როგორ დაისაკუთრებს რეფერენდუმი ქართველებს
       

        გუშინ თვითგამოცხადებულ «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში» გაიმართა რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე. «სამხრეთ ოსეთის» ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოს ხელმძღვანელობს და ამდენად, სრული უფლება აქვს, ჩაატაროს ნებისმიერი რეფერენდუმი.
        ამჯერად, რეფერენდუმზე გამოტანილი კითხვები ეხება კონსტიტუციაში იმ ცვლილებათა შეტანას, რაც შეცვლის პარლამენტისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებას.
        «პრეზიდენტი» ჩიბიროვი მოითხოვს გაიზარდოს მისი უფლებამოსილება (პარლამენტის უფლებამოსილებათა შეკვეცის ხარჯზე), ვინაიდან ამჟამინელი უფლებებით «სახელმწიფოს მართვას ვერ ახერხებს». ამით სრულდება დაპირისპირების ერთი ეტაპი ლუდვიგ ჩიბიროვსა და სლავა კოჩიევს შორის, რომელიც «სამხრეთ ოსეთის» პარლამენტს ხელმძღვანელობს.
        ეს დავა უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება და, ალბათ, რეფერენდუმის შედეგით მიანც არ ამოიწურება, როგორიც არ უნდა იყოს იგი. თუ ოსურმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის უფლებების გაფართოებას, ეს პარლამენტთან დაპირისპირების ხარისხს კიდევ უფრო აამაღლებს, ვინაიდან შედეგები საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს.
        უკანასკნელი კი ყოველნაირად შეეცდება, ათასგვარი მიზეზი მოძბენოს, აღმასრულებელი ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულოს, ოღონდ კი შედეგები არ სცნოს.
        რასაკვირველია, სტრატეგიული თვალსაზრისით, რეფერენდუმი სხვა მიზანსაც ისახავს: «დამოუკიდებლობის» თაობაზე იგი ოსებმა ჯერ კიდევ 1992 წელს, ანუ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ჩაატარეს.
        რეფერენდუმში მონაწილეთა 99-მა პროცენტმა, რასაკვირველია, «დამოუკიდებლობას» მისცა ხმა. სხვა საკითხია, ის რა «რეფერენდუმი» იყო, მაგრამ ამჟამად ოსებს მიეცათ შანსი, თავიანთი სეპარატისტული ზრახვები კიდევ ერთი რეფერენდუმით განახორციელონ: მათ სჭირდებათ იმის დაფიქსირება, რომ რეფერენდუმში (ნებისმიერ თემაზე) უკვე ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. ამას სულ ადვილად მიაღწევენ, ეგრეთ წოდებული, სავიზრო რეჟიმის მიეშვეობით, ვინაიდან «სამხრეთ ოსეთში» მცხოვრები საცოდავი ქართველები მთლიანად არიან დამოკიდებულნი ცხინვალზე «სამხრეთ ოსეთის ჩაწერის» დაფიქსირებისას სსრკ პასპორტში.
        ქართველებს ხომ მხოლოდ ამ პასპორტის მეშვოებით და «სამხრეთ ოსეთში ჩაწერის» დადასტურებთი შეუძლიათ მოიპოვონ როკის გვირაბის გავლით, ვიზის გარეშე პროდუქციის რუსეშთი გატანის უფლება.
        ბუნებრივია, ამ ხალხს იმის შეგნებას ვერ მოსთხოვ, რომ პატრიოტული მოსაზრებებით ვაშლი რუსეთში აღარ გაიტანონ გასაყიდად, ანუ ოსები გაანაწყენონ, «რეფერენდუმში» მონაწილეობა არ მიიღონ და ვინაიდან მონაწილეთა ვინაობა ფიქსირდება, სამუდამოდ მოსპონ «ოსურ ჩაწერიანი» პასპორტის მიღების საშუალება.
        ასე ისარგებლეს ჩიბიროვმა, კოჩიევმა და მათმა სეპარატისტულმა ხროვამ პუტინის დიდებული საჩუქრით - საქართველოსთან შემოღებული სავიზრო რეჟიმით.
        დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ მიზეზით ოსურ რეფერენდუმში ძალიან ბევრი ქართველი მიიღებს მონაწილეობას. არათუ თამარაშენიდან და ლიახვის ხეობიდან, არამედ გორიდან და ქარელიდან ჩავლენ «ყოველი შემთხვევისათვის», რათა ხსენებული მიზნით ოსები მოიმადლიერონ.
        ამდენად, «რეფერენდუმი» ძირითად, სიღრმისეულ მიზანს მიაღწევს და თუ მომავალში ოსებს ბრალად წავუყენებთ, რომ სეპარატისტები არიან და ქართული მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად აცხადებენ «რესპუბლიკას» - უეჭველად ამ არგუმენტს მოიტანენ, - ნახეთ, რამდენმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმშიო.
        ოსებს ვერანაირი გაჭირვება ვერ აიძულებს, «დამოუკიდებლობაზე» უარი თქვან და საქართველოს რეფერენდუმში მიიღონ მონაწილეობა. აქ «ჩიბიროვის ტირანია» არაფერ შუაშია, - შეგნების დონეა სხვა, თორემ, ჩიბიროვი და ძმანი მისნი მოილაპარაკებენ და ძალაუფლებას როგორმე გაიყოფენ.

დილის გაზეთი, 9 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე