კოდორის თავზე დამოკლეს მახვილი კიდია
       

        ჭუბურხინჯის ბოლო «ტექნიკურ» შეხვედრაზე სერიოზული სკანდალი მოხდა, რომელიც, სამწუხაროდ, არ იპყრობს ქართული მედიის ისეთ ყურადღებას, რასაც იმსახურებს. არადა, ვითარება (გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად), კვლავინდებურად ძალზე დაძაბულია და ყოველ წუთს შეიძლება იფეთქოს. საქართველო ჯერ კიდევ «ბეწვის ხიდზეა». ერთი შეცდომა ან ერთი ძლიერი ბიძგი და სამუდამოდ გადავიჩეხებით უფსკრულში.
        «ჭუბურხინჯის» შეკრებაზე (ამ «ტექნიკურ» შეხვედრებს გალის რაიონში სეპარატისტები ძალიან აქტიურად და წარმატებით იყენებენ პოლიტიკური დემარშებისთვის) რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა სიდორიჩევმა განაცხადა, რომ კოდორის ხეობიდან დაუყოვნებლივ გასაყვანია საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფები, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი «იხსნის პასუხისმგებლობას მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე». ერთი დღით ადრე, აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა - ვალერი არშბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ავიაცია დაბომბავს კოდორის ხეობას, თუ «საქართველოს შეიარაღებული ფორმირებები დაუყოვნებლივ არ დატოვებენ აფხაზეთის ტერიტორიას». ყოველივე ამას კი წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება: ისევ და ისევ კოდორის ხეობიდან საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფთა გაყვანის შესახებ, ვინაიდან მათი იქ ყოფნა ეწინააღმდეგება 1994 წლის აპრილის «შეთანხმებას ცეცხლი სშეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ».
        ამ შეთანხმებას მოსკოვში მოეწერა ხელი გაიძვერა პასტუხოვის დიდი ძალისხმევით და გაეროს გენერალური მდივნის - ბუტროს ბუტროს გალის შუამავლობით. ხელმშეკრულება მართლაც ითვალისწინებდა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა გაყვანას კოდორის ხეობიდან, მაგრამ იგულისხმებოდა ხეობის ქართველი მოსახლეობის უსაფრთხოებაც. ამჟამად ამის გარანტია არ არსებობს. გარდა ამისა, კოდორიდან საქართველოს საჯარისო ქვედანაყოფის გამოყვანა ლტოლვილთა, თვით ადგილობრივი სვანების და აფხაზეთის პრობლემით დაინტერესებული საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევს. 250 ქართველი ჯარისკაცი კოდორში შეიყვანეს ცნობილი მოვლენების დროს - ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის დასაცავად, რაკი რამდენჯერმე დაიბომბა კოდორის ხეობა. ისინი შეიარაღებულნი არიან მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით, ნაღმსატყორცნებით და ჰაერსაწინააღმდეგო ინდივიდუალური რაკეტებით. ბუნებრივია, ეს უფრო სიმბოლური სამხედრო ძალაა. ადგილობრივ სვან მოსახლეობას სამჯერ მეტი შეიარაღებული მეომრის გამოყვანა შეუძლია, მაგრამ საქართველოს არმიის იქ ყოფნა იმედს უსახავს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ არ არის მიტოვებული და მარტო არ მოუწევს მტერთან გამკლავება.
        ვითარების მიუკერძოებელი და უემოციო ანალიზი ცხადყოფს, რომ კოდორის ხეობას მართლაც ემუქრება სერიოზული საფრთხე, ოღონდ მიზეზი ის არ არის, თითქოს კოდორის ხეობიდან აფხაზი სეპარპატისტები შეტევას ან იქ პლაცდარმის შექმნას ელიან და ასე შემდეგ. უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ საქართველო არ არის მზად რუსეთის სამშვიდობო ძალების გასაყვანად და (ანუ) აფხაზეთში ახალი ომის დასაწყებად, რაც აუცილებლად მოჰყვება, ეგრეთ წოდებულ, «მშვიდობისმყოფელთა» გაყვანას.
        მაშასადამე, დსთ-ის მომავალ სამიტზე «ცისფერჩაფხუტიანებს» ვადა გაუგრძელდებათ. ყოველ შემთხვევაში, მათი გაყვანის მოთხოვნა არ დადგება და «კონსულტაციები გაგრძელდება». მაგრამ საქმე ის არის, რომ რუსეთს ეს უკვე აღარ აკმაყოფილებს - მოსკოვში ამჟამად სერიოზულად აანალიზებენ საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღების ალბათობას. საამისოდ საკმარისია კოდორის ხეობაში ეთნიკური წმენდის მოწყობა და ქართული სოფლების განადგურება საჰაერო დარტყმებით.
        დამხმარე ძალების ჰაერით გადასროლას ამინდი შეუშლის ხელს, ხოლო ხმელეთით - რუსეთის «სამშვიდობო ჯარი». ჭეშმარიტად, ვითარება «წკიპზეა».

დილის გაზეთი, 24 ნოემბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე