ოზგანის ვიზიტი - თბილისში «მშვიდობის პარტიის» შექმნის მცდელობა

ოზგანის ვიზიტი - თბილისში «მშვიდობის პარტიის» შექმნის მცდელობა

 

    აფხაზეთის ე.წ. «საგარეო საქმეთა მინისტრის» ვიზიტმა ქართველ პოლიტიკოსებს კვლავ შეუქმნა იმისი ილუზია, რომ «აფხაზები შეშინდნენ», რომ ისინი მზად არიან დათმობებზე წასასვლელად, რომ «აფხაზთა შორის სერიოზული განხეთქილებაა» და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოზგანი თბილისში სწორედ ამ ილუზიის შესაქმნელად ჩამოვიდა.
    სინამდვილეში არავითარი განხეთქილება აფხაზთა ლიდერებს შორის არ არსებობს და (დღევანდელ პირობებში) არც შეიძლება არსებობდეს. ოზგანიცა და არძინბაც ერთი და იმავე «გუდაუთის დაჯგუფების» წევრები არიან (მიუხედავად ქართულ პრესაში გავრცელებული მცდარი აზრისა, თითქოს არძინბა «ოჩამჩირის კლანს» წარმოადგენს); რაც მთავარია, არძინბასა და ოზგანის პოლიტიკურ პლატფორმათა შორის არანაირი განსხვავება არ არის: ორივეს მიზანია აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა საქართველოსაგან, საგარეო პოლიტიკურ სფეროში (სტრატეგიული და არა ტაქტიკური თვალსაზრისით) ორივე თურქეთზეა ორიენტირებული.
    «განხეთქილების» ყალბი შთაბეჭდილების შექმნა კი აფხაზ სეპარატისტებს იმისთვის სჭირდებათ, რათა საქართველოს ხელისუფლებას გზა-კვალი აუბნიონ და გაურთულონ აფხაზეთის მიმართ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკის გამომუშავება. სხვათა შორის (მიუხედავად მაშტაბთა სხვაობისა), ასეთივე ხერხს მიმართა რუსეთმაც არც ისე დიდი ხნის წინ: «განხეთქილება» ბორის ელცინსა და მის ოპონენტებს შორის (საქართველოსთან დამოკიდებულების საკითხში) ისეთივე სპექტაკლი იყო (და არის), როგორც დაპირისპირება «გუდაუთის კლანსა» და «ოჩამჩირის დაჯგუფებას» ან კონსტანტინე ოზგანსა და ვლადისლავ არძინბას შორის.
    ოზგანი აფხაზეთში შეიძლება, მართლაც სარგებლობს უფრო მეტი ავტორიტეტით, ვიდრე ვლადისლავ არძინბა. ეს სავსებით შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის დღევანდელი «პრეზიდენტისაგან» განსხვავებით, «საგარეო საქმეთა მინისტრი» წარსულშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს რგოლში იმყოფებოდა და რეალურად მონაწილეობდა სეპარატისტული გადაწყვეტილებების მიღებაში. ოზგანი აფხაზ სეპარატისტთა მთავარი იმედი იყო. თუ იგი ვერ აირჩიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ 1990 წელს, ეს იმის გამო მოხდა, რომ იმ დროს (რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით) ამ პოსტზე ასარჩევად «ოფიციალური თბილისის» თანხმობა იყო საჭირო, ეს უკანასკნელი კი არძინბას უჭერდა მხარს.
    მიუხედავად ზემოთთქმულისა, ოზგანი დღეს არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს ვლადისლავ არძინბასა და, ზოგადად, სეპარატისტული მოძრაობის ინტერესთა საწინააღმდეგოდ. დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ თბილისშიც ოზგანი მხოლოდ და მხოლოდ თავისი «პრეზიდენტის» ბრძანებითა და მითითებებით ჩამოვიდა, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში ე.წ. «მშვიდობის პარტიას», ანუ იმ ძალას საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც უპერსპექტივოდ მიიჩნევს აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობას და (განსხვავებით «ექსტრემისტებისაგან»), არ უჭერს მხარს აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალების გაყვანისა და აფხაზეთში ქართული არმიის შეყვანის იდეას.
    ოზგანის ვიზიტი ამ ძალებს დამატებით არგუმენტებს აძლევს: «ხომ ხედავთ, აფხაზები საცაა გატყდებიან, ისინი მზად არიან კომპრომისისთვის, მოდიან დათმობებზე, ოზგანი თბილისშიც კი ჩამოვიდა, ამ პირობებში რატომ უნდა დავიწყოთ ახალი ომი, რომელშიც კვლავ დავმარცხდებით?»
    გარდა ამისა, ოზგანი მსოფლიო საზოგადოებისთვისაც ქმნის შესაბამის სტერეოტიპს - თბილისმა თუ ახალი ომი დაიწყო, არძინბა უეჭველად განაცხადებს, რომ «საქართველომ განაახლა აგრესია მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი მხარეთა შორის. აფხაზური მხარე მზად იყო სერიოზული დათმობებისათვის, რისი თვალნათელი მაგალითიცაა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში».

«მერიდიანი», 23 ნოემბერი, 1996 წელი.