შევარდნაძის სავიზო ოპტიმიზმს რუსებმა ცივი წყალი გადაასხეს
       

        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ქართველი კოლეგების ცნობა, თითქოს ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სავიზრო რეჟიმის შესამსუბუქებლად ორ ქვეყანას შორის.
        სმოლენსკის მოედანზე აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში რაიმე «შემსუბუქება» დაგეგმილი არ არის, ვინაიდან, საქართველოს ძალისმიერი სტრუქტურები არ გეგმავენ რუსეთთან ერთობლივი ოპერაციის გატარებას პანკისის ხეობაში გამაგრებული ჩეჩნების წინააღმდეგ.
        მაშასადამე, რუსებს ასე წარმოუდგენიათ «სავიზრო რეჟიმის» გაუქმება: საქართველოში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალები, საქართველოს ძალისმიერ სტრუქტურათა წარმომადგენლებთან ერთად, ათეულობით ჯავშანმანქანით, ტანკებითა და არტილერიით დაიძვრებიან ახმეტისკენ, საცა მათ შეუერთდებიან საქართველოს შინაგან ჯართა წარმომადგენლები, შევლენ პანკისის ხეობაში და მოაწყობენ ეგრეთ წოდებულ «ზაჩისტკას», ანუ გაჟლეტენ ყველა მამაკაცს (ჩერნოკოზოვოს საკონცენრაციო ბანაკში მათი გადაყვანა მეტისმეტად სახლაფორთოა), გააუპატიურებენ ქალებს, გადაწყვავენ სახლებ, დახოცავენ პირუტყვს და შემდეგ იტყვიან, - საქართველოს ტერიტორიაზე ბანდიტთა ბაზები მეტისმეტად ბევრია და ერთი ოპერაციით ყველაფერს ვერ გავწვდებოდით.
        შესაბამისად, დაიწყება (მხოლოდ დაიწყება) მსჯელობა საქართველოსთან სავიზრო რეჟიმის გაუქმების თაობაზე.
        მთელ ამ თავსლაფდასხმას კი, საქართველომ მდუმარედ უნდა ადევნოს თვალი. სანაცვლოდ, «სავიზრო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხის განხილვის დაწყება მიიღოს».
        რასაკვირველია, ეს აბსოლუტურად არარეალურია, ხოლო თუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ან სხვა უწყებებში სერიოზულად განიხილავენ ამგვარ შესაძლებლობებს, მაშასადამე, სულ დაუკარგავთ რეალობის გრძნობა და საერთოდ, წარმოდგენა არა აქვთ, რა ხდება საქართველოში.
        სხვათა შორის, ეს ძალიან კარგია, - ეგონოთ, რომ «სავიზრო რეჟიმი» იმდენად მტკივნეულია ჩვენთვის, შეიძლება ყველაფერზე დავეთანხმოთ. შესაბამისად, რაიმე სხვა ნაბიჯებს (პირდაპირი აგრესიის ჩათვლით, რაც სრულებით არ არის გამორიცხული) არ გადადგამენ.
        არადა, იმედი «სავიზრო რეჟიმის» ეფექტიანობისა ერთობ გადაჭარბებული აღმოჩნდა. კატასტროფული შედეგები საქართველოს ეკონომიკისთვის და პოლიტიკური სტაბილურობისთვის «იგვიანებს» - ვალუტის შემოდინება არ შემცირებულა ისევე, როგორც ექსპორტი საქართველოდან.
        რაც შეეხება პოლიტიკურ სტაბილურობას, რასაკვირველია, საზოგადოების ერთი (განსაკუთრებით «ელიტარული») ნაწილი კბილებს აღრჭიალებს სიძულვილით, მაგრამ დღეს ვეღარ გაიმეორებს ათი წლის წინანდელ კომბინაციას, როდესაც ექს-პრეზიდენტთან დაპირისპირების სიღრმისეული მიზეზი სწორედ მათთვის რუსეთში შექმნილი პრობლემები და დისკომფორტი გახდა.
        ჯერჯერობით უცნობია, რამდენად იყენებენ საქართველოს შესაბამისი უწყებები «სავიზო რეჟიმს» იმისთვის, რათა გამოავლინონ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც, იმავდროულად, რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ჩვენი კანონმდებლობით კი, «ორმაგი მოქალაქეობა» აკრძალულია.
        «სავიზრო რეჟიმს» მეორე მხარეც აქვს - რუსეთის ყველა სამხედრო მოსამსახურე ამიერიდან ვალდებულია, საქართველოში შემოსავლელად ვიზა იყიდოს.
        როდესაც რუსეთი დარწმუნდება, რომ სავიზრო რეჟიმით შედეგს ვერ მიიღებს, იგი შეეცდება, იმავე მეთოდიკის გამოყენებით, ხევში (ყაზბეგის რაიონში) შექმნას პრობლემები.
        ამ შემთხვევაში, რუსეთი ორ ძირითად მიზანს ისახავს: უპირველეს ყოვლისა, მას პანკისში «ერთობლივი გენოციდის» ჩატარება იმისთვის კი არ სურს, რომ არ იცის, რამდენად «ზღაპარია» ცნობები პანკისში «სამხედრო ბაზების» არსებობის შესახებ.
        რასაკვირველია, შესანიშნავად იციან, რა ხდება პანკისში და რომ არანაირ რეალურ საფრთხეს იგი რუსეთს არ უქმნის, მაგრამ მოსკოვში უნდათ საქართველოსაც აჰკიდონ პასუხისმგებლობა გენოციდისთვის და სამუდამოდ გაგვიფუჭონ ურთიეროთბა ჩეჩნებთან.
        რუს სამხედროებს ყველაზე მეტად სწორედ ის აცოფებთ, რომ საქართველოს არ სურს ჩეჩნებთან ურთიერთობის გაფუჭება და სხვის ომში მონაწილეობა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რა როლიც შეასრულა რუსეთმა აფხაზეთის კონფლიქტში და რა როლს ასრულებს ამჟამადაც.
        მეორე მიზანი, რასაკვირველია, ახალქალაქი-ბათუმის სამხედრო ბაზების შენარჩუნებაა. მაისის განმავლობაში უნდა გაიმართოს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი. ამ პროცესის უსასრულოდ გაჭიანურებას რუსეთი ვერ შეძლებს, ვინაიდან ეს დასავლეთისთვის მიუღებელია, ხოლო, როცა რუსები მიხვდებიან, რომ «სავიზრო რეჟიმმა», ამ თვალსაზრისით, არ გაუმართლათ, უკვე გვიან იქნება.

დილის გაზეთი, 4 მაისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე