილის გაზეთი, 14 სექტემბერი, 2001 წელი