ოსები სამოქალაქო ომს გადაურჩნენ
       

        დღეს თვით გამოცხადებულ «სამხრეთ ოსეთის» რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. როგორც ცნობილია, პირველი ტურის წინ სერიოზულ კანდიდატებად მიიჩნეოდნენ ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი და ბიზნესმენი ედუარდ კოკოევი.
        აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი «მამალი სეპარატისტია», ანუ აქტიურად მონაწილეობდნენ კონფლიქტში 1989-92 წლებში, ედუარდ კოკოევი (კოკოითი) ცნობილი «ბოევიკი» იყო და უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებს ახოციელებდა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქართული სოფლების წინააღმდეგ, ანუ მათ შორის არანაირი მსოფლმხედველობითი სხვაობა არ არის.
        საქართველოსთან დამოკიდებლობას ყველა მათგანი განიხილავს «ოსური სუვერენიტეტის» კონტექსტში, ანუ მაქსიმუმი, რასაც დაეთანხმებიან (ისიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ხარისხობრივი გაუმჯობესების შემდეგ), არის ფორმალური ასოცირება საქართველოსთან, ორსუბიექტური ფედერაცია ჩრდილოეთ ოსეთთან და რუსეთთან აბსოლუტურად შეუზღუდავი კავშირურთიერთობის პირობით.
        სხვაობა, ალბათ, მხოლოდ ტაქტიკაშია, უფრო სწორად, თითოეული მათგანის იმიჯში.
        მაგალითად, პოლიტიკური ტექნოლოგიის საჭიროებიდან გამომდინარე, «სხვაგვარად არ გამოდიოდა», და ლუდვიგ ჩიბიროვი იძულებული გახდა რამდენჯერმე შეხვედროდა საქართველოს პრეზიდენტს, მოლაპარაკება ეწარმოებინა ქართულ მხარესთან, რამაც მისი იმიჯი «დაამძიმა». აქედანაც თვალნათელია, რამდენად შეურიგებლად, უკომპრომისოდაა განწყობილი ოსური მოსახლეობა (და არა მხოლოდ ელიტა, რომელსაც შესანიშნავად ესმის დიპლომატიური ტექნოლოგიის აუცილებლობა) საქართველოს მიმართ.
        საბედნიეროდ, ოსმა სეპარატისტებმა «აფხაზი სეპარატისტებისგან» განსხვავებით, ვერ მოახერხეს ეთნოწმენდის მოწყობა ცხინვალის გარეთ - ორივე ხეობის ქართულ სოფლებში, მაგრამ თვისებრივად, ოსური მხარის პოზიცია არანაკლებ ხისტია, ვიდრე არძინბისტებისა.
        იყო კიდევ ერთი კანდიდატი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა თავმჯდომარის მოადგილე - ანატოლი ჩეხოევი, მაგრამ საბოლოოდ მან მონაწილეობაზე უარი თქვა.: თბილისში ზოგიერთი დამკვირვებელი თავდაპირველად მიიჩნევდა, თითქოს მისი მუქარის მიზეზი ის იყო, რომ ჩეხოევი რუსეთის მოქალაქეა. ამდენად, ეს რაღაც უხერხულობას შეუქმნიდა რუსეთს.
        ეს ახსნა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან არა მხოლოდ ჩეხოევს, არამედ ხუთივე კანდიდატს აქვს რუსეთის პასპორტი, ესე იგი, რუსეთის მოქალაქეა. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ჩეხოევი, თავისთავად, ანგაჟირებული ფიგურაა - იგი არა უბრალოდ რუსეთის მოქალაქეა, არამედ, მოქმედი რუსი პოლიტიკოსია. აი, ამას კი მართლაც შეეძლო პრობლემები შეექმნა რუსეთისთვის. ამდენად, «ურჩიეს» (დაბეჯითებითაც) უარი ეთქვა.
        პირველი ტურის შედეგად, ზემოთხსენებული მიზეზის გამო, ლუდვიგ ჩიბიროვი მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა, ედუარდ კოკოევმა ხმების 48 პროცენტი მიიღო, ხოლო სტანისლავ კოჩიევმა - 23 პროცენტი. ლუდვიგ ჩიბიროვის ვაჟმა, რომელიც «სამხრეთ ოსეთის» შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმს ხელმძღვანელობს, გადაწყვიტა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში «გარჩევა» მოეწყო.
        მას უსამართლოდ მიაჩნია, პრეზიდენტად კვლავ არ აირჩიონ მამამისი, რომელმაც ამდენი გააკეთა «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობისათვის: ბუნებრივია, «გარჩევაში» ჩაერივნენ «სპეცნაზელები», რამაც სახელმწიფო გადატრიალების შთაბეჭდილება შექმნა. ამან კი საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია ვლადიკავკაზშიც და მოსკოვშიც.
        «ჩრდილოეთ ოსეთის» პრეზიდენტმა მოუწოდა «მოძმე სამხრეთ ოსეთის» მოსახლეობას, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს და არ მიეცათ საშუალება «მტრისთვის» ეჭვქვეშ დაეყენებინა «ოსი ხალხის მონაპოვარი». ცხადია, ამ «მონაპოვარში» იგულისხმება ფაქტობრივი გაერთიანება «ჩრდილოეთ ოსეთთან». იმავდროულად, მოსკოვის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტმა (რასაკვირველია, იმავე ანატოლი ჩეხოევის ინიციატივით) გაავრცელა პანიკური განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ «არეულობით შეიძლება ისარგებლონ გარეშე ძალებმა». ჩეხოევმა კი დააზუსტა: საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ეძებს საბაბს, რათა შეიყვანოს ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და გააჩაღოს ახალი ომი.
        ეს არგუმენტი («გარეშე მტრისა») მართლაც აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი - «ოსური სამოქალაქო ომი» არ შედგა.

დილის გაზეთი, 6 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე