რუსეთის «კარგად გათვლილი პოლიტიკა» პანკისის პრობლემის მოტივებზე

 რუსეთის «კარგად გათვლილი პოლიტიკა» პანკისის პრობლემის მოტივებზე

          

           გასულ კვირას, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, ქისტებსა და ქართველ პოლიციელებს შორის მომხდარმა შეტაკებამ, საქართველო-ჩეჩნეთის ასე თუ ისე გამოსწორებულ ურთიერთობას გარკვეული ნიჰილისტური ელფერი შესძინა.
           აღნიშნული ინციდენტი, პოლიტიკოსებისთვისაც არაერთაზროვანი დასკვნების საბაბად იქცა. ერთნი, მომხდარი შემთხვევის გამო, საქართველო-ჩეჩნეთს შორის ურთიერთობების დაძაბვას ვარაუდობენ, მეორენი კი ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ინციდენტს რაიმე პოლიტიკურ მიზანთან საერთო არაფერი აქვს.
           შეიძლება ითქვას, უკანასკნელი თვალსაზრისი არსებული დაძაბულობის როგორმე მიჩქმალვას უფრო ემსახურება, ვიდრე რეალური მდგომარეობის აღწერას, ვინაიდან, დუისის ინციდენტის თუნდაც კრიმინალური მოტივაცია, იმთავითვე გულისხმობს პოლიტიკურ ქვეტექსტს.
           კერძოდ, პანკისის ხეობის სრულფასოვან გაკონტროლებას ქართველი სამართალდამცავები უკვე რახანია სწორედ იმიტომ ერიდებიან, რომ მათმა იქ მუდმივად დამკვიდრებამ და კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორების მიზნით აქტიურმა მუშაობამ, შესაძლოა, მართლაც პოლიტიკური დაპირისპირების სახე მიიღოს, მით უმეტეს, როცა გარკვეული ეჭვის საფუძველს ჩეჩნეთის პასიურობაც ბადებს:
           ამ უკანასკნელებს შეუძლიათ კეთილსინდისიერად გააკონტროლონ თავიანთი საზღვარი საქართველოსთან, რითაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას პანკისის ხეობაში გაბედულად მოქმედების შესაძლებლობა მიეცემა, მაგრამ რეალობა სურვილის საწინააღმდეგოა და სახეზეა პანკისის «ვაკუუმი», რომლითაც მშვენივრად სარგებლობენ კრიმინალური ელემენტები და რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა კიდევ ერთ კონფლიქტის ზონად გარდაიქმნას.
           ჩვენი «ჩრდილოელი ძმა», რა თქმა უნდა, სიხარულისაგან გადაირევა, თუკი საქართველოში ახალი კონფლიქტი აღმოცენდება. მეტიც, არაფერი იქნება გასაკვირი იმაში, თავად რუსები რომ მოგვევლინონ საქართველოში ახალი კონფლიქტის გაჩაღების სულისჩამდგმელებად.
           მართალია, რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში (საერთოდ კავკასიაში) ვითარების სტაბილურობის იდეით გამოდის, მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ამბიციური ხასიათი საკმაო საფუძველს გვაძლევს საიმისოდ, რათა ერთმნიშვნელოვნად დავასკვნათ: რუსეთის აღნიშნული ინიციატივის უკან, შესაძლოა შავბნელი ზრახვები იმალება. ამდენად, რუსებზე მინდობა არაფრის დიდებით არ შეიძლება.
           ჩრდილოეთ ოსეთში შექმნილი ორგანიზაციის («სამშვიდობო მისია ჩრდილოეთ კავკასიაში») თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ლაგკუევის განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია რუსეთის მიერ ამ რეგიონში კარგად გათვლილი პოლიტიკის წარმოება.
           ლაგკუევი არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება «კარგად გათვლილი პოლიტიკის წარმოებაში», მაგრამ ამის გამოცნობას, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა სულაც არ სჭირდება. აღნიშნული ორგანიზაცია, ივნის-ივლისში, რუსეთისა და ჩეჩნეთის პრეზიდენტების შეხვედრას გეგმავს. შეხვედრაზე ელცინი და მასხადოვი იმ გზის გამონახვაზე იმსჯელებენ, რომელიც «მრავალეროვან ჩრდილოეთ კავკასიას სამოქალაქო თანხმობის რეგიონად აქცევს».
           ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების მცდელობა უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რუსეთს მხოლოდ ეს მიზანი ამოძრავებდეს. აშკარაა, რომ დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობათა კიდევ უფრო გაფუჭების ფონზე, ამ უკანასკნელს ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან, კონკრეტულად ჩეჩნეთთან ურთიერთობის გამოსწორება საიმისოდ სჭირდება, რათა ჩეჩნეთი ადრინდელივით ისეთ პლაცდარმად აქციოს, რომლის მეშვეობითაც, პროდასავლურად განწყობილ საქართველოში დესტაბილიზაციის ახალი კერების წარმოქმნას შეეცდება. ამ მიზნის განხორციელება კი, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ რუსეთისა და ჩეჩნეთის ინტერესები ერთმანეთს დაუახლოვდება. ამდენად, რუსეთისა და ჩეჩნეთის მეთაურთა შეხვედრაზე ელცინი, რა თქმა უნდა, ჩეჩნეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის რუსეთის სასარგებლოდ შეცვლასა და რუსეთ-ჩეჩნეთის ინტერესების თანხვედრას შეეცდება.
           გულუბრყვილობაა ჩეჩნეთი აღარც კი გაიხედავს. ყველასათვის ცნობილია, რომ როცა აფხაზეთის ომში მთელი საქართველოს ბედი წყდებოდა, რუსეთ-ჩეჩნეთის ინტერესების აქართველოს საწინააღმდეგოდ სწორედ მაშინ დაემთხვა ერთმანეთს. ამდენად, პოლიტიკა ისეთი რამ არის, სადაც წარმოუდგენელი მოულოდნელობაც კი, ნებისმიერ დროსაა გათვალისწინებული. ამიტომ, საქართველო-ჩეჩნეთის ურთიერთობების გამოსწორების კვალობაზე პანკისის «ვაკუუმის» კვლავ არსებობა, არცთუ უსაფუძვლო ეჭვს ბადებს იმის თაობაზე, რომ იმის მტკიცება, თითქოს რუსეთთან ომის შემდეგ, ამ უკანასკნელებისკენ დაძაბულობის შენარჩუნება ამ რეგიონში შესაძლოა შემთხვევითი არ გახლავთ და საქართველოს დაშლის გეგმა გარკვეულწილად მასზეცაა გათვლილი.
          
          მერიდიანი, 23 ივნისი, 1999 წელი